ლევან ჩილაჩავა
. როგორ, რა ასაკში, ვისი დამსახურებით დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება სპორტის ამ სახეობას?
ჩვენს უბანში რაგბის კლუბი იყო, სადაც ჩემი ძმაკაცი გიორგი ქუთათელაძე დადიოდა. ერთხელაც ინტერესის გამო გავყევი, ვნახავ, ერთი, რა არის-მეთქი. მივედი და დავრჩი.
. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება გაიხსენეთ.
ახალგაზრდულ ნაკრებში რომ ამიყვანეს და ტურნირის შემდეგ საფრანგეთში, ქალაქ ტულონში დამიტოვეს სათამაშოდ.
. ვინ არიან თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები?
მთელი ჩემი ოჯახი მგულშემატკივრობს.
. როგორ ფიქრობთ, ხასიათის რა თვისებებს უყალიბებს სპორტსმენს რაგბი?
პირველ რიგში, შრომისმოყვარეობას და ამავე დროს ერთობლიობისადმი სიყვარულს, მეგობრობას აჩვევს.
. დაასახელეთ ის მთავარი თვისებები, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო.
მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა.
. არის თუ არა რაგბის სათამაშოდ განსაკუთრებული მონაცემები აუცილებელი? თუ მონდომებისა და დიდი შრომის შემთხვევაში ყველას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა?
კარგი მონაცემები დამატებითი პლიუსია, თუმცა დიდი შრომა და მონდომებაა გადამწყვეტი.
. თუ არის რამე, რაზეც სპორტული ცხოვრების გამო უარის თქმა მოგიხდათ?
ცხოვრების ჯანსაღი წესი თავისთავად ითხოვს გარკვეულ შეზღუდვებს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს აკრძალვები მტანჯველია.
. მთავარი პროფესიული მიზანი?
წარმატება – ამ სიტყვის უნივერსალური მნიშვნელობით.
. თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? ჰობი თუ გაქვთ?
იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო და, თუ მაქვს, მეუღლესთან ერთად ვმოგზაურობ.
. როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, როცა დადგება დღე და რაგბის აღარ ითამაშებთ?
ჯერ არ წარმომიდგენია და ამ ეტაპზე არც მინდა ამაზე ფიქრი.
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე