რიმი მწვანე ბაღი – ალჰასაკეში, კინო – ალეპოში, ომი და ახალი ცხოვრება

XII_issue4_Content1

ილუსტრაცია: მაია აბაშიძე 

ავტორები: რუსუდან გაფრინდაშვილი და ნესტან კვინიკაძე
ინტერვიუ ჩაწერილია ბოხუმში (გერმანია) დეკემბერი 2015

ეს ისტორია არ იწყება ასე: სირიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბიბლიის შემსწავლელთათვის. არც ასე: პალმირას ცენტრალურ ნაწილს მოუკირწყლავს ტოვებდნენ, აქლემების ქარავნებს რომ გაადვილებოდათ გავლა. ქარავნებს, ჩინეთ-ინდოეთსა და საბერძნეთ-რომს შორის ტანისრწევით გადაჰქონდათ საქონელი, – აბრეშუმი, სუნელ-სანელებლები და წერილები… რეალობა ასეთია: 210 000 გარდაცვლილი, მათ შორის ათასობით ბავშვი. 1 მილიონ 500 ათასი დაშავებული და 3 მილიონ 730 ათასი ლტოლვილი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გზით ჩავიდნენ და დახმარება ითხოვეს.

მათ შორისაა რიმი. ქალი, რომელიც ორივე ხელით უნდა ჩაჭიდებოდა სიცოცხლეს. ქალი ბავშვებით, რომელიც
საკუთარი სახლის დაბომბვის შემდეგ, ჯერ ერაყში გაიქცა, შემდეგ კი გერმანიას შეაფარა თავი. დამასკოს ყოველდღიური ცხოვრება ალჰასაკეს ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სწორედ სირიის პატარა ქალაქ ალჰასაკეში დაბადებულმა, მწვანე ბაღით გარშემორტყმულ სახლში გაატარა ბავშვობა. ალჰასაკეში კარგი კინოთეატრი არ ქონიათ. პატარა ქალაქია და საინტერესო ფილმები იქ ვერ აღწევდა. შესაბამისად, კინოს გემო მაშინ გაიგო, როცა სტუდენტი გახდა და საცხოვრებლად ალეპოში გადავიდა. ალეპო სირიაში სიდიდით მეორე ქალაქია. უსმენდა ყველა საინტერესო არტისტს, ვისზეც ხელი მიუწვდებოდა, მოწონდა “ბითლზი”, მაგრამ მაინც ორიენტალურ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას. რიმი კლავიშზე უკრავდა და კალათბურთზე დადიოდა. დიდ დროს ბუნებაში, მეგობრებთან ერთად ატარებდა, ხშირად დადიოდნენ ლაშქრობაში. უყვარდა არაბული წვეულებები. რაც შეეხება ალკოჰოლს, – მათთვის აკრძალული იყო. რიმი ამბობს, რომ თანამედროვედ ეცვათ, ისე, როგორც ახლა აცვიათ ახალგაზრდებს გერმანიაში. საკუთარი გარდეობიდან განსაკუთრებულად ახსოვს წითელი ტყავის ქვედაბოლო. ფიქრობს, რომ სირიაში ბევრად ლამაზი ტანისამოსი იყიდებოდა, ვიდრე გერმანიაში. სირიას საკუთარი ქარხნები ქონდა, სადაც ფეხსაცმლით დაწყებული, ქუდით დამთავრებული, ყველაფერი იკერებოდა.. “ჩემი მშობლების ახალგაზრდობა უფრო სადა იყო, ვიდრე ჩვენი. მათ არ ქონდათ ტელეფონი. ტელევიზორი კი მხოლოდ 1970 წელს შეიძინეს. მაგრამ ისინი დაცულები და ბედნიერები იყვნენ. დედაჩემს, სამირას, საქორწინო კაბა მამიდაჩემმა ხელით შეუკერა. სადა, თხელი, ლამაზი და თანამედროვე სამოსი გამოვიდა. მერე დედაჩემმა ეს კაბა დაჭრა. მე და ჩემს დას აღდგომისთვის კაბები შეგვიკერა. დედა ახლა სირიაშია. როგორც ვიცი, იმ კაბიდან კიდევ ერთი კაბა აქვს შეკერილი ჩემი შვილისთვის”. რიმი 26 წლის იყო, როდესაც შობის ღამეს მომავალ მეუღლეს- დამასკოელ საად ჰანნას შეხვდა. ზოგადად, სირიაში 26 წლის დაუოჯახებელი ქალი შინაბერად ითვლება. ოჯახის შექმნით ფასდება ადამიანი. გათხოვების თემით დაკითხვებით შეწუხებულმა რიმიმ მალევე იქორწინა. “ალეპოდან და დამასკოდან ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ. ყველა ნათესავი გვესტუმრა. ჩვენთან დარჩნენ. ასეთი ტრადიციაა. “ხნა” (ჰენნა) წვეულებას ვეძახით.

გეცოდინებათ ხნა. ბალახს ვგულისხმობ, რითაც თმას იღებავენ. ქორწინების წინა დღეს პატარძლის სახლში იკრიბება ყველა და ცხელი წყლით სავსე დიდ თასში ხნას ვყრით. შემდეგ ნეფე-პატარძალი ხნას ნეკა თითზე ისმევს და ზემოდან ფულს ახვევს. ჩვენც ასე ვქენით. საღამოს მხიარულების შემდეგ, უნდა დაისვენო და შემდეგი
დღისთვის გაემზადო. ჯვრისწერის შემდეგ, ეკლესიიდან დარბაზში გადავინაცვლეთ, სადაც წვეულება იყო. პირველი სიმღერა არაბულ ენაზე და სირიაკზე იყო. სირიაკი ჩვენი ენაა. სანამ არაბები სირიას დაიპყრობდნენ, ჩვენ სირიაკზე ვსაუბრობდით. ეს ენა ძალიან გავს არამეულ ენას. იესო საუბრობდა არამეულად.. ახლაც არიან ოჯახები, ვინც სირიაკი იცის. ჩემმა მშობლებმა და დებმა იციან ესლამაზი ენა. ლოცვები ტაძარში სირიაკზეა“. სირიაში კონფლიქტის დაწყების პირველი ნიშნები მაშინ შენიშნეს, როდესაც ხელისუფლებაში დიქტატორი
მთავრობა მოვიდა. საზოგადოების ნაწილი მიხვდა, რომ მათგან თავი შორს უნდა დაეჭირათ. მხარს თუ არ
დაუჭერდი, ჩუმად მაინც უნდა ყოფილიყავი. „სირია ძალიან მდიდარი ქვეყანაა და იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ იპარავს, ყველას ეყოფა რესურსი ბედნიერი ცხოვრებისთვის.“ ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა სტუდენტების ჯგუფმა ერთ პატარა ქალაქში კედელზე მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგი დაწერა. სტუდენტები დაიჭირეს და აწამეს. „ამბობდნენ ფრჩხილები დააცალესო. არ ვიცი, მართალია თუ არა ეს. მაგრამ ასადის წინააღმდეგ ოპოზიციის გააქტიურება სწორედ ამ დღეს უკავშირდება… დიქტატორის გავლენიან მომხრეებს ოჯახები საზღვარგარეთ ყავთ გახიზნული. იქ დარჩენილი ხალხი კი იტანჯება. მთავრობას ოპოზიციაც კი აღარ ყავს. ეჭვი მაქვს, ახლა უკვე ტერორისტები ებრძვიან ერთმანეთს“. რიმი ამბობს, რომ ომის დაწყებამდე მსოფლიო სირიას არ იცნობდა. ახლა ყველამ იცის, მაგრამ ეს ომი საერთო წარმოდგენას ქმნის. ხალხი ტელევიზიით ხედავს გატანჯულ ადამიანებს: “ყველას ველურები ვგონივართ. არადა, ამ ადამიანებს ქონდათ ცხოვრება, ბევრს მუშაობდნენ; ყველაფერი დაკარგეს, რაც გააჩნდათ – თავიანთი პირადობის მოწმობებიც კი. სინამდვილეში სირიელები ძალიან განათლებულები არიან. ჩვენ გვყავს უამრავი ექიმი, ინჟინერი, დოქტორი. საუკეთესო უნივერსიტეტები გვქონდა. არავინ იცის, ომამდე როგორ ვცხოვრობდით. ყველამ ახლა გაგვიცნო. ომმა კი შეცვალა სირია და სირიელები. სირია მულტინაციონალური და მულტირელიგიური ქვეყანაა. ქრისტიანები, მუსულმანები, იუდეველები – ყველანი ერთად ცხოვრობდნენ. “პატივს ვცემდით ერთმანეთის ტრადიციებს. ეს ამდიდრებდა ჩვენ ქვეყანას. მე ქრისტიანი ვარ და უამრავი მუსულმანი მეგობარი მყავს. ბევრი მუსულმანი ოჯახი შობას ჩვენთან ერთად ზეიმობდა”. სირიის ომმა არა მხოლოდ სირია და სირიელები, მთელი მსოფლიო შეცვალა. გერმანია ის ქვეყანაა, რომელსაც სირიელი დევნილების ყველაზე დიდი ნაკადი მიაწყდა. გერმანია მზად აღმოჩნდა მათ მისაღებად. მზად აღმოჩნდნენ
რიგითი მოქალაქეებიც. რიმი იხსენებს მეგობრის, ჯიჰანის ისტორიას, როდესაც მას თავისი პატარა სახლისთვის ტახტის ყიდვა უნდოდა და ინტერნეტში მიაკვლია განცხადებას. ტახტის საყიდლად მისული ოჯახის წვერებს გამოელაპარაკა. როდესაც გაირკვა, რომ ჯიჰანი სირიიდან იყო, გერმანელმა გოგონამ ტახტი უსასყიდლოდ გაატანა. მეორე დღეს ხის მაგიდა და სავარძლები მიუტანა. სწორედ ეს გერმანელი გოგონა გახდა ჯიჰანის სტუდენტი ქალიშვილის მასწავლებელი, იქამდე, სანამ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ენის შემსწავლელიკურსები დაიწყებოდა. “ჩემი შვილები შვიდი წლის იოსეფი და ხუთი წლისსაამა მასწავლებლებისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვებმა თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნონ. სწრაფად შეეგუონ ახალ გარემოს მამის გარეშე. ენატრებათ სირია. თავიანთი სახლი, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის გადაფრენა დღემდე დაბომბვის და შიშის ასოციაციაა მათთვის.” საადი ერაყში მუშაობს, რადგან ამ ეტაპზე, გერმანიაში არ აქვთ შემოსავალი: “ძალიან მენატრება. დღეს ჩამოდის. ჩრდილოეთ ერაყში აეროპორტი დაკეტეს, რადგან ამ ტერიტორიის დაბომბვას რუსები აპირებენ. ამიტომ თურქეთიდან უნდა გამოფრინდეს.” რიმი ეკონომისტია. ენის სწავლას გეგმავს. მომავალში თარჯიმნად ან ბუღალტრად მუშაობაზე ფიქრობს. საკუთარი და შვილების მომავალი სირაში ვერ წარმოუდგენია. “ბავშვებთან ერთად, იქ ვერ დავბრუნდები. მგონი, იქ ვინც დარჩა, იმათაც აღარ წარმოუდგენიათ მომავალი სირიაში. ყველა ვერ ახერხებს გამოქცევას. იქ დარჩენა ძალიან რთულია. არც კი ვიცი, ვინუ ფრო მამაცია
-ის, ვინც გამორბის თუ ის, ვინც რჩება.?! ჩვენ როლიდავკარგეთ ჩვენს ქვეყანაში.”
ვინც ვერ ან არ დატოვა სირია, შიშში და სტრესში ცხოვრობს. მათ არ იციან, რა მოხდება შემდეგ დღეს. უშუქოდ და უწყლოდ დარჩენილ ქალაქებში არც საწვავი იყიდება. აღარ არსებობს საერთაშორისო მაღაზიები. ადგილობრივ მცირე მარკეტებში ყველაფერი ძვირია. რიმისთვის ომამადე რომ ეკითხა ვინმეს,- როგორი ქვეყანაა სირია, ასე უპასუხებდა: “სირია ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ყველაფერი იაფია. ამინდი მშვენიერია. სირიელი ხალხი თბილი და მოსიყვარულეა. განათლება მაღალ დონეზეა. სირია მულტიკულტურული და მოდერნისტული ქვეყანაა. ლიბერალურია ყველა რელიგიის მიმართ. გნებავს ეკლესიაში ივლი, გნებავს მეჩეთში. სირიაში ძალიან დაცული ხარ. ჩვენთან მშვიდობაა. რათქმაუნდა, პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემები გვაქვს, ისევე როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებს, მაგრამ კარგი სკოლები, უნივერსიტეტები ჩვენი სიმდიდრეა. ასევე, გვაქვს სხვადასხვა წრე ბავშვებისთვის; ხელოვნების, მუსიკის და სპორტის სკოლები. ამ კუთხით ჩემს პატარა ქალაქ ალჰასაკეშიც კი დიდი არჩევანია.. ალჰასაკეში ჩემი ოჯახი და მეგობრები ცხოვრობენ”.