პარფიუმერი

XII_issue3_content35

ფოტო: ანა ბოკო 

გეზა შოენი სუნების, სურნელების, არომატების დიდოსტატია, რომელმაც პარფიუმერიაში ბუნებრივ, ჯანსაღ, მარტივ, საინტერესო, ინდივიდუალურ სურნელებს გაუკვალა გზა და სუნამოების ახალი მიმართულება Eccentric Molecules შექმნა. გერმანელი პარფიუმერი თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა: Diesel, FCUK, biehl parfumkunstwerke, Wode  და სხვა.

გეზა შოენი თბილისს რამოდენიმე დღით სტუმრობდა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, „12”-მა მაინც
მოახერხა პარფიუმერთან ცოტა ხნით გასაუბრება.

– მოგესალმებით. ტრადიციული შეკითხვა უნდა დაგისვათ, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ, როგორ გარემოში გაიზარდეთ?

გამარჯობა, მე ძალიან კარგი და საინტერესო ბავშვობა მქონდა. მამა ხელოვანია, დედა კი – ბაღის აღმზრდელი.
მადლობა მათ, რომ არ მზღუდავდნენ და მაძლევდნენ თავისუფლებას, ექსპერიმენტირების საშუალებას. გარდა სუნამოებისა, ერთი პერიოდი ავეჯის, სამკაულების კეთებითაც ვიყავი დაკავებული. ხელოვნებისადმი ეს ლტოლვა ალბათ ჩემი ოჯახიდან მოდის, ასევე იმ ქალაქიდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე. კასელი პატარა ქალაქია, რომელიც თანამედროვე და კონცეპტუალური ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. ამ ყველაფერმა – ოჯახმა, გარემომ, ქალაქმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია.

– როგორ აღმოჩნდით პარფიუმერიის სფეროში, უფრო სწორად, რამ გადაგაწყვეტინათ, ეს პროფესია აგერჩიათ?

სურნელები ბავშვობიდანვე მიზიდავდა და მამაკაცის სუნამოებს ვაგროვებდი. ალბათ 13 წლის ვიყავი, როცა ჩემს კოლექციაში 100-მდე სუნამო იყო, რომელთაც ერთი მეორისაგან თვალდახუჭული, მხოლოდ ყნოსვით ვარჩევდი. მივხვდი, ეს ჩემი საქმე იყო და შემდგომში სწავლა ამ მიმართულებით განვაგრძე.

– ბატონო გეზა, თუ შეგიძლიათ, რამდენიმე წინადადებით საკუთარი თავი დაგვიხასიათეთ.

ნორმალური ადამიანი ვარ. მიყვარს მოგზაურობა, ფეხბურთი, არ მიზიდავს ძვირადღირებული მანქანები, მიყვარს ექსპერიმენტები. ხანდახან მოუთმენელიც ვარ, ცინიკურიც, ბედნიერი ვარ. მიყვარს ცოცხალი ურთიერთობები და ნაკლებად – ვირტუალური. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც რეგულარური ცხოვრების წესით ცხოვრობს.

– თქვენი საკულტო Eccentric Molecules და განსაკუთრებით ორიგინალური Eccentric 01, ახალი სიტყვა და პატარა რევოლუციაა სუნამოების სამყაროში… რას ფიქრობთ, რამ განაპირობა ამ სუნამოს ასეთი პოპულარობა?

ეს არის იდეალური სურნელი ადამიანებისთვის, რომელთაც ნაკლებად ტკბილი, ყვავილის არომატები მოსწონთ და უფრო გრილი, მსუბუქი, ხის მერქნისებური, ამავე დროს ნაზი და სექსუალური სურნელი
იზიდავს. ექსცენტრული მოლეკულების ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება, როდესაც სუნამოების შემადგენლობიდან ერთ-ერთი კომპონენტი – ISO E ავიღე და ცალკე სუნამოდ ვაქციე. იმ პერიოდში, მე და ჩემი მეგობარი ახალნაპკურები სუნამოთი ბარში შევედით. რამდენიმე წუთში, ერთი ქალი მოგვიახლოვდა, გვკითხა, თუ რა გვესხა და მივხვდი, ეს ბუნებრივი და მარტივი შემადგენლობის მქონე სუნამო, თავისი მსუბუქი და ინდვიდუალური არომატით, იზიდავდა ადამიანებს.

– რას იტყვით პარფიუმერიის თანამედროვე ტენდენციებზე?

სამწუხაროდ, თანამედროვე პარფიუმერიაში ძირითადი აქცენტი მასიურ მომხმარებელზე კეთდება და მსხვილი კომპანიები ნაკლებ დროს უთმობენ ინდივიდუალურ, თავისუფალ და შთაგონებით შექმნილ სუნამოების წარმოებას. ეს კი ძალიან მოსაწყენია და ნაკლებად საინტერესო. ასეთი მუხტით შექმნილი სუნამო ვერასოდეს გახდება გამორჩეული, იმიტომ რომ სული აკლია. ეს მართლაც ცუდი ტენდენციაა, თუმცა, ამავდროულად, პატარა კომპანიებს და ცალკეულ პარფიუმერებს შემოქმედებითი გზა ეხსნებათ, რომ მომხმარებელს ახალი, საკუთარი ენერგეტიკით გაჯერებული სურნელები შესთავაზონ.

– თქვენ საკმაოდ ბევრს მოგზაურობთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოცდილება პროფესიული საქმიანობისთვის?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ყოველი ახალი ქვეყანა – ტაილანდი იქნება, ფინეთი, პერუ თუ არგენტინა, ახალ გამოცდილებას მთავაზობს, ჩემში რაღაცას ზრდის. ყველაფერი განსხვავებულია – ამინდი, გარემო, ყვავილები, ხეები… ადამიანებს განსხავებული სურნელი აქვთ. ყოველი ახალი ქვეყანა – ჩემთვის ახალი შთაგონების, ემოციების, იდეების წყაროა.

– რამდენიმე სიტყვით სამომავლო გეგმების შესახებ. 

სხვადასხვა კომპანიასთან, არტისტებთან ვთანამშრომლობ, კომერციული სუნამოების შექმნაშიც ვარ ჩართული, როგორც ფრილანსერი. ჩემი სამომავლო გეგმები – სხვადასხვა პროექტის, თანამშრომლობის ნაზავია. თქვენთვის ეს დეტალები შეიძლება არც იყოს საინტერესო. ამჟამად ახალი პროექტისთვის ვემზადები- ეს იქნება ახალი სუნამო Eccentric 04, რომელიც დღის სინათლეს მომავალ გაზაფხულს იხილავს.

– მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი დაჰყავით აქ, მაინც გკითხავთ, რა შთაბეჭდილებებით ბრუნდებით უკან და
როგორ სურნელი აქვს საქართველოს?

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე, საქართველო კარგად გამეცნო, მისი სოფლები, ბუნება მენახა. თბილისი ძალიან კარგი ქალაქი იქნებოდა, რომ არა ამდენი მანქანა…

ჩემი აზრით, ქუჩაში მოსიარულე მანქანების 50 % საერთოდ გადასაგდებია. მესმის, ეს შეიძლება პოლიტიკის შედეგია და ა.შ. მაგრამ რა საჭიროა ამდენი ტაქსი, თქვენ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნით, მაპატიეთ, მაგრამ თბილისს გამონაბოლქვის სურნელი აქვს…
არადა, საქართველო საკმაოდ პერსპექტიული ქვეყანა შეიძლება იყოს, თქვენ ამისთვის ყველაფერი გაქვთ – კულტურა, ბუნება, ხილ-ბოსტნეული, ჩაი, თაფლი… არც რუსები გჭირდებათ და არც ამერიკელები, მსოფლიოს
წინაშე საქართველო თავისი თვითმყოფადობით და ინდივიდუალურობით უნდა წარდგეს.

საუბრის ბოლოს, ჩემს სტუმარს საინტერესო ინტერვიუსთვის დიდი მადლობა გადავუხადე, კეთილი მგზავრობა ვუსურვე და ჩვენი შეხვედრის ადგილი ოდნავ გულდაწყვეტილმა დავტოვე. არასასიამოვნოა მაინც,
საკუთარი ქალაქი გამონაბოლქვის სუნთან რომ ასოცირდება.

თითქოს ახალი ამბავი გავიგე…

XII_issue3_content36