მოწვეული რედაქტორი – თიბისი ბანკი

თუ მოწვეული რედაქტორის როლში თიბისი ბანკის აღმოჩენა გეუცნაურათ, გეტყვით, რომ ეს ნომერი ჩვენზე არ არის.

ეს ნომერი იმ ადამიანებს ეძღვნება, რომელთა გზები თიბისისთან, ძალიან პრაგმატული მიზეზით, წარმატებისკენ მისწრაფების სურვილით გადაიკვეთა. ამ სურვილის შედეგად კი ახალი იდეები, ახალი პროექტები, ხედვები და ტენდენციები მივიღეთ.

2017 წელს თიბისი ბანკი 25 წლის ხდება. მთელი ეს 25 წელი – 90-იანებიდან დღემდე, საქართველოს უახლესი ისტორიის საუკეთესო ნაწილია. საუკეთესოა იმიტომ, რომ განვითარების და გამარჯვების უწყვეტი ციკლია და ამ ციკლში იმდენი ისტორია და წარმატება დაგროვდა, რომ 2017 წელი ამ წარმატების გაზიარებით უნდა დავიწყოთ.

ყველაფერი, რასაც ამ ნომერში ნახავთ ჩვენი დროის განსახიერებაა, იმ მოვლენების ასახვაა, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას ქმნის. ადამიანები, რომლებსაც აქ გაეცნობით, არიან შემოქმედებითი, გულწრფელი და თავგადასავლის მოყვარული ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და შექმნეს ფასეულობა.

აქ გაიცნობთ გამომგონებელ მოსწავლეებს, რომლებიც აცოცხლებენ მეცნიერებას საქართველოში, ნახავთ ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებს – ბიზნესისა და არტის კოლაბორაციის უნიკალურ შედეგებს. გაეცნობით ქართული რაგბის, ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის შემოქმედებს საქართველოში, ნახავთ ადამიანებს, რომლებმაც ენთუზიაზმით, ახალი ხედვით და მიდგომით შექმნეს უნიკალური ბიზნესკომპანიები საქართველოში.

ის, რაც ჩვენ ამ წარმატების ისტორიებს დავამატეთ, ცოტაოდენი გულშემატკივრობა და გამოხატვის ახალი ფორმების ძიებაა. ვეცადეთ, გვეპოვა ყველაზე საინტერესო გზები, ამ ადამიანების წარმოსაჩენად და მადლობის სათქმელად. ამიტომ, გარდა უბრალო ისტორიებისა, ჟურნალის ფურცლებზე ნახავთ ავტორების შემოქმედებასაც, რომელიც მათ ჩვენი ისტორიის გმირებმა შთააგონეს.

პროექტი #წერექართულად ბევრი ნაცნობი არტისტისთვის ინსპირაციის წყარო გახდა და ამ ინსპირაციით სპეციალურად ამ ჟურნალისთვის უნიკალური დიზაინი, ფოტოები და ტექსტები შეიქმნა. ამ ყველაფერს გიზიარებთ და იმედი გვაქვს, რომ ყოველი გვერდი თქვენთვის ახალი აღმოჩენის, აღფრთოვანების და სიხარულის საფუძველი იქნება.