პროექტი 12

პროექტის ავტორი: ნინა ახვლედიანი 

დრო, როცა ხელოვნების სანახავად რაიმე კონკრეტულ ადგილზე წასვლა იყო საჭირო, კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა.

თანამედროვე მხატვრები ხმამაღლა აფიქსირებენ საკუთარ არსებობას. ისინი პირდაპირები არიან, თავხედურად იჭრებიან ყოველდღიურ სივრცეში და თვალებში გვეჩხირებიან, მაგრამ ეს ნებადართული ინტერვენციაა. ჩვენც გვჭირდება შემოქმედების გარკვეული დოზა, რომ ვიფუნქციონიროთ. გვჭირდება ხელოვნების დონემდე აყვანილი რეკლამები და გრაფიტი სამსახურის გზაზე, რომ ორი წამით ჩავფიქრდეთ, სანამ რუტინულ საქმეებს შევუდგებოდეთ. შეუძლებელია, ადამიანის ყოველდღიურობა ხელოვნებისგან დაცალო, რადგან რაიმეს შექმნა ან შექმნილით ტკბობა ჩვენი ცნობიერების ნაწილია. თანამედროვე ხელოვნების არსიც სწორედ ესაა. ის ყველგანაა, სადაც არის მისი მომხმარებელი.

ხელოვნება ისეთივე ყოველდღიური გახდა, როგორც გაღვიძება, ჭამა და დაძინებაა. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. მეოცე საუკუნის შუა პერიოდის მხატვრულმა მიმდინარეობებმა ყველაფერი სანაგვეზე მოისროლა, რისიც მანამდე სჯეროდა საზოგადოებას. ენდი უორჰოლის ხელოვნებამ ზღვარი კომერციულ რეკლამასა და ნამდვილ არტს შორის წაშალა. მის არტ-სტუდიაში ყველაფერი იქმნებოდა, რაც მხატვრებს მოაფიქრდებოდათ. თავად კი კემპბელის სუპის ქილების, `ველვეტ ანდერგრაუნდის~ ალბომის ყდის და კოკა-კოლას ეტიკეტის დიზაინზე მუშაობდა. აბა, მისთვის გაგებედათ და გეთქვათ, რომ ეს ხელოვნება არაა. მთავარი თუ ხალხთან კომუნიკაციაა, რა უნდა იყოს ამაზე ადვილი გზა, რომ ვინმეს ყოველდღიურობაში შეაღწიო?! რატომ არ შეიძლება შედევრი გალერეაში კი არა, მაღაზიაში ნახოს ადამიანმა…

ასე დაიწყო ბიზნესისა და ხელოვნების მეგობრობა. მაისურებზე გადატანილი ილუსტრაციები, ყავის ჭიქაზე მოთავსებული გრაფიკული ნამუშევრები, საძინებლის კედელზე პოსტერი — ეს ყველაფერი რამდენიმეეტაპიანი ბრძოლისა და აზრთა სხვადასხვაობის მონაპოვარია. საბოლოოდ ხელოვნება ჩვენს ყოველდღიურობაში შემოიჭრა.

ყოველდღიურობაში შემოღწევის ნაწილია www.12.ge – 12 არტისტის 12 ნამუშევარი, რომელიც თიბისიმ თავის ფეი სტიკერზე გამოსახა.

12-ის კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები სხვადასხვა ვიზუალურ ხელოვნებასა თუ მედიას ეკუთვნის: ინსტალაცია, შუქის ხელოვნება, ფოტოგრაფია, გრაფიტი, სტრიტარტი, გრაფიკა. ამ მრავალფეროვნების ავტორები არიან: ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლომიტაშვილი, მიშიკო სულაკაური Lamb, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე.

მსგავს მასობრივ წარმოებაზე გასვლა არტისტებისთვისაც დიდი გამოწვევაა. ყოველდღიურად უამრავმა ადამიანმა დღეში რამდენჯერმე უნდა უყუროს მათ ნამუშევრებს, რაც ხელოვნების ობიექტისა და ადრესატის იმაზე უფრო მჭიდრო კონტაქტია, ვიდრე ნამუშევრის კედელზე ჩამოკიდებაა.

ზოგადად, ძალიან რთულია, ბიზნესი ისე ემეგობროს ხელოვნებას, რომ თავისი ინტერესებით არ დააზიანოს. ეს ვიწრო ბილიკია, რომელზეც ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროს ყველა დამკვეთმა. თანამშრომლობის სანაცვლოდ, არტისტები იმას იღებენ, რაც საბოლოო ჯამში ყველა ხელოვანის მიზანია – აქტუალურობას, პოპკულტურაში გადასვლის შანსს, ხელმისაწვდომობას.

ვნახოთ, თავის მხრივ, როგორ მიიღებს საზოგადოება არტს, რომელიც კედლის ნაცვლად, მობილურ ტელეფონზე იქნება გამოფენილი.