ჰეკ ფინი ცოცხალია ასი წლის შემდეგ

ჟურნალ „New York Times Book Review“-ს ნებართვით –  ნორმან მეილერი

არსებობს მოწყენილობისგან თავის დაღწევის სხვა უკეთესი საშუალება, ვიდრე დიდი წიგნების მოძველებული რეცენზიების კითხვა? მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთში „ანა კარენინას“ შესახებ წერდნენ: „ვრონსკის სიყვარული თავისი ცხენისადმი რომანში ანასადმი სიყვარულის პარალელურად ვითარდება.“ ან: „სენტიმენტალური სისულელე“. „გვაჩვენეთ თუნდ ერთი გვერდი, სადაც არის რაიმე აზრი“, – წერდა ერთი ოდესური გაზეთი. „მობი დიკს“ აცამტვერებდნენ ასეთი გამოხმაურებებით: „ასეთი მონუმენტური მოწყენილობა საზღვაო ლიტერატურაში ჯერ არ შეგვხვედრია“. „შეშლილის ბოდვა“. „სამწუხარო შემთხვევა: მისტერ მელვილის კვაკერები – უბრალოდ, საცოდავი ყბედები და რეგვნები არიან, მათი შეშლილი კაპიტანი კი საშინლად მოსაწყენია“.

ამასთან შედარებით, მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინი“, რომელიც 1884 წლის დეკემბერში დაიბეჭდა ლონდონში და ორი თვის შემდეგ ამერიკაში, ადვილად გადარჩა. „სპრინგსფილდელმა რესპუბლიკელმა“ მას მხოლოდ „სათუთი გრძნობებით უხეში თამაში“ უწოდა. ამასთან, შენიშნა, რომ ავტორს „ზრდილობის არანაირი გაგება არ გააჩნია“, ხოლო საჯარო ბიბლიოთეკამ კონკორდში, შტატ მასაჩუსეტსში, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უწოდა რომანს „წმინდა წყლის სისულელე“ და თავის თაროებზე არ გააჭაჭანა. „ბოსტონ ტრანსკრიპტი“ იტყობინებოდა, რომ „საბიბლიოთეკო კომიტეტის დანარჩენმა წევრებმა ეს ნაწარმოები ულაზათოდ, უხეშად და არაელეგანტურად მიიჩნიეს, ჯურღმულების მცხოვრებთათვის რომ უფრო გამოდგება, ვიდრე კულტურული, წესიერი ადამიანებისთვის“.

და მაინც, რომანს ცუდად არ შეხვდნენ. განსაკუთრებულად დაფდაფებს არავინ სცემდა, მაგრამ მთლიანობაში რეცენზიები კეთილგანწყობილი იყო. ყველა იმაზე შეთანხმდა, რომ ნაწარმოები კარგია. მაშინ, 1885 წელს, ვერავინ აცნობიერებდა, რომ მსოფლიო ლიტერატურა დიდი ამერიკული რომანით გამდიდრდა. იმ დროის კრიტიკოსთა სამყარო ვერაფრით განჭვრეტდა, რომ ორმოცდაათი წლის შემდეგ, თომას სტერნზ ელიოტი და ერნესტ ჰემინგუეი ხოტბას შეასხამდნენ „ჰეკლბერი ფინს“. ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობაში ელიოტმა დაწერა, რომ „ამ შედევრში სრულად შეისხა ხორცი მარკ ტვენის გენიამ“; ჰემინგუეი კი უფრო შორს წავიდა: „აფრიკის მწვანე გორაკებში“ მან გვერდი აუარა ემერსონს, ჰოთორნს და ტოროს, მხოლოდ მეგობრულად დაუკრა თავი ჰენრი ჯეიმსს და სთივენ კრეინს და განაცხადა: „მთელი ამერიკული ლიტერატურა გამოვიდა მარკ ტვენის ერთი წიგნიდან, რომელსაც ეწოდება „ჰეკლბერი ფინი“… ეს საუკეთესო წიგნია ჩვენს ლიტერატურაში. მთელი ამერიკული პროზა მისგან მომდინარეობს. მანამდე ჩვენ არაფერი გვქონდა. და უკეთესი დღემდე არავის არაფერი დაუწერია.“

ჰემინგუეის უბადლო გუმანი ჰქონდა და შეეძლო,საუკეთესო ადგილობრივი ღვინო შეერჩია, რომლის ჭიქასთანაც კაცი დაუვიწყარ დღეს გაატარებდა. ის ერთი დამოკიდებულებით არ განსხვავდებოდა სხვა მწერლებისგან: იგი არასოდეს უშვებდა ხელიდან ლიტერატურული მსჯელობის შესაძლებლობას, თუკი ის მის სასარგებლოდ მოქმედებდა. როდესაც სხვის პროზას აფასებდა, იგი საკუთარ თავს ეკითხებოდა: მე თუ მას ხუთიანს დავუწერ, ასწევს ეს ჩემი ნაწარმოებების ღირებულებას? „ჰეკლბერი ფინმა“, უეჭველია, გაუძლო გამოცდას.

აუცილებლად ჩნდება ეჭვი: იქნებ, მარკ ტვენი ისე წერს, რომ მხოლოდ ჰემინგუეის შეუძლია მას გადაამეტოს? მოდი, შევამოწმოთ ეს ვარაუდი. მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ხნის წინ წაკითხული „ჰეკლბერი ფინი“ ხელახალი წაკითხვისას სრულიად ახალი და ცინცხალი გეჩვენება. თერთმეტი ან, შეიძლება ცამეტი წლის ვიყავი, როდესაც ის წავიკითხე და მახსოვს, რომ ამ საქმეს „ტომ სოიერის“ წაკითხვის მერე შევუდექი და იმედგაცრუებული დავრჩი. „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, უბრალოდ, ვერ გავიგე. ტომ სოიერი, რომელიც პირველი წიგნიდან შევიყვარე, ის აღარ იყო, იგი შეიცვალა და არ მომწონდა. ჰეკლბერი ფინი ჩემამდე ვერ დადიოდა. მოგვიანებით გამაკვირვა პატივისცემამ, რასაც ამ წიგნის მიმართ ამერიკული ლიტერატურის ყველა პედაგოგი განიცდიდა, მაგრამ ამან ვერ გამიღვიძა ინტერესი, ხელახლა მივბრუნებოდი მას. აშკარაა, უბრალოდ ვუცდიდი, რომ გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსს“ ჩემთვის სტატია შეეკვეთა მასზე.

ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ღირდა ასეთი შესვენება. ვფიქრობ, ათმილიონმეათე ადამიანი გავხდი, ვინც განაცხადა, რომ „ჰეკლბერი ფინი“ – განსაკუთრებული წიგნია. ჩემი შეხედულებით, ეს დიდი რომანია. არა უნაკლო, გამქირდავი, ცვალებადი, არა გაცვეთილი მეთოდების გარეშე, ეფექტზე რომაა გათვლილი, ძირითადად იუმორზე გამავალი, და მაინც – რა წიგნია! მისი კითხვისას უცნაურ, სასიხარულო მღელვარებას განვიცდიდი. თანდათან გავერკვიე ჩემს გრძნობებში და მივხვდი, რომ სრულიად თანამედროვე წიგნს ვკითხულობ. ჩემ წინ იყო არა უბრალოდ კლასიკური რომანი, არამედ გამომცემლობიდან გამოგზავნილი ახალი ნაწარმოების ანაწყობი. მეჩვენებოდა, რომ მას თან ერთვოდა რედაქტორებისგან ერთ-ერთ იმ იშვიათ წერილთაგანი, სადაც ნათქვამია: „ჩვენ არც ისე ხშირად ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს, მაგრამ ამჯერად მიგვაჩნია, რომ ჩვენს ხელთაა დამწყები ავტორის საოცარი ნაწარმოები“. ამგვარი მღელვარებით ვკითხულობდი 1950 წელს ანაწყობებს ჯეიმს ჯონსის წიგნიდან „აქედან და მარადისობაში“, ან 1951 წელს უილიამ სტაირონის ნამუშევრიდან „წყვდიადში დაშვება“, 1961 წელს ჯოზეფერ ჰელერის „შეპყრობა-22“-დან, ან 1978 წელს ჯონ ირვინგის ნაწარმოებიდან „სამყარო გარპის თვალით“ (რომელიც იკითხება, როგორც დამწყები მწერლის დიდებული პირველი რომანი, თუმცა ეს ასე არ არის). კითხულობ და ხან გაოცებას გრძნობ, ხან გაღიზიანებას, ხან შურს, ხან კრიტიკოსის აზარტს, ბოლოს კი – ნამდვილ აღტაცებას. ჩვენს ჰორიზონტზე ახალი მწერალი გამოჩნდა! ის შეიძლება მეგობარი აღმოჩნდეს, შეიძლება მტერიც, მაგრამ ის უეჭველად ნიჭიერია.

აი, ასეთი გრძნობით ვკითხულობდი „ჰეკლბერი ფინს“ მეორედ. ამაოდ ვეწინააღმდეგებოდი – ბოლოს დავნებდი. როდესაც ძლიერი მაგნიტური ველის მქონე წიგნს კითხულობ, ყოველთვის ნებდები. არ შემეძლო, მომეცილებინა ის შეგრძნება, რომ ხელთ მაქვს ახალგაზრდა თანამედროვის – ოცდაათი ან ოცდათხუთმეტი წლის, საოცრად ნიჭიერი მწერლის წიგნი, რომელიც აღმოსავლეთიდან, შეიძლება, მისურიდანაც არის, და რომელსაც ეყო თავხედობა, დაეწერა ისტორიული რომანი მისისიპიზე, როგორიც იყო იგი ნახევარი საუკუნის წინ. თანაც, ეს რომანი ისე, რომ მისი საცირკო-მხატვრული ვირტუოზობისგან სული გვეკვრება. თითქმის ყოველ თავში, ფურცლებიდან, როგორც ცირკის არენიდან, სადაც ისინი თავის ტრიუკებს გვაზიარებენ, ახალ-ახალი და საოცარი პერსონაჟები ჩნდებიან. ეს მწერალი ისე ოსტატურად ფლობს კალამს, რომ მისთვის სულაც არ არის რთული, შექმნას ნებისმიერი ტიპის ადამიანი, როგორიც მხოლოდ ღმერთმა შექმნა ამერიკის შუა შტატებში. აქ არიან ლოთები და დებოშირები, ჰეკ ფინის მამის მსგავსად, რომლებსაც ტანსაცმლის სუნითაც კი იცნობ. აქ არიან ჯენტლმენებიც, მაწანწალებიც, ახალგაზრდა თავქარიანი ლამაზმანებიც, მხნე მოხუცებიც, აფორიზმებით რომ შეიარაღებულან, როგორც წინდის ჩხირებით, სულელებიც, თაღლითებიც – მართლაც კალეიდოსკოპია ღმერთისა და, უბრალოდ, ადამიანებისა, მარკ ტვენისეული მისისიპის ნაპირებზე რომ დასახლებულან.

ხელნაწერი სრულიად დიდებული იქნებოდა, ავტორი თავს რომ არ გასცემდეს, რომ იგი ჩვენი თანამედროვეა; ახალგაზრდა ამერიკელი მწერალი, რომელმაც ეს წიგნი 1884 წელს დაწერა. მისი ანაქრონიზმი ისტორიის დამახინჯებაში კი არ არის – არა, ფაქტებს, როგორც ჩანს, არ ამახინჯებს, – არამედ იმაში, რომ მას ძალზე თანამედროვე თვალთახედვა აქვს. მისი შექმნილი სცენები ძალზე წარმატებულია (ნიჭიერი ყმაწვილია!), მაგრამ მათში სხვა მწერლების გავლენა იგრძნობა. „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის“ ავტორმა აშკარად ბევრი რამ ისწავლა ისეთი დიდი მწერლებისგან, როგორებიცაა სინკლერ ლუისი (1885-1951), დოს პასოსი (1896-
1970) და ჯონ სტეინბეკი (1902-1962); მან ბევრი რამ გადმოიღო ფოლკნერისგან (1897-1962), როცა მანიაკებით დასახლებულ ველურ ჭაობებზე დაწერა, რომელთა ყოველი აზრი სისხლიანი შურისძიებითაა გამსჭვალული; ხელიდან არ გაუშვია ვონეგუტისა და ჰელერის გაკვეთილებიც, ირონიის მოქნილობასთან დაკავშირებით. თუკი მარკ ტვენი უკეთესადაც კი გრძნობდა პიკარესკული რომანის სპეციფიკას, ვიდრე სოლ ბელოუ „ოგი მარჩის თავგადასავალში“, მაინც იგრძნობა მასზე „ოგი მარჩის“ გავლენა. ზოგჯერ გეჩვენება, რომ მან, უბრალოდ, დაიზეპირა ნაწყვეტები სელინჯერის რომანიდან „თამაში ჭვავის ყანაში“ და არ გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ იქექებოდა ჯეიმს დიკის რომანში „გათავისუფლება“ და ჩემს თხზულებაშიც „რატომ ვართ ვიეტნამში?“ გამორიცხული არ არის, რომ მან საგანგებოდ შეისწავლა კინოვარსკვლავთა მანერები. იგრძნობა ჯონ უეინის, ვიქტორ მაკ-ლაგენისა და ბერტა რეინოლდსის არსებობა. ავტორმა უეჭველად უამრავი ჰოლივუდური ფილმი ნახა პატარა ამერიკული ქალაქების ცხოვრების შესახებ. მან კარგად იცოდა მისისიპის სანაპიროების დასახლებების ცხოვრება სამოქალაქო ომამდე და ფაქიზად გადმოსცა კიდეც ეს ყოველივე, მაგრამ არა ფარსის გარეშე და ფართო მომხმარებელზე გათვლით.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. ასეთი მძლავრი ტალანტის გულისთვის მწერალს შეიძლება აპატიო წარმატებისკენ ღია მისწრაფება. ბევრმა ნიჭიერმა მწერალმა გაიარა მიმბაძველობისა და სესხების პერიოდი, ვიდრე საკუთარ სტილს შეიძენდა; ხოლო პუბლიკის გულის მოგების სურვილი, მართალია, სერიოზული თემატიკისთვის სახიფათოა, მაგრამ ყოველთვის სასიკვდილო არ არის. გრანდიოზული ჩანაფიქრისა და ორიგინალური იდეის გამო – ძირფესვიანად აჩვენო სოფლის ამერიკა, მისისიპის გასწვრივ რომ მიცურავს – შეიძლება პლაგიატსაც კი შეეგუო. შეიძლება აღფრთოვანდე კიდეც ავტორის მხატვრული ფანტაზიით. ამ დამწყები რომანისტის მიერ შექმნილმა ბიჭუნა ჰეკ ფინის სახემ დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ეს პერსონაჟი არ ჯდება ჩვეულებრივ ჩარჩოებში. თანამედროვე პროზის გმირებისთვის უფრო ადვილია, ცოცხლად და მკაფიო სახეებად გამოჩნდნენ, ვიდრე კლასიკური ლიტერატურის გმირებისთვის. მაგრამ სწორედ ჰეკ ფინი ჩანს უფრო რეალური, ვიდრე დონ კიხოტი და სტენდალის ჟულიენ სორელი „წითელი და შავიდან“. მაგრამ განა ხშირად ხდება, რომ გმირი, რომანის ფურცლებზე რომ გვხვდება, ახერხებს დაგვარწმუნოს თავისი მორალური სახის ცხოველმყოფლობაში, სიუჟეტის განვითარებისას რომ მჟღავნდება?

აუცილებელია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: მომხიბვლელობის და ტალანტის გამო, „ჰეკლბერი ფინის“ ავტორს შეიძლება ვაპატიოთ გავლენა, რომელსაც ასე დაემორჩილა. მან ხომ ყოველივე ნასესხები ასე მოხერხებულად გააძლიერა და გაამდიდრა. ის კი არა, მოვუწოდებდით კიდეც ჩვენს მოყირჭებულ ლიტერატურულ საზოგადოებას, ტაში დაეკრა მისთვის, რომ არა ერთი შემთხვევა: მან დაარღვია სხვა ნაწარმოების საზღვრები და ძალზე შორს გაიჭრა – არ დაკმაყოფილდა სხვისი სტილის იმიტაციით და უბრალოდ, მთლიანად აწაპნა იგი. ვინ შეეწინააღმდეგება ფაქტს, რომ „ჰეკლბერი ფინის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ ჰემინგუეისგან არის გადაწერილი? იმას, რომ ჩვენს წინ ჰემინგუეი არ არის, მხოლოდ ერთი რამ შეგვახსენებს: მიმბაძველს, აშკარად შეშინებულს იმით, რომ ძალიან ახლოს მივიდა ორიგინალთან, თავის გვერდებზე უხვად აქვს გრამატიკული შეცდომები და დიალექტიზმები. მაგრამ ჩვენ წაკითხული გვაქვს ჰემინგუეი, ამიტომ ჩვენთვის ნათელია – ჩვენ წინ სუფთა, თუმც შენიღბული ჰემინგუეია.

„ხანდახან… მივადგებით… დავჭრით ტირიფისა და ალვის ფოთლებს და ამით დავიფარავთ ტანს. მერე ჩავაგდებთ ანკესებს და მდინარეში საბანაოდ შევცვივდებით… მერე კი ჩავსხდებით ლამიან ფსკერზე, სადაც წყალი მუხლამდეა, და ვუყურებთ, როგორ თენდება. არსაიდან ხმა… პირველი, რასაც მდინარის გადაღმა ხედავ, რაღაც მუქი ზოლია: ეს ტყეა იქითა მხარეს. მეტს ვერაფერს გაარჩევ. მერე ცაზე სადღაც ინათებს, თანდათანობით ნათელი ზოლი სულ უფრო ფართოვდება და ფართოვდება, მერე მდინარე შორს უკვე შავი აღარ არის, ოდნავ ელვარებს სინათლისგან… თანდათანობით წყალზე ჭავლს ამჩნევ, და ამ ჭავლით ხვდები, რომ ჩქარი დინება შუაზე იყოფა ჩაძირული ხის გარშემო, და ამიტომაცაა ჭავლი. მერე ხედავ, როგორ ადის ნისლი წყლის თავზე, როგორ წითლდება აღმოსავლეთით ცა და მდინარე.“ მგონი, დავამტკიცე, რომ ეს წიგნი დღესაც სიამოვნებით იკითხება. ეს ჩემი საუკეთესო კომპლიმენტია ავტორის მიმართ. როდესაც კლასიკოსებს ვკითხულობთ, უნებურად გადავაწყობთ ხოლმე მთელ ჩვენს კრიტერიუმებს და არ მოველით ისეთ სიამოვნებას, როგორსაც კარგი თანამედროვე რომანის კითხვისას. კლასიკოსები ჩვენი დღევანდელობის ჭორებისა და განსჯისგან შორს არიან და ეს ვნებს მათ. მაღალი ქულა, რასაც დღეს „ჰეკლბერი ფინს“ ვუწერთ, იმას ეფუძნება, რომ იგი შეგვიძლია შევადაროთ ბევრ საუკეთესო თანამედროვე ამერიკულ რომანს და ის მათ ფეხდაფეხ მიჰყვება – ხან ოდნავ მოუქნელად, ხან სავსებით სრულყოფილად – და ერთი ნაბიჯითაც არ ჩამორჩება უცნობი მწერლების იმ იშვიათ, არაჩვეულებრივ პირველ რომანებს, რომლებიც ათწლეულში ერთი ან ორი გამოჩნდება ხოლმე. მე „ჰეკლბერი ფინს“ ვუყურებ, როგორც პირველ რომანს, რადგან ის იმდენად ახალგაზრდა და ცინცხალია და იმავდროულად იმდენად გულუბრყვილო, რომ რისკზე მიდის – და ამის მიუხედავად, მაინც იგებს. დაბრძენებული, გამოცდილი მწერალი არასოდეს არ გარისკავდა ასე, როცა რომანი უკვე სანახევროდ მზადაა, ნებაზე მიეშვა. მაგრამ არა მარკ ტვენი.

XII_issue4_Content77

ჰეკ ფინი. ედვარდ უინძორის ნახატი. 1885 წლის პირველი ამერიკული გამოცემა

XII_issue4_Content78

ჩვენ დასაძინებლად დავწექით.

ლიტერატურული კრიტიკის ზრდილობის წესები უფლებას არ მაძლევს, მხედველობიდან გამომრჩეს ისტორიული კონტექსტი. რომანი „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ დაწერილია მეცხრამეტე საუკუნეში, და არ შეგვიძლია, მდუმარედ ავუაროთ გვერდი მის გამორჩეულ ადგილს ამერიკულ ლიტერატურაში. მე ვიტყოდი, რომ დიდი რომანის პირველი ნიშანი, ისევე როგორც მომხიბვლელი ადამიანისა, – ეს არის თითქმის ხილული მომხიბვლელობა. ბევრ წიგნს არ შეუძლია შეუქმნას მკითხველს ასეთი შეგრძნება ისე, რომ დახმარებისთვის რაიმე დიად სიმბოლოს არ მიმართოს. „ჰეკლბერი ფინში“ ეს ჩვენი მშობლიური მისისიპია – საუკეთესო მდინარე მსოფლიო ლიტერატურაში (გამონაკლისია, ალბათ, ანა ლივია პლურაბელი ჯეიმს ჯოისის „ფინეგანის აღაპიდან“), და მასზე დაშვებისას ჰეკ ფინთან და გაქცეულ მონასთან ერთად, ჩვენ გამუდმებით მძლავრი მდინარის ტყვეობაში ვრჩებით. ის რომანის კიდევ ერთი გმირია, უფრო ზეგმირი, ერთგვარი ცხადი მოჩვენება, ღმერთი, რომელიც ხან ეხმარება გაქცეულს და ბიჭს, ხან უარყოფს, ხან აპურებს, ახრჩობს, აშორებს და კვლავ ერთად შეყრის. მდინარეს, როგორც ფუგას, მიჰყავს რომანის მთავარი ხაზი – ჰეკისა და გაქცეული მონის, ჯიმის ურთიერთობა, რომლის მხოლოდ სახელიც ამერიკული მონათმფლობელობის არსს მოიცავს, რადგან ის არ არის უბრალოდ ჯიმი, არამედ უცვლელად – ზანგი ჯიმია. მეგობრობა და მიჯაჭვულობა, გაქცეულებს – თეთრკანიანს და შავკანიანს რომ აკავშირებს, გაქცეულებისა და მდინარის დამოკიდებულების მსგავსია, რადგან აქ არის ვერაგობა და მზრუნველობა, განშორება და შეხვედრა. აი, რატომ ეხება ეს წიგნი ჩვენი სულის უფაქიზეს სიმებს, სადაც თანაგრძნობასთან შეხმიანებული ირონია ასე სასიკეთოდ მოქმედებს ჩვენს ყველაზე სანუკვარ გრძნობებზე.

„ჰეკლბერი ფინის“ კითხვისას კვლავ ხვდები, რომ ნახევრად ჩამწვარი, ყავლგასული, თითქმის ჩამქრალი მტრობა თეთრებსა და შავებს შორის ჯერ კიდევ რჩება საჭირბოროტო საკითხად, და ვაი ჩვენ, თუკი ის გადაიჭრება ურთიერთსიძულვილით და უბედურებით. ჰეკ ფინთან ერთად მისისიპზე მოგზაურობისას ჩვენ გადავდივართ იმ ბედნიერ დროში, როცა რომანი თეთრებსა და შავებს შორის ის-ის იყო იწყებოდა და გვეჩვენებოდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. როგორ აღელვებს ხსოვნას ეს ყველაფერი! განა დიდებულება იმ მარადიულ ღირებულებებში არ არის, რაც ჩვენს ხსოვნაში ცოცხლობს, თუმცა იმედები უკვე დაკარგულია და ვნება უკვე ჩამცხრალი?! დემოკრატიული საზოგადოება მუდამ მოელოლიავება იმედს, რომ ჩვენი მდიდარი სიყმაწვილე ისევ დაგვიბრუნდება და ამჯერად უკეთ განვკარგავთ მას.

„ჰეკლბერი ფინის“ უშრეტი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ეს წიგნი დაგროვილ სიმძიმეს გვაცილებს და დემოკრატიის დიდებულ, სულისშემკვრელ მთავარ იდეას შეგვახსენებს. დაე, იბობოქრონ ვნებებმა და სიხარბემ, ახირებებმა და ბოდვებმა, იდეალიზმმა და ანგარებამ, იმედებმა და ბიწიერებამ, – სამყარო მაინც უკეთესი გახდება, რადგან ჩვენში, მოკვდავებში, ისევე როგორც ჩვენს საქმეებში, სიკეთე მეტია, ვიდრე ბოროტება. მარკ ტვენს, დემოკრატიის იდეის განსახიერებას, ეს კარგად ესმოდა და ამას აქსოვდა თავისი კალმიდან გამოსულ თითოეულ სიტყვაში.

XII_issue4_Content79

ჯიმმა მკვდარი ადამიანი დაინახა.