სუად მასი – “მაღრიბელი ჯოან ბაეზი”

XII_issue_532

„მართალია, ახლა პარიზში ცხოვრობს, თუმცა, საკუთარი სამშობლო არასოდეს დავიწყებია. საფრანგეთმა მას გამოხატვის სრული თავისუფლება მისცა, რაც ასე აკლდა ალჟირში. მისი სიმღერებიც ამაყი ხმით ნამღერი ბლუზებია, ღირსებაშელახული ხალხის ყოფაზე, თავისუფლების წყურვილსა და ბრძოლაზე უსამართლობის წინააღმდეგ. მაღრიბელი ჯოან ბაეზია“ – ასე დაახასიათა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ალჟირელი მომღერლის, სიმღერების ავტორისა და გიტარისტის, სუად მასის 2001 წლის სადებიუტო ალბომი “Raoui”; დისკი, რომელმაც ბერბერ გოგონას, კაბილების მოდგმის არტისტს, პირველი წარმატება მოუტანა მსოფლიოს ეთნო-მუსიკალურ სცენაზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი მუსიკოსის სახელი დაუმკვიდრა. მის შემოქმედებას ქვემოთ დავუბრუნდები, მანამდე კი, რამდენიმე საინტერესო ბიოგრაფიულ ცნობაზე მოგახსენებთ.
სუად მასი 1972 წლის 23 აგვისტოს, ალჟირში დაიბადა. 6 და-ძმანი იყვნენ და ოჯახშიც არც თუ დალხინებული ცხოვრება ჰქონდათ. თუმცა, როგორც ნამდვილ ბერბერებს შეეფერებათ, დუხჭირ ყოფას მუსიკით იხალისებდნენ. მამა ადგილობრივი ფოლკლორის მეხოტბე გახლდათ, დედა ჟაკ ბრელისა და ჯეიმს ბრაუნის ფანი, ხოლო ბიძა ბავშვებს ჯონ კოლტრეინის ფირფიტებს ასმენინებდა. ჰოდა, სუადიც პატარაობიდანვე ეცნობოდა თავისუფლების მუსიკას და მსოფლმხედველობაც ჟანრობრივად მრავალფეროვან აკუსტიკურ სივრცეში უყალიბდებოდა.

XII_issue_533

მუსიკალური განათლება სუადმა ალჟირის ხელოვნების სკოლაში მიიღო. ჯერ არაბულ-ანდალუსიური კლასიკური მუსიკის თეორია და ესპანურ გიტარაზე დაკვრის ხელოვნება შეისწავლა. 19 წლის ასაკიდან ფლამენკოს დამკვრელი ბენდის Triana d'Alger-ის წევრიც გახდა, მაგრამ კოლექტივის შემოქმედებამ სათანადო პოპულარობა ვერ მოიპოვა, ამიტომ მალევე დაიშალა. წარუმატებლობამ არტისტს უფრო მეტი სტიმული, სითამამე და ექსპერიმენტების კეთების სურვილი გაუჩინა. გარშემო თანამოაზრეები, „ჯინსების თაობის“ გოგო-ბიჭები შემოიკრიბა და საკუთარი ჯგუფი Atakor-ი შექმნა. როგორც თავად სუადი იხსენებდა, ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა სამხედროებსა და ისლამისტ რადიკალებს შორის სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. შესაბამისად, კომენდანტის საათის დროს, რეპეტიციებზე ქუჩა-ქუჩა მალვით უხდებოდა სიარული, სადაც მეგობრებთან ერთად ექსპერიმენტებს ატარებდა, კაბილების ფოლკლორისა და როკმუსიკის სინთეზის მიზნით.
Atakor-ის სიმღერები მწვავე სოციალურ-პოლიტიკური თემებს ეხებოდა: ეთნიკურ უმცირესობათა შევიწროებას, კორუფციასა და ქსენოფობიას. სუად მასის წამოწყება დრომოჭმულ ღირებულებებთან დაპირისპირებაც იყო; იმ საზოგადოების გამოწვევა, რომელიც დახეულ ჯინსებში გამოწყობილ მუსიკოს ქალს – „ჰარამად“ (ცოდვილად) მიიჩნევდა, არაბულ სამყაროში ბერბერულ ენაზე ამღერებულ გოგოს კი, მთლად „ქუფრად“ (ურჯულოდ) აფასებდა. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ მსგავსი როკ ამბოხი ალჟირულ სცენას მანამდე არასოდეს ენახა. ყოველ შემთხვევაში, ისეთი გამბედავი არც არავინ ჰყოლია, ასე საჯაროდ გაეწნა სილა ქალთა დამთრგუნველი პატრიარქალური კულტურისათვის. ბუნებრივია, რეაქციამაც არ დააყოვნა. მუსიკოსს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, თუმცა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. საბოლოო ჯამში, გაუთავებელმა მუქარებმა ქვეყნის დატოვება აიძულა და მანაც პარიზს მიაშურა, სადაც მალევე მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი.
ფრანგებმა სუად მასი 1999 წელს, ტრადიციულ ფესტივალზე “ალჟირელი ქალები” გაიცნეს. არტისტმა მსმენელს ზემოხსენებული როკ ჯგუფის ფორმატში შექმნილი სიმღერები წარუდგინა, ასევე ჩრდილო-აფრიკული ფოლკლორული ნაწარმოებებიც შეასრულა. მოგეხსენებათ, ამგვარ საერთაშორისო ფორუმებს მელომანების გარდა, ე.წ. talent scout-ებიც ეტანებიან, რომლებიც ახალგაზრდა არტისტებზე ნადირობენ, სადმე თუ ნიჭიერ არტისტს მოჰკრავენ ყურს, სტუდიაში ეპატიჟებიან და კონტრაქტსაც უფორმებენ. ჰოდა, ფესტივალიც სუად მასის შანსი იყო კარიერის დასაწყებად. მისი ვოკალური საშემსრულებლო ხელწერითა და საკომპოზიტორო შესაძლებლობებით, რამდენიმე მენეჯერი დაინტერესდა. საბოლოოდ, ამერიკულ-ფრანგულმა კომპანია Universal Music Group-მა ივარგა და 2 წლის თავზე, ხმის ჩამწერ ლეიბლზე Island Records ალჟირელი გოგონას პირველი ალბომი “Raoui” გამოიცა, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე.
მიუხედავად იმისა, რომ დისკი “Raoui” კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, სუად მასის სახელი საფრანგეთის და ალჟირის ფარგლებს არ გასცილებია. საერთაშორისო აღიარება მეორე პროექტმა “DEB” მოუტანა, რომელიც სადებიუტო პროექტისგან განსხვავებით, ნაკლებად ეხებოდა სოციალურად მწვავე თემატიკას და მეტწილად, სასიყვარულო ბალადების კრებულს წარმოადგენდა. ალბომის მხარდასაჭერად მასშტაბური ტურნეც მოეწყო, არტისტმა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იტალია, ესპანეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მოიარა.
და ბოლოს, სუად მასის ბოლო ალბომზეც მოგახსენებთ. “El Mutakallimun” გასულ წელს გამოიცა და, ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია როგორც მუსიკალური ღირებულების, ასევე აქტუალობის თვალსაზრისით. არტისტმა ჩრდილოეთ აფრიკის არაბული ხალხური მუსიკა ჟანრობრივად სრულიად განსხვავებული ფორმებით – შანსონის, ბლუზის, რეგეის რიტმული სტრუქტურებითა და ჯაზური ელემენტებით გააჯერა. რაც შეეხება ტექსტებს, მე-9 საუკუნის არაბი პოეტების ლექსები გამოიყენა – უძველესი
პოეზია, სადაც მგოსნები სიყვარულსა და მშვიდობას ადიდებდნენ, ტირანებს ამხელდნენ და ძალადობას გმობდნენ. „დასავლური და აღმოსავლური მუსიკა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, თუმცა, ადამიანებს შორის დიალოგი ნაკლებად გამოდის. მსურდა მეჩვენებინა არაბული კულტურის სილამაზე და კიდევ ერთხელ ხმამაღლა მეთქვა, რომ მუსულმანები არ ვართ ბარბაროსები. ამ პროექტის შექმნა საზოგადოების ნაწილში ისლამოფობიური რიტორიკის ზრდამაც გადამაწყვეტინა. ჩვენ ჩამორჩენილებად აღგვიქვამენ და ეს დაძაბულობა სტერეოტიპებსა თუ უსაფუძვლო განზოგადებებს ეფუძნება” – განაცხადა არტისტმა „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

XII_issue_534