NOASTUDIO ინტერვიუ ქეთუნა ყრუაშვილთან

“Noastudio” მულტისციპლინური კომპანიაა, რომელიც არქიტექტურულ, ურბანულ და დიზაინერულ პროექტებს 2005 წლიდან ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებლები, არქიტექტორები მიკა ყრუაშვილი, სეზარ
რიბეირო და ქეთუნა ყრუაშვილი არიან. 

თქვენი პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს თბილისის ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი სივრცის – ვარდების რევოლუციის მოედნის განახლება. ამ ეტაპზე, პროექტი მოიცავს რეკრეაციულ ზონას, პავილიონს, რომელშიც განთავსებულია კაფე „ივერია” და ნაგებობას, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსის გახსნა იგეგმება. მოგვიყევით იმ კონცეფციის შესახებ, რომელიც აღნიშნულ პროექტს უდევს საფუძვლად.

ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, ვარდების რევოლუციის მოედანი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი
აბოლოებს რუსთაველის გამზირს. მოედნის ფორმირება მოხდა 80-იან წლებში და აქ იმართებოდა აღლუმები.
ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა მწვანე სასეირნო სივრცე, ერთგვარი რომანტიული ბაღების თანამედროვე ხედვა.
საფეხმავლო ბილიკი დახატულია სივრცის შევიწროებებით და გაფართოებებით, რაც მოედნის სიგრძეზე
სხვადასხვა რიტმს ქმნის. კაფე-პავილიონი უზრუნველყოფს მოსასვენებელ ადგილს, ხედით ქალაქზე. მოედნის მოსაპირკეთებელ მასალად ავირჩიეთ დაჟანგული მეტალი – Corten Steel, მისი სიმბოლურობის გამო, რადგან ეს მასალა ფართოდ გამოიყენება სამხედრო ტანკების მშენებლობაში. გამწვანება კი ერთგვარი მშვიდობის და სიმშვიდის ნიშანია.
მოპირდაპირე შენობის კონცეფცია ასევე სავსეა სიმბოლიკით. ფუნდამენტად გამოყენებული გვაქვს
ყოფილი ტრიბუნის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. ამგვარად, შენობა აღმართულია საბჭოთა მონუმენტის ნანგრევებზე და წვრილი ბეტონის ხაზის მოძრაობით სივრცეში ახალ ფორმას იძენს. შენობის ჰორიზონტალურობა და გამწვანებული მოედნის გრძივი ხაზები ერთმანეთთან დიალოგშია.

ნაგებობას, რომელშიც მრავალფუნქციური კომპლექსის გახსნა იგეგმება, საინტერესო ადგილმდებარეობა
აქვს. ერთი მხარით, ის არნუვოს სტილის გამორჩეულ ისტორიულ შენობას – მელიქ აზარიანცის სახლს ესაზ-
ღვრება, ხოლო მეორეთი – მოედანს გადაჰყურებს და მის ერთგვარ სახეს წარმოადგენს. აგრეთვე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნაგებობა საბჭოთა მონუმენტის ადგილზე დგას. რა მნიშვნელობა აქვს შენობის დაპროექტებისას გარემოებების გათვალისწინებას?

გლობალიზაცია არქიტექტურასაც შეეხო, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ნაგებობა შეიძლება განლაგებული იყოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მიუხედავად მისი მასშტაბის, ფორმისა თუ ვიზუალური მხარის. ჩვენ ამგვარ მიდგომას ვეწინააღმდეგებით. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გარემოს და ე.წ. ადგილის „სულს“, ანუ “Genius Loci”-ს. მელიქ აზარიანცის სახლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობაა თბილისში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ახალი ნაგებობა არ გამხდარიყო დომინანტი, არამედ შეგვექმნა ერთგვარი ფონური შენობა, რომელიც დაასრულებდა არსებულ ბლოკს, შეკრავდა ერთგვარ შეუვსებელ სამკუთხედს, რომელსაც აზარიანცის შენობა წარმოადგენს გენგეგმაზე. ორი შენობა ერთმანეთს ხიდით უკავშირდება, ამგვარად გავაჩინეთ ახალი საფეხმავლო კავშირი რუსთაველის გამზირსა და მოედანს შორის.

რეკრეაციული ზონის ვრცელი ნაწილი დეკორატიულ მცენარეებს უკავია, კაფე „ივერიის“ სახურავიც გამწვანებულია. რამდენად აქტუალურია თქვენს შემოქმედებაში და, ზოგადად, თანამედროვე არქიტექტურასა და ურბანისტიკაში ეკოლოგიის თემა?

დიახ, მწვანე სახურავი ეკოლოგიურია და, ამასთან ერთად, მდგრადიც. იდეალური თბოიზოლაციაა სიცივე-
ში და ბუნებრივი გაგრილებაა სიცხეში. ვიზუალური მომხიბვლელობაც გააჩნია. ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამ
გადაწყვეტას. ერთ-ერთ ახალ პროექტში ბალახი ისე გადადის მწვანე სახურავში, რომ არც კი ჩანს ბუნებასა და ნაშენს შორის ზღვარი.
მოედნის გამწვანება კი მთავარი კონცეფციის ნაწილი იყო – მწვანე „ოაზისის“ შექმნა ქალაქის ცენტრში,
საავტომობილო მოძრაობით გადატვირთულ ადგილას ხალხის მოზიდვა და მოედნის გამოცოცხლება. ეკოლოგია დიდი პრობლემაა მსოფლიოში. მეტი გამწვანებული პარკები და რეკრეაციული ზონები ქალაქში აუცილებელია. ჩვენ გაკეთებული გვაქვს საპროექტო შეთავაზება, რომელიც გულისხმობს გორგასლის ქუჩაზე
მარცხენა საავტომობილო მაგისტრალის გაუქმებას და მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული პარკის მოწყობას. იმედია, ოდესმე შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას.

თქვენი ავტორობით გაკეთდა სასტუმრო “Radisson Blue Iveria”-ს ღია საცურაო აუზი, სადაც ხისა და ბეტონის ჰარმონიული მონაცვლეობა სადა და დახვეწილ დიზაინს ქმნის…

ჩვენი ინსტრუმენტი არქიტექტურაში სივრცე და შუქია. დეკორატიული, გადატვირთული ელემენტების
და შერეული მასალების გამოყენებას ვერიდებით. ვცდილობთ, სადა ფორმებით, რიტმით, მოძრაობის მიმართულებებით შევქმნათ არქიტექტურული სივრცე. ვცდილობთ, ჩვენს არქიტექტურაში მეოთხე განზომილება გავაჩინოთ, რაც ადამიანის შეგრძნებები და ემოციებია, როდესაც ჩვენს შექმნილ სივრცეს მოიხმარს;
როდესაც არქიტექტურა არ არის სტატიკური, არამედ გარდაიქმნება სცენარად.

დაასახელეთ ბოლო წლებში განხორციელებული შენობები და ნაგებობები, რომლებმაც განსაკუთრებულად მოგხიბლათ…

ასეთი ბევრია, მაგრამ ახლა პორტუგალიელი არქიტექტორის, კარილიო და გრასას პროექტი – “PRACA NOVA DO CASTELO DE SAO JORGE” მახსენდება. ლისაბონის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური მუზეუმია. ტერიტორიაზე მე-11 საუკუნის სამი ნასახლარი იყო. დანგრეული სახლების მოხაზულობა შენარჩუნებული იყო, 50-70 სმ-ის სიმაღლის ძველი კედლების ნანგრევების სახით. ახალი ინტერვენცია გულისხმობდა ამ შენობების მოცულობების რეკრეაციას – შესაბამისად, ახალ მშენებლობას. გადაწყვეტა, რომელიც არქიტექტორმა მოიფიქრა, ყველაზე კორექტული, დელიკატური და დახვეწილია, რაც კი მინახავს.

მიმდინარე და სამომავლო პროექტები…

ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. ზოგი მშენებლობის პროცესშია, ზოგიც კონცეფციის განვითარების.
რამდენიმე მათგანი საქართველოშია, რამდენიმე კი პორტუგალიაში.

გენდერული თანასწორობა…

არქიტექტურა ძალზე შრომატევადი პროფესიაა, რომელიც დიდ ყურადღებას, კონცენტრაციასა და აზროვნებას
მოითხოვს. ჩემი აზრით, თუ პროფესიონალი ხარ, რა თქმა უნდა, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, დადებით შედეგებს მოიტანდა განათლებული, მოაზროვნე და შრომისმოყვარე ადამიანების ჩართვა არქიტექტურაში, ქალი იქნება ეს თუ მამაკაცი.

XII_6_Page_115

XII_6_Page_116

XII_6_Page_117