ცხოვრება, როგორც JAZZ იმპროვიზაცია

XII_issue4_Content2

ბექა გოჩიაშვილი – ადამიანი, რომლისთვისაც J და Z სხვანაირად პულსირებს, თუნდაც სულაც არ იყოს სიტყვა JAZZ-ის შემადგენელი ასოები. უკვე თორმეტი წელია, რაც ჯაზი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბექა
დღეს ცხრამეტი წლისაა. მან სულ რაღაც ექვსი წლის ასაკში გადაწყვიტა ჯაზის შესწავლა, თუმცა აბსოლუტური სმენა ბექას ორწლინახევრის ასაკში აღმოუჩინა მამამ, რომელიც თავადაც პიანისტი და ჯაზის დიდი მოყვარულია. ექვსი წელია, რაც ბექა ამერიკაშია. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი რამ მოხდა – ჯულიარდის სკოლა, კიტ ჯარეტთან შეხვედრა, ჩიკ კორეასთან ერთად ერთობლივი ალბომის ჩაწერა, Blue Note-ის საღამოები
სტენლი კლარკთან და ლენი უაითთან ერთად…
ბექას ცხოვრება მართლაც ჰგავს ჯაზს და ერთი დიდი -მოულოდნელობებით აღსავსე იმპოვიზაციაა.

ბექა, შენი გზა საქართველოდან – ამერიკამდე, როგორ გაიხსენებ ამ პერიოდს?

რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ საკუთარ თავში ყოველთვის ვგრძნობდი რაღაც აუხსნელ
გენს, პულსაციას, რაც ჩემში ჯაზის სიყვარულს ჰბადებდა. ამერიკაში ყოფნისას კი, მივხვდი, რომ ეს ჩემი ნაწილია, მეორე სამშობლო. თუმცა, ჩემს პედაგოგ ზურა რამიშვილთან ერთად პირველად ჩასვლისას, იმედგაცრუების მსგავსი შეგრძნებაც მქონდა – როდესაც ბრაიტონ ბიჩზე გასეირნებისას რუსული აბრები შევნიშნე, თავი თითქოს საბჭოთა კავშირში მეგონა, მაგრამ მალევე, მანჰეტენზე მოვხვდით, სადაც წარწერას ჟAძძ მოვკარი თვალი და იმხელა ენერგია, ინსპირაცია წამოვიდა იქიდან, რომ მივხვდი, სწორ ადგილას ვიყავი.

 შორიდან ამერიკა ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება, მაგრამ როგორია ეს „ამერიკული ოცნება“ ახლოდან?

აეროპორტში ჩასვლისთანავე სხვა შეგრძნებები გამიჩნდა და მივხვდი, რომ ჰერბი ჰენკოკი, ქაუნთ ბეისი, კიტ ჯარეტი, ჩიკ კორეა სწორედ ამ მიწაზე გაჩნდნენ და მათი მუსიკა ამ გარემოს განუყოფელი ნაწილია. ეს არის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობდი, აქ უსაზღვრო თავისუფლებაა და შესაძლებლობებს არ აქვს ზღვარი. ამერიკა გიწყობს ხელს, საკუთარ მიზნებში გაერკვე და შემდეგ მათ მიაღწიო. აქ სიმარტივეა და არა პრიმიტიულობა. სიმარტივეში დიდი სიბრძნეა, პრიმიტიულობა კი საკუთარ თავს არ უნდა აკადრო. 

თავიდან ხომ არ გაგიჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება:საჭმლის მომზადება, პერანგების დაუთოება და ა.შ.?

კი, გამიჭირდა, თან ნოსტალგიური ტიპი ვარ და მქონდა ხოლმე ჩავარდნები, რის დაძლევაშიც ისევ და ისევ მუსიკა მეხმარებოდა. თავიდან ზურა რამიშვილთან, შემდეგ კი მამასთან ერთად ჩავედი ამერიკაში, თუმცა იყო დეტალები, რის გამოც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. დედა ორსულად იყო და ძალიან მაწუხებდა, რომ ჩემი მშობლები იმ პერიოდში ერთმანეთის გვერდით არ იყვნენ. შემდეგ მამა დაბრუნდა უკან, მე გია და ნონა შენგელაიებთან გადავედი და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. გია და ნონა ჩემი მფარველი ანგელოზები არიან ნონა ჯულიარდშიც მუშაობდა, ორივეს ძალიან უყვარს მუსიკა და მოკლედ, ძალიან გამიმართლა, მათთან ერთად რომ მომიწია ცხოვრება.

თუ ყოფილა რაიმე უხერხული სიტუაცია ამერიკაში თავიდაპირველად ჩასვლისას, რაც ახლა ღიმილით გახსენდება?

რა თქმა უნდა, უამრავი უხერხული სიტუაცია იყო თავიდან. ღიმილით ნაკლებად, მაგრამ მახსენდება, რომ ბრუკლინის ერთ-ერთ სკოლაში სწავლისას, ვითომ მოგანგსტერო რუსები იყვნენ ჩემთან კლასში და ერთ დღეს აგდებით მეუბნებიან, არ დაგავიწყდეს რა პატარაა შენი ქვეყანა და ჩვენსას რუკაზე რამხელა ადგილი უკავიაო. თან, ეს იყო 2009-ში, ომიდან ერთი წლის შემდეგ. ძალიან გავბრაზდი, ჩემს ქვეყანაზე ცუდის თქმას არავის ვაპატიებ. ასე რომ, შესვენების დროს, ცოტა მუშტების გამოყენებაც დამჭირდა. ამ ამბიდან რამდენიმე დღე გავიდადა მასწავლებელმა მუსიკის გაკვეთილზე დაკვრა მთხოვა, რის შემდეგაც, ყველა ცდილობდა ჩემთან დამეგობრებას. თუმცა, არ მომწონდა იქაურობა და საბედნიეროდ, მალე სხვა სკოლაში გადავედი. 

ყველაზე ბედნიერი დღე შენს ცხოვრებაში. 

ეს, ალბათ,ის დღე იყო, როდესაც კიტ ჯარეტის კონცერტზე მოვხვდი. ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკოსია, რომელსაც ჩემს მუსიკალურ მამასაც კი ვეძახი და აი, შევდივარ დარბაზში, ვხედავ მის ტრიოს და ვგრძნობ, სულ სხვა სამყაროში ვარ, საერთოდ არ მახსოვს რას უკრავდა, ასტრალში ვიყავი… კონცერტის დამთავრებისას, გიამ დაცვას 20 დოლარი აჩუქა და კულისებში შევედით. ერთი რამ მინდა აქ გავიხსენო. ადრე, ბავშვობაში, მამამ ოსკარ პიტერსონის კასეტა მაჩუქა. ძალიან ხშირად და დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯარეტი აღმოვაჩინე, ეს კასეტა თაროზე შემოვდე. არადა, მართლა ლეგენდარული
ჯაზმენია და თაობებია მის მუსიკაზე გაზრდილი. ჰოდა, კულისებში შევედი თუ არა, კიტს ვეუბნები, არ მიყვარს ოსკარ პიტერსონი-თქო… ძალიან ბავშვურად კი გამომივიდა, მასაც გაეცინა, რა შუაშიაო. მოკლედ, ასე შევხვდი ჯარეტს. ფოტოებს საერთოდ არავისთან არ იღებს, მაგრამ იმ დღეს გამონაკლისი დაუშვა და ფოტო გადავიღეთ
– ალბათ, უფრო ჩემი ასაკი გაითვალისწინა.

XII_issue4_Content3

XII_issue4_Content4

რომ არა მუსიკა…

არ ვიცი, რა იქნებოდა… ისე, მსახიობობაზეც მიფიქრია, თუმცა რომ არა მუსიკა, ვისწავლიდი რაღაც გაურკვეველ ფაკულტეტზე, ვიქნებოდი ერთი საკუთარ თავში გაურკვეველი ტიპი, რომელიც კვლავ ძიების პროცესშია. ადამიანს უამრავი გასაღები ეძლევა ცხოვრებაში, მთავარია სწორად და ზუსტად მოარგო კარს, საჩქაროც არაფერია, დრო საკმარისია.

 თუმცა შენს შემთხვევაში, ძალიან სწრაფად მიაგენი ამ კარს და მოარგე გასაღები…

 ასეგამოდის. ალბათ,მართლაც გამიმართლა.

რა გაძლევს ცხოვრებაში ყველაზე დიდ სტიმულს?

ანა ხერხეულიძე და მუსიკა. ის ამსტერდამშია და დილით ვიღვიძებ თუ არა, ტელეფონს ვამოწმებ, მისი მესიჯი რომ ვნახო. სიყვარული და მუსიკა – ორი უმნიშვნელოვანესი რამეა, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

ოპტიმისტი ხარ?

ოპტიმისტი ვარ. პესიმისტურად განწყობილი ადამიანები რატომღაც საკუთარ თავს რეალისტებს ეძახიან… თავი
არ უნდა მოიტყუო, მოვლენები რეალურად უნდა შეაფასო და ოპტიმისტურად მიუდგე.

როგორია შენი რიგითი დღე?

ვიღვიძებ გვიან, ვარ ბუ და აი, მაგალითად, შეიძლება სულ გამომიფრინდეს თავიდან, რომ ინტერვიუ მაქვს შე- ძლებისდაგვარად ვუკრავ ბევრს, საქართველოში ყოფნისას კი მერევა რაღაცეები, მაგრამ ძირითადად მაინც სულ მუსიკაში ვარ.

მის მუსიკას ბავშვობიდან უსმენდი და შენი ერთი-ერთი საყვარელი შემსრულებელი იყო… გადის წლები და ეს
ადამიანი საკუთარ მეგობრად გიხსენიებს, ერთობლივ ალბომსაც წერთ. მიხვდი ალბათ, ჩიკ კორეაზე გეკითხები.

მე და ჩიკი ნამდვილად ვმეგობრობთ, შემიძლია ნებისმიერ დროს დავურეკო, რაღაც ვკითხო ან დახმარება ვთხოვო. ძალიან უცნაურად გავიცანი: Blue Note-ში ვიყავი მის კონცერტზე, ვუსმენდი და აღფრთოვანებისას ალაგალაგ ვყიროდი ხოლმე. პირველ შეყვირებაზე გამოიხედა, მეორეზეც – ვიფიქრე, არ მოსწონს და ბრაზდება-მეთქი. მერე კულისებში შევედი და მკითხა – შენ ის არ ხარ, რომ ყვიროდიო? შემრცხვა… მაგრამ, ჩიკი მეუბნება, იცი რა არის უცნაური, ზუსტად იმ ადგილებზე ყვიროდი, რაზეც მეც ვიყვირებდიო. ასე გავიცანი. მერე დავახლოვდით, ერთობლივი ალბომიც ჩავწერეთ. ის საოცარ თავისუფლებას მაძლევდა დაკვრისას. ერთხელ მასთან ვიყავი,ვსადილობდით და ამ დროს მეუბნება – უნდა წავიდე, შენი დაწერილი თემა მინდა ვიმეცადინოო. ნამდვილი „კონკიას“ ზღაპარია და ძალიან რთულია, ამ ყველაფერს გაუძლო… თუმცა, ეს არის ამერიკა – ადგილი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.

XII_issue4_Content5

ყველაზე მეტად ვისთან ერთად ისურვებდი სცენაზე გამოსვლას?

შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ჩიკ კორეამ გამათამამა და არავინ არის ასეთი საოცნებო პარტნიორი. თუმცა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავუკრავ ნებისმიერ ნიჭიერ და პროფესიონალ მუსიკოსთან, ეს იქნება ერთგავრი გამოწვევა და კომუნიკაცია დამწყებ და უკვე სახელგანთქმულ მუსიკოსებს შორის. ისე კი, ჩემი ოცნებაა მოცარტის ერთი საფორტეპიანო კონცერტი შევასრულო და აუცილებლად ვეცდები მივაღწიო ამას.

რა გენატრება ხოლმე ამერიკაში ყოფნისას?

კახეთი და ჩვენი სოფელი ვაჩნაძეანი. ეს ის ადგილია, სადაც ღვინო შეიძლება პირდაპირ ქვევრიდან გაგასინჯონ, თავად უყურო ღვინის დაწურვის პროცესს, ნახო ნამდვილი ბრძენი პაპები… რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს თბილისი, აქ დავიბადე და გავიზარდე, მართლა ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ მის თანამედროვე იერსახეს, თუმცა ასეთი კაფეები სხვაგანაც მრავლადაა. მაგრამ კახეთის, ქართლის თუ სვანეთის მსგავსიარსად არ არის, ისევე როგორც ქართული ხალხური მუსიკა, ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები, რაც ნამდვილი საგანძურია.

რაიმე საინტერესო გეგმები ხომ არ გაქვს ახალ 2016 წელს?

ახალი წელი და ახალი გამოწვევები, სვლა საკუთარი მიზნებისკენ. ცალკე ახალი წელი და ის კონკრეტული დღე კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ რას გავაკეთებთ ახალს და საინტერესოს.