ამერიკელი ერის ფუძემდებელი

ჰენრი კომაჯერი
ხალხების უმეტესობა თავიანთი სახელმწიფოების დამაარსებლებს უძველეს წარსულში ან მითოლოგიაში ეძებს. ასეთები არიან რომაელთათვის რომულუსი და რემი, ანგლოსაქსებისთვის – ჰენგისტი და ჰორსა. ჯორჯ ვაშინგტონი, რომელსაც ამერიკელები თავიანთი „ერის მამას“ უწოდებენ – ახალი დროის ადამიანია. იგი დაიბადა პეტრე დიდის გარდაცვალებიდან მალევე, იყო ფრიდრიხ II პრუსიელის, საფრანგეთის მეფის, ლუი XV-ისა და მარია-ტერეზია ავსტრიელის თანამედროვე. მისი ცხოვრება მითი კი არა, ისტორიაა; ეს ლეგენდარული გმირი არ არის – სრულიად რეალური და ჩვენთვის ახლობელი ადამიანია.

XII_issue4_Content52

ჯორჯ ვაშინგტონი

ის იყო დიდი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, მაგრამ მისი დიდება ამაზე არ არის დაფუძნებული: ამერიკაში უფრო დიდი მხედართმთავრები და პოლიტიკური მოღვაწეებიც ყოფილან. სახელი და დიდება მან მოიპოვა არა იმდენად ამა თუ იმ საქმით, რამდენადაც პირადი თვისებებით. რაც მან გააკეთა, შეიძლება რამდენიმე სიტყვით გამოითქვას (თუმცა მისი ღვაწლის დაწვრილებით აღწერას მრავალტომეული დასჭირდებოდა); მისი პიროვნება, იდეები, რომელთაც ცხოვრებაში ახორციელებდა – არის ის, რასაც დღესაც ამერიკელებისა და მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

1775 წელს, როდესაც მეტროპოლიას ცამეტი ამერიკული კოლონია აუჯანყდა, იმისთვის, რომ, როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაციაშია ნათქვამი, „დედამიწის ხალხთა შორის დაეკავებინათ დამოუკიდებელი და თანასწორი მდგომარეობა, რის უფლებასაც მათ აძლევს ბუნების კანონები და უზენაესი განგება“, მათ მოწოდებით მიმართეს ჯორჯ ვაშინგტონს, რომელიც წარმოშობით ვირჯინიის შტატიდან იყო, წინ გასძღოლოდა ჯარსა და მათ საქმეს. ჯორჯ ვაშინგტონს არ ჰქონდა დიდი სამხედრო გამოცდილება; იმდენად არ იყო მომზადებული, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეტვირთა. 1750-იანებში იგი ვირჯინიის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი იყო, მონაწილეობდა განაპირა დასავლეთის ექსპედიციებში. ხშირად, კამათის დროს, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას უძღოდა წინ, მას თავი მტკიცედ, მაგრამ თავმდაბლად ეჭირა. ამერიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ის პირველ რიგში, არა მისი საბრძოლო გამოცდილების ან პოლიტიკური ტალანტის, არამედ სიმტკიცისა და პატიოსნების გამო აირჩიეს. საქმე, რომელსაც ის ჩაუდგა სათავეში, შესაძლოა, უიმედოდ მოსჩვენებოდა კაცს. ამერიკულ კოლონიებში იმ დროს ევროპიდან წამოსული, აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმოფანტული ორ მილიონ-ნახევარზე ნაკლები კაცი ცხოვრობდა. ამერიკელებს არ ჰყავდათ რეგულარული არმია – იყო მხოლოდ სახალხო ლაშქარი, რომელმაც იცოდა მარტოდენ თოფის ხმარება; არ იყო სამხედრო ფლოტი – იყვნენ მხოლოდ მეზღვაურნი და მეთევზენი, რომლებსაც ბევრი ზღვა ჰქონდათ მოვლილი. მრეწველობის ნაცვლად, მხოლოდ მოხერხება გააჩნდათ, დაგროვებული სიმდიდრის ნაცვლად – თავგანწირვისა და მოქმედებისთვის მზადყოფნა. მათი მოწინააღმდეგე კი იმ დროისთვის ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო – ინგლისი იყო, გამარჯვებებით გაბრუებული იმპერია, რომლის დროშის თავზეც არასოდეს ჩადიოდა მზე და რომლის ფლოტიც ყველა ზღვაზე ბატონობდა.

რის იმედად უნდა ყოფილიყო ჯორჯ ვაშინგტონი? პატარა არმია, რომელსაც იგი მიუძღოდა წინ, სხვა არაფერი იყო, თუ არა „შეიარაღებული ბრბო“. მთელი ომის მანძილზე, შვიდი წლის განმავლობაში, მისი რიცხვი 25 ათას კაცს არ ასცდენია. თანაც, ამერიკას მარტო ინგლისი კი არ უპირისპირდებოდა, არამედ ინგლისის მეგობრებიც – თვით კოლონიებშიც კი. ბევრი კოლონისტი რევოლუციის წინააღმდეგი იყო და ინგლისელები ვაშინგტონის ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად ამერიკულ ნაწილებს მათგან ქირაობდნენ. ამრიგად, ვაშინგტონი იძულებული შეიქნა, ეწარმოებინა არა მხოლოდ საგარეო, არამედ სამოქალაქო ომიც, ებრძოლა გაუწვრთნელი ჯარით, უფულოდ, არასაკმარისი იარაღით. ომის პირველ წლებში მისი პატარა არმია დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდა. იგი იძულებული გახდა, დაეთმო ნიუ იორკი და ჯერსიში დაეხია, ჩაებარებინა აჯანყებული კოლონიების დედაქალაქი ფილადელფია და მძიმე გასაჭირი გადაეტანა ველი ფორჯთან. გეორგ III-ის ჯარისკაცები სამხრეთის კოლონიებში შეიჭრნენ, ჩარლსტონი და სავანა დაიპყრეს, შტატები – კაროლინა და ვირჯინია წალეკეს. არაერთხელ მოჩანდა ისე, რომ სადაცაა ვაშინგტონის არმია დაიშლებოდა. მის გარემოცვაში ბევრი დაეცა სულით და ისინი მას ურჩევდნენ, რომ შემდგომ ბრძოლაზე უარი ეთქვა; სხვებს, კი რომლებმაც გამარჯვების იმედი დაკარგეს, სურდათ, რომ ვაშინგტონი მეთაურობიდან ჩამოეცილებინათ.

მაგრამ ჯორჯ ვაშინგტონმა, თავისი სიმტკიცისა და საქმისადმი ერთგულების წყალობით, საოცარი რამ შეძლო: მან მიაღწია ამერიკელების ერთიანობას. თავის თანამოქალაქეებს შთაბერა მამაცობა, რომელიც არა სასოწარკვეთის, არამედ იმ რწმენისგან იშვა, რომ შეუძლებელი იყო, მათ მართალ საქმეს არ გაემარჯვა.

ვერც დამარცხებებმა და ვერც იმედგაცრუებამ ვერ გატეხეს იგი. ჯორჯ ვაშინგტონი ოსტატურად იხევდა უკან, როცა ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისთანავე აყენებდა კონტრდარტყმებს. 1778 წელს, ომის მიმდინარეობისას, გარდატეხა მოხდა და ნათელი გახდა, რომ საქმე გამარჯვებისკენ მიდიოდა. ერთი ინგლისური არმია სარატოგასთან, ჩრდილოეთში დანებდა, მეორე კი სამხრეთში გაანადგურეს. საზოგადოებრივი აზრი მთელ მსოფლიოში ამერიკელების მხარეზე იყო. საფრანგეთმა მას შეიარაღებული დახმარება გაუწია. „შეიარაღებული ნეიტრალიტეტის ლიგაც“, რომელშიც რუსეთიც შედიოდა, მხარს უჭერდა ვაშინგტონს. 1781 წელს ამერიკაში მყოფ არმიათაგან ყველაზე დიდი, რომელსაც ლორდი კორნუოლისი მეთაურობდა, ალყაში მოექცა და იორკთაუნთან დანებდა. უწესრიგო სამხედრო მოქმედებები კიდევ ორ წელს გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ზავი დაიდო და 1783 წელს ინგლისმა თავისი ყოფილი კოლონიების დამოუკიდებლობა აღიარა. ახალმა ერმა მსოფლიოს სხვა სახელმწიფოთა შორის თავისი ადგილი დაიმკვიდრა.

ომის ყველაზე ძნელ მომენტებში ამერიკელები ვაშინგტონისგან მარტო შთაგონებას კი არა, ლიდერობასაც მოელოდნენ. ბევრს უნდოდა, რომ მას გაეუქმებინა სუსტი კონგრესი, რომელიც შტატების პოლიტიკურ ბედ-იღბალს მართავდა და ხელში აეღო დიქტატორის ძალაუფლება. ისეთი ადამიანებიც კი იყვნენ, რომლებსაც მისი მეფედ კურთხევა ეწადათ. მაგრამ ვაშინგტონი რესპუბლიკური სულისკვეთებით იყო აღზრდილი. იგი უსიტყვოდ იღებდა ძირითად ანგლოსაქსურ პრინციპს – სამხედრო ხელისუფლების სამოქალაქოსთვის დაქვემდებარების შესახებ. იგი პატივს სცემდა წესრიგს, რომელსაც დღეს დემოკრატიულს ვუწოდებთ. მან შეძლო, ეწარმოებინა ურთულესი ომი ისე, რომ არც კანონიერი ხელისუფლებისთვის მიეყენებინა ზიანი და არც მოქალაქეთა თავისუფლებებისთვის. ეს არანაკლები მიღწევა იყო, ვიდრე მისი გამარჯვებები ბრძოლის ველზე.

XII_issue4_Content53

სიყმაწვილეში ჯორჯ ვაშინგტონი მიწის მზომელი იყო და ახალი მიწების გამიჯვნაზე მუშაობდა.

ამგვარად, 1783 წელს, ვაშინგტონი, მისივე სიტყვებით „სამშობლოს სამსახურში გაჭაღარავებული და თითქმის დაბრმავებული“, გამოეთხოვა თავის ჯარსა და კონგრესს, რომელსაც ასე ერთგულად მსახურებდა რვა წლის მანძილზე. მისი ქონება განიავებული იყო, დიდი პლანტაცია მაუნტ-ვერნონში – გავერანებული. მას ერთადერთი სურვილი ჰქონდა – დაბრუნებოდა პირად ცხოვრებას, რომელსაც ასე დიდხანს იყო მოკლებული, ემუშავა მიწაზე, განეახლებინა ურთიერთობები ძველ მეგობრებთან. ის ამბობდა, რომ გადაწყვიტა, აღარასოდეს მიეღო მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეებში.

XII_issue4_Content54

სიცოცხლის ბოლოს ვაშინგტონი განმარტოვდა თავის მამულში, სადაც ერთ-ერთმა პირველთაგანმა დაიწყო ახალი მეცნიერული მეთოდების დანერგვა სოფლის მეურნეობაში

მაგრამ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ თანამემამულეებს მისთვის თავი დაენებებინათ; მიეცათ საჭუალება, რომ ის საზოგადოებრივ საქმეებს ჩამოშორებოდა. ვაშინგტონი ისევე აუცილებელი იყო ომის შემდეგ, როგორც ომის დროს, რადგანაც ომმა თან მოიტანა პრობლემების მთელი რიგი. ნორჩი ერი, რომელმაც ასე გმირულად მოიპოვა დამოუკიდებლობა, ლამისაა დაშლილიყო. ოცდაათი შტატი ერთმანეთს ექიშპებოდა და თან, ამავე დროს, არ სურდათ, რეალური ხელისუფლება რომელიმე ცენტრალური ორგანოსთვის გადაეცათ. მათი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზს ვაჭრობა, ფული და დასავლეთის მიწები წარმოადგენდა. ქვეყნის ფინანსები სავალალო მდგომარეობაში იყო. ვაჭრობა ევროპასთან შესუსტდა. დასავლეთიდან ევროპა იმუქრებოდა, ჩრდილოეთიდან – ინგლისი, ინდიელები კი ყველა შორს გადაჭიმული საზღვრის გაყოლებაზე ჯერ ისევ რეალურ საშიშროებას წარმოადგენდნენ.

XII_issue4_Content55

ვილეი ფორჯში, ამერიკის არმიის ბანაკში, 1778 წლის ზამთარში, ვაშინგტონი სთხოვს მთავრობის წარმომადგენლებს, გააუმჯობესონ მისი მშიერ-მწყურვალი და შიშველ-ტიტველი არმიის მომარაგება.

XII_issue4_Content56

როცა ბოლოს და ბოლოს ომი მოიგო და ბრძოლების გრიგალმა გადაიარა, ვაშინგტონმა ნიუ იორკში, ტავერნა ფრანსეზში თავი მოუყარა ოფიცრებს და მეგობრულად გამოეთხოვა.

და ამერიკელებმა, ინსტინქტურად, მოუსყიდველ ჯორჯ ვაშინგტონს მიმართეს, რომელმაც ისინი ომის ყველა ძნელბედობაში გამოატარა. როდესაც რამდენიმე მშფოთვარე წლის შემდეგ მოწინავე ამერიკელთა ჯგუფმა ახალი საერთო-ეროვნული კონსტიტუციის შემმუშავებელი კომისიის შექმნა შეძლო, ვაშინგტონს შესთავაზეს, რომ ამ სამუშაოს სათავეში ჩასდგომოდა.
– უნდა აღვმართოთ დროშა, – თქვა მან, – რომლის ქვეშაც ბრძენნი და პატიოსანნი შეძლებენ გაერთიანებას. ჩვენი წამოწყება უფლის ხელშია“. ასე შეიქმნა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ამერიკელები დღესაც ცხოვრობენ და კეთილდღეობენ. ესაა ამჟამად მოქმედ, დაწერილ კონსტიტუციათა შორის უძველესი. მისგან იშვა ფედერალური სისტემა, რომელიც დღესაც იფურჩქნება.

XII_issue4_Content57

ინგლისელების კაპიტულაცია იორკთაუნთან დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ. უკანა პლანზე: ვაშინგტონი შავ ცხენზე ახალგაზრდა ერის ახალი დროშის გვერდით.

XII_issue4_Content58

როდესაც პოსტი დაიკავა, პირველმა პრეზიდენტმა სენატში შთაგონებული სიტყვა წარმოთქვა. ამას ესწრებოდნენ თომას ჯეფერსონი, ადამსი და ახალგაზრდა ქვეყნის სხვა მოღვაწეები.

გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია დაამტკიცეს და ის ძალაში შევიდა. აღმასრულებელი
ხელისუფლების მეთაური ხდებოდა პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი ორსაფეხურიანი სისტემით ირჩევდა. იგი აღჭურვილი იყო ფართო (და იმ დროს არცთუ მთლად გარკვეული) უფლებამოსილებით. ეს უკანასკნელი გარემოება ამერიკელებში ეჭვებს იწვევდა, რასაც მხოლოდ საყოველთაო რწმენა აბათილებდა – რომ პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი იქნებოდა.

ეს რწმენა გამართლდა. როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო მისთვის, საზოგადოებრივი მოვალეობების გამო საკუთარ პირად ცხოვრებაზე უარი ეთქვა, ვაშინგტონს არ შეეძლო, არ აღესრულებინა თავისი ხალხის ნება. იგი ერთხმად აირჩიეს და ასევე ერთხმად აირჩიეს ოთხი წლის შემდეგაც. „ხედავს ღმერთი, – წერდა ვაშინგტონი, – ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ თავმდაბლად და ბედნიერად ვიცხოვრო და ჩემს მიწის ნაკვეთზე რიგით მოქალაქედ მოვკვდე“. მაგრამ მის ამ სურვილს ასრულება ჯერჯერობით არ ეწერა. გულდამძიმებულმა მგზავრობის ფული ისესხა და მაუნტვერნონის მამულიდან ნიუ იორკში, ფედერაციის დროებით დედაქალაქში წავიდა. თავის პირად ცხოვრებასა და შინაურ სიამეებს ბოდიშებით გამოეთხოვა და დაადგა გზას, რომელმაც ახალ ტრიუმფებამდე მიიყვანა.

1780 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონის საზოგადოებრივი სამსახურის ახალი ხანგრძლივი პერიოდი დაიწყო. ახლა ძნელი წარმოსადგენია, თუ რა უჩვეულო და სახიფათო იყო ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც მან იტვირთა. ამერიკული ექსპერიმენტი იყო ერთადერთი და ისტორიაში სრულიად შეუდარებელი რამ. მართალია, ამერიკა, ფრანგი მინისტრის, ტრიუდოს თქმით, „კაცობრიობის იმედი“ იყო, მაგრამ მას ევროპის სახელმწიფოთა უმეტესობა მტრული თვალით უცქერდა. ხალხმა ხელში აიღო ქვეყნის მართვა, რესპუბლიკური სისტემა დაამყარა, შტატების ხელისუფლებები ფედერალურ მთავრობას დაუქვემდებარა და გადაწყვიტა, ეცხოვრა დაწერილი კონსტიტუციით. მან კანონს საფუძვლად თავისუფლება დაუდო და ცხოვრებაში დემოკრატიული საწყისების გატარება დაიწყო.

თითქმის არაფერი იყო გაკეთებული. ახალი რესპუბლიკა, ფაქტობრივად, მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. საჭირო იყო, რომ ერში ერთიანობის გრძნობა შთანერგილიყო – და ეს ვაშინგტონმა მოახერხა. საჭირო იყო შორეული საზღვრების დაცვა, ფინანსების მტკიცე ბაზის შექმნა, უცხოეთის სახელმწიფოებთან ხელშეკრულებების გაფორმება, ვაჭრობის აწყობა, მართვის აპარატის შენების დაწყება, პრეცედენტების შექმნა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, პრეზიდენტსა და მის მრჩევლებს შორის ურთიერთობებში, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებს შორის. 

ვაშინგტონი იშვიათი ოსტატობით მართავდა თავისი ერის ბედ-იღბალს მისი არსებობის პირველ წლებში. 1792 წელს იგი პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. 1796 წელს კანდიდატურის წარდგენა მესამედაც შეეძლო, მაგრამ ახლა იგი მტკიცედ ისწრაფოდა, რომ საქმეებს ჩამოშორებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ უკვე საკმაო ხანს იმსახურა და სხვებისთვის ადგილის დათმობის დრო იყო. მაუნტ-ვერნონში დაბრუნებამდე, მან ამერიკელ ხალხს გამოსათხოვარი წერილით მიმართა, რომელიც ერთგვარ კლასიკურ ნაწარმოებად იქცა. ამ წერილში იგი მხურვალედ მოუწოდებს მათ კავშირისადმი ერთგულების, თავისუფლებისა და აყვავების საწინდრის დაცვისკენ. ამის შემდეგ, იგი მაუნტ-ვერნონში წავიდა, სადაც ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ამ ნომერში მოთავსებული ჯორჯ ვაშინგტონის
ბიოგრაფია უდიდესი ისტორიკოსის, კოლუმბიის
უნივერსიტეტის პროფესორ ჰენრი სტილ
კომაჯერის კალამს ეკუთვნის. პროფესორი
კომანჯერი ცნობილია ამერიკისა და მსოფლიო
მოვლენების მიმოხილვებითაც. 1930 წელს მან
გამოაქვეყნა ნაშრომი „ამერიკის რესპუბლიკის
ზრდა“. როგორც ერთმა კრიტიკოსმა თქვა,
ესაა „ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე
წარმტაცი, საყოველთაო ინტერესის აღმძვრელი,
სასარგებლო ისტორია ერთ ტომად“. არანაკლებ
პოპულარულია 1942 წელს გამოქვეყნებული
ნაშრომი: „ამერიკა – თავისუფალი ხალხის
ისტორია“, რომელიც მან მკითხველთა ფართო
წრისთვის დაწერა.

XII_issue4_Content59

ტურისტები ათვალიერებენ მაუნტ-ვერნონის ოთახებს,
რომლებშიც დგას მე-18 საუკუნის ავეჯი.

XII_issue4_Content60

გლობუსის უკან – კუთხსაზომი – ახალგაზრდა ჯორჯ
ვაშინგტონის პირ ველი პრ ოფესიის მოსაგონარი.

რით უნდა აიხსნას ის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონს თანამემამულეების გულებში ეჭირა და დღესაც უჭირავს? ის არ გახლდათ უნაკლო: არ ჰქონდა დიდი წარმოსახვის უნარი; ძალიან ცოტა სიახლე შეიტანა ახალგაზრდა ერის პრინციპებში, დემოკრატიისა და თავისუფლების თეორიაში და იმით კმაყოფილდებოდა, რომ მათი სახელით მოქმედებდა, ხოლო რთულ საკითხთა ფორმულირებებს ჯეფერსონის ტიპის ხალხს ანდობდა. იგი არ იყო სამხედრო გენია. პრაქტიკულ საკითხებში პოლიტიკური ალღო არ ჰყოფნიდა; არ შეეძლო, წინასწარ გამოეცნო ამერიკული პოლიტიკური პარტიების განვითარება; ცუდად ესმოდა, როგორ მუშაობს სამთავრობო მანქანა. ის ფიცხი იყო, მაგრამ შეეძლო თავშეკავება. მთელი მისი გულისთქმა მთლიანად სამშობლოსკენ იყო მიმართული. ის არც ჯეფერსონის ფილოსოფიურ ტალანტს ფლობდა, არც ჰამილტონის პრაქტიკულ ჭკუას.

მთავარი დამახასიათებელი თვისება მისი ბუნების მონოლითურობა იყო. ძნელია მასზე აუღელვებლად ლაპარაკი. აი, როგორ ახასიათებს მას ინგლისელი მწერალი თეკერეი – წარმომადგენელი იმ ერისა, რომელსაც ვაშინგტონი ეომებოდა: „ზეცის ნებით, და როგორც ახლა ვართ დარწმუნებული, ორივე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, ჩვენ დასავლეთის დიდი რესპუბლიკა გამოგვეყო; და მამაცმა მეომრებმა, რომლებიც მისთვის იბრძოდნენ, და უპირველეს ყოვლისა კი მათმა დაუმორჩილებელმა ბელადმა, დიდებით დაამარცხეს არა მარტო გამოცდილი, ყველაფრით უზრუნველყოფილი და ბრძოლებში გამობრძმედილი ჯარისკაცები, არამედ გაჭირვებაც, სიცივეც, შიმშილიც, განხეთქილებაც და ღალატიც საკუთარ ბანაკში, სადაც ყველაფერი ნაცარტუტად იქცეოდა, რომ არა პატრიოტიზმის სუფთა, ჩაუქრობელი ალი, რომელიც მათი გმირი წინამძღოლის მკერდში ენთო. რა თანმიმდევრულობა, რა კეთილშობილება, რა გასაოცარი შეუპოვრობაა სიძნელეების წინაშე!.. დიახ, ეს პიროვნება ღირსია აღტაცებული პატივისცემისა; არც ერთი ლაქა ცხოვრებაში, არც ერთი ნაკლი!“

თავისი ხალხისადმი უანგარო ერთგულება, ურყევი სიმშვიდე, სამშობლოს სიყვარული ჯორჯ ვაშინგტონს ყველა გამოჩენილ მხედართმთავარსა და პოლიტიკურ მოღვაწეზე მაღლა აყენებს. ის მდიდარი ადამიანი იყო, მაგრამ თავისი ცხოვრება ამბოხებულთა საქმეს მიუძღვნა, რადგან ეს თავისუფლების საქმედ მიაჩნდა. იგი დიდი მხედართმთავარი იყო, მაგრამ სამოქალაქო ხელისუფლებას ემორჩილებოდა, რადგან პრინციპულად ამგვარი დაქვემდებარება მართებულად მიაჩნდა. სხვადასხვა პარტია მის გამოყენებას ცდილობდა, მაგრამ ის პარტიაზე მაღლა იდგა; დემაგოგები ცდილობდნენ, მისი სახელით ემოქმედათ, მაგრამ ის დემაგოგიაზე მაღლა იდგა. მან დაიფიცა, რომ სიცოცხლე, ქონება და ღირსება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მიეძღვნა და ეს ფიცი შეასრულა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ის იყო „პირველი ომში, პირველი მშვიდობასა და პირველი თავისი თანამოქალაქეების გულებში“.

XII_issue4_Content61

მაუნტ-ვერნონი, ჯორჯ ვაშინგტონის მამული შტატ ვირჯინიაში. დაცულია, როგორც ეროვნული სიწმინდე. დიდი სახლი თეთრი კოლონებით სამხრეთის არქიტექტურული სტილითაა აშენებული. დიდი მდელო ეშვება ვერანდიდან მდინარე პოტომაკის ნაპირებისკენ.