ნატო მეტონიძე INTROსპექცია

nato1

INTROსპექცია 

ფოტო პროექტი: გრეგორი რეჯინი / APSTUDIO 

ტექსტის ავტორი: მარიამ ნანეიშვილი 

ფოტოგრაფის ასისტენტი: გურამ კაპანაძე / ვიზაჟი: ქრისტინა რეჯინი 

nato2

ნატო მეტონიძე…
განსაკუთრებული შეფასება – შეიძლება უცნაური პასუხი იყოს, მაგრამ ამაზე არასდროს მიფიქრია, არც ახლა ვფიქრობ, არც ვინმეს უარყოფითი აზრის მეშინია. ნებისმიერ შეფასებას ვიღებ, ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, თუ ის ობიექტურია. დედას რომ მოვეწონები და კმაყოფილი იქნება, სცენაზე რომ დამინახავს, ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ჩემთვის მუსიკის დარგში ავტორიტეტები, რომელთა აზრი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კრიტიკა – ეს ნამდვილად საჭიროა, თუმცა კომპეტენციაც შესაბამისი უნდა იყოს. კრიტიკა არ უნდა მოდიოდეს ჩასაფრებული, არაობიექტური შემფასებლებისგან. თუმცა რამდენად არსებობს საქართველოში ჯანსაღი მუსიკალური კრიტიკა, არ ვიცი.
საყვარელი ნაწარმოები – გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“.
მავნე ჩვევა და ფობია – მიყვარს სიგარეტი. არ მიყვარს მწერები.
საყვარელი ფილმი – შეიძლება ფილმით აღვფრთოვანდე, მაგრამ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მისი ნახვა არ მომინდება.
მუსიკა – ძალიან მიჭირს ცუდი ფაქტების აღქმა და დაჯერება, რომ ეს რეალურად ხდება. მგონია, ჩვენი ხელით ვამსხვრევთ სამყაროს, დედამიწას, ჩვენს ცხოვრებას. მომხდარ ფაქტებს თან ვიღებ, თან არ მჯერა ადამიანების უნარის, ასეთი დაუჯერებელი რამეები ჩაიდინონ. არ მჯერა იმიტომ, რომ არ მინდა. ეს, ალბათ, გარკვეული თავდაცვის მექანიზმია. ამ სამყაროსგან, ამ ყველაფერი უარყოფითისგან მათავისუფლებს მუსიკა. როდესაც ქუჩაში ყურსასმენით მიდიხარ, თითქოს ყველაფერი უკეთეს კონტექსტში ჩანს, სამყაროს ვხედავ უკეთესად. მუსიკა ცხოვრებას მიადვილებს, მავიწყებს ცუდს.
სიყვარული – ეს არის ის, რასაც სულ ვეძებთ, შემდეგ ვპოულობთ და ვუფრთხილდებით.
სიყვარულზე მეტი – არაფერი არსებობს…
სიზმარი – ძალიან იშვიათად ვხედავ.
იდეალური გარემო – სახლი. სახლის ადამიანი ვარ, სულ სახლში მინდა.
სხვა… – მიყვარს ჩემთვის მნიშვნელოვან, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. ძალიან სასაცილო ადამიანი ვარ, მუდმივად ვიგონებ საქმიანობებს. აი, მაგალითად, ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში დავიწყე ფრანგულის სწავლა, შემდეგ ჯგუფს ტემპში ჩამოვრჩი და წამოვედი. ეს საქმიანობები სულ დროებითია. პირად და, ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან ერთგული და მუდმივი ადამიანი ვარ. კიდევ ერთი საქმიანობა, რაც მოვიგონე, ცხენზე ჯირითი იყო. საიდან მოვიგონეთ, ისიც არ ვიცი, მაგრამ მე და ჩემმა მეგობარმა ზუზუმ დავიწყეთ ცხენზე ჯირითი. ერთი თვე ვიარეთ, შემდეგ ზუზუს ყალყზე დაუდგა ცხენი, შემეშინდა. ეს მიზეზად ვაქციე და ჯირითს თავი დავანებე. ყოველ წელს ვიწყებ ენის სწავლას, მერე თავს ვანებებ. იმდენი მაქვს ასეთი რამე, რომ რა ვთქვა. მოკლედ, ვიგონებ საქმიანობებს, რომლებიც შემდეგ აღარ მაინტერესებს, ან მბეზრდება და თავს ვანებებ.
ემოცია – ძალიან ემოციური ვარ, თუმცა ამას ან არ ვერ გამოვხატავ.
მეშინია – იმის, რისიც ყველას… საყვარელი ადამიანების დაკარგვის.
ოცნება თუ სურვილი? – ცხოვრებაში სურვილი უფრო მეტი მაქვს.
ბავშვობა… – იცით როგორ ვთამაშობდი? სულ მინდოდა, საკუთარი კუთხე მქონოდა, სახლში ვეძებდი საკუთარ სახლს, რომელიც მხოლოდ ჩემი იქნებოდა და მივაგენი. დიდ მაგიდას გრძელ გადასაფარებელს ვაფარებდი, იატაკზე ეფინებოდა და ყველასგან იზოლირებულს მხდიდა. ყველაფერი ამ პატარა სახლში მიმქონდა. იქ იყო პატარა მაგიდა, სკამები, სამზარეულოს მოწყობილობები, რომლებიც დედამ მიყიდა, იქ თოჯინებით ვთამაშობდი. პატარა რომ ვიყავი, ყველას ექიმობა და მეხანძრეობა უნდოდა, მე კი – მომღერლობა.
საყვარელი ფერი – არ ვიცი.
სახლი და სტუმრები – სახლში კერძების მომზადება არასდროს მიყვარდა, არც მეხერხებოდა, მაგრამ ბოლო ორი წელია ძალიან დავინტერესდი კულინარიით და მინდა კარგი მზარეული გავხდე, გემრიელად ვამზადებდე. რამდენიმე კერძის მომზადებაც ვისწავლე და კარგი შეფასებები მივიღე, თუმცა მეტი მინდა ვიცოდე. მიყვარს სტუმრების მიღება, მინდა, რომ ყველა ჩემთან მოდიოდეს.
სცენა – სცენაზე გასვლის წინ რაც მემართება, ამას ღელვა არ ჰქვია; სულ მინდა, რომ გავიქცე და დავიმალო. ერთხელ მცდელობაც მქონდა. უბრალოდ, კონცერტს ვერ ვაკადრე.
ჯილდო – არაპირდაპირი მნიშვნელობით, ბევრი ჯილდო მაქვს; მგონია, რომ ამას სწორად და კარგად ვხედავ. ზევიდან ძალიან ბევრი საჩუქარი მაქვს და ყოველთვის ვიცი, რომ ეს საჩუქარია.
საქართველო – ეს ჩემი სახლია. ერთადერთი, რაც შემიძლია სხვას ვურჩიო, ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანას შევხედავთ ისე, როგორც საკუთარ სახლს, რომელსაც დაცვა სჭირდება იმისთვის, რომ თავი ძალიან დაცულად ვიგრძნოთ. რატომ გვინდა ადამიანებს სახლში ყოფნა? იმიტომ, რომ იქ მოგვწონს, შეიძლება სულ არ იყოს კეთილმოწყობილი, მაგრამ ის ჩვენი გარემოა, იქ არის სიმშვიდე და სიყვარული, დაცულობის განცდა. სახლში მიხარია ყველა და ყველაფერი. აი, ასეთები უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩემი სახლის იქით ჩემი სახლი აღარ არის, ჩემი ოჯახის მიღმა სივრცე მე არ მეკუთვნის. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ პრობლემა ადამიანებშია. რა თქმა უნდა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ეს გასაგებია, მაგრამ ყველამ რომ ისე მოუაროს ამ ქვეყანას – და ქვეყანაში ვგულისხმობ სადარბაზოს, ეზოს, ქუჩას, ბაღს, ხეს და ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, – ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა.
ბედნიერება – არც ისეთი მაგარი ვარ, ვთქვა, რომ ყველაფერი ბედნიერებაა, მათ შორის განსაცდელიც, მაგრამ თეორიულად ვიცი, რომ ეს ასეა. ეს ბედნიერება ხშირად განმიცდია და როგორ ავხსნა, არ ვიცი. ჩემთვის ბედნიერება არის ის, როდესაც ყველაფერი კარგად მთავრდება.

nato3

INTROსპექცია 

ამბავი ჩვენზე 

თორმეტი წლის წინ, სალაროებთან, ბილეთების შესაძენად მისული ადამიანების რიგი არ წყდებოდა, ქართული საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ნიკოლოზ რაჭველის, ნატო მეტონიძის და დავით დოიაშვილის ერთობლივ მუსიკალურ პროექტს „გია ყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის“. ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა სახის წარმოდგენა დახვდებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. ობიექტურია, როდესაც ამ მუსიკალურ სპექტაკლს გარდამტეხს, საეტაპოს უწოდებენ. მან ნამდვილად გარკვეული ზეგავლენა იქონია საზოგადოებაზე, თითქოს ადამიანებში მუსიკალური გემოვნება გაცოცხლდა, გაგვახსენა საოცარი სპექტაკლები, ფილმები, რომლებზეც თაობები გაიზარდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი პროექტი იყო. მუსიკალური თემები ისმოდა სახლებიდან, მანქანებიდან, საზოგადოება საუბრობდა, განიხილავდა, დასწრების მსურველთა რიგი არ წყდებოდა და ერთი და იგივე კითხვა გაისმოდა – კიდევ როდის ჩატარდება?.. ამ წარმოდგენაში მთავარი იყო სამი ხელოვანის მცდელობა, მაყურებლისთვის გადმოეცათ საკუთარი სათქმელი, რაც ნამდვილად შეძლეს… თორმეტი წელი… ზუსტად თორმეტი წლის შემდეგ, ნატო მეტონიძეს, ნიკოლოზ რაჭველს და დავით დოიაშვილს ისევ დაუგროვდათ სათქმელი და 19 ივნისს საზოგადოება ახალ პროექტს: „INTRO სპექცია – ამბავი ჩვენზე“ იხილავს…

ერთ საღამოს, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში მივედი. რეპეტიცია უკვე დამთავრდა, თუმცა მონაწილეები სახლში წასვლას არ ჩქარობენ. საოცარი განწყობაა, თითქოს ყველა შეპყრობილია ერთი იდეით, საერთო სათქმელით… ეს ემოცია ჩემზეც გადმოვიდა, ვიგრძენი, თუ როგორ ნელა გავიდოდა ჩემთვის 19 ივნისამდე დარჩენილი დღეები… ნატო მეტონიძესთან და დავით დოიაშვილთან საუბრით, თავი მეც ამ იდეით, სათქმელით შეპყრობილად ვიგრძენი…
ნატო: თორმეტი წელი გავიდა ჩემი, ნიკას და დათოს ერთობლივი ნამუშევრის – „გია ყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის“ შემდეგ. იმ დროს არსებობდა კომპანია „არტიმედი“, პროექტის იდეა მარინა ბერიძეს და ლანა ქუთათელაძეს ეკუთვნით. მე, დათოს და ნიკას დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. როდესაც მუსიკალური თემები იქმნებოდა, დოი ბოლომდე იყო ჩართული. ის დრამატურგიულად ყვებოდა, თუ როგორ წარმოედგინა ესა თუ ის კომპოზიცია. ეს ხომ თეატრი და კინო იყო… დათო გვიყვებოდა ისტორიებს სპექტაკლებსა და ფილმებზე, ჩვენთვის ინსპირაციის დიდი წყარო იყო სწორედ მისი მონათხრობი. ეს იყო 2003 წელს და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა…
ყველაფერი მუსიკით დაიწყო… ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ მუსიკას ასე ახლოს შევეხებოდი. ჩემთვის ეს იყო პირველი – არ ვუწოდებ სოლო კონცერტს, ეს იყო სპექტაკლი, ჩვენი პატივისცემის ერთგვარი გამოხატულება ისეთი ადამიანების მიმართ, როგორებიც არიან გია ყანჩელი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, მთლიანად რუსთაველის თეატრი, ის ეპოქა, ის ყველაფერი, რისი შექმნაც 60-იან წლებში დაიწყო; განსაკუთრებული ადამიანების, რომლებმაც ეს დაუვიწყარი ესთეტიკა შექმნეს. სპექტაკლში იმ თაობის საოცარი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: რამაზ ჩხიკვაძე, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე და სხვა. რა იყო ჩემთვის ეს პროექტი? – ამის მოყოლა ძალიან რთულია, ეს იყო დაუჯერებელი ზღაპარი თუ სიზმარი… რეპეტიციაზე რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად ვიდექი სცენაზე. ამაზე ვერასდროს ვიოცნებებდი. თითოეული წუთი, რაც მაყურებელმა სცენაზე ნახა, ჩემთვის დაუჯერებელი ამბავი იყო… ამის შემდეგ კი, მეც ჩვეულებრივად ვცხოვრობდი – ისე, როგორც ყველა.
19 ივნისს, დაგეგმილი კონცერტის პროგრამაში არის როგორც გია ყანჩელის, ისე სხვა ქართველი კომპოზიტორების მუსიკა. ეს არ არის კონკრეტული ისტორია. ეს არის ისტორია, ამბავი, პირობითად რომ ვთქვათ, ჩემი განვლილი ცხოვრების თხრობა. ვყვები ძირითად კონცეფციას, რასაც გაჰყვება მაყურებელი. ვყვები
საკუთარი გზის შესახებ, თუმცა შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ისტორია არის ჩემიც, თქვენიც, თქვენს გვერდით მჯდომის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ის პერიოდი გაიარა, რაც მე – დაბადებიდან დღემდე. ადამიანები ხომ ერთი და იგივე დროს გადიან. უბრალოდ, დამოკიდებულებები, შეგრძნებები, შეფასებები დროსთან  მიმართებაში ყველასთვის იცვლება. განვლილ ცხოვრებაში არსებულ მოვლენებთან, პერიოდებთან დაკავშირებით განცდილი საკუთარი ემოციები გადმომაქვს ამ მუსიკალურ თემებში. ყველაფერი იწყება დაბადებით, გრძელდება ბავშვობით და ბავშვური მოგონებებით, შემდეგ შემოდის პირველი სიყვარულის
თემა, ერთმანეთს ენაცვლება პირადი ისტორია და ის, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა – ომი, სევდა.. ყველაფერი
ის, რაც ერთად გავიარეთ. თითოეული შესრულებული მუსიკალური თემა გამოხატავს მოცემულ დროს, მდგომარეობას, ემოციებს და ა.შ.
დათო: ზუსტად ვერ გეტყვით, ეს რა არის, ჟანრული განსაზღვრება მეც ვერ მოვუძებნე. არ არის კონცერტი, არ არის შოუ, არც სპექტაკლი. ყველაზე მეტად, ალბათ, პერფორმანსი შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით, არც ეს არის. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ მე, ნატოს და ნიკას, პროექტის
– „გია ყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის“ შემდეგ, ზუსტად თორმეტი წლის განმავლობაში, სულ გვქონდა სურვილი, რომ ისევ გვემუშავა ერთად და შეგვექმნა ის, რაც, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად ღირებული იქნებოდა. ნატო არ ასოცირდება ჩემთვის მომღერალთან, რაც მისი უცნაური თვისებაა; ის ჩემთვის არტისტია, რომელსაც აქვს ძალიან ზუსტი სათქმელი. ალბათ, ამ თორმეტი წლის მანძილზე, მთავარი სწორედ ის იყო, რომ სამივეს სათქმელი ერთმანეთს დამთხვეოდა.

nato4

ნატო: ჩვენთვის ძალიან საყვარელი ავტორების მუსიკას მოისმენთ; იმ ადამიანების, რომელთა მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიციების შესრულება ყოველთვის აქტუალურია. ამ მუსიკას აქვს უნარი, ყველა
დროს გაუძლოს. ამავე დროს, ის გაძლევს საშუალებას, რომ სულ სხვა მოცემულობით, სხვა დრამატურგიით წარმოაჩინო.
დათო: ჩვეულებრივ, როდესაც ვინმეს კლასიკოსს ვუწოდებთ, ვთქვათ უილიამ შექსპირს, ამაში ბევრ რამეს ვგულისხმობთ. კლასიკოსისთვის დამახასიათებელი მთავარი თვისება ხომ ის არის, რომ დროს გაუძლოს, ყველა დროში იყოს აქტუალური. მან შეიძლება იცვალოს ფორმა, იცვალოს დამოკიდებულება, სხვანაირად გაიაზრო, სრულიად შეიცვალოს, ამოყირავდეს და ის გაძლევს ამის საშუალებას… მუსიკას ჩვენ არ მივუდექით, როგორც კონკრეტულ კომპოზიციას, ჩვენ მას შევხედეთ, როგორც კლასიკურ დრამატურგიას; ვცდილობთ, ის მაქსიმალურად ამოვაყირაოთ და სხვა მხრიდან დავანახოთ მაყურებელს. რა გამოგვივა, ჯერ
არ ვიცი…
ნატო: არის ასეთი სცენოგრაფი, ძალიან ნიჭიერი მხატვარი – ანა ნინუა. თორმეტი წლის წინ, სწორედ დედამისი – ირა შარაშიძე მუშაობდა პროექტზე „გია ყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის“.
დათო: ამ წარმოდგენაში არის მხოლოდ ერთი კოსტიუმი, რომლის ავტორია თამუნა ინგოროყვა. სცენაზე არიან ნატო და მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის შვიდი არტისტი, ასევე მოწვეული გვყავს მოცეკვავე თეა დარჩია. აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ ვინმე კარგად გამოიყურებოდეს ან ეცვას განსაკუთრებული კაბა. ჩემთვის არ არის მთავარი ცალკე კარგი კოსტიუმის ან დეკორაციის არსებობა. მინდა, ყველაფერი ერთ მთლიანობას ემსახურებოდეს, იმ მთლიანობას, რომელსაც ასოციაციური სპექტაკლი ეწოდება. პროექტს ჰქვია INTRO სპექცია – ამბავი
ჩვენზე. ინტროსპექცია ფსიქოლოგიური ტერმინია და ნიშნავს „ვიხედები შიგნით”. ეს არის ადამიანის მიერ უშუალოდ თავისი ცნობიერების მდგომარეობაზე დაკვირვება, თვითდაკვირვება. სამწუხაროდ, როდესაც საუბარია არა ერთ ადამიანზე, არამედ გლობალურად – თაობაზე, აღმოჩნდება, რომ მეც, ნატოც, თქვენც, სხვებიც, რაც არ უნდა ინდივიდუალური ამბები გადაგვხდეს თავს, საერთო მდგომარეობით მაინც ერთსა და იმავე განცდაში აღმოვჩნდებით, რადგან ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ძალიან დიდ გავლენას
ახდენს ჩვენს შინაგან სამყაროზე. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ერთი ადამიანის ისტორია. ერთი ადამიანის ინტროსპექცია გამოგვივიდა – უბრალოდ, ამბავი ყველაზე, ანუ ამბავი ჩვენზე… იმედი მაქვს, რომ მაყურებელი დაინახავს საკუთარ ბავშვობას, იგრძნობს საკუთარ ტკივილს, განცდებს, ცრემლებს, პირველ სიყვარულს და ა.შ.
ნატო: არასოდეს ვიხედები წინ, არ ვცხოვრობ ხვალინდელი დღით. არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა სიმღერების შესრულება მომიწევს მომავალში. თუმცა გია ყანჩელის თემებზე მუშაობის შემდეგ, დამეუფლა განცდა – ამის შემდეგ რა უნდა ვიმღერო, რა უნდა მომეწონოსმეთქი. ეს მაშინვე ვიგრძენი და ასეც მოხდა… მქონდა საოცარი შიში და სიფრთხილე, რომ თუკი ოდესმე რაიმეს ისევ გავაკეთებდი, იმაზე უსარგებლო და უხარისხო არ უნდა ყოფილიყო.
დათო: 19 ივნისს დაგეგმილ წარმოდგენაში ნიკას მიერ გაკეთებული მუსიკა – ეს არის გარკვეული ფერი ამ მთლიანობაში, ისევე, როგორც ნატოს ხმას აქვს ფერი; ისევე, როგორც რუდუნებით შერჩეული არტისტები არიან სხვადასხვა ფერის. თეა დარჩიას საოცარი პლასტიკა – ეს კიდევ ერთი ფერია. არის მცდელობა, ამ მრავალი კომპონენტისგან, ამ ფერებისგან შემდგარმა მთლიანობამ ერთი დიდი სათქმელი თქვას…

nato5