მოწვეული რედაქტორი #4 – ნიკა რურუა

XII_issue4_Content

ამერიკა უპირველესად იდეაა. თავისუფლების იდეა. უფრო ზუსტად – თავისუფლებისკენ შეგნებული, მუდმივი სვლის განხორციელებული მცდელობა.
არც მახსოვს, პირველად როდის გავიგე ამ შესანიშნავი ქვეყნისა და მისი ხალხის შესახებ – ეს ძალიან ადრეულ ასაკში მოხდა. ერთი კი ვიცი, რომ მისი არსებობის თაობაზე ბევრად უფრო ადრე შევიტყვე, ვიდრე მისი თუნდაც თვალმოკვრით ნახვის საშუალება მომეცემოდა: ჩვენ ხომ საბჭოთა იმპერიაში ვიზრდებოდით, იმპერიის ყველა ინგრედიენტთან – ცენზურასთან, აკრძალვებთან, ჩახშობებსა და დათრგუნვასთან – მეტ-ნაკლებად მშვიდობიან თანაცხოვრებაში.
ამის მიუხედავად, ჯერ ეს სიტყვა, და შემდეგ ამ სიტყვის ვიზუალური იმიჯი მეხსიერებამ ძალიან ადრეული ბავშვობიდან შემომინახა. და ეს ერთი ამერიკული გამოცემის, რუსულენოვანი ჟურნალის, “ამერიკის” დამსახურებაა.
ჟურნალ “ამერიკას” შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. “საბჭოთა ხალხისთვის” გამოსცემდა, საბჭოთავე ხელისუფლების თანხმობით. სინამდვილეში არანაირი “საბჭოთა ხალხი” არ არსებობდა – ვარსებობდით ჩვენ, ქართველები, უკრაინელები, ესტონელები, აზერბაიჯანელები, ლიტველები, ლატვიელები, სომხები, ბელორუსები და სხვები, ვისაც რუსულ-საბჭოთა ტანკი და ჩექმა ერთად ყოფნას გვაიძულებდა და თან გვარწმუნებდა, რომ ეს კარგი იყო.
ამ დროს “რკინის ფარდის” მეორე მხრიდან, საბჭოთა ნაცრისფერ ყოველდღიურობაში, თვეში ერთხელ შემოდიოდა ჟურნალი “ამერიკა” – თავისი ნაირფერი ყდებით, თვალისმომჭრელი ფოტოებით, სასაცილოდ უცნაური კარიკატურებითა და ოსტატურად დაწერილი სტატიებით. თუმცა, ეს ჟურნალი, საბჭოთა მთავრობის ამერიკის მთავრობასთან შეთანხმების მიუხედავად, ჩვეულებრივ მოქალაქეებამდე მაინც ვერ აღწევდა: “ამერიკას” მხოლოდ საბჭოთა ნომენკლატურა და მასთან დაახლოებული საზოგადოება იღებდა, რაც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ძალიან პატარა ნაწილს შეადგენდა (ჩვენს სახლში “ამერიკა” ბებიაჩემის ნათესავის, საბჭოთა ფუნქციონერის ოჯახის გავლით ხვდებოდა). ასე რომ, “ამერიკის” ტირაჟის დიდ, დაურიგებელ ნაწილს საბჭოთა მთავრობა უკან უბრუნებდა გამომცემელს იმის მომიზეზებით, რომ “ეს ჟურნალი ხალხს არ აინტერესებს”.
ეს გასაგებიც იყო – ბოლშევიკებს ეშინოდათ, რომ ადამიანები ამ გამოცემის საშუალებით რეალურად დაინახავდნენ განსხვავებას ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრებასა და თავისუფალი სამყაროს მოქალაქეების ყოველდღიურობას შორის.
მაგრამ, ჰოი საკვირველებავ! მოხდა ის, რისაც ბოლშევიკებს ყველაზე ძალიან ეშინოდათ – ამ ჟურნალმა (სხვა ანალოგიურ საინფორმაციო საშუალებებთან ერთად, როგორიც იყო “ამერიკის ხმა”, “თავისუფალი ევროპა” და ა.შ.), ”საბჭოთა ხალხის” მაგიერ, საბჭოთა ნომენკლატურა “გარყვნა” და დაარწმუნა კაპიტალიზმისა და თავისუფალი ბაზრის უპირატესობაზე კომუნისტურ წყობილებასა და საბჭოთა სოციალიზმზე. თან, ძალზე საფუძვლიანად.
ამდენად, ამ გამოცემამ, სსრკ-ში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სიხარულის მოტანის გარდა, ერთი დიდი მისიაც შეასრულა: მან იდეოლოგიურად გამოფიტა საბჭოთა ნომენკლატურა – ტოტალიტარული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.
ჟურნალ “ამერიკის” გამოცემა ცივი ომის დამთავრებისთანავე შეწყდა, რადგან მისმა გამომცემლებმა გულუბრყვილოდ ჩათვალეს, რომ იდეოლოგიური ომი დამთავრებული, დასავლეთი – გამარჯვებული და თავისუფლება კი ტრიუმფატორი იყო.
როგორც გამოცდილებამ ცხადყო, ეს დასკვნა შეცდომა აღმოჩნდა: არც ცივი ომის “დამთავრებამ” აქცია საბჭოეთის სამართალმემკვიდრე, რუსეთი, დემოკრატიულ სახელმწიფოდ და არც იდეებს შორის ჭიდილი ჩაბარდა წარსულს.
ამიტომაც, ჟურნალ XII-თან ერთად, გადავწყვიტე ჩვენი მკითხველისთვის შემეხსენებინა ამ მივიწყებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ჟურნალის, “ამერიკის” შესახებ, მასში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიების, ფოტოგრაფიებისა და სხვა მასალების დახმარებით. ვეცადეთ, რომ თქვენთვის ის პუბლიკაციები შეგვერჩია, რომლებიც დროის სვლასთან ერთად არ კარგავენ სიახლეს, მნიშვნელობასა და აქტუალობას.
იმედია, გამოგვივიდა.
მანამდე კი, სანამ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, გავიმეორებ – ამერიკა იდეაა, თავისუფლების იდეა და ეს იდეა ყოველი კარგი მოქალაქისა და ნამდვილი ქართველისთვისაც ძვირფასი იდეაა.