ნომერი მომზადებულია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორებისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების მოსაზრებებს.
რედაქტორის სვეტი
2010 წლიდან საქართველოში შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისათვის“ ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN ჭომენ), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე ზრუნავენ.
წლების განმავლობაში, ამ პროგრამამ არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. ჟურნალ 12-ის ეს ნომერი, რომელიც ქალებზე, კაცებსა და ახალგაზრდებზე, მათ ცხოვრებასა და პრობლემებზე, თანასწორობაზე, ადრეულ ქორწინებაზე, ქალთა და გოგონათა მიმართ თუ ოჯახში ძალადობაზე, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევაზე, ქალების პოლიტიკაში ჩართულობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე, სტერეოტიპებსა და მათთან ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის მნიშვნელოვან როლზე გიამბობთ, სწორედ გაეროს სააგენტოების მუშაობის შედეგებს ასახავს და წლების განმავლობაში დაგროვილ სათქმელს ამბობს.
სტატიებში მოთხრობილი ამბები რეალურია. ადამიანები, რომელთაც ნომრის ფურცლებზე გაიცნობთ, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. საკითხები, რომლებზეც გვინდა, რომ დაგაფიქროთ, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობიდანაა. პრობლემები, რომლებიც ქალებსა და კაცებს თანაბრად გვეხება, ერთად უნდა გადავჭრათ, რათა უფრო დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ საზოგადოებაში ვიცხოვროთ.