ამერიკელები 1787 წელს მიღებული კონსტიტუციის ორას წლისთავს ზეიმობენ. ამ ღირსშესანიშნავ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, ჟურნალი „ამერიკა“ აქვეყნებს ბრაუნის უნივერსიტეტის (პროვიდენსი, როდ აილენდის შტატი) პროფესორ გორდონ ს. ვუდის სტატიას, რომელშიც კონსტიტუციის იდეოლოგიური საფუძვლებია განხილული.
აშშ-ს კონსტიტუცია 1787 წ. შეიქმნა, ძალიან მოკლე დროში, მაგრამ მის იდეოლოგიას, ისევე როგორც ყველა დიად მოვლენას, ღრმა წარსულში აქვს ფესვები გადგმული. აშშ-ს კონსტიტუცია მიჩნეულია განმანათლებლობის ეპოქის მწვერვალად. მან მე-18 საუკუნის ამ გრანდიოზული მცდელობის მიღწევები და აზრები დასავლური მეცნიერების ადამიანური ურთიერთობების სფეროს მიუსადაგა. კონსტიტუცია დასავლური განათლებული აზროვნების პროდუქტი იყო და არ შეიძლება გაჩენილიყო უბრალოდ საკონსტიტუციო კონვენტის საზაფხულო სხდომების შედეგად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას საფუძვლად უდევს მთელი წინამავალი ისტორიის გამოცდილება. მართლაც არ დარჩა იდეა და მოაზროვნე, რომელსაც სიძველისა ან ბუნდოვანების მიუხედავად, გავლენა არ მოეხდინა კონსტიტუციაზე. ისტორიკოსებმა და პოლიტოლოგებმა დაკვირვებით შეისწავლეს წარსული. ისინი ცდილობდნენ ეპოვათ ის ფილოსოფოსი ან კონკრეტული ტრაქტატი, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინა კონსტიტუციის შემქმნელებზე. ერთნი ასეთად მიიჩნევდნენ ინგლისელ ჯონ ლოკს, მეორენი – ფრანგ მონტესკიეს, მესამენი – შოტლანდიელ დევიდ ჰიუმს ან შვეიცარიელ ბურმალაკის. ზოგი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ეს ძველი ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი იყო. მაგრამ არც ერთი ამათგანი არ გახლდათ „დამფუძნებელი მამების“ მთავარი შთაგონება. ყოველგვარი ცდა ერთი ადამიანის პოვნისა, რომლის ფილოსოფიაზეც იქნებოდა აგებული კონსტიტუცია, წარუმატებლობისთვისაა განწირული. გავლენის მოხდენა ისეთ მონუმენტურ ნაწარმოებზე, როგორიცაა ავტორთა კოლექტივის მიერ შექმნილი აშშ-ს კონსტიტუცია, თავს ასე იოლად და პირდაპირ არ იჩენს. ლოკის, მონტესკიეს, ჰიუმის, ბურმალაკის და და თვით პოლიბიოსის ნაშრომებმაც, უდავოდ მოახდინეს სერიოზული გავლენა მე-18 საუკუნის 80-იანი წლების ამერიკელთა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ბევრი სხვა ავტორის შესახებაც. ყოველი მათგანი იმ დროის ამერიკის პოლიტიკური კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. რა თქმა უნდა, დამფუძნებელი მამები ხშირად მოიხმობდნენ თავიანთ გამოსვლებსა და სტატიებში ამა თუ იმ წიგნს, იმოწმებდნენ ამა თუ იმ ფილოსოფოსს. ისინი ახდენდნენ ყველა შესაძლო წყაროს ციტირებას, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა მე-18 საუკუნის ადამიანს: პლუტარქედან პუფენდორფამდე, ციცერონიდან ბლექსტონამდე, პლატონიდან რუსომდე. მაგრამ ეს წყაროები იმდენი იყო და იმდენნაირი, რომ ძნელია დავინახოთ რომელიმე მათგანის უპირატესობა სხვებთან შედარებით.
მართალია, დამფუძნებელ
მამებზე ერთი რომელიმე
მოაზროვნის გავლენაზე
მითითება შეუძლებელია,
მაგრამ შეიძლება იმ პოლიტიკური ატმოსფეროს
თავისებურებების დახატვა, რომელშიც ისინი
ცხოვრობდნენ 1787 წელს.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობდა იდეური გავლენა ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელთა აზროვნების წესსა და მოქმედებებზე. მართალია, დამფუძნებელ მამებზე ერთი რომელიმე მოაზროვნის გავლენაზე მითითება, როგორც ჩანს, შეუძლებელია, მაგრამ იმ პოლიტიკური ატმოსფეროს თავისებურებების დახასიათება, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ 1787 წელს, მაინც შეიძლება. კონსტიტუციის შემქმნელები იყვნენ გამოცდილი, პრაქტიკული ჭკუის მქონე პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ ისინი ამის გამო არ ქცეულან პრაგმატიკოსებად, რომლებსაც არ აღელვებდათ პოლიტიკური ფილოსოფიისა და თეორიის საკითხები. პირიქით, მათ ამოძრავებდათ ცოცხალი ინტერესი იდეების მიმართ და მიისწრაფოდნენ იმის თეორიული დასაბუთებისკენ, რასაც თვითონ აკეთებდნენ. ისინი მოქმედებდნენ მდიდარი და დინამიური პოლიტიკური შეგნების ატმოსფეროში, რამაც გავლენა მოახდინა მათ მიერ შექმნილ კონსტიტუციაზე. იმისათვის, რომ სრულად გავიგოთ ეს, აუცილებლად უნდა გავერკვიოთ ამ პოლიტიკურ თვითშეგნებაში.
რესპუბლიკური მისწრაფებები
ამერიკული თვითშეგნების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი იყო რესპუბლიკური მისწრაფებები – იდეებისა და სულიერი ღირებულებების ნაზავი, რაც იმდენად ღრმად იყო ფესვგადგმული, რომ ის ამერიკული აზროვნების თავისებური წანამძღვარი გახდა. ამ გუნება-განწყობილებამ არა მხოლოდ წარმომადგენლობითი პოლიტიკური სისტემა განაპირობა, რომლისაც დამფუძნებელ მამებს სწამდათ, არამედ მათი მორალური და სოციალური მისწრაფებებიც. რესპუბლიკის დაფუძნება – აი, რა იყო ამერიკული რევოლუციის მთავარი ამოცანა.
დღეს რთულია ამ სამოქალაქო იდეის რევოლუციური სულის შეფასება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მმართველობის რესპუბლიკური ფორმა მიღებულია თითქმის ყველა სახელმწიფოში. ის რამდენიმე ქვეყანა, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და შვედეთი, სადაც მონარქიაა შენარჩუნებული, თავისი არსით უფრო რესპუბლიკურია, ვიდრე ზოგიერთი სახელმწიფო, რომელიც რესპუბლიკად მხოლოდ თეორიულადაა მიჩნეული. მაგრამ მე-18 საუკუნეში, როდესაც მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად მონარქიული წყობილება იყო გაბატონებული, რესპუბლიკური იდეები არ იყო ასე გავრცელებული და ისინი არ მიაჩნდათ მისაღებად. ეს იყო რადიკალური იდეოლოგია. მე-18 საუკუნეში იგი ითვლებოდა კონტრკულტურის, პროტესტის იდეოლოგიად, უკმაყოფილოთა ინტელექტუალურ იარაღად, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა მონარქიული სისტემის, ფუფუნების, ეგოიზმისა და კორუფციის კრიტიკა.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მე-18 საუკუნის რევოლუციებმა – ამერიკის ინგლისურ კოლონიურ სამფლობელოებში, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ საფრანგეთშიც – დაამხეს მეფის ხელისუფლება და სანაცვლოდ რესპუბლიკური წყობა დაამყარეს. რესპუბლიკური მისწრაფებები დემოკრატიული რევოლუციების იდეოლოგია იყო. ეს გახლდათ ხალხის იდეოლოგია, რომელიც მიმართული იყო მონარქებისა და მემკვიდრეობითი არისტოკრატიის წინააღმდეგ. ინგლისელებსაც კი, რომლებმაც ამ გარდატეხის პერიოდში მეფე და ლორდთა პალატა შეინარჩუნეს, მიაჩნდათ, რომ თემთა პალატის უფლებამოსილებათა წყალობით, მათი კონსტიტუციაც გაცილებით უფრო რესპუბლიკური გახდა. მე-18 საუკუნის ბოლო მეოთხედში დასავლეთის პრაქტიკულად ყველა განათლებული ადამიანი თანაუგრძნობდა რესპუბლიკურ იდეებს.
ამ სამოქალაქო და მორალური ღირებულებების ფესვები ღრმად მიდის საუკუნეების სიღრმეებში – ანტიკურ რომში, რომის რესპუბლიკის დიდ ეპოქაში. თითქმის ყველა თანამედროვე ცნობა რესპუბლიკური რომის შესახებ ამოღებულია რომის განმანათლებლობის დროინდელი ეპოქის ნაწარმოებებიდან – ოქროს საუკუნის ძველი რომაული ლიტერატურიდან, პირველი საუკუნის შუა წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე რესპუბლიკის დაცემის დასაწყისიდან იმპერიის დამყარებამდე, მეორე საუკუნის შუა წლებში ჩვენი წელთაღრიცხვით. ამ ეპოქის ყველაზე ცნობილი მწერლები – ციცერონი, სალუსტიუსი, ტაციტუსი, პლუტარქე და სხვები ცხოვრობდნენ რესპუბლიკის არსებობის საუკეთესო დროის მიწურულს. ისინი თავის მიერ დანახულს უპირისპირებდნენ საზოგადოების ფენებად დანაწევრებას; გამეფებულ კორუფციასა და არეულობას კი საკუთარ გაიდეალებულ წარსულში დარჩენილ სოფლურ უბრალოებასა და პასტორალურ სათნოებას ამჯობინებდნენ. ოდესღაც რომაელი მიწათმოქმედნი თავისი ქვეყნის ერთგული მამაცი მეომრები იყვნენ, მაგრამ თანდათანობით ისინი ფუფუნებისაგან გარყვნილ ეგოისტებად იქცნენ. წინააღმდეგობებმა სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის საზოგადოების სულის ხუთვა გამოიწვია. ადამიანებმა დაიწყეს ზრუნვა მხოლოდ პირადი მიზნებისთვის და დაკარგეს საზოგადოებრივი ინტერესების მსახურების უნარი.
ასე ხსნიდნენ ძველი რომაელი მწერლები რესპუბლიკის დაცემის სავალალო ფაქტს. მათ დაგვიტოვეს ნაწარმოებები, სადაც გადმოცემულია მათი ძირითადი წარმოდგენები თუ რა არის კარგი ცხოვრება, მოქალაქეობა, პოლიტიკურად ჯანსაღი საზოგადოება, საზოგადოებრივი მორალი და სხვა მსგავსი ღირებულებები; წარმოდგენები, რომლებმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინეს დასავლურ კულტურაზე. მათი ნაშრომები ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა იმ მემკვიდრეობიდან, რომელიც რესპუბლიკურმა რომმა დაგვიტოვა.
ეს დიდი კლასიკური ლიტერატურა ხელახლა იქნა აღმოჩენილი და ათვისებული აღორძინების ეპოქაში, განსაკუთრებით, იტალიელი ფილოსოფოსის, ნიკოლო მაკიაველის შრომებში. მან რომაელი კლასიკოსების მთავარი იდეები დაიყვანა ერთ, ტრადიციულად ქცეულ ცნებამდე, რომელსაც სახელად „სამოქალაქო ჰუმანიზმი“ ეწოდა. ეს ტრადიცია ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელი მოქალაქეების მტკიცე მორალური საფუძვლები ჯანსაღი პოლიტიკური სისტემისა და ქვეყნის უანგარო სამსახურის აუცილებელი პირობაა.
იმისათვის, რომ ადამიანები კარგ მოქალაქეებად ქცეულიყვნენ, საზოგადოების წევრები დამოუკიდებელი, საკუთრების მქონე მიწათმფლობელნი, და გარე კონტროლისგან თავისუფალნი უნდა ყოფილიყვნენ; მათ არ უნდა ეგრძნოთ სხვათა ეგოისტური ინტერესების ზეგავლენა. პოლიტიკური მორალის ამ კლასიკური კონცეფციის მნიშვნელობის გადაჭარბება შეუძლებელია. განათლებულ ადამიანებს შორის იგი დიდი წარმატებით უწევდა კონკურენციას ქრისტიანობის ტრადიციულ იდეებს.
მოქალაქეობრივი ჰუმანიზმის ტრადიციები მტკიცედ შევიდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების კულტურაში. ინგლისში მათ ასახვა ჰპოვეს მე-17 საუკუნის დიდი მოაზროვნე რესპუბლიკელების – ჯონ მილტონის (1608-1674), ჯეიმს ჰარინგტონისა (1611-1677) და ოლჯერნონ სიდნეის (1622-1683) ნაშრომებში. ასობით პოპულარიზატორმა და მთარგმნელმა ეს ტრადიციები მე-18 საუკუნეში გადაიტანა. რესპუბლიკური იდეების ფართო გავრცელებას მე-18 საუკუნეში ხელს უწყობდა არა იმდენად ჯონ ლოკის ფილოსოფიური ტრაქტატები, რამდენადაც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი სტატიები ისეთი ჟურნალისტებისა, როგორებიც იყვნენ ჯონ ტრენჩარდი და თომას გორდონი. ასე მაგალითად, ჯონ გორდონი არა მხოლოდ თვითონ წერდა სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების აუცილებლობის შესახებ, არამედ თარგმნიდა კიდეც სალუსტიუსისა და ტაციტუცის ნაშრომებს. ეს კლასიკური რესპუბლიკური ღირებულებები მარტო ბრიტანელი რადიკალების მონაპოვარი არ გამხდარა; არც მხოლოდ ბრიტანული სამყაროსი. მათ ისე მყარად გაიდგეს ფესვები დასავლეთის ყველა განათლებული ადამიანის ცნობიერებაში, რომ მე-18 საუკუნის ფრანგი არისტოკრატებიც კი ესალმებოდნენ ჟაკ ლუი დავიდის სურათს „ჰორაციუსების ფიცი“ და აღტაცებული იყვნენ ძველი სამყაროს რესპუბლიკელების ვაჟკაცობითა და თავგანწირვით, ისე, რომ ნათლად არ ჰქონდათ გაცნობიერებული მათი საქმიანობის ანტიმონარქიული და ანტიარისტოკრატიული ხასიათის მათთვისვე საშიშროება.
საზოგადოებრივი კეთილდღეობა
რას გულისხმობდა მართლაც ეს იდეები? პირველ რიგში მეფის ძალაუფლების მოსპობას და მმართველობის არჩევითი სისტემის დამყარებას. მაგრამ ეს ამოცანები მხოლოდ შუალედური ეტაპი იყო უფრო მნიშვნელოვანი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნისაკენ, რომლის მთავარ საზრუნავს რეს პუბლიცა, ანუ ხალხის, საზოგადოების კეთილდღეობა წარმოადგენდა. მე-18 საუკუნის მონარქიული სისტემის ლიბერალური კრიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ მეფეები მეტისმეტად მისდევენ დინასტიის ეგოისტურ ინტერესებს და ამიტომ გულგრილი არიან ხალხის კეთილდღეობისადმი. ლიბერალურ რეფორმატორებს იმედი ჰქონდათ, რომ, თუ დაადგენდნენ მმართველობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც ხალხი თვითონ აირჩევდა თავის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს, შესაძლებელი იქნებოდა იმის მიღწევა, რომ მთავრობებს დაეწყოთ ზრუნვა ხალხის კეთილდღეობაზე.
ეს სამოქალაქო იდეები დიდ როლს არა მხოლოდ პოლიტიკის სფეროში ასრულებდნენ. არანაკლები მნიშვნელობა შეიძინეს მათ საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და მორალის სამყაროშიც. რესპუბლიკას აუცილებლად სჭირდებოდა თავმდაბალი და კეთილშობილი ადამიანების ტიპი: დამოუკიდებელი, საკუთრების მფლობელი მოქალაქეების ნაირსახეობა, რომლებიც არ იყვნენ დაყოფილი ხელოვნური, მემკვიდრეობითი მიჯნებით; რომლებიც მზად იყვნენ, რომ საკუთარი პირადი ინტერესები მსხვერპლად გაეღოთ მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ. ასეთი მოქალაქეების ნაკლებობის გამო, რესპუბლიკები ხშირად არასტაბილური და დღემოკლე აღმოჩნდებოდა ხოლმე. მონარქიები კი დღეგრძელი იყვნენ და შეეძლოთ წესრიგის დაცვა და ზემოდან მართვა მრავალრიცხოვანი, სხვადასხვა შემადგენლობის, კლასებად დაყოფილი მოსახლეობისა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მემკვიდრეობით პრივილეგიებზე, მუდმივ არმიასა და ეკლესიაზე დაყრდნობით. რესპუბლიკების არსებობა, მეორეს მხრივ, დამოკიდებული იყო მხარდაჭერაზე ქვემოდან; ხალხის მზადყოფნაზე, მსხვერპლი გაეღოთ მისთვის. და ამიტომ, როგორც მონტესკიე და სხვა თეორეტიკოსები აფრთხილებდნენ მიმდევრებს, რესპუბლიკები აუცილებლად უნდა ყოფილიყო მცირე ზომისა; მათი მოსახლეობა კი ერთგვაროვანი, მტკიცე მორალური საფუძვლებით. ნიდერლანდები და ქალაქ-სახელმწიფოები იტალიასა და შვეიცარიაში სულ რამდენიმე რესპუბლიკას წარმოადგენდნენ, რომლებიც არსებობდა მე-18 საუკუნეში. ყველა მათგანი მცირე და კომპაქტური იყო. დიდ, კლასებად დაყოფილ სახელმწიფოებში რესპუბლიკური წყობილების დამყარების ყოველი ცდა გარდაუვალად მთავრდებოდა ამა თუ იმ სახის სამხედრო დიქტატურით, ოლივერ კრომველის დიქტატურის მსგავსად. ამიტომ ამერიკელებს 1776 წელს ნათლად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ რესპუბლიკური წყობილების დამყარების ექსპერიმენტი უაღრესად სახიფათო იყო. 1787 წლისათვის ამერიკელებს თავიანთი გამბედავი წამოწყების ბედი სულ უფრო და უფრო მეტად ადარდებდათ: ამ დროისთვის ამერიკელების რესპუბლიკური ენთუზიაზმი საგრძნობლად შესუსტდა 1776 წელთან შედარებით. ამ ათი წლის მანძილზე ბევრს რესპუბლიკური ოცნებები და ილუზიები შესამჩნევად ჩაუქრა. ხალხის წარმომადგენლების მიერ მართვის პრაქტიკამ, განსაკუთრებით შტატების საკანონმდებლო შეკრებებზე, გააჩინა სერიოზული ეჭვები ამერიკელი ხალხის სათნოებისა და უანგარობის თაობაზე. ამიტომ 1787 წელს ბევრი პოლიტიკური მოღვაწე მზად იყო იმისათვის, რასაც ჯეიმს მედისონმა მთავრობის „სისტემატური ცვლა“ უწოდა და რაც საბოლოოდ ფედერალური კონსტიტუციის შექმნით დაგვირგვინდა.
მაგრამ, მიუხედავად ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეების უმეტესობის იმედგაცრუებისა, არც ერთი, მათ შორის ალექსანდერ ჰამილტონიც კი, რომელიც სხვებზე მეტად პრომონარქიულად იყო განწყობილი, არ იყო მზად იმისათვის, რომ სრულებით ეთქვა უარი მმართველობის რესპუბლიკურ ფორმაზე. როგორც ჯეიმს მედისონმა შენიშნა, მათ იცოდნენ, რომ „სხვა ფორმა შეუთავსებელია ამერიკელი ხალხის სულთან, რევოლუციის ძირითად პრინციპებთან, კეთილშობილურ გამბედაობასთან, რომელიც აღაფრთოვანებს თავისუფლების თითოეულ მომხრეს აშენოს ყველა ჩვენი ექსპერიმენტი კაცობრიობის თვითმმართველობის ნიჭზე“. ამიტომ ახალი კონსტიტუციის შემქმნელებმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პასუხისმგებელ პირთა პერიოდული ხელახალი არჩევნების აუცილებლობა დააკანონეს და ასევე, ფედერალური მთავრობა გახადეს პასუხისმგებელი თითოეულ შტატში მართვის რესპუბლიკური ფორმის შენარჩუნებაზე (მუხლი IV, პარაგრაფი 4). ამავდროულად, შეერთებულ შტატებში აიკრძალა სათავადაზნაურო
ტიტულების ბოძებაც (მუხლი I, პარაგრაფი 9).
მიუხედავად ამისა, ახალი ფედერალური ხელისუფლება თავისი სტრუქტურით ისე განსხვავდებოდა კონფედერაციისა და შტატების ხელისუფლებისაგან, რომ ბევრს გაუჩნდა ეჭვი, იყო თუ არა ის „მკაცრად რესპუბლიკური“. განა არ იყო მასში გათვალისწინებული აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, უფლებამოსილებებით, რომლებიც საეჭვოდ ჰგავდა მეფისას და ძლევამოსილი სენატი არისტოკრატიისკენ გადახრის საფრთხით?! განა, კონფედერაციისაგან განსხვავებით, ფედერალური ხელისუფლება არ ვრცელდებოდა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფზე, რომელთაც ნახევარი კონტინენტი ეკავათ, მიუხედავად თეორეტიკოსების გაფრთხილების და გამოცდილებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ასეთი ვრცელი რესპუბლიკები სიცოცხლისუნარიანი არ არისო?! ამგვარმა შიშებმა აიძულეს ჰამილტონი, მედისონი და ჯონ ჯეი უფრო დაწვრილებით შეჩერებულიყვნენ ამ საკითხებზე „ფედერალისტთა ფურცლებში“ (სტატიების კრებული, რომლებიც პირველად გამოჩნდა ნიუ იორკის გაზეთებში 1787-88 წლების შემოდგომასა და ზამთარში და რომლებიც მის ავტორთა მიერ ამერიკის პოლიტიკურ ფილოსოფიაში შეტანილ ყველაზე მნიშვნელოვან წვლილადაა მიჩნეული). ამ სტატიებში ისინი ამტკიცებდნენ, რომ კონსტიტუცია ნამდვილად „შეესაბამება მართვის ჭეშმარიტად რესპუბლიკური ფორმის პრინციპებს“. „ფედერალისტის“ ავტორებმა განავითარეს და ჩამოაყალიბეს ამერიკული წარმოდგენები რესპუბლიკურ სახელმწიფო წყობილებაზე.
დაბალანსებული მთავრობა
1787 წელს კლასიკური რესპუბლიკური წყობილება ამერიკული აზროვნების მთავარი წანამძღვარი იყო – სხვა იდეების ამოსავალი წერტილი. მაგრამ მმართველობის რევოლუციური ფორმების – კონსტიტუციის მიერ
შექმნილი ფედერალური ხელისუფლების ჩათვლით -სპეციფიკური სტრუქტურის შესამუშავებლად მარტო ეს არ კმაროდა. იდეების დამატებით ნაკრებს შეიცავდა მმართველობის დაბალანსებული, ანუ შერეული ფორმის თეორია. ეს თეორიაც ანტიკური ფილოსოფიიდან იყო ნასესხები და ყოველთვის მჭიდროდ, განუწყვეტლივ თუ არა, დაკავშირებული რესპუბლიკურ ტრადიციასთან. დაბალანსებული მმართველობის კლასიკური თეორია თავის თავში გულისხმობდა რაღაც უფრო მეტს, ვიდრე ფუნდამენტური იდეებია, რომლებიც გამოყენებულ
იყო რამდენიმე შტატში მთავრობების შექმნის დროს. კლასიკური თეორია აგრეთვე კონკრეტულ რეკომენდაციებსაც მოიცავდა ხელისუფლების სტრუქტურის შესახებ, რომელიც შედგებოდა დამოუკიდებელი პრეზიდენტის, არისტოკრატიული სენატისა და წარმომადგენელთა სახალხო პალატისაგან. თეორეტიკოსები, როგორც მინიმუმ, არისტოტელესგან მაინც იწყებდნენ და მმართველობის შესაძლო ფორმებს სამ იდეალურ ტიპად ყოფდნენ: მონარქიად, არისტოკრატიად და დემოკრატიად. მმართველობის ტიპები განსხვავდებოდა მმართველთა რიცხვით: მონარქიაში – ერთი, არისტოკრატიაში – რიცხობრივად შეზღუდული პრივილეგირებული ფენა, დემოკრატიაში – მთელი ხალხი. არისტოტელეს და სხვა მოაზროვნეებს მიაჩნდათ, რომ მმართველობის ამ ფორმათაგან თითოეული მთელი სისრულით ფლობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას და ჰქონდა ტენდენცია, გაცდენოდა ჩარჩოებს და გადაგვარებულიყო: საკუთარ თავს მინებებული მონარქია ქცეულიყო ტირანიად, არისტოკრატია – ოლიგარქიად, ხოლო დემოკრატია -ანარქიად. მხოლოდ ამ ტიპის მმართველობათა ერთიან კონსტიტუციაში შერწყმით, მხოლოდ თითოეული მათგანის ბუნებრივი ტენდენციების ურთიერთგაწონასწორებით იყო შესაძლებელი წესრიგის დაცვა და მმართველობის ამ ყოველი ტიპის საუკეთესო მხარეების გამოვლენა. შედეგად კი გაწონასწორებულ, დაბალანსებულ სისტემას მივიღებთ – სწორედ იმ მდგრად მოდელს, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავდა განმანათლებლობის საუკუნის საუკეთესო მოაზროვნეები.
„დამფუძნებელი მამები“ ფილადელფიის კონვენტზე, 1776 წელი
მე-18 საუკუნის მოაზროვნეთა უმეტესობისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც, მმართველობის ასეთი, საუკეთესოდ დაბალანსებული ფორმა უკვე არსებობდა – ყოველ შემთხვევაში, თეორიაში მაინც – ინგლისური კონსტიტუციური სისტემის სახით. ინგლისის კონსტიტუცია ითვალისწინებდა მეფის, ლორდთა პალატისა და თემთა პალატის ხელისუფლების ურთიერთგაწონასწორებას და გასაოცრად შეესაბამებოდა მონარქიის, არისტოკრატიისა და დემოკრატიის კლასიკურ კატეგორიებს. ეს ინტელექტუალებს – მათ შორის ვოლტერსა და მონტესკიეს – აძლევდა საფუძველს, არა მხოლოდ ინგლისში, არამედ ევროპის კონტინენტზეც ჩაეთვალათ ის სისტემად, რომელიც, ჩრდილოეთ კაროლინელი უილიამ ჰუპერის თქმით (1776 წ.), „იმდენად ახლოსაა სრულყოფილებასთან, რამდენადაც ამის მიღწევა შეიძლება ადამიანის ლიმიტირებული შესაძლებლობების
საზღვრებში“. როდესაც 1776 წელს ამერიკელები აჯანყდნენ, რომ გათავისუფლებულიყვნენ დიდი ბრიტანეთის ბატონობისაგან, მათი უმეტესობა სულაც არ აპირებდა უარი ეთქვა ბრიტანეთის საუკეთესო კონსტიტუციასა და მის უკან მდგომ კლასიკური იდეალებზე. მათ არც ის მიაჩნდათ სიმართლედ, რომ დაბალანსებული მთავრობის ეს იდეალი შეუთავსებელია რესპუბლიკურ წყობასთან. ისინი ფიქრობდნენ, რომ არჩევითი სისტემა მათ საშუალებას მისცემდა, რომ გუბერნატორებისა და სენატორების პოსტებზე წამოეყენებინათ ბრძენი და ღირსეული ადამიანები. ამერიკელთა აზრით, განსხვავება ინგლისური კონსტიტუციისგან თეორიის სფეროში კი არ იყო, არამედ მის პრაქტიკულ გამოყენებაში. ინგლისის ამერიკელი და სხვა კრიტიკოსები, რომლებიც სამოქალაქო ჰუმანიზმის პოზიციებიდან გამოდიოდნენ, თვლიდნენ, რომ მე-18 საუკუნეში იდეალური ინგლისური კონსტიტუციური სისტემა გადაგვარდა და მასზე კორუფციამ იმოქმედა უარყოფითად: მაგალითად, ინგლისის მეფე ბოროტად სარგებლობდა უმაღლეს თანამდებობებზე დანიშვნის საკუთარი უფლებით ლორდთა პალატისა და თემთა პალატის წევრების მოსასყიდად და მათზე გავლენის მოსახდენად. სხვა სიტყვებით, კონსტიტუციური სისტემის მონარქიული, ანუ აღმასრულებელი შტო არღვევდა წონასწორობას სამ თეორიულად დამოუკიდებელ მმართველ ძალას შორის და ხელში ჰქონდა ჩაგდებული მთელი ძალაუფლება: ინგლისის ვითომცდა დაბალანსებული კონსტიტუცია გადაიქცა მხოლოდდა მხოლოდ გარსად, რომელიც ვერაგ მონარქიულ ტირანიას ნიღბავდა. როდესაც 1776 წელს ამერიკელებმა ბრიტანეთის გვირგვინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მათ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, არ დაეშვათ ამგვარი დამახინჯებები ცალკეული შტატების ახალ, დაბალანსებულ კონსტიტუციებში.
ამერიკის შტატების რევოლუციურ მთავრობათა უმეტესობა, რომლებიც 1776-77 წლებში წარმოიშვა, ჩაფიქრებულნი იყვნენ იდეალურ, ინგლისური კონსტიტუციური სისტემის მინიატურულ რესპუბლიკურ ასლებად. მართალია, რიგ შტატებში გუბერნატორი, სენატი და წარმომადგენელთა პალატა უფლებამოსილებას არჩევნების შედეგად იღებდა, მაგრამ მათ უნდა შეესრულებინათ მეფის, ლორდთა პალატისა და თემთა პალატის ფუნქციები ინგლისური კონსტიტუციის შესაბამისად, რასაც ისინი დღემდე ასრულებენ. მაგრამ, ამავე დროს, ისინი მიისწრაფოდნენ, რომ თავიდან აეცილებინათ მმართველობის დაბალანსებული სისტემის გადაგვარება, როგორც ეს მოხდა ინგლისში. 1776 წელს შტატების უმეტესობამ სასტიკად შეზღუდა გუბერნატორის უფლება, დაენიშნა თანამდებობის პირები და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამერიკული კონსტიტუციონალიზმის განვითარებისათვის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს აეკრძალათ რაიმე პოსტების დაკავება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში. ამ აკრძალვის დასასაბუთებლად და დასაცავად ზოგიერთი შტატი 1776 წელს ახდენდა ძალაუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების დაყოფის შესახებ დოქტრინის ციტირებას, რომელიც მონტესკიეს წყალობით გახდა ცნობილი. ეს ტრიადა მოქმედი ხელისუფლების შესახებ არ ემთხვევა მმართველი ელემენტების კლასიკურ ტრიადას – გუბერნატორი, სენატი, წარმომადგენელთა პალატა
– მაგრამ ამ ორივე ტრიადის ამოცანა ერთი და იგივეა: პოლიტიკური კორუფციის თავიდან აცილება.
გადაჭარბებული არ იქნება საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთათვის მთავრობაში
პოსტების დაკავების აკრძალვის მნიშვნელობის ხაზგასმაც. ამით ამერიკული კონსტიტუციური ტრადიცია ძირეულად განსხვავდება ბრიტანულისგან. ამ აკრძალვის წყალობით, ამერიკაში გაჩნდა მმართველობის ფორმა, რომელიც სიღრმისეულად განსხვავდება ბრიტანული და, ზოგადად, ევროპული სისტემისაგან. შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსხვავებით თავისი კოლეგებისგან მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში, არ შეუძლიათ იმავდროულად დაიკავონ საკანონმდებლო შტოს თანამდებობები. საკანონმდებლო ხელისუფლების გამიჯვნა იმისაგან, რაც მიჩნეული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მავნე ზეგავლენად, შტატების რევოლუციურ კონსტიტუციებში შევიდა, რომლებიც 1776-77 წლებში დაიწერა. ეს სხვადასხვა მმართველი შტოების დამოუკიდებლობისა და მათ შორის წონასწორობის შესანარჩუნებლად გაკეთდა, რაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო იდეალური მმართველობის დროს. რადგან ხელისუფლების დანაწილება ხშირად მოჰყავდათ მმართველობის სისტემის ცალკეული შტოების დამოუკიდებლობისა და წონასწორობის დასასაბუთებლად, ხელისუფლების დანაწილება და წონასწორობა, მათ შორის ადამიანების უმეტესობის ცნობიერებაში, ერთ ცნებად იქცა.
1787 წლისათვის, როდესაც ამერიკელები შეუდგნენ ფედერალური კონსტიტუციის მზადებას, ეს ორი იდეა მნიშვნელოვანწილად სინთეზირდა. ეჭვი არ არის, რომ კონსტიტუციის თითქმის ყველა ავტორი ფილადელფიურ კონვენტზე მიიჩნევდა, რომ ისინი მმართველობის დაბალანსებულ ფორმას ქმნიდნენ, რომელიც ძალზე ჰგავდა მმართველობის ფორმას ზოგიერთ შტატში, ოღონდ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სენატის უფრო ძლიერი მეთაურით. მართალია, ეს სტრუქტურა ნასესხები იყო იდეალური ინგლისური კონსტიტუციიდან, მაგრამ 1787 წლისათვის ამერიკელ პოლიტიკურ მოღვაწეთაგან თითქმის ყველას უხერხულად მიაჩნდა ამის ღიად აღიარება (მათგან შესამჩნევი გამონაკლისი ჯონ ადამსი იყო). 1780-იანი წლების საზოგადოებრივ ატმოსფეროში პოლიტიკურად შეუძლებელი იყო პარალელის გავლება ხელისუფლების მეთაურსა და მონარქს, სენატსა და არისტოკრატიას შორის. შემოთავაზებული საკანონმდებლო ხელისუფლების ორპალატიანი სისტემისა და ძლიერი დამოუკიდებელი პრეზიდენტისათვის უნდა მიეცათ უფრო სხვა საფუძველი, ვიდრე ეს ინგლისური კონსტიტუცია ან შერეული მმართველობის კლასიკური იდეალი იყო.
კონსტიტუციური კონვენტის მონაწილეებმა გამოსავალი იმაში ჰპოვეს, რომ შეურიეს მმართველობის ფუნქციონალური ნაწილების – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო – შტოების დაყოფის ცნება უფრო ძველ, დაბალანსებული მმართველობის თეორიას. ორივე ეს საბუთი მათ მოჰყავდათ უკვე ძალიან დაყოფილი და დაბალანსებული ამერიკული პოლიტიკური სისტემის სასარგებლოდ. „მუდმივი ამოცანა, – წერდა მედისონი „ფედერალისტთა ფურცლების“ ერთ სტატიაში, სადაც გადმოცემული იყო დამფუძნებელი მამების ძირითადი იდეები ხელისუფლების დანაწილების შესახებ, – იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლება დაიყოს და შეიქმნას რამდენიმე ორგანო, რომლებსაც შეეძლებათ ერთმანეთის გაკონტროლება“. ორპალატიანი საკანონმდებლო კრება, პრეზიდენტის უფლება, ვეტო დაადოს მის გადაწყვეტილებებს, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, და თვით ფედერალიზმის სისტემაც კი – საერთო-ნაციონალურ მთავრობასა და შტატების ხელისუფლებათა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა – ყოველივე ეს გახდა იმ პოლიტიკური ხელისუფლების დაყოფის, კონტროლისა და გაწონასწორების საშუალება, რომლის ბრმა ნდობაც სახიფათოდ იყო მიჩნეული.
ინგლისური ტრადიცია
რესპუბლიკუმა წყობამ, მმართველობის დაბალანსებული სისტემის თეორიამ და ხელისუფლების დაყოფის დოქტრინამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს მოვლენათა მსვლელობა 1787-88 წლებში. მაგრამ წინამდებარე იდეები არ უნდა ჩაითვალოს ამერიკული კონსტიტუციონალიზმის უშუალო წყაროებად. შესაძლოა, ეს არც ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროებია. მართალია, ამერიკული პოლიტიკური აზროვნების საფუძველშივე იდო რესპუბლიკური წყობისა და მმართველობის შერეული ფორმის კლასიკური ტრადიციები, მაგრამ იგივე პრინციპები მთელმა დასავლურმა სამყარომაც მიიღო. სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, მე-18 საუკუნის საფრანგეთში, ასევე აღმოჩნდნენ რესპუბლიკური იდეების გავლენის ქვეშ. ამჟამად კი რესპუბლიკური სახელმწიფო წყობილება მიღებულია მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. სხვა ქვეყნებიც ქმნიდნენ მმართველობის დაბალანსებულ სისტემას, დაფუძნებულს ორპალატიან საკანონმდებლო ორგანოზე, აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და ხელისუფლებათა დაყოფაზე. მაგრამ ამ ქვეყნებიდან მხოლოდ ზოგიერთში თუ ექცევა იგივე ყურადღება პირადსა და პოლიტიკურ თავისუფლებას: პატივისცემას კანონების, პიროვნების უფლებებისა და საკუთრების უფლებების მიმართ; მხოლოდ ზოგიერთ მათგანში თუ ტარდება მტკიცედ სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციური და სამართლებრივი გამიჯვნა. თუკი დავიწყებთ ყოველივე ამის ძებნას უფრო სხვა წყაროებში, ვიდრე ამერიკელების პირადი გამოცდილებაა, მაშინ მისი პოვნა შეიძლება არა ანტიკური ფილოსოფიის იდეებში და არა აღორძინების ეპოქის სამოქალაქო ჰუმანიზმში, არამედ ინგლისური იურიდიული ტრადიციის სპეციფიკაში.
არაფერი ასახულა ასე ნათლად ამერიკული კონსტიტუციონალიზმის თავისებურებებზე 1787-სა და მომდევნო წლებში, როგორც ის, რომ კონსტიტუციის შემქმნელთა უმეტესობა აღზრდილი იყო თავისუფლებისა და მისი გარანტიების მიმართ ერთგულების სულით, ინგლისური საერთო სამართლის ჩარჩოებში. როგორც მონტესკიემ აღნიშნა 1738 წელს, „ინგლისი იყო მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ქვეყანა“, და მე-18 საუკუნის ინგლისელები, რომლებიც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ცხოვრობდნენ, ძალიან ამაყობდნენ ამ რეპუტაციით. კოლონისტებმა რევოლუცია თავიანთი ინგლისური თავისუფლებების დასაცავად დაიწყეს. ინგლისელებს აბოდებდათ თავისუფლებაზე ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ეს ამერიკელების აკვიატებული იდეა გახდებოდა. მართალია, მე-18 საუკუნის ბოლოს ამერიკელებმა მნიშვნელოვანწილად განავითარეს და გააფართოეს პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ამ შენობას ინგლისური კონსტიტუციონალიზმის საძირკველზე აგებდნენ – იმდროინდელ მსოფლიოში არსებულ ყველაზე ლიბერალურ საფუძველზე. მაგალითად, თუკი ამერიკაში ასეულობით სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობა არსებობდა, რამაც ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფამდე მიიყვანა, ინგლისში ოცდაათამდე რელიგიური დენომინაცია იყო და მათ მიმართ გასაოცარი შემწყნარებლობა კონტინენტური ევროპის ისეთ დამკვირვებლებსაც კი აოცებდა, როგორიც იყო, მაგალითად, ვოლტერი. თუკი ამერიკელებისთვის ინფორმაციის ნამდვილობა მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენდა პრესის თავისუფლების დასაცავად, ინგლისში, საფრანგეთისგან განსხვავებით, მაინც არ არსებობდა წინასწარი ცენზურა. თუკი ამერიკელებმა არნახულად გააფართოვეს საყოველთაო საარჩევნო სისტემა, ინგლისში წარმომადგენელთა პალატა უკვე ხუთას წელზე მეტი იყო, რაც მოქმედებდა. თუკი მე- 18 საუკუნის ბოლოს ამერიკელმა მოსამართლეებმა გაავლეს ზღვარი კანონთა კრებულსა და ძირითად კანონს, ანუ კონსტიტუციას შორის, მაშინ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ინგლისში უზენაესმა მოსამართლემ ედუარდ კოკმა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გამოყო და განმარტა პარლამენტის საკანონმდებლო აქტების ნაწილი სასამართლო პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ყველა ის ზომა, რომლებიც ამერიკელებმა თავისუფლებების გასაფართოებლად და პიროვნების უფლებების დასაცავად მიიღეს სახელწიფო ხელისუფლების მხრიდან მათი ხელყოფის წინააღმდეგ, ინგლისში უკვე შემოღებული იყო: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თვითნებური დაპატიმრებების აკრძალვა, საკუთრების უფლების დაცვა, გარანტიები მუდმივი ჯარის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საწინააღმდეგოდ, ბილი უფლებათა შესახებ და ა.შ.. ეს ყოველივე ინგლისში იქამდე გაჩნდა, ვიდრე ისინი ამერიკაში დაიწყებდნენ არსებობას. ძნელი წარმოსადგენია, ინგლისური კონსტიტუციურ- სამართლებრივი ტრადიციების გავლენის გარეშე მოვლენები ამერიკაში 1787 წელს და შემდგომ ისევე განვითარებულიყო, როგორც ეს მოხდა. რა თქმა უნდა, ამერიკული პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა განსხვავდება ინგლისურისაგან. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ინტელექტუალური წყაროებითა და გავლენებით მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას, როგორ გავხდით ისეთები, როგორებიც ვართ. შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, გავიგოთ თუ როგორ გამოიყენეს ამერიკელებმა ეს მემკვიდრეობით მიღებული იდეები, და როგორ გადაამუშავეს ისინი საკუთარ, სწრაფად დაგროვილ გამოცდილების შესაბამისად.