NEW WAVE

Maria_Print

მარიამ სიხარულიძე, 25 წლის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC – სართველო), საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2015-2016 წლებში.

1. როდის გაიგე პირველად სიტყვა „ფემინიზმი“ და რა იყო შენი შთაბეჭდილება, როდესაც დეფინიციას გაეცანი?

მარიამი: რთულია გავიხსენო, ზუსტად როდის ან რა ვითარებაში შევიტყვე ამ ტერმინის შესახებ, მაგრამ ის შეგრძნება მახსოვს, რომ სანამ კარგად გავიაზრებდი, რას ნიშნავდა ფემინიზმი, ბევრი ადამიანის მსგავსად,თავდაპირველად მეც ერთგვარი საფუძველს მოკლებული პროტესტის გრძნობა მქონდა და მეგონა, რომ ფემინიზმი კაცებისადმი აგრესიასა და მათ მჩაგვრელად გამოყვანას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ისეთ ჰუმანურ იდეებს, როგორიც თანასწორობა და სამართლიანობაა. მაგრამ ეს დიდი ხნის წინიყო, და როდესაც გავიზარდე და მეტი ვისწავლე ფემინიზმის შესახებ, სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენა, რომ ამ ტერმინს სიყვარულთან ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე აგრესიასთან და სინამდვილეში, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ფემინისტი ვიყავი, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქალი იმსახურებს ისეთივე შესაძლებლობებს, როგორც კაცი, და პირიქით – იქნება ეს განათლების სფერო, დასაქმება, ოჯახი თუ ბავშვის აღზრდა. ასეთი საზოგადოება ბევრად ლაღი და ჯანსაღია და სწორი მიმართულებით ვითარდება კიდეც.

2. როგორ აწვდის დღევანდელი ქართული მედია-სივრცე ადამიანებს „ფემინიზმს“? ხედავ თუ არა პროგრესს ბოლო 10 წლის განმავლობაში?

მარიამი: მასმედია ფემინიზმისადმი დიდი მეგობრულობით, ჩემი აზრით, არ გამოირჩევა. ერთი მხრივ, ყოველთვის თვალში გვხვდებოდნენ მედიის მიერ სტერეოტიპულად წარმოდგენილი „იდეალური“ ქალები, წვრილი წელით, მაღალი ფეხებით და გულუბრყვილო გამოხედვით. მეორე მხარეს კი იდგა რეალობა და ფემინისტური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც მათ ფონზე, აგრესიულები და ცოტა საშიშებიც კი ჩანან; ანუ მედიის სივრცეში ფემინიზმი მოდაში დიდად არასოდეს ყოფილა და, ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენს პოლიტიკურად პოლარიზებულ და დაძაბულ გარემოში მედიის ყურადღება, ძირითადად, პოლიტიკურმოვლენებს ეთმობა, სადაც ქალთა საკითხები ნაკლებად ჩანს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკას, ის დღემდე რჩება საზოგადოებრივი აქტივობის საკმაოდ მასკულინურ სფეროდ.მაგრამ პროგრესი, ცხადია, შესამჩნევია. ბევრი რამ შეიცვალა 10 წლის განმავლობაში. ამის ნათელი მაგალითი თუნდაც ეს ჟურნალია, რომელმაც მთელი ნომერი მიუძღვნა გენდერულ თანასწორობას და ცდილობს, გაზარდოს ცნობიერება ამ თემის შესახებ, ან რადიო თავისუფლების გადაცემა „გენდერული ამბები“. ამგვარ ინიციატივებს ძალიან მივესალმები. რაც მეტს ვისაუბრებთ ამ თემაზე, მეტი ადამიანი გაიგებს, რომ დროა დავემშვიდობოთ პირველყოფილ შეხედულებებს ქალების „დანიშნულების“ შესახებ და გავითავისოთ, რომ ფემინიზმი არ ნიშნავს ქალების დომინირებას ვინმეს დაკნინების ხარჯზე.

3. როგორ უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ ან თუნდაც არასამთავრობო სექტორმა ქალების პოლიტიკაში ჩართვას?

მარიამი: ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, თუნდაც გენდერულ კვოტაზე საუბრები რომ ვახსენოთ. შეუძლებელია ცალსახად ითქვას, რომ კვოტები კარგია ან ცუდი და, ცხადია, მხოლოდ კვოტირება არ იქნება საკმარისი ქალების პოლიტიკაში ჩასართველად. მაგრამ ფაქტია, რომ კვოტა, რომელიც დაწესებულია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის, ისტორიული უსამართლობის გამოსწორების ერთგვარი მცდელობაა, რომელიც ქალების გაძლიერებისკენაა მიმართული. აქ ორი კითხვა ჩნდება: ეს მცდელობა ამართლებს თუ არა; ანუ მართლა მონაწილეობენ თუ არა ქალები „პოლიტიკაში“, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და იღებენ თუ არა ისინი ქალებისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს; თუ აგრძელებენ პატრიარქალურ ლოგიკას და კაცი პოლიტიკოსების სისტემაში უბრალო დავალებების შემსრულებლები ხდებიან.
და მეორე: თუ მონაწილეობენ და იღებენ კიდეც ქალებისთვის „სასარგებლო“ გადაწყვეტილებებს პარლამენტში, როგორიც არის დეკრეტული შვებულების, აბორტის, ქორწინების, ქონების განკარგვის და ქალებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები, რამდენად მიუთითებს ამ პოლიტიკოსი ელიტისტი ქალების შემთხვევა სრულ სურათზე. აქ განსაკუთრებით  მოწყვლად და დაუცველ სეგმენტს ვგულისხმობ, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ.
ქალების გაძლიერების საკითხი გაცილებით ფართომასშტაბიანია. ვფიქრობ, კვოტები, ქალთა საჯარო სფეროში მონაწილეობის კუთხით, კარგი დროებითი საშუალებაა ისტორიული უთანასწორობის ნაწილობრივ გამოსასწორებლად. კვოტირებას დროზე უნდა მივაშველოთ სხვა ინსტრუმენტები, რომ რეალური ცვლილება მოხდეს. გენდერულ უთანასწორობას უფრო კომპლექსური და მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება და მხოლოდ კვოტები სურათს არ შეცვლის.

მახსოვს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს ვატარებდით, სადაც ადრეული ქორწინების შესახებ ვსაუბრობდით. ზოგიერთ რეგიონში გვხვდებოდნენ ისეთი 15-16 წლის ბიჭები, რომლებიც 15 წლის გოგონას 30 წლის კაცზე გათხოვებას პრობლემად არ აღიქვამდნენ. მართალია, ადრეული ქორწინება უკვე კანონით ისჯება, მაგრამ აქ მენტალიტეტზეა საუბარი, რომლის შეცვლას მხოლოდ კანონი ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, ზოგადად, უფრო მგრძნობიარე გახდეს ქალების პრობლემების მიმართ, სადაცსაზოგადოების განათლება ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს, იქნება ეს განათლების ფორმალური თუ არაფორმალური მეთოდები და, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა.

ფოტო: გიორგი დადიანი