მაკა ჩიჩუა – პირველი ლედი
„პრეზიდენტმა არაერთხელ დაუჭირა მხარი ქალთა უფლებებს, მათშორის კვოტირებას, რაც კონკრეტული ქმედებითაც დაადასტურა. მან არაერთ მაღალ თანამდებობაზე წარადგინა ქალი კანდიდატები, როგორც საკუთარ ადმინისტრაციაში, ასევე ქვეყნის სხვა ინსტიტუციებში. პრეზიდენტი აქტიურად უჭერს მხარს ქალთა უფლებების ადვოკატირებაში არასამთავრობო სექტორს და ქალთა უფლებების დამცველებს. 2015 წელი მან ქალთა წლად გამოაცხადა, რასაც არაერთი პროექტის ფინანსური მხარდაჭერა მოჰყვა.
თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო საზოგადოებასაც. ერთი წლის განმავლობაში, საელჩოების ინიციატივით, რამდენიმე პერფორმანსი და აქტივობა განხორციელდა. კარგი მაგალითი იყო იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სპექტაკლი „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“. პიესა აგებულია მამაკაცების მიერ მოკლული ქალების მონოლოგებზე. ერთ-ერთი მონოლოგი მეც წავიკითხე. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი პრობლემის ბოლომდე მოგვარებისთვის. საჭიროა, რომ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყველა შტო გააქტიურდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეკლესიის როლი, რადგან ეს ინსტიტუცია დიდი გავლენით სარგებლობს.
თანაბარი უფლებებით ნებისმიერი მოქალაქის უზრუნველყოფა, ერთი მხრივ, დემოკრატიის საფუძველია, მეორე მხრივ კი, თუ ყოველ ჩვენგანს არ ექნა განვითარებისა და წინსვლის თანაბარი შესაძლებლობა, ამით საბოლოოდ სახელმწიფო კარგავს ინტელექტუალური რესურსის მნიშვნელოვან წილს და ქვეყნის განვითარება ფერხდება.
რადგან ოჯახი სახელმწიფოს პატარა მოდელია, ვფიქრობ, უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობას, ნდობას და არ შეიცავდეს ძალადობის უმცირეს ელემენტსაც კი. ოჯახის საფუძველი სიყვარულია. სიყვარული კი წარმოუდგენელია განვიხილოთ, როგორც რაიმეს მოდელი. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ოჯახურ ცხოვრებაში არსებობს მზა კონცეფცია, რომელსაც შეიძლება წყვილი მოერგოს. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, თითოეული ოჯახი შეთანხმდეს თამაშის საკუთარ წესებზე.
ქალებს აქვთ რესურსი იმისა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ნებისმიერი დარგის განვითარებაში. ერთადერთი თემა, სადაც მისი როლი განსაკუთრებული და შეუცვლელია, ბავშვთა საკითხებია. ამას განაპირობებს ბიოლოგიური, სოციალური, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცნობიერი თუ არაცნობიერი გამოცდილება. თუმცა, ვისურვებდი, რომ მამაკაცები სწორედ ბავშვთა საკითხებში გააქტიურდნენ. ვიცი, რომ ჩვენს, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში, გათვალისწინებულია დეკრეტული შვებულება ახალშობილის მამისთვის. თუმცა, არასდროს გამიგია, რომ საქართველოში რომელიმე მამაკაცს ამ უფლებით ესარგებლოს. კარგი იქნება, თუ მამაკაცები დროთა განმავლობაში ამ გამოცდილებასაც შეიძენენ და შვილების აღზრდაშიც სრულფასოვან პარტნიორობას გაუწევენ ქალებს. ეს თანასწორობის კიდევ ერთი მაგალითი იქნება.”
ფოტო: გიორგი დადიანი