ამოუცნობი ამერიკელი მარკ ტვენი

უილიამ მ. ჯონსი მისურის შტატის კოლუმბიის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის პროფესორი 

XII_issue4_Content71

მარკ ტვენი (სემიუელ ლენგჰორნ კლემენსი) ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე განცალკევებით მდგომი დამკვირვებელი უფრო იყო, ვიდრე იმ საზოგადოების წევრი, რომელსაც აღწერდა. როგორც მისი გმირი სატანა „იდუმალი უცნობიდან“, ისიც მცირე დროით ჩნდებოდა და ადამიანებს იმაზე მიუთითებდა, რის შემჩნევაც არ უნდოდათ. და მაინც, 1985 წლის ნოემბრისთვის, დაბადებიდან ასორმოცდაათი წლისთავისთვის, ამერიკულ ლიტერატურაში შეიცვალა ამ ენამახვილი მწერლის, მარკ ტვენის, თავდაპირველი მდგომარეობა და მისმა სახელმა უდიდესი ამერიკელი მწერლების – ნათანიელ ჰოთორნისა და ჰერმან მელვილის გვერდით გადაინაცვლა. იუმორისტები ტელეეკრანებიდან დღემდე წარმოთქვამენ მის მახვილგონივრულ ციტატებს, მოსწავლეები დღემდე არიან გატაცებული ტომ სოიერისა და ჰეკ ფინის თავგადასავლებით, ლიტერატურათმცოდნეები კი აანალიზებენ მის რთულ მხატვრულ სტრუქტურებს და ცდილობენ დაადგინონ მარკ ტვენის გავლენა ამერიკულ ლიტერატურასა და ამერიკულ აზროვნებაზე. მისი დაბადებიდან საუკუნე-ნახევრის შემდეგ, მარკ ტვენისადმი ინტერესი უპრეცედენტო სისწრაფით იზრდება, ისევე როგორც ინტერესი ჰეკლბერი ფინისადმი, რომლის ასწლოვანი იუბილე მისი შემქმნელის 150-ე წლის იუბილემდე ერთი წლით ადრე აღინიშნა. მისურის შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეი დონალდ კროულმა – ესეების კრებულის ერთ-ერთმა რედაქტორმა – რომელიც „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის“ გამოცემიდან ასი წლისთავს მიეძღვნა, ამ წიგნს „კომენტარებისა და დაწვრილებითი ანალიზის უშრეტი წყარო“ უწოდა. 

მარკ ტვენის ნაწარმოებებს კვლავაც გულდასმით იკვლევენ, რათა გამოავლინონ, როგორ ჩამოყალიბდა მისი რეაქცია გარემოცვაზე მხატვრულ სახეებად, რომლებმაც მკითხველთა შემდგომ თაობებზე ასეთი გავლენა მოახდინა. მარკ ტვენმა იმდენი დაწერა საკუთარ თავზე, რომ მეცნიერებს უჭირთ მისი პიროვნების დადგენა. ნამდვილი მარკ ტვენი გამოგონილი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ავტოპორტრეტების კედელსაა ამოფარებული.
მარკ ტვენის ავტობიოგრაფიული თხზულებები, რომლებიც მეცნიერებს ასე აღელვებს, საკუთარ თავში ერთგვარი დაეჭვების გამო გაჩნდა. მარკ ტვენი დარწმუნებული იყო, რომ თავის შემოქმედებით ძალებს შეერთებული შტატების ახლადდასაახლებული დასავლეთის ნაწილის ტრადიციებისგან ისრუტავდა. იგი უფრთხოდა მდიდარსა და ძლიერ აღმოსავლეთ სანაპიროს, თუმცა თავადვე ისწრაფოდა მისკენ. ცოლის პრეტენზიულ გარემოცვასთან მისი მდაბიური ფსიქოლოგიის გამუდმებულმა შინაგანმა კონფლიქტმა წარმოშვა „ნაპერწკალი მის თვალებში და ცბიერი გესლი მის სიტყვებში“. მთელი თავისი თავდაჯერებულობით მარკ ტვენი ამბივალენტურობას პოვებდა თავშესაქცევ, თუმცა მწარეგარეულ ირონიაში. არაკეთილმოსურნე კრიტიკოსები მას პოზიორობაში ადანაშაულებენ, მაგრამ გულწრფელობამ, რომლითაც ის ცდილობდა, შეერიგებინა არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის დამახასიათებელი გაორება, უნდა გააქარწყლოს ეს ბრალდებები. მისი მწერლური ტალანტის ძალა ეყრდნობა იმდროინდელი კულტურის ნაწილის, ფარისევლობის გაგებას, რომელიც უბრალო და პატიოსან ცხოვრებას ხოტბას ასხამდა, ხოლო დაჯილდოებით კი ყოვლად სულელ პოლიტიკანებს და ხარბ მაგნატ-ყაჩაღებს აჯილდოებდა. განსაკუთრებით გვიანდელ ნაწარმოებებში, მაგალითად, „კაცი, რომელმაც აცდუნა ჰედლიბერგი“, ტვენი ანგარებას საყოველთაო გამხრწნელ ძალად მიიჩნევს. პირად ცხოვრებაში მას გამუდმებით ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რაც აიძულებდა, ხშირად გამოსულიყო საჯარო ლექციებით, რომლებიც სძულდა. მას, მისგანვე კბილგაკრული პერსონაჟების მსგავსად, საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის შესანარჩუნებლად, აუცილებლად სჭირდებოდა ფული და მდგომარეობა.

XII_issue4_Content72

ილუსტრაცია წიგნისთვის „ც ხოვრება მისისიპიზე“. 1883
წელი, პირველი გამოცემა.

მარკ ტვენის ცხოვრების წვრილმანების მკვლევრებს, ისევე როგორც ოდესღაც თავად მას, იზიდავთ ის წლები, როდესაც მისურის შტატში მწერლის პიროვნება ყალიბდებოდა. ამან მრავალმხრივ განსაზღვრა მისი შემდგომი შემოქმედებითი გზა. მდინარე მისისიპი იყო მისი ბავშვური სამყაროს ღერძი. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი, მის ნაპირებზე დარბოდა, ნავმისადგომებთან აყუდებული, უსმენდა უხეში მემდინარეების ოხუნჯობებს. მოგვიანებით, როდესაც მოზარდობის წლებ სიხსენებდა, წერდა: „განათლების იმ ხანმოკლე და ნათელ პერიოდში საკუთარი გამოცდილებით შევიმეცნე ადამიანის ბუნების მთელი მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება ბელეტრისტიკაში, ბიოგრაფიული ან ისტორიული რომანების ფურცლებზე შეგხვდეთ. როცა მხატვრულ პროზაში ან ბიოგრაფიაში კარგად აღწერილ სახეს ვნახულობ, ჩვეულებრივ, მის მიმართ სითბოთი და ინტერესით განვეწყობი ხოლმე, რადგან მას უწინ ვიცნობდი – მდინარეზე შევხვედრივარ“.

1835 წელს, როცა მარკ ტვენი დაიბადა, მდინარე მისისიპი, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, შეერთებული შტატების დასავლეთ გარეუბნების მთავარი სატრანსპორტო არტერია იყო. აქედან იკვალავდნენ გზებს ჯერ კიდევ აუთვისებელ რაიონებში კალიფორნიის სანაპიროზე. ამიტომ თავგადასავლების მაძიებლები და ყველა ჯურის უსახლკარო მაწანწალები მდინარის გასწვრივ ნადირობდნენ, ახალმოსახლეთა გაფართოებულ საზღვრებში ეძიებდნენ ბედ-იღბალს. ამ ჭრელმა ბრბომვე მისცა მარკ ტვენს განათლება, რომელიც კეთილშობილურად აღზრდილ მასწავლებელ ქალებს შოკში აგდებდა. ეს ადამიანები, თავიანთი მონათხრობებით, თავიანთი პროჟექტებითა და ოცნებებით, ხელს უწყობდნენ მარკ ტვენის ფორმირებას იდუმალ უცნობად, რომელიც ირონიული მზერით საშუალო კლასის ყალბი პრეტენზიების ასპექტებს პოულობდა.

XII_issue4_Content73

მოთხრობის „ცნობილი ხტუნია ბაყაყი კალავერასიდან“ ილუსტრაცია. 1903 წლის გამოცემა. 

მარკ ტვენის შემოქმედებაზე აისახა კონტრასტი იმას შორის, რასაც თავად ხედავდა და რასაც მოგვიანებით სკოლაში ასწავლიდნენ. „ავტობიოგრაფიაში“იგი მოგვითხრობს თავის მასწავლებელზე, მის ჰორნზე: „შუა ხნის ქალბატონი ახალი ინგლისიდან, მთელი იქაური ჩვეულებებითა და პრინციპებით, გაკვეთილს ლოცვითა და ახალი აღთქმით იწყებდა და მოკლე საუბრით ასრულებდა. ერთი ასეთი საუბრის დროს, იგი შეჩერდა სახარების სიტყვებზე „ითხოვდეთ და მოგეცეთ“ და თქვა, ვინც არ უნდა იყო და რაც არ უნდა ითხოვო ლოცვაში, არ უნდა დაეჭვდე, რომ ლოცვა შესმენილ იქნესო. მე თაფლაკვერს შევევედრე და ვპოვე ის მეფუნთუშის ქალიშვილთან, რომელსაც თაფლაკვერი თავისთვის სასაუზმოდ წამოეღო, და მე კი წავართვი.” ეს იყო მარკ ტვენის სიცოცხლეში ერთადერთი შემთხვევა, როცა მისი ვედრება ასრულდა. 

ჰეკ ფინმა აღმოაჩინა, რომ ქრისტიანების ცრურწმენები ძალიან ჰგავს აფრიკელი მონების რელიგიას. ამით იგი რელიგიასთან დაკავშირებით თავად მარკ ტვენის მოსაზრებებს იმეორებს. მის უოტსონის საუბარს ქნარის ბგერებით აღსავსე ზეცაზე ზანგი ჯიმის მონაყოლი მოსდევს, თუ სიზმარში, ალქაჯებზე ამხედრებულმა, როგორ გადაიქროლა მთელი ოლქის თავზე. ჰეკის აზრით, ორივე მონათხრობი ერთნაირად უსაფუძვლოა. ჰეკის მეურვის, დუგლასის ქვრივის დას, მის უოტსონს, თავისი რწმენისთვის იმაზე მეტი საფუძველი არ აქვს, რაც ჯიმის. 

მთელი ცხოვრების მანძილზე, პრაქტიკულმა რეალიზმმა მწერალი “აცრა” პროვინციული შეხედულებების მიმართ, რომლებთანაც ხშირად უწევდა შეჯახება. მართალია, იგი ძალიან მდიდარი და გავლენიანი ხალხის წრეში ტრიალებდა, მაგრამ არასოდეს უშვებდა, რომ მათ მორალურ ღირებულებებს გავლენა მოეხდინა მის აზროვნებაზე. პირველმკვლევის თავისუფალი სულისკვეთება მას გარეშე პირად აქცევდა, რომელსაც კაპიტალისტური ან მონარქიული ტირანიის წინააღმდეგ გამოსვლის სულაც არ ეშინოდა.

1889 წელს მან დაწერა: „რა თქმა უნდა, ვიცი, რომ რევოლუცია რუსული ტახტის დამხობის ყველაზე საიმედო საშუალებაა. მაგრამ იქ რევოლუციის მოხდენა შეუძლებელია, ამიტომ ტახტის თავისუფლად დატოვების ერთადერთი საშუალებაა – დინამიტები შემოუწყო და ასე გქონდეს იქამდე, ვიდრე ყველა პრეტენდენტი მადლიერებით არ უარყოფს მას“. მართალია, იგი მისურიში გატარებულმა ყრმობის წლებმა ჩამოაყალიბა, მაგრამ ეს პერიოდი ხანგრძლივი არ ყოფილა. მარკ ტვენის ფორმალური განათლება ცამეტი წლის ასაკში დასრულდა და ადგილობრივ გაზეთში „ჰანიბალ კურიერ“ მან ასოთამწყობად დაიწყო მუშაობა. იქ, მოგვიანებით კი თავის ძმასთან, ორაიენთან ერთად, გაზეთ „ჰანიბალ ჯორნალში“ მუშაობისას, ტვენმა დაიწყო გაცნობიერება, რომ ბეჭდვითი სიტყვის ძალა გაცილებით დიდია, ვიდრე წარმოედგინა. მისმა პირველმა სატირულმა გამოცდილებამ ცუდი სახელი უფრო მოუხვეჭა, ვიდრე დიდება, მაგრამ იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანებს უყვართ სიცილი და რომ სიცილს ადამიანურ ურთიერთობებში დიდებული მაკორექტირებელი თვისება აქვს.

XII_issue4_Content74

ილუსტრაცია წიგნისთვის „რთული ც ხოვრება“. 1888 წლის გამოცემა. 

მარკ ტვენმა, ისევე როგორც მანამდე ბევრმა გენიალურმა ადამიანმა, აღმოაჩინა, რომ სოციალური გარემო, რომელმაც ის ჩამოაყალიბა, მისთვის ძალიან ვიწრო იყო. თვრამეტი წლის ასაკში იგი ჰანიბალიდან სენტ-ლუისში წავიდა, იქ ხანმოკლე გაჩერების შემდეგ კი გზა განაგრძო – ფილადელფიაში, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, სადაც ისრუტავდა ისეთ ახალ შთაბეჭდილებებს, რომლებიც შემდგომ თავის ნაწარმოებებში გამოადგა. დიდ ქალაქებში მიღებულმა გამოცდილებამ თავგზა კი არ აუბნია, არამედ პირიქით, სტიმული მისცა მას.

XII_issue4_Content75

ილუსტრაცია წიგნისთვის „მიამიტები საზღვარ გარეთ“.  1869 წელი, პირველი გამოცემა. 

ნიუ იორკისა და ვაშინგტონის თეატრებში იგი ხელოვნებას ეცნობოდა, მაგრამ მიყრუებული ადგილიდან ჩამოსული პრაქტიკული ადამიანის გაოცებულ-დაჟინებული მზერით, საკანონმდებლო პროცედურაზე დაკვირვებაც უხდებოდა. სახლში გაგზავნილ წერილში ის აღწერს, თუ როგორ წამოხტებიან ხოლმე კამათის დროს ადგილებიდან კონგრესის წევრები და ხმამაღლა ყვირიან, „პალატის სპიკერი კი პირქუშად დუმს ამ საგიჟეთში, როგორც ლომი მაიმუნების გალიაში, საკუთარი დიდებულების გრძნობით აღსავსე და თავის ღირსების დამდაბლებად მიიჩნევს, ჩაერიოს მათ ლაყბობაში“. უბადრუკ არსებებთან კანონმდებლების ეს შედარება დამახასიათებელია ტვენის შხამიანი იუმორისთვის, რომლითაც იგი უნიჭო მმართველებს გესლავდა.

რაღაც დროით ტვენი კიოკაკში, აიოვას შტატში დაბრუნდა, რათა თავისი ძმის ტიპოგრაფიაში ემუშავა, მაგრამ მალევე სენტ-ლუისში, შემდეგ კი ცინცინატიში (ოჰაიოს შტატი) გადავიდა. 1857 წელს, იგი ხომალდით „პოლ ჯონსი“ ნიუ ორლეანში გაემგზავრა, იქიდან კი სამხრეთ ამერიკაში წასვლას აპირებდა. გზად ლოცმანი ჰორას ბიქსი გაიცნო, რომლის სახელიც შემდეგ წიგნში „ცხოვრება მისისიპიზე“ უკვდავყო და სთხოვა, მისთვის ლოცმანის ხელობა ესწავლებინა – პროფესია, რომელზეც მდინარეზე გაზრდილი ყველა ბიჭი ოცნებობდა. ორი წლის შემდეგ მან ლოცმანის მოწმობა მიიღო და მუშაობას შეუდგა. მას შეეძლო მომავალშიც გაეგრძელებინა ეს წყნარი და შემოსავლიანი საქმე, მაგრამ მისისიპიზე ნაოსნობა სამოქალაქო ომმა შეაწყვეტინა. მარკ ტვენი მისურიში, თავის სახლში დაბრუნდა და სამხრეთელთა არმიაში შევიდა, რათა იანკები (ჩრდილოელები) თავისი შტატიდან გაერეკა.

რამდენიმეთვიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, ომის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე, მარკ ტვენმა დატოვა არმია და დილიჟანსით ნევადას შტატში, ოქროს საბადოებზე გაეშურა. იქ, მკაცრ საზღვარზე – ათვისებული მიწების განაპირას, – გაზეთ „ვირჯინია-სითი ენთერპრაიზში“ მოეწყო და მომავალი ლიტერატურული ნამუშევრებისთვის მასალის გროვება განაგრძო. აქ პირველად დაიწყო თავისი სტატიების ხელმოწერა სახელით, რომელიც ახლა ყველასთვის ცნობილია. სემიუელ ლენგჰორნ კლემენსმა აირჩია ფსევდონიმი მარკ ტვენი – სამდინარო ლოცმანის ტერმინი: Mark Twain – „საწყაო 2“, ფარვატერის სიღრმე, რომელიც ნაოსნობისთვის გამოიყენება.

ველურ დასავლეთში მარკ ტვენმა სახელი მისტიფიცირებით გაითქვა. სატირულ მოთხრობას „გაქვავებული კაცი“, რომელშიც იგი დასცინის მათ გულუბრყვილობას, ვისაც ველური დასავლეთის ბუნების საოცრებების შესახებ მონათხრობები წმინდა წყლის სიმართლედ მიაჩნია, ისეთი წარმატება მოჰყვა, რომ სხვა გაზეთებშიც გადაიბეჭდა. ეს ნაწარმოები შეაფასეს, როგორც ნამდვილი ამბავი და არა იუმორისტული მოთხრობა. როგორც მარკ ტვენი წერდა, მისი „გაქვავებული კაცი“ დაუბრკოლებლად გადადიოდა ერთი ტერიტორიიდან მეორეზე, შტატიდან შტატში, ხმელეთიდან ხმელეთზე, ვიდრე მთელი დედამიწა არ მოიარა და ლონდონის „ლანცეტამდე“ არ მივიდა (პრესტიჟული სამედიცინო ჟურნალი – რედ.), დიდების მწვერვალს მიაღწია და არსებობის შეუვალი, კანონიერი უფლება მიიღო.

ეს ადრეული ჟურნალისტური გამოცდილებები დაეხმარა მარკ ტვენს, სრულყოფილებამდე მიეყვანა თავისი სამწერლო მანერა. იგი თვალს ადევნებდა მკითხველთა რეაქციას, წერდა სწრაფად და ცოცხლად, ართობდა მკითხველსაც და საკუთარ თავსაც. იმავდროულად, იგი სამომავლოდ მასალას აგროვებდა. დასავლეთში მან მოისმინა ისტორია ხტუნია ბაყაყების შეჯიბრის შესახებ, სადაც ერთმა მახვილგონიერმა თავისი მოწინააღმდეგის ბაყაყს მუცელი მსხვილი საფანტით ამოუვსო, რომ ის ადგილიდან ვერ დაძრულიყო. ამ ისტორიამ ისე გაითქვა სახელი ტვენის მოთხრობით „გამოჩენილი ხტუნია ბაყაყი კალავერასიდან“, რომ მან თავისი პირველი წიგნი ამავე სახელწოდებით დაასათაურა. ბოლოს და ბოლოს, მან აღმოაჩინა მდიდარი ძარღვი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების საბადოებში, რომელიც მოგზაურობის დროს დაეგროვებინა.

მაგრამ მარკ ტვენს ხეტიალი არ შეუწყვეტია. 1864 წელს მას ნევადის დატოვება მოუხდა – დუელში კონკურენტი გაზეთის რედაქტორი გამოიწვია, რითაც შტატის კანონი დაარღვია. იგი სან ფრანცისკოში გაემგზავრა და მალე ადგილობრივ პოლიტიკაში კორუფცია გამოააშკარავა. ქალაქი მისთვის საშიში გახდა და მარკ ტვენი იძულებული გახდა მაღაროებში გამგზავრებულიყო.

ლექტორ-სატირიკოსის პირველი დიდი წარმატება მარკ ტვენს მას შემდეგ ხვდა წილად, რაც იგი ჰავაის კუნძულებიდან დაბრუნდა, სადაც ოთხი თვის განმავლობაში, სან ფრანცისკოს გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად მუშაობდა. მისმა იუმორისტულმა საგზაო ჩანაწერებმა სენდვიჩის კუნძულების შესახებ, როგორც მაშინ უწოდებდნენ ჰავაის, მარკ ტვენი ნიუ იორკში მიიყვანა, სადაც სალექციო გამოსვლებს განაგრძობდა. ნიუ იორკში წარმატებამ კი მას საშუალება მისცა, 1867 წელს, პალესტინაში, კვლავ უცხოელ კორესპონდენტად წასულიყო. ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები ლექციებად ჩამოყალიბდა, საიდანაც შემდგომ გაჩნდა „მიამიტები საზღვარგარეთ“. როგორც კი განვლილი წლების გამოცდილება წიგნად იქცა, სალექციო მოგზაურობების აუცილებლობა მოიხსნა. მას შემდეგ, რაც პუბლიკაციებით და გამოსვლებით გარკვეული აღიარება და მატერიალური დამოუკიდებლობა მოიპოვა, მარკ ტვენს საშუალება მიეცა, უფრო განათლებულ გარემოში, ქვეყნის აღმოსავლეთით გასულიყო, სადაც იგი ოლივია ლენგდონს შეხვდა, ნიუ იორკის შტატის ქალაქ ელმაირიდან. 1870 წელს ოლივიასთან ქორწინებამ მარკ ტვენს სტაბილურობა მოუტანა და ლიტერატურული საქმიანობის დამატებითი სტიმულიც მისცა.

პირად ცხოვრებაში ტრაგიკული მოვლენებისა და ფინანსური წარუმატებლობების მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე თავისი საქმისთვის თავგადადებულ, ნამდვილ მწერლად რჩება. იგი არაერთხელ ჩაება ფინანსურ მაქინაციებში, მაგრამ ყველაფერი იფუშებოდა და მას კრედიტორების გასასტუმრებლად კვლავ სალექციო ტურნეებში გამგზავრება უწევდა. მარკ ტვენის პირველი შვილი, ერთადერთი ვაჟი, ბავშვობაშივე გარდაიცვალა. საყვარელ ქალიშვილს, სიუზის, კოლეჯში სწავლის პირველ წელს ნერვული აშლილობა დაემართა და 1896 წელს, მენინგიტით გარდაიცვალა. 1904 წელს, გულის ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად კი მეუღლე გარდაეცვალა. ქალიშვილს, კლარას, ნერვული სისტემის აშლილობა ტანჯავდა და ერთხანს სანატორიუმში მოათავსეს. ქალიშვილი ჯინი ეპილეფსიით იტანჯებოდა და 1908 წელს, აბაზანაში მკვდარი იპოვეს.

სწორედ ამ რთულ წლებში, ტვენმა მხატვრულ პროზას მიმართა და შექმნა შედევრები, რომლებმაც მას ნამდვილი დიდება მოუტანა. ადამიანური სისუსტეების აღმწერი ტვენ-რეალისტის ძალა სრულებითაც არ შემცირებულა. „როდესაც ვბედავ, აღვწერო ცხოვრება, მხოლოდ იმ ცხოვრებით ვიფარგლები, რომელსაც ვიცნობ“, – წერდა იგი. ეს სიმართლე იყო პირველი რომანისთვის „მოოქროვებული საუკუნე“, რომელიც კონექტიკუტის შტატში თავის მეზობელ ჩარლზ დადლი უორნერთან თანაავტორობით შეიქმნა. ამ რომანში მან კორუფციაში გასვრილ პოლიტიკოსებს დასცინა, რომლებსაც ადრე ვაშინგტონში აკვირდებოდა. პირველ რომანზე მუშაობის დასრულების შემდეგ, იმისთვის, რომ ის მხატვრულ პროზაში ასახოს, მწერალი უბრუნდება წარსულს, როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობას მისისიპიზე, რადგან ის ცხოვრება მისთვის განსაკუთრებით
მიმზიდველია.

მარკ ტვენი მოვლენებით აღსავსე ახალგაზრდობის მოგონებების მოსავალს იმკის და ამ განსაკუთრებულ მიმზიდველობას გადასცემს მკითხველს. ტომ სოიერის ბედნიერი, სუფთა სამყარო ნაჩვენებია საადვოკატო კანტორების, სკოლებისა და ეკლესიების პირქუშ ფონზე, სადაც ბავშვებს დადარაჯებული უფროსები ჩასაფრებიან. „ტომ სოიერში“ მარკ ტვენმა შექნმა ფრონტირი – დასახლების განაპირა მხარის სამყარო – თავისი მყარი ზნეობით, რასაც აღმოსავლეთის შტატების პოლიტიკანების უზნეო რიტორიკა ეყრდნობოდა. ტომი უბრალო სამყაროში ცხოვრობს: მდინარე და პატარა ქალაქი. მარკ ტვენი ამ სამყაროს რომანტიზებას არ ახდენს და თავისი მკითხველისთვის – დიდებისა და ბავშვებისთვის – უბრალო ფიზიკური არსებობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ტომ სოიერი, რომელმაც თავდაცვის საშუალებებს პრაქტიკულობა და უზარმაზარი შემოქმედებითი წარმოსახვა შეუთავსა, ამერიკელი ბავშვების თაობებისთვის სანიმუშო გახდა. რომანი „ტომ სოიერის თავგადასავალი“, 1875 წელს, გამოცემის დღიდან, 1904 წლამდე, ორ მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა და ავტორის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად რჩება. წინასიტყვაობაში მარკ ტვენი წერს, რომ წიგნი ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისთვის, მაგრამ დასძენს: „ჩემი ჩანაფიქრია, მსუბუქად შევახსენო უფროსებს, როგორები იყვნენ ოდესღაც ისინი თავად.“ მარკ ტვენის იდუმალი მიუწვდომლობა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, რომ თავისი ყმაწვილური უმანკოება შეინარჩუნოს და სხვებს სიბრძნე გადასცეს, რომ, შესაძლოა, ჩვენ ოდესღაც უკეთესები ვიყავით, ვიდრე ახლა ვართ. მაკ-დუგალის გამოქვაბული შურისმაძიებელი ინდიელი ჯოსთვის სიკვდილია, მაგრამ იგი აურაცხელი საგანძურის წყაროა ტომისა და ჰეკისთვის, რომლებსაც უკეთ ესმით ბუნებისა, ვიდრე უფროსებს.

თუმცა უფროსების სამყაროს მრუმე ჩრდილი გამუდმებით ჩნდება „ტომ სოიერში“, ის უფრო მუქდება ამ რომანის გაგრძელებაში, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალში“. პატარა დაკონკილი ჰეკი განდევნილად ცხოვრობდა, ვიდრე ნაპოვნმა საგანძურმა არ მიიყვანა იგი ცივილიზებულ, მაგრამ აკრძალვებით სავსე დუგლასის ქვრივის სახლში. ჰეკის ახალი მდგომარეობა მწერალს საშუალებას აძლევს, ეკლესიის, ექსპლუატაციის, რასობრივი ჩაგვრის და ადამიანური ტანჯვის სხვა წყაროების შესახებ მთელი რიგი გესლიანი კომენტარები აკეთოს. ჰეკი და გაქცეული მონა ჯიმი მისისიპის აღმა ტივით მიუყვებიან – ისინი თავისუფალი არიან ძალებისგან, რომლებიც მათ ნაპირზე ცხოვრებას უმახინჯებდნენ. „ჩვენი აზრით, ტივზე უკეთესი სახლი არ არსებობს. ყველაფერი დანარჩენი მჭიდრო და გადასლექილია, ტივი კი სულ სხვა საქმეა. აქ იმდენია თავისუფლება, რამდენიც გინდა და თავს მსუბუქად და მოხერხებულად გრძნობ“, – აღნიშნავს ჰეკი. მაგრამ მათ გამუდმებით უხდებათ „სანაპიროს“ ზნეობრივ ნორმებთან შეჯახება და ჰეკს უჭირს გაიგოს განსხვავება სიმართლეებს შორის – ნამდვილსა და იმას შორის, რაც მას საზოგადოებამ მოახვია თავს. იგი თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ არ გასცა ჯიმი, რადგან შავკანიანი ჯიმი სხვისი საკუთრებაა და ამასთან, ღირებული. ჰეკს რცხვენია იცრუოს, მაგრამ მისი ტყუილი – საუკეთესო თავდაცვაა უფროსების მცდელობისგან, მოატყუონ იგი. მარკ ტვენის ბავშვობის მხატვრული რეკონსტრუქციის კითხვისას, აღმოაჩენ, რომ მწერალი ბავშვური სილაღით ხატავს, სოციალური გარემოს ზემოქმედების გადაუმოწმებელი ფორმებისადმი მორჩილების შედეგად თუ როგორ მახინჯდება ადამიანის ხასიათი. ადამიანური ანგარება „ტომ სოიერიდან“ ინდიელი ჯოს საგანძურსა და „ჰეკლბერი ფინიდან“ ჰერცოგისა და დოფინას სიხარბეში შიშვლდება და გამუდმებულ კონტრასტშია ბუნების საოცარ სამყაროსთან, რომელშიც ბიჭები ცხოვრობენ.

1884 წელს, „ჰეკლბერი ფინის“ გამოქვეყნების პერიოდში, სიღარიბე მძიმე ტვირთად აწვა ტვენს. ის თავის გამომცემელს ეჩხუბებოდა და მასაჩუსეთსის ბიბლიოთეკის ცენზურულ მოთხოვნებს ებრძოდა, სადაც „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ამოიღეს, წიგნს – „ნაგავი, რომელიც მხოლოდ ნაგავსაყრელისთვის თუ გამოდგება“ უწოდეს და ჩათვალეს, რომ ის „მორალურ ზიანს აყენებს ახალგაზრდობას“. 1884 წლიდან მოყოლებული, როდესაც გამომცემლობა „ჩარლზ უებსტერ ენდ კომპანი“ დააარსა, მარკ ტვენმა თავად დაიწყო საკუთარი და სხვა ავტორების წიგნების გამოცემა. იგი ვერაფრით სძლევდა თავიდანვე დასაღუპად განწირულ საქმეში ფულის დაბანდების ცდუნებას დაამიტომ, გაკოტრების წინააღმდეგ უიმედო ბრძოლაში ჩართულს, უწევდა, სულ უფრო და უფრო მძიმედ ეშრომა.

ისევე, როგორც მისი გამოუცდელი გმირები, მარკ ტვენიც ნაპირის სამყაროს „ფულის დაავადებით“ დაავადდა. შედეგად, მის სულში სულ უფრო გროვდებოდა ზიზღი ფინანსური მანიპულაციების მიმართ.

ეს გრძნობა ცხადად ჩანს მის გვიანდელ ნამუშევრებში. წიგნში „კონექტიკუტელი იანკები მეფე ართურის კარზე“ იარაღის ოსტატს ახალი ინგლისიდან, როგორღაც ძალაყინი ჩაარტყეს თავში; და ის გონს მოეგო მეფე ართურის კამელოტში, რომელიც იყო „მშვენიერი, როგორც სიზმარი, და უსაშველოდ მოსაწყენი, როგორც კვირა დღე.“ ამ ნაწარმოების იდეა, ავტორის სიტყვებით, მდგომარეობს იმაში, რომ „უხსოვარ დროს, ინგლისის დაუცველი მშრომელი-ღატაკების ცხოვრების მძიმე პირობები აჩვენოს და, თითქოსდა უნებლიეთ, მათი არსებობა იმ დროის სამყაროს ცხოვრებას და სულიერებას, ბედის უთვალავი სიმდიდრით განებივრებულებს დაუპირისპიროს.“ იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, რომ ბედის ნებიერები დღესაც არიან და ღატაკები დღემდე ამერიკაშიც იტანჯებიან, იმის მიუხედავად, რომ ტექნიკურმა შესაძლებლობებმა კონექტიკუტელი იანკები ოდესღაც ცრურწმენებზე, უსამართლობასა და ჩაგვრაზე მაღლა დააყენა.

დიდმა ვალებმა მარკ ტვენი აიძულა 1891 წელს სახლი ჰართფორდში დაეტოვებინა და ევროპაში გადასულიყო, სადაც საარსებოდ უფრო ნაკლები ფული იყო საჭირო. იგი გამალებით წერს, იმისთვის, რომ ოჯახი შეინახოს. სახსრების ძიებაში იძულებითი ხეტიალის წლებში, იგი კვლავ უბრუნდება მხატვრულ პროზას, თავისი ბავშვობის სუფთა სამყაროს. „დოყლაპია უილსონი“, ადამიანური ანგარების მძაფრ კრიტიკასთან ერთად, მის ღრმა სოციალურ შეგნებას გამოხატავს. 1962 წლის კვლევაში „მარკ ტვენის იარები“ ლუის ლირი, რომელმაც ლიტერატურათმცოდნეობის ანალიზის ახალ დარგებს დაუდო საფუძველი, შენიშნავს: „მარკ ტვენი იცინის, მის თვალებში კი იშვიათად ბრწყინავს ნაპერწკალი“.
იმის მიუხედავად, რომ წიგნი „დოყლაპია უილსონი“ ჭეშმარიტად მარკ ტვენისეული მახვილგონიერებითაა შესრულებული და მისი ეპიზოდები გადამდებად სასაცილოა, მასში დაუფარავი სიმწარე გამოსჭვივის. წიგნის გმირი, მულატი მონა ქალი, როქსანა, დრისკოლების მდიდარი ოჯახის ახალშობილ მემკვიდრეს თავისი ჩვილით შეცვლის. ბავშვი გაიზრდება და ბედოვლათი და მკვლელი გახდება. როქსანას მუქარის პასუხად, რომ სიყალბეს გაამჟღავნებდა, დრისკოლი მას მონებით მოვაჭრეს მიჰყიდის. ადგილობრივი ადვოკატი უილსონი, რომელსაც ყველა ექსცენტრულ კაცად მიიჩნევს, ორივე ახალგაზრდის პიროვნებას თითების ანაბეჭდებით ადგენს, რომლებიც მათგან შეცვლამდე აიღეს. თუმცა, როგორც მარკ ტვენი ასკვნის, „ნამდვილი მემკვიდრე მოულოდნელად მდიდარი და თავისუფალი, მაგრამ უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება: მას არც წერა შეუძლია, არც კითხვა და შავკანიანთა ქოხმახების ყველაზე პრიმიტიულ კილოზე მეტყველებდს. მისი სიარული, აზროვნება, ჟესტები, სიცილი, თავდაჭერის მანერა ვულგარული და ხეპრული იყო. მისი ქცევა – მონის ქცევაა. ფულმა და მდიდრულმა ტანსაცმელმა ვერც მისი შეცვლა მოახერხა, ვერც ამ ნაკლოვანებების დაფარვა, და მხოლოდ მასვე თვალისმომჭრელად ყალბ იერს ანიჭებდა და ამით მას კიდევ უფრო საბრალოს ხდიდა. საბრალო ვერ იტანდა თეთრი ადამიანების სახლებში სტუმრობის დროს ტანჯვას და ვერსად პოვებდა სიმშვიდეს, სამზარეულოს გარდა.“ სწორედ აქაა მარკ ტვენის ირონია, მისი შეხედულება საზოგადოებაზე. ადამიანის სოციალური სტატუსი დამოკიდებულია მის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე და არა მემკვიდრეობით მიღებულ სიმდიდრეზე. ფული ვერ ცვლის უფრო მნიშვნელოვან ყოველდღიურ საქმიანობას,
რაც ადამიანს აყალიბებს.

XII_issue4_Content76

ილუსტრაცია რომანისთვის „ტომ სოიერის თავგადასავალი“. 1876 წელი, პირველი გამოცემა.

ზოგ კრიტიკოსს მიაჩნია, რომ თავად მარკ ტვენიც სასტუმრო დარბაზებში უცხოდ გრძნობდა თავს. დასავლეთ ფრონტირის პირმშო, რომელიც სამყაროს სამდინარო თბომავლის ლოცმანის ჯიხურიდან უყურებდა და ველური დასავლეთის ოქროს მთებზე ამყარებდა იმედებს, თავს უკეთესად გრძნობდა სამზარეულოში. ლუის ლირი ამბობს, რომ მარკ ტვენი ნიღაბია, რომელიც სემიუელ ლენგჰორნ კლემენსმა მოირგო: ნაწილობრივ ავტოპორტრეტი, ნაწილობრივ თავდაცვა. კეთილშობილურად აღზრდილი ცოლის, ლივიას საზოგადოებაში იგი ყოველთვის გარეშე პირი იყო და მისი ყველაზე ბასრი სატირის მახვილი, შესაძლოა, მისსავე საზოგადოებრივ მდგომარეობაში დაეჭვებაზე იყო ალესილი. მისი უკანასკნელი ნამუშევრები “კაცი, რომელმაც აცდუნა ჰედლიბერგი“ და „იდუმალი უცნობი“ აგრძელებენ მწარე სიცილის ხაზს, რომელიც იმის ღრმა შეგნებიდან მოდის, რომ საზოგადოებამ ადამიანების ბედი სამუდამოდ განსაზღვრა, იმის მიუხედავად, თუ სად გრძნობენ ისინი თავს მშვიდად – სასტუმრო დარბაზებში, თუ სამზარეულოში, – და არავითარ შემდგომ ძალისხმევას არ შეუძლია ამ საწყისი გრძნობის შეცვლა, თუნდაც სასტუმრო დარბაზების დაწვის ხარჯზე.

უზარმაზარი დიდებისა და აღიარების მიუხედავად, რასაც ტვენმა სიცოცხლის ბოლო ათწლეულში მიაღწია, თავისი მუდმივი პესიმიზმი შეინარჩუნა. სატანა, ავტორის სიკვდილის შემდგომ გამოცემული წიგნის, „იდუმალი უცნობის“ პერსონაჟი, შექსპირის „ქარიშხლის“ ბოლო აქტში პროსპეროს მონოლოგიდან, „ცხოვრება სიზმარია“ მოტივს იმეორებს და ამბობს: „ყოველივე – სიზმარია, უაზრო და გულუბრყვილო. თავად შენ გარდა არაფერი არსებობს. და თავად შენ – მხოლოდ აზრი ხარ, მოხეტიალე აზრი, არასაჭირო, უსახლკარო აზრი, მარადიულ ჭეშმარიტებებში დაკარგული აზრი“.

ეს ციტატა შეიცავს ყველა ინგრედიენტს, რამაც მარკ ტვენის მემკვიდრეობა მისი და მომდევნო თაობებისთვის ახლობელი გახადა. გულის გატეხისა და ყველა იმედის გაცამტვერების დროსაც კი, ფრაზის ექსტრავაგანტულობით იგი მკითხველს გაოცებული უნდობლობის ზღვარზე უბიძგებს. საგაზეთო პროზის პირველი გამოცდილებიდან დაწყებული, მაგალითად, „ხტუნია ბაყაყებიდან“ ან „გაქვავებული კაციდან“, მისი
სამწერლო მოღვაწეობის დასასრულამდე, მწერლის სტილი მრავალჯერადი განმეორებების გამოყენებით გამოირჩევა – მეთოდით, რომელსაც დასავლელი მთხრობლები იყენებენ, რათა თავიანთი მოთხრობების საეჭვო ადგილებს დამაჯერებლობა შესძინონ. რაც უფრო არადამაჯერებელია მთხრობელი, მით უფრო ხშირად უწევს მას ძლიერ სტილურ მეთოდების გამოყენება. იმავე ტექნიკას მიმართავენ ტომი და ჰეკი, როდესაც არწმუნებენ უფროსებს, რომლებიც მათ თავისუფლებას ხელყოფენ. მარკ ტვენი თითქოსდა მკითხველთან თამაშში ერთვება, მასთან ერთად ერთობა ფანტასტიკური გამონაგონით, რომელსაც ბუნებრივი სკეპტიციზმი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „მომატყუე“ – ითხოვს მკითხველი და მწერალი მოქმედების ადგილზე მთელ დეკორაციას აგებს, რათა ტრიუკი შედგეს.

ენის ექსტრავაგანტულობა მეთოდის მხოლოდ ერთი მხარეა, ისევე როგორც მისი პერსონაჟები. ისინი მოვიდნენ სამყაროდან, რომელიც მკითხველისთვის უკვე აღარ არსებობს, მაგრამ სამყაროდან, რომელიც თავის დროზე საკუთარ თავში მოიცავდა სამართლიანობის საყოველთაო გრძნობას. თავისი მეთოდებით ტვენი მკითხველს იმედს უნერგავს, რომ ისინი მაინც იმ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც პატიოსნება დაჯილდოვდება, იმის მიუხედავადაც კი, რომ ეკონომიკური რეალიების წინაშე, მკითხველის გულუბრყვილობამ არაერთხელ დაყარა ფარ-ხმალი.

ნაწარმოების სტილური აგებისა და სახეების შექმნის მარკ ტვენისეული შემოქმედებითი მანერის ორაზროვნებას იქამდე მივყავართ, რომ არსებული წესრიგის მოწინააღმდეგე ბუნტისთავებიც და საქმიანი სამყაროს კონსერვატორებიც ერთნაირად მიიჩნევენ მას თავის საყვარელ მწერლად. მისი მანერის გამო ხომ არა, ილაპარაკოს თითქოს ხუმრობით, თითქოს სერიოზულად? იმის გამო ხომ არა, რომ იგი შოლტია, უფლის ტაძრიდან გადასახადების ამკრეფნი რომ გამოყარა? ეს ტვენმაც არ იცოდა ზუსტად, მაგრამ ოსტატობამ, გამოესახა ნამდვილი ადამიანები, სასოწარკვეთილნი, მერყევები, ცხოვრების უაზრობის ეჭვით დამძიმებულები, იგი ყველასთვის საყვარელ მწერლად აქცია. ცხოვრებისადმი მისმა უშრეტმა რწმენამ, იმედგაცრუების წინაშეც კი,
დამსახურებულად მიაგო ტიტული – „ჩვენი ლიტერატურის ლინკოლნი“. ლინკოლნივით, ისიც იცავდა სუსტებს, განიკითხავდა კორუფციას და თავად ვაჟკაცურად უმკლავდებოდა საკუთარ თავში არსებულ ყოყმანს, რაც მას მხოლოდ შთაგონების ძალას მატებდა.

მისი შემოქმედებისადმი ლიტერატურათმცოდნეების გამუდმებული ინტერესის მიუხედავად, ტვენი, როგორც ადამიანი, მთელი თავისი სირთულეებით, დღემდე მრავალი საკამათო ვარაუდის საგანია. მისი მდიდარი ფანტაზია, საკუთარი ბიოგრაფიული ფაქტებით თამაშისას, მუდმივად ცვლიდა წარსულს. „ავტობიოგრაფიაში“ იგი წერს, რომ მუშაობდა თავისი ბიძის გაზეთში, სინამდვილეში კი ეს მისი ძმის გაზეთი იყო. ცხადია, მიუთითებს მილტონ მელცერი წიგნში „მარკ ტვენი პირადად“, რომ „ყოველდღიური ცხოვრების ფაქტები არ უნდა ეღობებოდეს მხატვარს გზაზე“, მაგრამ რისი მიღწევა უნდოდა კონკრეტულად მარკ ტვენს გამუდმებული გადაადგილებებით, მთლად ცხადი არ არის.

მარკ ტვენი ხშირად გადახედავს საკუთარ შეხედულებას რეალობის შესახებ. სიცოცხლის ბოლოს, წიგნში „მარკ ტვენი – ჩაუმქრალი ვულკანი“, იგი მოგვითხრობს ეპიზოდს საგამომცემლო ცხოვრებიდან: „თანდათანობით გავარკვიე, რომ უებსტერი (მისი პარტნიორი საგამომცემლო საქმეში) თანახმა იყო, აღედგინა ჰენრი
უორდ ბიჩერის წიგნი „ქრისტეს ცხოვრება“. შევთავაზე, რომ აღგვედგინა ლაზარე, რადგან ასეთი მცდელობა უკვე იყო და ვიცით, რომ იგი წარმატებით დასრულდა“. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ლაპარაკი იყო ახალ წიგნზე და არა ძველის აღდგენაზე და ბიჩერის და არა ქრისტეს ცხოვრებაზე. ფაქტების გადაჯგუფებით ტვენი აღწევდა იუმორის ეფექტს და იმავე დროს, თავიდან იცილებდა „გამანადგურებელ სკანდალს“, როგორც თავად დაახასიათა თავისი გამომცემლობის გაკოტრება. გვერდიდან ყურების დროსაც, თუ როგორ დასცინის მარკ ტვენი საკუთარ ტანჯვასაც კი, აცნობიერებ, რომ სწორედ ტანჯვა გვაახლოებს მასთან, საყოველთაო ადამიანური სისუსტეების კავშირებით. ეს კავშირები ძალზე მტკიცეა. მარკ ტვენის ნაწარმოებები დღემდე რედაქტირდება და გამოიცემა ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ. „მარკ ტვენის ჩანაწერები და დღიურები, ტომი III (1883-1891) სულ ახლახან, 1979 წელს გამოიცა და მისი ნამუშევრების რედაქტირება კვლავაც გრძელდება. სხვა მეცნიერები შეისწავლიან მის შემოქმედებით მემკვიდრეობას, ეძებენ მისი გავლენის კვალს ახალი თაობის სრულიად სხვადასხვაგვარ მწერლებზე – უილიამ ფოლკნერზე, ერნესტ ჰემინგუეიზე, რაიმონდ ჩანდლერზე და კურტ ვონეგუტზე. მარკ ტვენი დღესაც ახდენს ამერიკული აზროვნების ფორმირებას, ხოლო ამერიკული აზროვნება, თავის მხრივ, მარკ ტვენის, ამოუცნობი ამერიკელის, ფორმირებას ლამობს. მან უნიკალური რაკურსით დაინახა სამყარო, რომელსაც ერთხელ ეწვია.