WE ჩვენ – მედეა ჭკადუა

chkadua_Print

მედეა ჭკადუა – ხელოვნების მასწავლებელი

„ქართულ კანონმდებლობაში უკვე შეტანილია ცვლილება, რომ მასწავლებლები უნდა დაინტერესდნენ, თუ რატომ აცდენენ ადრეულ ასაკში (12 წლიდან) გოგონები სკოლას. მე მარნეულში ვმუშაობ და ეს თემა – ადრეული ქორწინებების – მუდმივად აქტუალურია. მსგავსი შემთხვევა მართლაც ბევრია და შედეგი უცვლელი -ადრეული ქორწინება საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას, წყვეტს მათ განათლებას და შემდგომ განვითარებას, ზოგჯერ კი გამოუსწორებელი მსხვერპლით მთავრდება.
ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკის მთავარი მიზეზი დაბალი ცნობიერება და განათლებაა. ამ რაიონში, მით უფრო ღრმა სოფლებში, ქართულ არხებს არ უყურებენ, უფროსმა თაობამ ქართული ენა საერთოდ არ იცის, არ იცნობენ კანონმდებლობას. ტრადიციად მიაჩნიათ 12-13 წლის ასაკში გოგონების დანიშვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ გოგონას არ შეუძლია იმესიჯოს, ბიჭებს შეხვდეს, ეს სირცხვილად ითვლება. ამ ყველაფერში აქტიურად მონაწილეობენ გოგონების მამები. ისინი თვითონვე აიძულებენ შვილებს, გაცილებით ასაკოვან კაცებს მისთხოვდნენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში 611 არასრულწლოვანის ქორწინებაა დარეგისტრირებული. ოჯახის შექმნის მიზნით, სკოლა 408 არასრულწლოვანმა მიატოვა.
დღეს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი მყისიერად ახდენს რეაგირებას მსგავს საზარელ ფაქტებზე. ამიტომ, მასწავლებლის აქტიურობა და მისი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებელს შეუძლია მოზარდის გადარჩენა, მისი ცხოვრების ვექტორის შეცვლა. ამას კანონიც ავალდებულებს. მასწავლებელი ვალდებულია, მიმართოს სამართალდამცავებს, სოციალურ სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს. პასიურობა მას სამსახურეობრივ გულგრილობად ეთვლება. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ძალადობად განიხილება. ასეთ დროს, მოზარდს მხარდაჭერა სჭირდება და არა იმის თქმა, რომ ეს „ოჯახის საქმეა“. ჩემი აზრით, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს სწორედ პედაგოგები წარმოადგენენ.”

ფოტო: გიორგი დადიანი