მაილს დევისი
ამირი ბარაკა
ამირი ბარაკა, ადრე ლეროი ჯონსის სახელით ცნობილი პოეტი, დრამატურგი, პროზაიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რამდენიმე პუბლიცისტური ნაშრომის ავტორია, მათ შორის წიგნებისა: „ბლუზის ადამიანები: შავკანიანების მუსიკა თეთრ ამერიკაში“(1963) და „შავკანიანების მუსიკა“(1968) – ნარკვევებისა და რეცენზიების კრებული ჯაზის შემსრულებლებისა და მათი კონცერტების შესახებ. ბარაკა დაიბადა 1934 წელს ნიუარკში, ნიუ ჯერსის შტატში.
მრავალი წლის განმავლობაში მაილს დევისი, როგორც მუსიკოსი და ადამიანი, ჩემი კერპი იყო. განსაცვიფრებელია, რამდენად დიდი გავლენა იქონია მან ჯაზსა და ჯაზმენებზე. მაილს დევისი, კომპოზიტორი და მუსიკოსი, ორმოც წელს რჩებოდა ამერიკული მუსიკის აფრიკული მიმართულების ცენტრში – ორმოც წელიწადს – დაწყებული 1944 წლიდან, როდესაც ისტ სენტ ლუისიდან (ილინოისის შტატი) ნიუ იორკში გენიალური საქსოფონისტის, ჩარლი პარკერის მოსაძებნად და ჯულიარდის პრესტიჟულ კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ჩამოვიდა.
თუმცა დევისს თავისი შემოქმედებით მხოლოდ ჯაზზე არ მოუხდენია გავლენა. თანამედროვე ევროპელ და ევროპელ-ამერიკელ კლასიკური მუსიკის კომპოზიტორებსა და მოყვარულებს შორის იგი თითქმის ისევეა ცნობილი, როგორც ჯაზის სამყაროში. მან, ჯაზმენთაგან პირველმა, მიიღო ზონინგის დანიური პრემია განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისათვის. ბლუზის, როკის, რეგეის, სპირიჩუელსის, ნეოკლასიკის, ნეორომანტიზმისა და მრავალი სხვა ჟანრის მიმდევრები იცნობენ დევისის მუსიკას და გამორჩეულად მგრძნობიარე მსმენელებს მისი გავლენა საკუთარ თავზეც გამოუცდიათ.
დევისს კოლეგები ხელოვნების ყველა სფეროში უმაღლესი დონის შემოქმედად მიიჩნევენ. ჩემს თაობაში ძნელია იპოვო ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი – მწერალი, მხატვარი, მოცეკვავე – რომელსაც ამ მესაყვირის შესახებ არაფერი სმენია. ძნელია იპოვო მათ შორის ის, ვის შემოქმედებაშიც არ ასახულა მისი მუსიკა. მოქანდაკეები და მხატვრები მუშაობის დროს მისი ეტიუდის, All Blues-ის ჩანაწერს უსმენდნენ, ხოლო “Sketches of Spain”-ისა და “Round about Midnight”-ის საფუძველზე საცეკვაო ნომრები იქმნებოდა. არაერთი საბეჭდი მანქანა ხმაურობდა მთელი ღამე მისი მელოდიების – “Walkin’”-ისა და “Steamin’” -ის და მათ მიერ სიბნელიდან გამოხმობილი მარტოსულობის ესთეტიკის თანხლებით.
ამ და სხვა მიზეზების გამო ჩემთვის მისი გაცნობა, საუბარი და მასზე წერა მაცდუნებელი პერსპექტივა იყო. ახლაც მახსოვს 1960 წლის საღამო, როცა მე, 25 წლის ბიჭი, რომელიც ცდილობდა ჯაზის კრიტიკოსი გამხდარიყო და არ ჰქონდა არანაირი რეკომენდაცია, ნიუ იორკში, გრინვიჩ-ვილიჯში გავემგზავრე, სადაც კლუბ „Village Vanguard“-ში მაილს დევისი უკრავდა.
აღარ მახსოვს, რომელ ბენდთან ერთად იყო ის მაშინ, თუმცა ვიცი, რომ გენიალური ტენორ-საქსოფონისტი ჯონ კოლტრეინი მასთან უკვე აღარ უკრავდა. საქსოფონზე ჰენკ მობლი იყო, რომელიც ადრე ნიუარკში გავიცანი.
კულისებში, დიდ ოთახში, რომელიც ახლაც ხელოვანთა საგრიმიოროა, მუსიკოსები ისხდნენ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ფრაზებს ესროდნენ ერთმანეთს. დევისი შორეულ კუთხეში იჯდა. როცა ჩემი მოკრძალებული თხოვნა მოისმინა, ხელი უარყოფის ნიშნად გაიქნია და ჩაიბუტბუტა, არავისთან არ მსურს საუბარიო.
უარით გაბრაზებულმა შევუღრინე და ახალგაზრდული სიფიცხით განვუცხადე, ცნობილი კრიტიკოსი რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, საუბარი მოგინდებოდათ-მეთქი. ახლა, სასტუმრო „United Nations Plaza“-ს მდიდრულ, სარკეებით მორთულ ბარში შესვლისას, ეს ძველი ისტორია გამახსენდა, მაილსთან დანიშნულ ინტერვიუზე ვფიქრობდი და მეღიმებოდა. გაახსენდება 1960 წელი?
ახლაც ვხედავ – მომხიბვლელი გარეგნობის, ჯოხზე დაყრდნობილი, მაგრამ მაინც მოხდენილად მომავალი, ნაცნობ ოფიციანტებს ელაპარაკება და პირველი აზრი, რომელმაც გამიელვა, ის იყო, რომ მაილს დევისი, რომელიც 1986 წელს სამოცის შესრულდა, სწორედ ისე გამოიყურება, როგორც მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი უნდა გამოიყურებოდეს. მისი კოსტიუმი წინასწარ მოფიქრებულია და ოსტატურად უსვამს ხაზს დევისის განსხვავებულობას გარშემომყოფთაგან. შავი, მოყავისფროდ მოელვარე ტყავი დღესაც აფრიკული ესთეტიკის საოცრებად რჩება. მაშინვე მისი ძველი მეტსახელი მახსენდება: „შავი პრინცი“. ოქროსბუნიკიანი ხელჯოხი ელეგანტურ იერს აძლევს: იმის მაგივრად, რომ გამოკვეთოს სიკოჭლე, რის გამოც ჯოხს ყიდულობენ, პირიქით, მისგან ყურადღება გადააქვს. დევისს ჩალის შავი, ჩინებული ქუდი ახურავს, აცვია სამხედრო სტილის შავი ქურთუკი, განიერი შავი შარვალი და ამავე ფერის ფეხსაცმელი, ამ ყველაფერს კი ძვირადღირებული სათვალე და ხელჯოხი აბოლოებს. დევისის ძველ თაყვანისმცემლებს ყოველთვის მოსწონდათ მისი ტანსაცმელი: ყურებზე ჩამოფხატული ქუდი, ღილებიანი მწვანე პერანგი და მუქი სათვალე ალბომების ყდებზე. თუმცა, როდესაც „Fusion“-ის სტილის მუსიკამ („Cool Jazz“-ის შერწყმა „რითმ- ენდ-ბლუზთან“) გაიტაცა, უცნაურად დაიწყო ჩაცმა. ეს ნამდვილად საინტერესოა დევისის მთელი ესთეტიკის აღსაქმელად.
– მუსიკოსის გარეგნობას წითელი ფერი განსაკუთრებულ ინტერესს ანიჭებს, – მითხრა მან შემდეგ, – როცა
ამ ფერის ტანსაცმელი გაცვია, მაყურებელი აღფრთოვანებულია შენით, თუნდაც არაფერი გააკეთო,
თუნდაც ცუდად დაუკრა. მე ვერ ვუკრავ, თუ არ მომწონს, რაც მაცვია.
ერთხელ რიჩარდ რაიტმა თქვა, შემოქმედი ადამიანები და ინტელექტუალები წინ უნდა უსწრებდნენ ეპოქას,
კარგად ესმოდეთ საკუთარი თავის, დროის შეგრძნება უნდა ჰქონდეთო. ასეთად დავინახე მაილს დევისი ჩვენი
საუბრის დღეს. იმ საღამოს, როდესაც ჯაზ-კლუბი „Blue Note“ თავის იუბილეს და დიზი გილესპის დაბადების დღეს აღნიშნავდა, ამ უკანასკნელმა მითხრა, დევისმა „თითქოს ფიცი დადო, რომ არასდროს არაფერში განმეორდესო“. თავად დევისი ხშირად იმეორებს, რომ შეცვლის მოთხოვნილება თითქოს წყევლასავით ახრჩობს. მაგრამ ამ მოთხოვნილებაში ვლინდება ის გულისხმიერება, რომლითაც გარე სამყაროს აკვირდება. სამყარო კი მუდმივად მოძრაობს. დევისი ჯდება. ხელს ვართმევთ ერთმანეთს.
– გამოუცნობი ადამიანი.– ამბობს ის.
მე – გამოუცნობი? ნამდვილად ვერ მიხვდები, როგორ ხედავენ ადამიანები ერთმანეთს დროის და სივრცის
მიღმა.
ის სრულებით არ ჰგავს ქედმაღალ სნობს, როგორც მას ხშირად ახასიათებენ. პირიქით, ჩუმი, ზრდილობიანი ადამიანია მშვენიერი იუმორის გრძნობით. ვუსმენ, როგორ ეხუმრება ოფიციანტებს და შემწვარ თევზს სოდიან წყალს აყოლებს.ვუთხარი, ინტერვიუსთვის ერთი საათი საკმარისია-მეთქი. ადამიანების უმეტესობას არ უყვარს გრძელი ინტერვიუები და მეც მათ შორის. თან მეჩვენებოდა, რომ ამ წლების განმავლობაში ისედაც ბევრი გავიგე მაილს დევისზე.
მაგრამ, როდესაც მის პირისპირ აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ უამრავი კითხვის დასმა მინდოდა. მესმოდა, რომ მათ დიდ ნაწილს ვერ დავუსვამდი სულში შეღწევის გარეშე იმ ადამიანს, რომელმაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება განსაზღვრა.
როგორ მივიდა ალბომებამდე “The Man With A Horn” და “Star People”, რომლებიც საერთოდ არ მომწონს? რამ ჩამოაგდო ის “Oenithology”-ს, “Venus de Milo”-ს და სხვა შედევრების მწვერვალებიდან ბოლო კომპოზიციების გადატვირთულ, მონოტონურ, მკვეთრ ჟღერადობამდე?
საუბრის მსვლელობისას, თანდათან ვხვდებოდი ამ კითხვებზე პასუხებს და არა იმიტომ, რომ ჩემი გაოცება გამოვხატე: უკვე ვიცოდი, რომ მისი ბოლო ალბომები: “You're Under Arrest” და “Decoy” – ტექნიკური და ესთეტიკურ-ემოციური თვალსაზრისით, მის ოსტატობასთან აშკარა დაბრუნებაა. ეს განსაკუთრებით ეხება პიესა
Decoy-ის, რომლის მიხედვითაც ეწოდა სახელი ამ ალბომს.
საუბარი გრძელდებოდა (ჩვენ ოთხ საათს ვსაუბრობდით) და სულ უფრო ნათლად მესმოდა ბოლო წლების განმავლობაში მისი შემოქმედებითი განვითარების მექანიზმი. გონებაში დევისის მუსიკას ვუბრუნდებოდი.
მახსოვს დიზი გილესპის სიტყვები:
– რა შეიძლება ითქვას მაილსზე? ის ხომ მუდმივად იცვლება… არასდროს იცი, რას შეიძლება მისგან ელოდე. გარდა ამისა, არის მასში რაღაც…
– ჯადოსნური… – კარნახობს რომელიღაც ახალგაზრდა მუსიკოსი.
– არა, არა, რაღაც სხვა სიტყვა არსებობს, – ამბობს გილესპი.
– მისტიკური, – სცადა გამოცნობა მუსიკოსმა.
– დიახ, სწორედ! რაღაც მისტიკური. მისტიკური მიმზიდველობა…ამასთან ის თანამედროვეობის საუკეთესო მუსიკოსია. პლუს, – და გილესპი იცინის, – პლუს მას უამრავი, უამრავი ფული აქვს.
მარცხნიდან: ჯონ კოლტრეინი, ჯულიან ედერ ლი, მაილს დევისი, ბილ ევანსი
მოკლედ და კონკრეტულად. დიზის სტილში. დევისი მუდმივად მოძრაობს, მას მისტიკური მომხიბვლელობა აქვს, რომელიც ხანდახან ჩრდილავს მის შემოქმედებით გენიას, თუმცა ის, რასაკვირველია, ამ მუსიკალური გენიითაა წარმოშობილი და არა მხოლოდ მასზე შექმნილი ლეგენდებით. გარდა ამისა, დევისმა, რომელიც თითოეულ კონცერტში 30-50 ათას დოლარს იღებს, საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვა თავისი დღეგრძელობისა და „საუკეთესოს“ ტიტულის წყალობით.
მის მუსიკაში ყოველთვის ვგრძნობდი სიმარტოვესა და დაუცველობას, თითქოს ვიღაც, მარტოსული და ელეგანტური, ხანდახან ქედმაღალიც, ჩრდილივით მიცოცავდა ღამეში. თვითონ რას ფიქრობს თავის მუსიკაზე, ჩარლი პარკერთან თანამშრომლობით გამოშვებული პირველი ფირფიტებიდან მოყოლებული ბოლო ცვლილებებამდე?
– ყოველთვის გაშმაგებულები ვუკრავდით, – ამბობს დევისი, – ისეთი ტემპით, რომ მსმენელები ვერ ასწრებდნენ ზუსტად გაეგოთ, რას ვუკრავდით. ტრ-რ-რამ! და დამთავრდა! მე კი მეჩვენებოდა, რომ მსმენელებს უფრო საფუძვლიანი რამ სურდათ, ერთგვარი ათვლის წერტილი.
1945-49 წლებში 52-ე ქუჩაზე პარკერთან მუშაობას იხსენებს, როცა პირველი ექსპერიმენტების შემდეგ ჩრდილოეთ მანჰეტენში მშფოთვარე ბიბოპმა სვინგის ავანგარდს შეუტია. ბიბოპი ორმოციანი წლების სვინგის ფორმალურ არანჟირებას უმხედრდებოდა. ის ყურადღებას ამახვილებდა პატარა ჯგუფებზე, იმპროვიზაციაზე, აფრიკული პოლირითმიის გაცოცხლებასა და ბლუზის დომინირებაზე. ამ იერიშს ხელმძღვანელობდნენ მუსიკის ისეთი ბურჯები, როგორებიც იყვნენ პარკერი, გილესპი, თელონიუს მონკი, ბად პაუელი და კენი კლარკი.
მაილს დევისი მაშინ ახალგაზრდა ინტელექტუალი იყო კარგი ოჯახიდან, რომელიც სწავლობდა მუსიკის უახლეს მიმართულებებს და, ამავე დროს, საკუთარი გარემოს
–კონსერვატორი, განათლებული მიწათმფლობელების
– ესთეტიკურ შეხედულებებს ინარჩუნებდა. დღისით ჯულიარდის კონსერვატორიაში მეცადინეობებს ესწრებოდა, საღამოს კი გენიოს, მაგრამ სოციალური სტატუსით მისთვის სრულიად შეუფერებელ ჩარლი პარკერთან ატარებდა დროს. ორივენი დევისის მამის, ისტ სენტ ლუისელი სტომატოლოგის გამოგზავნილი
ფულით ცხოვრობდნენ.
– მაშინ მეგონა, ნიუ იორკში მხოლოდ ავანგარდისტები ცხოვრობდნენ, – ამბობს დევისი.– როცა ჩამოვედი, მეგონა, რომ აქ ყველა ისე უკრავს, როგორც დიზი!
როცა ვკითხე, როგორ მიხვდი, რომ მუსიკა უნდა აგერჩია შენს ძირითად საქმიანობად და მაინცდამაინც საყვირზე დაგეკრა-მეთქი, მოსალოდნელი პასუხი მივიღე, თუმცა მისმა აბსტრაქტულმა ლოგიკამ მაინც საგონებელში ჩამაგდო.
– მესაყვირეები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ,
– მითხრა მან. – მომწონდა, როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ უკრავდნენ. მინდოდა, მეც მათ დავმსგავსებოდი. ზუსტად ასე დამეჭირა საყვირი, ვმდგარიყავი იმავე პოზაში და საყვირში ჩამებერა.
გამახსენდა, თავად როგორ ვბაძავდი დევისს, როცა შორეულ ორმოცდაათიან წლებში საყვირზე დაკვრას ვსწავლობდი და ყველგან ტყავის ბუდეში ჩადებული ინსტრუმენტით დავდიოდი.
– ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ მიჭირავს საყვირი,
– მიხსნის დევისი, რომელიც თექვსმეტი წლის ასაკიდან პროფესიონალებთან ერთად უკრავდა. – როდესაც მეგობრებთან ერთად სენტ-ლუისში მივდიოდი ნამდვილი მუსიკოსების სანახავად, საყვირის დაჭერის მანერით ვიგებდი, თუ რომელი იყო საქმის ოსტატი. ვისაც საყვირის სწორად დაჭერა არ შეუძლია, ის ვერც დაუკრავს.
ბიბოპის პერიოდის ფოტოებზე დევისს ნიუ იორკული, ფართო, ხალვათი კოსტიუმები აცვია, ხვეული თმა გასწორებული აქვს, გვერდით კი „Bird“ (ჩიტი) პარკერი უდგას. დევისის მაშინდელი მუსიკალური „ჩავარდნები“ ისტორიაში შევიდა, მაშინ როცა პარკერის საოცრად მკაფიო შესრულება მუსიკალურ სტრატოსფერომდე
აღწევდა და ზოგჯერ მის საზღვრებსაც სცილდებოდა. დევისი სრულიად განსხვავდებოდა მისგან: ახალგაზრდა, მშფოთვარე და ამავე დროს ლირიკული ყოველთვის მისთვის დამახასიათებელი კითხვისმაგვარი ინტონაციით
ჟღერდა.
გარკვეული დროის შემდეგ დევისი შეუერთდა გილ ევანსს, ჯერი მალიგანსა და რამდენიმე თეთრკანიან მუსიკოსს, რომლებსაც იზიდავდათ ევანსის არანჟირება კლოდ თორნჰილის ორკესტრისთვის. ევანსის მშვიდმა, მდიდარმა ჰარმონიებმა და ელინგტონის სტილში სასულე და ჩასაბერი საკრავების გამოყენების მისმა
ნოვატორულმა ხერხმა დიდი გავლენა იქონიეს დევისზე. რამდენიმე, როგორც კომერციულად, ისე
ხელოვნების მხრივ ფრიად წარმატებულ ნაწარმოებში, მათ შორის, “Sketches of Spain”-სა და “Porgy and Bess”-ში ფართოდაა გამოყენებული ევანსისგან გადაღებული არანჟირების პრინციპები. მოგვიანებით გამოჩნდა ალბომი “The Birth of The Cool”. ის ექვსი ფირფიტისგან შედგებოდა და დევისისა და ევანსის თანამშრომლობის პირველ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენდა, რომელიც რამდენიმეშემსრულებლიან მუსიკალურ ჯგუფზე მორგებულ სიმფონიურ მიდგომას იყენებდა. და მაინც, ჩემთვის ხელოვნების უმაღლეს მიღწევად და დევისის ოსტატობის განუმეორებელ დასტურად “Venus de Milo”, “Move”, “Godchild”, “Budo”, “Darn that Dream” რჩება.
ვკითხე, რატომ გადახვედი მძვინვარე, გააფთრებული ბიბოპიდან მშვიდ „ქულზე“, რომელმაც მუსიკაში, საზოგადოებასა და ბიზნესში ახალი მოვლენები შვა-მეთქი. დევისმა მიპასუხა, თორნჰილის მუსიკამ იმიტომ მიმიზიდა, რომ მჭირდებოდა უფრო მელოდიური საწყისი, ჰარმონიული ფონი, რომლის საფუძველზეც მისი უბრალო ხმა ელეგანტურ განმარტოებას გამოხატავდა და შექმნიდა იმ პიროვნების სახეს, რომლისთვისაც გაგებაც და თვითგამოხატვაც მარტივიაო.
არის რაღაც, რაც დევისის მუსიკაში, რომლის ბგერაც საშუალო რეგისტრში მსუბუქად ვიბრირებს, თითქოს ჩახშულია, სამაგიეროდ, ის კარგად ჩანს დრამატულ, უხეშ, მიწიერ რიტმებში. ეს ჩახშობილი დაძაბულობა კარგად ვლინდება მისი საყვირის მოკლე ჩანართებში, როდესაც დაუკრავს ან შეწყვეტს დაკვრას, გაისვრის, გაწელავს, წაიმღერებს, წაიჩურჩულებს ერთ-ორ ნოტს, ის ასხივებს სინათლეს, გამოხატავს გონიერებას, სინაზეს, პატივისცემას, აღფრთოვანებას. მისი სოლო შესრულება აგრძელებს რიტმს და ამავე დროს ნაწილებად ყოფს მას.
დევისთან საუბრის შემდეგ ვნახე “Decoy”-ის ვიდეოჩანაწერი და „კოლამბია რეკორდსის“ მიერ გადაღებული ინტერვიუ. ამ კომპანიასთან ის 50- იანი წლების შუა პერიოდიდან მუშაობს. ორივე ფირი წარმოდგენას იძლევა დევისის წარსულის მიდრეკილებებსა და აწმყოს გატაცებებზე.
ვიდეოფირზე დევისი განზრახი გადაჭარბებით უკრავს, ტუჩებს ილოკავს. თითქოს ნელა ტრიალდება და მისი საყვირიდან კომპიუტერით შექმნილი ფიგურები გამოდის, რომელიც ასე ჰგავს მის მუსიკალურ ნახატებს. ინტერვიუში დევისი მისთვის დამახასიათებელი სიცხადით და თავშეკავებული იუმორით ამბობს, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტ თეთრკანიან ჯაზმენს ქირაობს, თუმცა ადრე ეს შავკანიანი მუსიკოსებისა და თაყვანისმცემლების უკმაყოფილებას იწვევდა. ამიხსნა, რომ უნდა „დღევანდელი მუსიკა დაუკრას“. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მას ხშირად უთქვამს მუსიკოსებისთვის, შავკანიანებისთვისაც და თეთრკანიანებისთვისაც: „დაუკარი არა ის, რაც შეგიძლია, არამედ რაც გესმის“.
– თეთრკანიანი მუსიკოსები, ჩვეულებრივ, ზედმეტად გამოწვრთნილები არიან, შავკანიანები კი ზოგჯერ არასაკმარისად მომზადებულნი, – მიხსნის ის – შავკანიან მუსიკოსს ინდივიდუალური ბგერა აქვს, მაგრამ, თუ გინდა, საერთო ჟღერადობა სწორი იყოს, შემოიყვანე თეთრკანიანი და მუსიკაში გრძნობაც იქნება და ფაქტურაც. სხვადასხვანაირად იჟღერებს – სწრაფად, ნელა, მხიარულად, ტალღისებურად, გაწელილად – და მეტი შესაძლებლობა გექნება. თეთრკანიანებსაც შეუძლიათ მთელი გულით დაკვრა, მაგრამ კლასიკური განათლების შემდეგ მათ უფრო ფართო აუდიტორიისთვის დაკვრის სწავლა სჭირდებათ. ანუ, იმის სწავლა, თუ როგორ უნდა დაუკრან ისე, რომ საკუთარი ტექნიკა წინ არ წამოსწიონ. მე მათ ვეუბნები: „თუ მუდმივად ივარჯიშებთ, ცუდად დაუკრავთ“.
დევისი მიამბობს, როგორ „უსმენს თავის გრძნობებს, როდესაც უკრავს“ და როგორ უყვარს დაკვრა.
– ყოველდღე ვუკრავ ბლუზს… ჩემი სული რიტმითაა სავსე. მიყვარს რიტმული შეფერხებები, წყვეტილი
რიტმი, ნათელი, ბრწყინვალე მელოდიები, სინთეზატორის აკორდები. მე „იამაჰა DX 7“-ზე ვუკრავ. ის აბსოლუტურად ცვლის შემოქმედებასთან დამოკიდებულებას. მასზე დაკვრის დროს თითქოს მუდმივად აკეთებ მონახაზებს. ვნახე ფილმი, რომელშიც დევისი მოლბერტთან დგას. მისი ერთ-ერთი თვალწარმტაცი ნამუშევარი ალბომ Decoy-ის ყდას ამშვენებს.
50-იანი წლების დასაწყისის „Cool Jazz“-ის გავლენა „სტომპით“ შეიცვალა: ამერიკაში დემონსტრაციები ეწყობოდა, შავკანიანების რელიგიური მუსიკა (გოსპელი) და აფრიკული მოტივები სტილისტიკურად ცვლიდა მუსიკას. მუსიკალურ კულტურაში მიმდინარე ეს ცვლილებები ასახავდა აფროამერიკელების თვითშეგნებას, რომელიც თანდათან იღვიძებდა და ამ პროცესს სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობა ახლდა თან.
პიანისტმა და კომპოზიტორმა ჰორას სილვერმა ბიბოპის შემდგომი პერიოდის ჯაზში თანამედროვე გოსპელი შეიტანა. ეს სწრაფი, რიტმული, ტემპერამენტული, მკვეთრად არანჟირებული მუსიკა „ქულზე“ რეაქციას წარმოადგენდა. მასში თავისუფლება, ყვირილი, რიტმული აფეთქებები, ჩურჩულიც კი იყო. მაილსი მისი წარმომადგენელი გახდა. მან შექმნა ახალი ზანგური სტილი, რომელმაც უკან მოიტოვა ბიბოპი და ქული. დევისი ერთდროულად დაძაბულიც იყო და მშვიდიც, მელოდიურიც და შემტევიც და არასოდეს იღლებოდა ახლის ძიებით.
1955 წელს დევისმა შეკრიბა ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ: პიანისტი რედ გარლენდი, დასარტყამ ინსტრუმენტები – ფილი ჯო ჯონსი, ბასისტი პოლ ჩემბერსი და, რაც მთავარია, ტენორ-საქსოფონისტი ჯონ კოლტრეინი. კვინტეტი, რომლის მსგავსი მაშინ არ არსებობდა, ბიბოპის საუკეთესო პერიოდის რიტმულ ქალაქურ ბლუზს დევისის ჰარმონიულ მელოდიურ ფონებს უთანხმებდა. ეს ჯაზის სამყაროში სენსაცია იყო.
კონცერტიდან „ ISLE OF WIGHT“
მოგვიანებით მათ ალტ-საქსოფონისტი ჯულიან ადერლი შეუერთდა.
– მათ ყოველთვის ვეუბნებოდი: „კონტრაბასს აქვს საფუძველი. ნუ უკრავთ იმავე რეგისტრში, რომელშიც საქსოფონი. გაჩუმდით. ზედმეტს ნუ უკრავთ“. საკუთარი შესრულების მოსმენისას, მისი სიტყვებით რომ ვთქვა, „ეძებდა, ხომ არ იყო რაიმე ზედმეტი, რომ გადაეგდო“.
მაილსის კვინტეტი და სექსტეტი, იმ პერიოდის ყველაზე პოპულარული ჯგუფები, ამერიკელი ქალაქელი ინტელექტუალისა და შემოქმედის სახეს ქმნიდნენ. ალბომები “Milestones“ და “Round About Midnight“
არა მარტო მუსიკალური შედევრები იყო, არამედ საზოგადოებაში დიდ მოვლენად ითვლებოდა. All blues-მა თვალწინ ახალი ტექნიკური და ინტელექტუალური პერსპექტივები გადაგვიშალა. ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა, ერთი მხრივ, ფორმალისტი ადერლითა და, მეორე მხრივ, ექსპრესიონისტ კოლტრეინით, ისეთი ძლიერი და გამომსახველობითი იყო, რომ ჯაზის ორი მთავარი მიმართულების საწყისად იქცა, რომლებმაც ასე თუ ისე გავლენა მოახდინა შემდგომი 30 წლის მუსიკაზე. თუმცა “Fusion”-ის სტილის პროტოტიპად ტექნიკურად ადერლის მიერ მოგვიანებით შექმნილი ორკესტრი მოგვევლინა, ამ სტილის ნამდვილი ინიციატორი მაილს დევისი იყო.
კოლტრეინის მიმართულებამ და მისმა მემკვიდრეობამ ავანგარდს ახალი განსაზღვრება მისცა და სოციალური ძვრები მუსიკალურ რევოლუციად აქცია. დევისი ლაპარაკობს ორ სხვადასხვა მიმართულებაზე, რომლებსაც კოლტრეინი და ადერლი წარმოადგენდნენ:
– მე ვაჩვენე კოლტრეინს, ეს როგორ კეთდებოდა,
– შენიშნავს ის, ამით დაუდევრად მიაწერს საკუთარ თავს დამსახურებას აკორდული ექსპერიმენტებისა და ქრომატული ლირიზმის შემოტანაში, რომლებსაც, ჩვეულებრივ, კოლტრეინის სახელს უკავშირებენ და მუსიკაში შეტანილ მის რევოლუციურ წვლილად ითვლება.
– ადერლი, უბრალოდ, მთელი გულით უკრავდა, მას შეეძლო ნებისმიერი ემოციის გადმოცემა. დევისი არა მარტო ჩემი ახალგაზრდობის ჯაზური ავანგარდის გმირი იყო, არამედ 50-იან წლებში ამერიკელ შავკანიანებში ფართოდ გავრცელებული ახალი, გამომწვევი პოზიციის განსახიერებაც. დევისის შესახებ არსებული ყველა ისტორია (ის სწორედ ამ დროს განიკურნა ჰეროინზე ოთხწლიანი დამოკიდებულებისაგან) “მოურჯულებლის”, „დაუმორჩილებლის“ რეპუტაციის ილუსტრირებაა. მას წილად ხვდა ნაკლებად სასიამოვნო, მაგრამ იმ დროის თანხვედრი მოვლენა – 1959 წელს ის რასისტულად განწყობილმა პოლიციელებმა სცემეს, როდესაც გამოსვლებს შორის შესვენებისას ჰაერზე გავიდა. შავკანიანების გაზეთებმა ამას უწოდეს „მუშტი-კრივი ჯორჯიის სტილში“ და სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი შავკანიანი აქტივისტების ცემის ცნობილ ფაქტს შეადარეს.
ვიცოდი, რომ ის რეგულარულად ვარჯიშობდა კრივში. რამდენჯერმე გავიგეთ კიდეც მისი საყვირის გამკივანი ბგერები, როდესაც კვინტეტი გრინვიჩ-ვილიჯში, ღამის კლუბ „ბოჰემაში“ უკრავდა. „გამკივანი“ იმიტომ, რომ მაშინ ეს მისი სტილი იყო: უმაღლესი კლასის, ცოტათი საიდუმლოებით მოცული, ხულიგნური ელფერით.
– თუ დევისის გავლენაზე ვისაუბრებთ, – ამბობს ახალი მუსიკის ვეტერანი, დრამერი სთივ მაკკოლი, – ვფიქრობ, რომ მან დადებითი გავლენა მოხდინა ამერიკის შავკანიან მოსახლეობაზე. მან გადალახა მონური ფსიქოლოგია. ის მოდის კანონმდებლად დამამახსოვრდა – ნამდვილი ხელოვანი. თანამედროვე, კარგი გემოვნებით. და მისი მუსიკაც ღრმა და დაძაბული იყო.
1957 წელს, როდესაც ფირფიტა “Miles Ahead” ჩაწერა, დევისს ისე კარგად ესმოდა ამერიკული კულტურა
მთელი მისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით, რომ შეძლო თავისი ხელოვნების იმგვარი ფორმით გადმოცემა, რომელმაც ნამდვილი დიდება მოუტანა და რომელშიც შავი ამერიკა ჟღერდა არა კონტრასტულად
და მშფოთვარედ, არა რისამე დაძაბულ საპირწონედ, რაც მის ფარგლებს მიღმაა, არამედ უბრალოდ კიდევ ერთ მსოფლშეგრძნებად, რომელსაც სხვებთან თანაბარი უფლებები აქვს.
“Sketches of Spain” და “Porgy and Bess” ამერიკული მუსიკის უდიდესი ნაწარმოებებია, უზარმაზარი ფუნქციურ იმპრესიონისტული ემოციური ძალით, და ამავე დროს მუსიკოსის განწყობას გადმოსცემს. მაილს დევისის მუსიკალური წარმოსახვა, რომელიც ბლუზსაც შეიცავს, ამ განწყობებს სინატიფესა და გულში ჩამწვდომობას ანიჭებს. მისი საყვირი „ჯადოსნურ ლერწმად“ იქცევა, რომელიც სილამაზეს ეძებს. თავად საყვირი ისე მომაჯადოებლად ჟღერს, რომ მსმენელს ეგონება, თითქოს ძილში ესმის.
– მაილსი, უბრალოდ, შემოქმედების სხვადასხვა ასპექტის დემონსტრირებას ახდენს, – ამბობს დრამერი მაქს რიჩი, კიდევ ერთი გენიალური მოზარდი, რომელიც პარკერთან ერთად მონაწილეობდა ბიბოპის ფოიერვერკის გაშვებაში,
– როდესაც ადამიანი ქმნის, ის ყოველდღიურად იცვლება, როგორც მაილსი. დევისის განსაზღვრებით, მუსიკა მოძველებული ხელოვნებაა, მაგრამ მაილსი ყოველთვის წინ მიდის. როგორც ლესტერ იანგი, ისიც რაღაც ახალს ეძებდა. ეს დაუძლეველი კანონია. მაილსი ყოველთვის ასეთი იყო. მან ელა ფიცჯერალდთან ერთად ახალი
სიცოცხლე შთაბერა ხმის ჩაწერის პროცესს. ვფიქრობ, მაილსი ფეხდაფეხ მიჰყვება ყველაფერს, რაც კი შემოქმედებითი გაგვაჩნია – ამბობს რიჩი. 50-იან წლებში კლასიკური შემადგენლობა მაილს დევისის ხელმძღვანელობით გამოხატავდა როგორც ლირიკულ განცდებს, ისე მრისხანებას. 60-იანი წლების შემადგენლობებმა “Fusion“-ის ისეთი ვარსკვლავებით, როგორიც არიან ჰერბი ჰენკოკი და უეინ შორტერი, ვერ შეინარჩუნეს ეს ბალანსი, თუმცა დევისი, მისი სიტყვებით, თავის მუსიკოსებს იმავე ინსტრუქციებს აძლევდა და
უხსნიდა, რაში არ შეიძლებოდა „გადამლაშება“. თანდათან დევისის ჯგუფები სულ უფრო მეტად ასახავდნენ მისი შეხედულებების კომერციულ მხარეს და მის ორიენტირებას პოპულარობაზე.
60-იანი წლების ბოლოს დევისის მუსიკამ სერიოზული, თავდაჭერილი ტონი მიიღო. ის ძველებურად ცდილობდა, ერთ ადგილას არ გაჩერებულიყო, ახალ ფორმებს ეძებდა, პოულობდა ახალ მასალებს. სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა ჰარმონიული ფონი და ელექტრონული ინსტრუმენტები, რომელიც ადრე მხოლოდ რიტმული მუსიკისა და ბლუზისთვის შესაფერისად მიიჩნეოდა. დევისი უახლოვდებოდა ახალ მუსიკალურ ცვლილებებს და, სავარაუდოდ, საკუთარ თავში ცვლილებებსაც.
ჩემთვის 1969 წელს გამოსული ალბომი “In a silent” იმ ახლის შექმნის დასაწყისია, რომელსაც შემდეგ “Fusion“ ეწოდა. დევისი ახალი გზით წავიდა. მუსიკა ურთიერთგამომრიცხავი გახდა – მშვიდი და ამავე დროს მკვეთრი. ჰარმონიული ფონი და მუსიკის წინა პლანი, სოლო – მუდმივად ენაცვლებოდა ერთმანეთს. “Bitches Brew” 1969 წელს გამოვიდა და გვიჩვენა, რომ დევისმა შემოქმედების მიმართულება შეიცვალა და ის მზადაა, რომ ეს მიმართულება განავითაროს. შედეგმა – აშკარად სინკოპირებული რიტმისა და ელექტროინსტრუმენტების შემოტანამ – კრიტიკოსებისა და მსმენელების განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ხანგრძლივმა და მნიშვნელოვანმა 60-იანმა წლებმა დევისზეც მოახდინა მაგიური გავლენა. 70-იანი წლების დასაწყისში მან უარი თქვა კონსერვატიულ ტანსაცმელზე და შეცვალა არა თავისუფალი აფრიკული სამოსით, არამედ ფოჩებიანი ტყავის ქურთუკებით, რომელსაც ორგანიზაცია „შავი პანტერების“ წარმომადგენლები და ჰიპები იცვამდნენ. დევისი მიუახლოვდა მაღალი საზოგადოების, რასობრივი თვალსაზრისით მეტად ინტეგრირებულ კულტურას, უფრო პოპულარულს და მომგებიანს – რიტმ-ენ-ბლუზის, როკის, ფიუჟენის კულტურას, რომელმაც მიიყვანა დღევანდელ მუსიკამდე. 70-იანი წლების დასაწყისში დევისის მიერ ორკესტრში თეთრკანიანი მუსიკოსების, ჯო ზავინულისა და ქეით ჯარეტის შეყვანა შეიძლება იმ პერიოდის რასობრივი ინტეგრაციის პოლიტიკას შევადაროთ.
1975 წელს დევისი უეცრად გაქრა; შეწყვიტა გამოსვლები და ჩაწერა. ის ბევრს ავადმყოფობდა და 1983 წელს ერთ-ერთმა ავადმყოფობამ მენჯ-ბარძაყის ხელოვნური სახსრის იმპლანტირების აუცილებლობამდე მიიყვანა. სანამ 6 წლით გაქრებოდა, 1975 წლიდან 1981 წლამდე დევისმა კიდევ რამდენჯერმე შეცვალა ჯგუფის შემადგენლობა: საბოლოოდ შემოიყვანა ელექტროგიტარები და ელექტრობასები, რომლებზეც უკრავდნენ მაიკ ჰენდერსონი, პიტ კოზი, რეჯი ლუკასი, ლარი კორიელი და მოიწვია ახალგაზრდა მუსიკოსები ელ ფოსტერი და მტუმე. ამ პერიოდის განმავლობაში დაწერილი ალბომები, მუსიკალური თვალსაზრისით, ნაკლებად დინამიკურია, მაგრამ სახელწოდებებში პოლიტიკური მოტივები გაჩნდა.
მესაყვირე ოლო დურა მაილს დევისის შემოქმედებითი ფილოსოფიისა და მუსიკალური მემკვიდრეობის ასეთ შეფასებას გვთავაზობს: „მაილსმა შავი და თეთრი ამერიკა ხიდით დააკავშირა ერთმანეთს. ის ჩვენი საერთო
კულტურის ავანგარდს წარმოადგენს და ამას თავისი მუსიკით გამოხატავს. მას აინტერესებს ყველაფერი, რაც საინტერესოა ამერიკისთვის. დევისი მსმენელს აიძულებს, თავი იგრძნოს ამერიკელად ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მას ვეღარ მიაჯაჭვავ მისისიპისთან, სადაც დაიბადა. ის, როგორც შუქურის ინერციის ცენტრი, ისტორიას მიჰყვება: აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ. ის ჭეშმარიტი
მუსიკოსია. საუბარშიც და ბეჭდურ გამოსვლებშიც დევისი ახდენს იმ ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც არამარტო ისწრაფვის ურთიერთგაგებისა და შავკანიან მოსახლეობაში პოპულარობისკენ, არამედ მძაფრად გრძნობს ამერიკის რასობრივი პრობლემის ტრაგიკულობას, განსაკუთრებით, რაც მის მუსიკალურ და სოციალურ ცხოვრებას ეხება. რაც შეეხება მის შემოქმედებას, დევისი ხშირად არ ეთანხმება კრიტიკოსების, განსაკუთრებით თეთრკანიანების აზრს.
ჟურნალმა “Downbeat“, რომელსაც ბევრი ჯაზის ოფიციალურ ქრონიკად თვლის, გამოქვეყნა ახალი დადებითი რეცენზიები პარკერ-დევისის ფირფიტაზე (პირველი რეცენზია უარყოფითი იყო). ჟურნალის მკითხველთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი “Decoy”-ს 1984 წლის საუკეთესო ალბომად თვლიან.
– არ ვაქცევ ყურადღებას, რას წერენ ჩემზე თეთრკანიანი მუსიკოსები, – ამბობს დევისი, – ეს იგივეა, ევროპელებმა გააკრიტიკონ ჩინური მუსიკა. მათ ის არ ესმით. მე განვიცადე, გადავიტანე ყველაფერი, რასაც ვუკრავ. ბოლო დროს დევისი ცდილობს, აღადგინოს ჯაზის კავშირი რიტმულ და ტრადიციულ ბლუზთან. ამან „კლასიკური“ დევისის თაყვანისმცემელთა აღშფოთება გამოიწვია. როგორც მათ აღნიშნეს, “Bitches brew”-ს
შემდეგ ის პუბლიკას მიეყიდა. მაგრამ, როგორც ლენგსტონ ჰიუზი ამბობს, ჯაზი ბლუზის გარეშე წარმოუდგენელია, ჯაზი ბლუზის ნაყოფია. საქმიან სამყაროში კი კატეგორიები ბაზრის მოთხოვნილებების მიხედვით ლაგდება, სწორედ ეს არის ამ ხელოვნური დაყოფის მიზეზი.
ბასისტი რეჯი უორკმენი თვლის, რომ დევისი ელექტრონიკის გამოყენებით თავის წინანდელ ხაზს აგრძელებს, რათა მეტი მსმენელი მოიცვას.
– მაილსის მუსიკა არ იცვლება, – ამბობს ის,
– ელექტროინსტრუმენტები მისთვის მხოლოდ ურთიერთობის საშუალებაა მას და ჯაზის დღევანდელ
ბაზარს შორის.
ამის შედეგი – მისი ალბომები “You're Under Arrest” და “Decoy” – ერთი თავით სჯობს მის პირველ გამოსვლებს შესვენების შემდეგ. მთავარია, რომ დევისი იბრუნებს საყვირზე დაკვრისთვის საჭირო ფორმას – ეს ინსტრუმენტი მუდმივ პრაქტიკას მოითხოვს. ბოლო ფირფიტები გვიჩვენებს, რომ დევისი ძალას იკრებს და მისი საყვირი ელექტროინსტრუმენტების ფონზე, მჭევრმეტყველურად ჟღერს.
– მაილსი გადარჩა, – თვლის ტრომბონისტი კრეიგ ჰარისი, – მას გახსნილი გონება აქვს. ესმის ბაზრის კანონები და იმას აკეთებს, რაც სურს. მისთვის სულერთია, სხვებს მოსწონთ თუ არა. ის თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს და ასეც იქცევა. დანარჩენები კი მას მიჰყვებიან.
დევისი კრივის სავარჯიშო დარბაზში. ფოტო – ჯიმ მარშალი