გვანცა ხონელიძე, 22 წლის, სტუდენტი, აქტივისტი.
1. შენი თაობის გოგოებში რა არის ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც მათ განათლების მიღებაში და, ზოგადად, სოციალურ მობილობაში უშლის ხელს?
გვანცა: ჩემი თაობის გოგოებში მძლავრადაა როგორც ფინანსური და, ზოგადად, ეკონომიკური დამოუკიდებლობის დეფიციტი, ასევე ოჯახებისა და საზოგადოების მიერ მათი სხეულისა და ცხოვრების დეტალების კონტროლი. განათლების მიღება საქართველოში პრივილეგიაა, რადგა სწავლის საფასური ძალიან დიდია საშუალო ხელფასთან შედარებით, რაც ოჯახს მძიმე ტვირთად აწვება. შესაბამისად, გოგოებში ინვესტიციის ჩადება, ყველაზე დაბალ ფენებში, რომელიც საქართველოში უხვადაა, სხვა კუთხით ხდება. მათ, უბრალოდ, იშორებენ და ათხოვებენ.სოციალური მობილობის მარტივი და პოპულარული მეთოდი გათხოვება ან ლამაზი სხეულის მეშვეობით მაღალ საზოგადოებაში ყურადღების მიქცევაა.
2. რას ურჩევდი შენი თაობის გოგოებს სოლიდარობის გამოხატვის თვალსაზრისით, როგორ უნდა გამოიჩინონ მათ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ?
გვანცა: სოლიდარობის განცდის გაჩენა საკუთარ ყოფაზე დაფიქრებით და ანალიზით მიიღწევა. თუ ფემინიზმის რევოლუციური და წინააღმდეგობრივი იდეა გავრცელდება გოგოებში, ამას, საწყის ეტაპზე, ჯერ დაფიქრება მოყვება, ხოლო შემდეგ აქტიურ ფაზაში გადატანით დაგვირგვინდება. სოლიდარობის განცდით უნდა ჩანაცვლდეს მთავარი და მაცალკევებელი კონკურენციის პრინციპი, რომელიც სოციალური ურთიერთობების ყველა შრეში, ეკონომიკურ ყოფაში და განსაკუთრებით ქალებს შორის ერთმანეთთან მიმართებაში ყველაზე გაპიარებული და ფესვგამდგარი ცნებაა. მთავარია, ყველა სივრცეში საჯაროდ გაკრიტიკდეს კონკურენციის პრინციპის ლიბერალური პოზიტიური პერსპექტივები.
3. შენი აზრით, საჭიროა თუ არა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ განათლების შეტანა სკოლებში?და რა უნდა ისწავლებოდეს ამ საგნის ფარგლებში?
გვანცა: რა თქმა უნდა და ეს უნდა იყოს ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური მოთხოვნა. სკოლებში ასეთი ტიპის განათლება ადამიანებს თავიანთ სექსუალობაზე კონტროლის საბაზისო მექანიზმებს დაუბრუნებს. ტაბუებთან და სხეულთან გაუცხოების მთავარი პრინციპი თანაბრძოლა უნდა იყოს.
ფოტო: გიორგი დადიანი