“სექენდ დრიმ”

XII_issue3_content29

პირველი, რაც მახსოვს, თითებია. გრძელი, ყავისფერი თითები, რომლებიც არსაიდან გაჩნდნენ, მკლავები გადამიგრიხეს და იატაკისკენ მომისროლეს. პირველი სიტყვებიც მაშინ გავიგონე.
– ეს რაა? ამას პატრონს ვერ ვაჩვენებთ, ახლავე აქედან მოაშორეთ, – ყვიროდა ვიღაც და მკაფიოდ ვგრძნობდი, რომ ძალიან არ მოვწონდი. წიხლიც კი გამკრა და კარებს მიმახეთქა. საღამომდე იქ ვეგდე, მერე ვიღაცამ ამიყვანა, ყუთში ჩამსვა და კიბეებზე ჩამარბენინა.
– ცოტა ხანს აქ იყავი, მალე დავბრუნდები, – მითხრა ჩუმად და უცბად ყუთიანად მომისროლა. არ ველოდი, შიშისაგან კინაღამ ჩავისვარე. დიდხანს მივფრინავდი. ბოლოს ხმაურით დავეცი, ყუთს თავი აძვრა, მაგრამ მაინც არაფერი მოჩანდა. ირგვლივ სიცივე, სიბნელე და ნესტი გამეფებულიყო. ხუთ დღეს ვკანკალებდი, მეექვსე დღეს კი ისინი გამოჩდნენ. არ ვიცი, საიდან მოვიდნენ, ან ამ საშინელ ადგილზე რა ესაქმებოდათ, მაგრამ ძალიან შემაშინეს. ბევრს დარბოდნენ და ხმაურობდნენ. რამდენჯერმე ტანზე გადამირბინეს. ერთმა კბილი ჩამასო, მაგრამ რატომღაც არ მოვეწონე და გზა წრიპინით განაგრძო. მესმოდა, როგორ ხრავდნენ რაღაცას, ჩემგან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრში. დამიჯერეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. მეორე დილით რიკარდო (ასე ერქვა ჩემს მხსნელს) დაბრუნდა და თან წამიყვანა. კიბეებზე რომ ავდიოდით, ხელი გადამისვა და გამამხნევა.
– გაგიმართლა, რომ ასეთი დიდი ხარ, დედას ძალიან გამოადგები.
ალფონსოს დედა 50 წლის მექსიკელი ქალი იყო, რომელიც ამერიკაში არალეგალურად იმყოფებოდა, ბორბლებიან ტრაილერში ცხოვრობდა და უზარმაზარი ყავისფერი ძუძუები ჰქონდა. მე რომ გადამიცვა, თითქოს გაახალგაზრდავდა, მკერდი გაუმკვრივდა და ძალიან, ძალიან გაუხარდა.
– რიკი, ეს ხომ ნამდვილი პოლოა! შენ რა, ბანკი გაძარცვე?
შემდეგ კი გარეთ გავიდა და ტრაილერის წინ გამომწვევად დადგა. აქაოდა შემომხედეთ, მე არალეგალ როზალიტა მარია გუადრადოს რალფ ლორენის პოლო მაცვია, მოდით და ყველამ ტრაკზე მაკოცეთო, მერე კი თავის პატარა სათბურში შევიდა და მსოფლიოში ყველაზე ცხარე წიწაკების პლანტაცია დამათვალიერებინა. მარიასთან ორი წელი ვიცხოვრე. ორი ბედნიერი და უზრუნველი წელი. სისტემატურად მაბანავებდა, სათუთად მაუთოვებდა. ისე ვუხდებოდით ერთმანეთს, რომ ქუჩაში გასულებს ყველა ჩვენ გვიყურებდა. კომპლიმენტს კომპლიმენტზე ვიღებდით და შესანიშნავად ვცხოვრობდით. ერთხელ ჩვენი იდილია კეტჩუპის ლაქამ დაარღვია, მაგრამ მარიამ სპეციალური ხსნარით გამრეცხა და გაშრობის შემდეგ ისევ ახალივით ვიყავი. ჩვენ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. მაგალითად, გავხდით ამერიკის სრულფასოვანი მოქალაქეები, მოვეწყვეთ დამლაგებლად მაკდონალდსში, ვიზეიმეთ რიკარდოს ბავშვის დაბადება, დავესწარით ამერიკისა და მექსიკის შესარჩევ მატჩს, რომელშიც ჩვენმა ისტორიულმა სამშობლომ გაიმარჯვა… მერე კი ის ამბავი მოხდა და ორივეს ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
ერთ დილით, ტრაილერ პარკში საემიგრაციო სამსახური მოვიდა. მარიას უკვე ჰქონდა საბუთები და არაფერის ეშინოდა, მაგრამ მოულოდნელად მისი სათბური შეამოწმეს და იქ რამდენიმე ძირი კანაფი იპოვეს. მარიამ არაფერი იცოდა, მაგრამ რიკარდო არ ჩაუშვა და ჩაჯდომა მოუწია. ბოლოს მაშინ ვნახე, როდესაც ციხეში ტანისამოსი გამოუცვალეს და სტაფილოსფერი ზედა ჩააცვეს. მე კი ციხის თანამშრომელს მოვეწონე. ჩანთაში ჩამტენა და ციხიდან გამაპარა. შენთვისვე აჯობებს ასე, მარია 8 წელს ვერ გამოვა, შენ კიდევ მოდიდან გადახვალ და აღარავის დასჭირდები,
– მითხრა და მეც უსიტყვოდ დავეთანხმე. იყო მის სიტყვებში ლოგიკა. თან ციხეში ჯდომას, გარეთ გასვლა და ახალი თავგადასავლების ძიება მერჩივნა. მეორე დღესვე მეზობელს მიმყიდა. მგონი სულ 10 დოლარი აიღო, მაგრამ ორივე კმაყოფილი ვიყავით, მე ახალი პატრონი მყავდა, ის კი იმ ფულით, ალბათ, ორ კოლოფ სიგარეტს იყიდდა და მერე ციხეში ღერებით გაყიდდა.
ახალი პატრონი, ბელორუსი მაქსიმ როდიონოვი, პედოფილი და ონანისტი აღმოჩნდა. ოთახი ბავშვების ფოტოებით ჰქონდა სავსე, კომპიუტერშიც სულ საბავშვო პორნოს უყურებდა. როგორც მოგვიანებით წამოცდა, იმიტომ შემიძინა, რომ რესპექტაბელურ იერს ვაძლევდი. მე ეს არ მომწონდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. უსიტყვოდ დავყვებოდი სკვერებში, სკოლებში. მოკლედ, ყველგან, სადაც ბავშვების ნახვა და ფოტოების უჩუმრად გადაღება შეიძლებოდა. ერთ დღეს არ გაგვიმართლა. ერთი გოგოს მამამ შეგვამჩნია და წიხლქვეშ გაგვიგდო. იმდენ ხანს გვირტყა, სანამ მაქსიმის ცხვირიდან წამოსულმა სისხლმა ჩემი თეთრ-მწვანე შეფერილობა წითლად არ გადაღება. სახლში ძლივს მივედით. კიდევ კარგი, პოლიციას გადავურჩით. მაქსმა სახლში მისვლისთანავე სარეცხ მანქანაში შემაგდო და სწრაფი რეცხვის რეჟიმი ჩართო. დებილი მაქსი.. როგორც ჩანს, კითხვაც არ იცოდა. მე მხოლოდ ხელით რეცხვისთვის განკუთვნილი მაისური ვიყავი, სარეცხ მანქანაში თავბრუ დამეხვა და სახე ამეხა. როდესაც გარეთ გამომიყვანეს, ძაფის ნაგლეჯებს ვარწყევდი და ისეთი დაწლაწული ვიყავი, რომ პოლოს მაისურიდან „პოლის“ ტილოდ გადავიქეცი. ერთი კვირა პატიოსნად ვწმენდდი იატაკს. მერე კი მაქსს გული გაუჩერდა, თან ძალიან უხერხულ მომენტში. მეზობლებმა ის ორი დღის შემდეგ იპოვეს – შარვალჩახდილი კომპიუტერთან იჯდა, ეკრანზე კი ერთ-ერთი მეზობლის ბავშვის ფოტო იყო გახსნილი. მაქსიმს მემკვიდრე არ აღმოაჩნდა, ამიტომ მისი ნივთები აუქციონზე გაიყიდა. მე, სხვა ტანსაცმელთან ერთად, ერთმა ნახევრად საქველმოქმედო ორგანიზაციამ შემიძინა. ქიმიური დამუშავების შემდეგ, უზარმაზარ ფუთაში ჩამტენეს და ხვალ საქართველოში მივემგზავრები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ და ძალიან აღელვებული ვარ. საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცი. ჩემი თანამგზავრებისგანაც ვერაფერი გავიგე. ზოგს ეშინია და ამერიკის დატოვება არ სურს, ზოგი ძველ პატრონს მისტრის, თუმც აუმრავლესობა თვლის, რომ საქართველო მეორე შანსია, ერთგვარი აღთქმული მიწა; ადგილი, სადაც ჩვენი ყველა ოცნება ახდება; სადაც შევძლებთ ისეთი პატრონების პოვნას, რომლებიც ჩვენზე იზრუნებენ და ცივ უთოს არ მოგვაკარებენ; სადაც საჭმელი ნაკლებად ცხიმიანი იქნება, მიწა კი ნაკლებად ჭუჭყიანი; სადაც ხალხი ცოტას ჩხუბობს და, შესაბამისად, ნაკლები ტანსაცმელი იხევა. პირადად მე ბევრს არაფერს მოველი, ისე მაქვს ფორმა დაკარგული, რომ მხოლოდ ბრმა თუ ამირჩევს და შემიყვარებს. ისე, ერთი სურვილი მაქვს: მინდა ჩემ პატრონს დიდი ძუძუები ქონდეს. კარგად მაქვს დაცდილი.
– როგორ ფიქრობ, ქართველებს დიდი ძუძუები აქვთ? – ვეკითხები მუხლზე გაგლეჯილ ნაიკის სპორტულს, მაგრამ პასუხად მხოლოდ ოხვრა მესმის.

XII_issue3_content30

***
– უკაცრავად, ეს ზოლებიანი ზედა რა ღირს?
– პოლო?
– ხო, რაცაა რა.
– ეს ნაღდი ორიგინალია, შვილო, ამერიკიდანაა ჩამოტანილი, ჩინური არ გეგონოს.
– ფასს არ მეტყვით?
– აი, ნახეთ, ეტიკეტზე აწერია – მეიდ ინ უსა.
– გავიგე, ქალბატონო, მაგრამ თუ ძვირია, ვერ ავიღებ. ფული რომ მქონდეს, მეორადებში რა მინდა.
– აქ უკეთესი რაღაცეებია, რომ იცოდეთ. აბა, ბაზარზე ნაყიდი რად გინდა, ორჯერ ჩაიცვამ და ფერი გადაუვა. შეიძლება საერთოდ გაიხეს კიდეც.
– 5 ლარად თუ მომცემთ, ავიღებ.
– 5 ლარი რაა, შვილო, ვერ ხედავ, თითქმის უხმარია. 15 ლარიანია. 5 იანებიც მაქვს რაღაცები, თუ გინდა, განახებ.
– არა, ეგენი რას გავს. ათად მომეცით და წავიღებ ამას.
– ათი თავის ფასია. თორმეტად წაიღე. მეც ხომ უნდა დამრჩეს რამე. აი, ნახე, სულ ახალია.
– კარგი, მომეცით. ცელოფანი გაქვთ?
– მოიცა, ახლავე ჩაგიდებ.