საუბარი ფრენკ კაპრასთან

ფრენკ კაპრა მტკიცედ შევიდა ჰოლივუდის ისტორიაში. ახლა ის 79 წლისაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცილიიდან ჩამოვიდა, როდესაც ექვსი წლის იყო. კაპრა აპირებდა, სამეცნიერო საქმიანობისათვის მიეძღვნა თავი და ამიტომ კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. კინოში შემთხვევით მოხვდა – რომელიღაც უიღბლო პროდიუსერი დაარწმუნა, მისთვის მიენდო მოკლემეტრაჟიანი მუნჯი ფილმის გადაღება, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. შემდეგ მუშაობდა მასობრივი სცენების მონაწილედ, წერდა მცირე ზომის კომედიებს, იყო კომედიური ნომრების ავტორი „კისტოუნელი პოლიციელების“ შემქმნელის, მაკ სენეტის ფილმებში.

მოგვიანებით კაპრა გახდა „მოლაპარაკე“ კინოს ერთ-ერთი პირველი რეჟისორი, რომელმაც გადაღების ყოველ ასპექტზე სრული კონტროლის უფლება მოიპოვა. 30-იან წლებში მან ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის სამი პრემია მოიპოვა ფილმებისათვის: „ეს მოხდა ერთხელ ღამით“, „მისტერ დიდსი ქალაქში საცხოვრებლად გადადის“ და „ამას თან ვერ წაიღებთ“. სამივე ფილმი კომედიაა. მან ასევე დაიმსახურა კინოკრიტიკოსების საერთო აღიარება კინოდრამებისათვის: „დაკარგული ჰორიზონტი“ და „გენერალ იენის მწარე ჩაი“.
დიდი დეპრესიის დროს გადაღებულ ფილმებში კაპრამ „ამერიკული ოცნების“ საკუთარი ხედვა გამოხატა. 1971 წელს თავისი შემოქმედების შესაჯამებლად მან დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი „სახელი სათაურზე მნიშვნელოვანია“ (წიგნის სათაური ხაზს უსვამს ავტორის შემოქმედებით დამოუკიდებლობას). „მინდა ვიმღერო მუშების, გულუბრყვილო უბრალო ადამიანების, შთამომავლობით ღარიბების, უიღბლოების სიმღერა, – წერდა ის, – მე მათ გვერდით ვარ, ვისაც არ ეშინია სიმართლისთვის გარისკვა, უკმაყოფილებას გამოვთქვამ კანის ფერის ან წარმომავლობის გამო შევიწროებულებთან ერთად. მზად ვარ, მათი უფლებებისთვის ვიბრძოლო მსოფლიოს ყველა ეკრანზე. ო, არა, ჩემი გული სისხლით არ ივსება „მასების გათავისუფლების“ ხმამაღალი მოწოდების გაგონებაზე. ჩემთვის სიტყვა „მასები“ ჯოგური ტერმინია, მიუღებელი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი. როცა ხალხის ჯგუფს ვხედავ, მე ვხედავ თავისუფალი ინდივიდების შეკრებას; თითოეული მათგანი უნიკალური პიროვნებაა – თითოეული მეფეა ან დედოფალი, თითოეულზე შესაძლებელი იქნებოდა დაწერილიყო წიგნი, თითოეული – ადამიანური ღირსების კუნძულია“.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, კაპრამ შვიდი დოკუმენტური ფილმი გადაიღო ამერიკული არმიისათვის სახელწოდებით „რატომ ვომობთ“. ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობდა „რუსეთისთვის ბრძოლის“ შესახებ.

სულ ახლახან, სატელევიზიო ინტერვიუთა სერიაში კაპრას სთხოვეს გამოეთქვა აზრი კინოხელოვნების როლის შესახებ. ქვემოთ მოცემული ნაწყვეტები ამოკრებილია მისი პასუხებიდან.
კაპრა (კინოს ზემოქმედების ძალის შესახებ): ფილმები ყოველთვის სერიოზულად აღიქმება, რადგანაც ყველაფერი, რაც ეკრანზე ხდება, რეალურია, რეალობას კი ზემოქმედების ძალის თვალსაზრისით ვერაფერი შეედრება. ფაქტობრივად, ფილმის შემქმნელი – ეს სიტყვები უკვე მრავალჯერ გავიმეორე, და, ალბათ, უკვე გაცვდა – მაშ ასე, ფილმის შემქმნელი ფლობს ზემოქმედების ისეთ ძალას, როგორიც, მე ვიტყოდი, არავის არ ჰქონია დედამიწაზე. არც გამოჩენილ პიროვნებას, არც დიქტატორს, არც წმინდანს, არც მწერალს, არც პოეტს – არც ერთ მათგანს არასოდეს ჰქონია ასობით მილიონ გონებაზე ისეთი ძალაუფლება, როგორითაც ჩაბნელებულ დარბაზში ორი საათის განმავლობაში ფილმის შემქმნელი სარგებლობს. ეს წარმოუდგენელი ძალაა და მხოლოდ მას გააჩნია იგი.

კაპრა (კინოში ტექნიკური ხერხების როლსა და რეჟისორის შესაძლებლობაზე, გადმოსცეს საკუთარი იდეები): იცით, ჩემი აზრით, კინოში ადამიანები აწოდებენ ადამიანებს იდეებს და არა რეჟისორები ან ოპერატორები; ხმას, ტექნიკურ ხრიკებს, დეკორაციებს ამ პროცესში არანაირი მნიშვნელობა არა აქვთ. მაყურებელი სრულიად გულგრილია ალიონების, დაისებისა და სხვა მსგავსი რამეების მიმართ. მაგრამ მას აღელვებს ადამიანების ბედი და ამ დროს იგი იგებს, რის თქმას ცდილობთ მისთვის. თავდაპირველად საჭიროა, მაყურებელი დავაინტერესოთ, ვაიძულოთ ის, დაივიწყოს, რომ მაყურებელთა დარბაზში იმყოფება და ფილმს უყურებს, ვაიძულოთ დაიჯეროს, რომ სწორედ ესაა ადამიანების ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში მაყურებელი მიხვდება თქვენს ჩანაფიქრს.

კაპრა (კინოს მომავლის შესახებ): საუკეთესო ფილმები ჯერ კიდევ არ გადაუღიათ. საუკეთესო ფილმებს გადაიღებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა სწავლობენ უნივერსიტეტებში და შეიმეცნებენ კინოხელოვნების საფუძვლებს. ისინი უყურებენ ყველა იმ ფილმს, რომელიც უკვე გადაღებულია, აანალიზებენ მათ და შემდეგ უჩნდებათ საკუთარი იდეები. და, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ისინი დიდებულ ფილმებს გადაიღებენ, რასაც, სხვათა შორის, უკვე ახერხებენ. ჰოლივუდში საინტერესო ამბები ხდება. ახალგაზრდები, რომლებმაც ახლახან დაამთავრეს კინემატოგრაფიული ფაკულტეტები, მოდიან და იღებენ ბრწყინვალე ფილმებს პირველი, მეორე, ან მესამე მცდელობით. გაუგონარი ამბავია! კაპრა (ფილმების თემატიკის შესახებ): თანამედროვე ფილმებში აუცილებელია, ხაზი გაესვას ადამიანის მნიშვნელოვან როლს. ჩვენ ზედაპირულ ფილმებს ვიღებთ, რომ კარგად გავყიდოთ – ადრე თუ გვიან, მაყურებელი სწორედ ამას აღუდგება წინ. ის იტყვის: „ეს ყველაფერი უკვე მომბეზრდა, თავი დამანებეთ – მინდა, ცოტა ვიაზროვნო, მინდა, ვიყო ის, ვინც ვარ, არ მინდა, ვიღაცის რობოტად ვიქცე“. მსგავს რამეებს შეუძლია რევოლუციების გამოწვევა, ადამიანის პიროვნების აჯანყება მთავრობის, დიქტატურების, ადამიანის აზროვნების კონტროლის წინააღმდეგ. და კინო ასახავს პიროვნებათა ამ აჯანყებას, პიროვნებათა ამ საპროტესტო ხმას.

XII_issue4_Content65

კაპრა (კინორეჟისორებისთვის აუცილებელ თვისებებზე): მათ მყარი ნერვები უნდა ჰქონდეთ. ჩვენს საქმეში ძალიან მაღალი კონკურენციაა და ფსონები ძალიან მაღალია – სხვების დახმარების იმედი რეჟისორს არ უნდა ჰქონდეს. აუცილებელია, კინემატოგრაფიის ყველა ფაკულტეტზე სტუდენტებს პრაქტიკულობა ასწავლონ. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა შეეძლოთ სასურველის მიღწევა, შეეძლოთ მსახიობების შეკრება, სცენარების ამორჩევა, იდეების მიწოდება და სურათის გადაღებისათვის საჭირო ფულის შოვნა. ფილმი – ესაა ფულთან დაკავშირებული ხელოვნება, მის გარეშე არაფერი გამოვა. უნდა შეეძლოთ კრიტიკოსებთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი აზრის მოსმენა… მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ვთქვათ, მოიპოვეთ ბიზნესმენის მხარდაჭერა, მას კი მიაჩნია, რომ უმჯობესია გააკეთოთ ის, რაც მოდურია. მაგრამ მოდას თუ მიჰყვებით, გადაიწვებით. აი, თუ შეძლებთ, საკუთარი იდეები დაიცვათ და გაიტანოთ, თქვენი შანსები გაიზრდება. თუ საკუთარ თავს დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტად მიიჩნევთ, რომელსაც სიტყვა ეთქმის – წინ! მაგრამ არასოდეს მიჰყვეთ დინებას, იმიტომ რომ ის ყოველთვის ნაპირზე გაგრიყავთ. არასოდეს შეეცადოთ სხვისი გამოგონებით სარგებლობას, რადგან ეს, უპირველესად, არაეთიკურია. თუ ეცდებით, მიითვისოთ სხვისი შემოქმედება, ეს თავისებური ქურდობა იქნება. მოიფიქრეთ რამე საკუთარი. გაითვალისწინეთ, რომ ყველა გამოჩენილი ისტორიული პიროვნება დინების საპირისპიროდ მიცურავდა. ასევე უნდა მოიქცნენ კინემატოგრაფისტებიც. 

კაპრა (როგორ მოიქცეოდა, ყველაფერს რომ თავიდან იწყებდეს): ფილმების შექმნას დადებითი თვალსაზრისით მივუდგებოდი, რაც მდგომარეობს შემდეგში: თითოეული ადამიანი იმსახურებს ყურადღებას, ის უნდა ფლობდეს საკუთარი ღირსების შეგრძნებას, რადგან იგი გარკვეული სახის ღვთაებაა; მას ყველაფერი აქვს. მას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაიხედოს საკუთარ სულში და აღმოაჩინოს საკმარისი სიბრძნე და სიმამაცე, რომ დაუპირისპირდეს გარემოს ზემოქმედებას. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყოველი ადამიანი უიღბლოა, დეკადენტური ხასიათისაა და მაყურებელი ყოველთვის არ დაეთანხმება მას. ადამიანი ბუნებით პესიმისტი არ არის – იგი არასოდეს კარგავს უკეთესი მომავლის იმედს. ადამიანის გატეხვა შეუძლებელია. არადა, დედამიწაზე უამრავი ხალხია, რომელიც სერიოზულად ფიქრობს, რომ შეუძლია, ადამიანებს თვალი აუხვიოს. ყველა დიქტატორი ცდილობდა, ხალხი საკუთარი ნებისთვის დაემორჩილებინა, რომ მათი მართვა შესძლებოდა. მაგრამ არაფერი გამოსვლიათ და არც გამოუვათ. ხალხი ამას არ დათანხმდება, ხალხის დამონება შეუძლებელია, ხალხისთვის თვალის ახვევა არ გამოვა. ადამიანურ მოთმინებას აქვს საზღვარი. 

კაპრა (იმის თაობაზე, თუ რით ხელმძღვანელობს ფილმების შექმნისას): ჩემს თითოეულ კინოფირში, დაწყებული ფილმიდან „ეს მოხდა ერთხელ ღამით“ ჩემებურად გამოვხატავდი ერთსა და იმავეს: „დიდი მადლობა, ამერიკა, რომ ასეთი ფართო შესაძლებლობები წარმომიდგინე“. ამერიკის გარდა სად არის შესაძლებელი, რომ უწიგნური მუშის შვილმა ჩემნაირი განათლება მიიღოს და საყოველთაო აღიარება მოიპოვოს? წარმატება იმიტომ მოვიპოვე, რომ უსაზღვროდ მიყვარს ამერიკა და მისი ხალხი. ყველა ჩემი ფილმი, უგამონაკლისოდ, ერთ თემაზეა – ამერიკელებზე. მე აღტაცებული ვარ მათით, მათი დამოუკიდებლობით, სიკეთით, სინაზით, ახლობლებისადმი მათი მგრძნობიარე დამოკიდებულებით.