ფიქრები ფოტოგრაფიაზე

სთივენ ჰაიგერი 

XII_issue4_Content97

სიუზან ზონტაგი 

„ყველაფერი საუკეთესო, რაც კი ფოტოგრაფიის შესახებ დაწერილა, მორალისტებს ეკუთვნის, – ამბობს სიუზან ზონტაგი, – ისინი პირდაპირ შეპყრობილნი იყვნენ ფოტოგრაფიით, მაგრამ ვერ შეგუებოდნენ მის სწრაფვას სინამდვილის აუტანლად ლამაზად წარმოჩენისაკენ“. თავად ზონტაგიც მორალისტი გახლდათ. 

ამერიკაში სულ თითზე ჩამოსათვლელად არიან კრიტიკოსები, რომელთა დუმილიც მხატვრულ შემოქმედებას დააზარალებდა. მათ რიცხვშია ზონტაგიც. მისი წიგნი „ფოტოგრაფიის შესახებ“ არც ისტორიული ნაშრომია და არც მოთხრობები ფოტოგრაფთა ცხოვრებაზე. როგორც სათაურიდან ჩანს, ის, უბრალოდ, ავტორის ფიქრებია ფოტოგრაფიის რაობაზე. ზონტაგის წიგნი ძალზე დროულად და სწორედ კრიტიკულ მომენტში გამოვიდა. ფოტოგრაფებს შორის ახლა ზუსტად ისეთი კრიზისი შეინიშნება, როგორიც მხატვრებს შორის იყო 1960-იან წლებში. თუ ადრე ფოტოგრაფიას ხელოვნებად არ მიიჩნევდნენ, ახლა მას გადაჭარბებულად აფასებენ და ათასნაირად აანალიზებენ. ფერწერის მსგავსად, მანაც შეიძინა თავისი გმირები და დამფასებლები. თუმცა ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი ნათქვამი რეალურ სამყაროზე ფოტოგრაფიის გავლენის შესახებ – იმაზე, თუ როგორ შეცვალა მან ჩვენი წარმოდგენები, საზოგადოებრივი ურთიერთობები, სინამდვილის ჩვენეული აღქმა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტებია, რომლებიც ფოტოკრიტიკის სამყაროს აჩრდილივით თან სდევს და ძალზე იშვიათად გვევლინება დავის საგნად, მიუხედავად იმისა, რომ ფერწერამ კი არა, სწორედ ფოტოგრაფიამ მოგვცა გარესამყაროსა და საკუთარი თავის უშუალო ხილული გამოსახულება.

XII_issue4_Content98

სიუზან ზონტაგი, „მექსიკური ოჯახი მანჰეტენზე“ 

ზონტაგის მოსაზრებათა არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფოტოგრაფია ხელოვნება არ არის. ის ენაა – გამოხატვის ნეიტრალური საშუალება, ის საღებავია ტილოზე, მაგრამ არა – სურათი. „ენას იყენებენ სამეცნიერო ტრაქტატების, სამსახურებრივი განკარგულებების, სასიყვარულო ბარათების, კულინარიული რეცეპტების დასაწერად – აღნიშნავს ზონტაგი, – ენით ისე შეიძლება აღწერო პარიზი, როგორც ეს ბალზაკმა გააკეთა. ფოტოგრაფიის საშუალებით კი შეიძლება პასპორტის სურათის, მეტეოროლოგიური კადრის, პორნოგრაფიული სურათის, რენტგენის, საქორწინო პორტრეტის გადაღება და პარიზის წარმოჩენა ფოტოგრაფის თვალით“. 

ფოტოგრაფია ჭეშმარიტად ყველაფრისმჭამელია და მისი ეს თვისება კანიბალიზმამდე მიდის. მას ყველაფრის მონელება, მთელი სამყაროს შთანთქმა ძალუძს გამოსახულებების, არსებითი სახელებისა და ზმნების (სასვენი ნიშნების გარეშე) დაუსრულებელ სერიად სინამდვილის გადაქცევით. 

და ყველაფერი ეს უკვე არაერთგზის მომხდარა. ვერაფერი დაემალება ცნობისმოყვარე ობიექტივს. სამყაროს შთანთქმის პროცესი ჩქარდება, ფოტოკამერა ჩვენს პროტოტიპებს წარმოგვიდგენს. „უბრალოდ, რეალობის ასახვის ნაცვლად, – წერს ზონტაგი, -ფოტოგრაფია ობიექტების იმგვარად წარმოჩენის საშუალებად იქცა, როგორადაც ისინი ჩვენ წარმოგვიდგენია. სხვანაირად რომ ვთქვათ, მან თვით რეალობისა და რეალიზმის არსი შეცვალა. და მაინც, ფოტოსურათი გამონაგონია, ვინაიდან რეალობა დროთა განმავლობაში მჟღავნდება, ფოტო კი – არასოდეს.
„ფოტოგრაფიის წყალობით, – აგრძელებს ზონტაგი, – სამყარო არაერთგვაროვანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილაკების სერიად წარმოგვიდგება… სინამდვილის ამგვარად ასახვა ურთიერთკავშირსა და მთლიანობას გამორიცხავს, მაგრამ ყოველ ცალკეულ მომენტს იდუმალების საბურველში ახვევს. ფოტოგრაფია გამოკვეთს, მაგრამ არ მოგვითხრობს. მკაცრად რომ ვთქვათ, ფოტოსურათი, თავისთავად, ყველასთვის გაუგებარია. გასაგები მარტო ისაა, რასაც ის მოგვითხრობს“.
აქ ზონტაგის მოსაზრება გადაჭარბებულად შეიძლება მოგვეჩვენოს. თუ გაგება მხოლოდ თხრობით მიიღწევა, მაშინ არც ერთ სტატიკურ გამოსახულებას, გამოქვაბულების კედლებზე დახატული ცხოველებით დაწყებული და პიკასოს ცხენით (ნახატიდან „გერნიკა“) დამთავრებული, გაგება არ უწერია, რადგან ისინი უტყვია. ზონტაგი დიდად არ იზიარებს ე.წ. „თანაგრძნობის ფოტოგრაფიის“ იდეას. მას მიაჩნია, რომ მასობრივი განადგურების უამრავი მსხვერპლი, მოშიმშილე აფრიკელი ბავშვები, ცეცხლმოდებული ვიეტნამელი თვითმკვლელები – „უსულგულო“ ობიექტივის მთელი ეს პროდუქცია, რომელიც ადამიანთა ტანჯვას გადმოსცემს, საბოლოო ჯამში, აჩლუნგებს ჩვენს შეგრძნებებს. მართალია, ეს ფოტოები თავიდან სინდისის ქენჯნას გვაგრძნობინებს, მაგრამ მერე, როდესაც მათი რიცხვს ბოლო აღარ უჩანს, უკვე გულგრილობა გვიპყრობს. ამაში არის სიმართლე, მაგრამ არა – სრული სიმართლე. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ უკვე მეტისმეტია სხვის საქმეში ამდენი ჩარევა და თვალთვალი, მაინც ფოტოგრაფიამ, პრესასთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ვიეტნამის ომის დასრულებაში. ინგლისში რომ 1916 წელს უსაშველოდ გაწელილი სანგრების ომის წინააღმდეგ მოძრაობა არ დაიწყო, გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ ომის საშინელების ამსახველი ფოტოსურათი ცოტა იყო.

XII_issue4_Content99

უოკერ ევანსი, „დიდი დეპრესია“ 

თავისი წიგნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თავში ზონტაგი ფოტოგრაფიის ფრაგმენტული ხასიათით განპირობებულ ასეთ მოსაზრებას მოიხმობს: „ფოტოკამერა ადამიანს აქცევს ტურისტად, რომელიც ექსკურსანტივით ჯერ სხვის რეალურ სამყაროს ათვალიერებს, ხოლო შემდეგ – საკუთარს“. ფოტოგრაფიის მიერ შობილი ეს სინამდვილე ფოტოგრაფებს სიურრეალისტებად აქცევს, ამტკიცებს ზონტაგი. აქ იგი პეიზაჟის მოლივლივე საათთან ბანალურ შედარებას კი არ გულისხმობს (სალვადორ დალის სურათზე ნართაულით), არამედ გამოხატვის ფორმებს, რომლებიც თავისი გათიშულობით, შეუთავსებლობითა და ფორიაქით გვაოგნებს. თანამედროვე თვალისთვის ფოტოგამოსახულებათა პანორამა იგივეა, რაც 50 წლის წინ სიურრეალისტებისთვის კოლორიტული ძველმანების ბაზარი იყო – არაერთგვაროვანი საგნების უსასრულო
ქაოსი, უსისტემო სამყარო, რომელიც თავისი პათოსით, ნოსტალგიითა და ფარული ოცნებით სოციალურ სამართლიანობაზე რეალურ სამყაროს არ ჩამოუვარდება. ამ გაგებით ფოტოგრაფია გარკვეულწილად ხორხე ლ. ბორხესის „ალეფს“ შეიძლება მივამსგავსოთ. ცხადია, ძნელია წარმოიდგინო, რომ ფოტოგრაფები ყველაფერში დაეთანხმებიან სიუზან ზონტაგს, თუმცა ეს არ აკნინებს მისი წიგნის ღირსებებს, რომელიც აფორიაქებს მკითხველს და მის თვალწინ ჩვენი კულტურის სულ ახალ და ახალ მიღწევებს წარმოაჩენს. და აქ შეიძლება ცნობილი ამერიკული ანდაზის პერიფრაზიც – მის სიტყვებს ყველანაირი ფოტოსურათი როდი გადაწონის.

XII_issue4_Content101       

 XII_issue4_Content102

      ირვინგ პენი, „საოჯახო პორტრეტი“ 

XII_issue4_Content103

კიმ ვანდივერი, „ტყვია ფორთოხალში“ 

XII_issue4_Content104     

ჰირო''ჰიპნოტიზმი''

   XII_issue4_Content105

რიჩარდ ავედონი, სტრავინსკის უკანასკნელი პორტრეტი 

XII_issue4_Content106     

ჰაროლდ ეჯერტონი,''რძის წვეთის შხეფები''   

 XII_issue4_Content107

XII_issue4_Content108

არტ კეინი, „ამერიკის დროშა“, 1962 

XII_issue4_Content109

ჯეიმს კარალეს, „სვლა სელმასკენ, ალაბამა“, 1965 

XII_issue4_Content110

ბალოკ უინი, „ბავშვი ტყეში“, 1951

XII_issue4_Content111

რიჩარდ ჰოროვიც ი, „პომადის რეკლამა“, 

XII_issue4_Content112

თომას სენეტი, „ბეისბოლისტი“, 1975

XII_issue4_Content113

რობინ პერი, „მზისკენ“, 1972 

XII_issue4_Content114

არტურ ბეკი, „კამეა“, 1973 

XII_issue4_Content115

ფლიპ შულკე, „წყალქვეშა მოდა“, 1972