დათო ტურაშვილი- მწერალი
„გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ყველაზე მტკივნეული და საგანგაშო ძალადობაა, რომელიც მსხვერპლით მთავრდება. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ისევ ამ ტრაგედიაზე გვიწევს საუბარი. რასაკვირველია, ჩვენ ქვეყანაში კაცების უფლებებიც ირღვევა, მაგრამ ძალიან ხშირად ქალებს მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ ისინი ქალები არიან.
მართალია, სიტყვა „გენდერს“ და ზუსტად იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც დღეს ვიყენებთ ამ თემატიკასთან მიმართებაში, შოთა რუსთაველი არ ხმარობდა, მაგრამ გენდერულად თანასწორი საზოგადოების სასარგებლოდ, ჩვენი გენიალური პოეტი ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნის საქართველოში საუბრობდა. ეს საამაყოა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენ ცუდად ვიცნობთ საკუთარ წარსულს და, მაგალითად, თითქმის არ ვიცით, რა საოცარ გენდერულ თანასწორობას ეფუძნებოდა სვანური სამართალი საუკუნეების მანძილზე.
თუმცა, მხოლოდ წარსულის მაგალითები არასაკმარისია სიტუაციის პოზიტიურად შესაცვლელად. მიმაჩნია, რომ მთავარი გამოსავალი მაინც კარგი განათლება და სწორი აღზრდაა. ბავშვის აღზრდაში ორივე მშობელი უნდა მონაწილეობდეს. ეს ბევრი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ აუცილებლობის ახსნა მარტივადაც შეიძლება -ნებისმიერმა ადამიანმა, ძალიან პატარა ასაკიდანვე, უნდა იცოდეს, რომ სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და ეს არის კიდეც ამ სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ხიბლი და უპირატესობაც.”
ფოტო: გიორგი დადიანი