ნიკა მაჩაიძე- მუსიკოსი
„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში დამხმარე ადამიანი გვყავს, დედ-მამის ტრადიციული როლები მე და ჩემს მეუღლეს თანაბრად გვაქვს განაწილებული, მაგალითად, უმცროსი შვილის მოვლაში – დაძინება, ჰიგიენა, დილით ადრე ადგომა – ამ ყველაფერს რიგ-რიგობით ვაკეთებთ. შესაძლოა, არსებობს ისეთი საოჯახო საქმე, რომელსაც მე არ ვასრულებ, მაგრამ ამაზე არასოდეს მიფიქრია და არც მეუღლეს უთქვამს რამე, ალბათ იმიტომ, რომ ეს პრობლემა არც ყოფილა.
ჩვენს ოჯახში გენდერული ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცულია, მაგრამ იმის განცდა, რომ დღეს თანაბარუფლებიან საზოგადოებაში ვცხოვრობ, არ მაქვს. საქართველო სექსისტური ქვეყანაა და ეს არ მხოლოდ მისი, არამედ სამხრეთის პრობლემაა – ბევრ სამხრეთული მენტალიტეტის ქვეყანაშია იგივე გამოწვევები.
შემიძლია იაპონიის მაგალითი მოვიყვანო, სადაც ტექნოლოგიების განვითარების საკმაოდ მაღალი დონეა, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციებს და მკაცრად იცავენ მათ – მეტროში კაცები სხედან, ქალები კი დგანან, ტაქსიში ჯერ კაცი ჯდება, შემდეგ – ქალი. ერთხელ გაევროპელებულ იაპონელ მეგობარ გოგოსთან ერთად კიოტოში მომიწია ჩასვლა. სადგურიდან გამოსულმა ტაქსი გავაჩერე და ჩასხდომის დროს, როგორც წესია, გოგოს დავუთმე გზა. ამის გამო, ტაქსის მძღოლმა ჩხუბი აუტეხა, რადგან ის ქალი იყო და მხოლოდ ჩემს მერე უნდა დამჯდარიყო.
გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას დიდი დრო უნდა. შესაძლოა, კანონია გასამკაცრებელი არა მარტო მოძალადეების, არამედ მათ მიმართ, ვინც მის დამცველად გვევლინება – ხშირად ის თვითონაც სექსისტია. ძალადობის ფაქტზე გამოძახებული პატრული თვალს ხუჭავს ძალადობაზე
და არაფრად თვლის იმ ფაქტს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ცოცხალია და ცემით არ მოკლეს. უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად სწორედ რეაგირებს პოლიცია ძალადობის ფაქტებზე.”
ფოტო: გიორგი დადიანი