#რაგბიჩვენითამაშია?

ბადრი ალხაზიშვილი

. როგორ, რა ასაკში, ვისი დამსახურებით დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება სპორტის ამ სახეობას?

ბავშვობაში ძალიან მსუქანი ვიყავი. დავდიოდი ფეხბურთზე, წყალბურთზე, კალათბურთზე, კარატესა და ჩოგბურთზე, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერში გამოვდექი და სპორტის სახეობის კიდევ ერთხელ გამოცვლის დრო დადგა. 2003 წელი იყო, რაგბის მსოფლიო თასი მიმდინარეობდა და რამდენიმე თამაშის ყურების შემდეგ გადავწყვიტე, ბარემ რაგბიც მეცადა. მამას ვთხოვე, მივეყვანე. მან რაგბის კლუბი „აკადემია“ შემირჩია. ვცადე და ძალიან მომეწონა.

. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება გაიხსენეთ.

ასეთი მნიშვნელოვანი წარმატება პირველ ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრა იყო. მართალია, მთელი ტურნირის განმავლობაში, რომელიც ოთხი თამაშისგან შედგებოდა, მხოლოდ ორ წუთს ვითამაშე, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი დიდ რაგბიში.

. ვინ არიან თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები?

ჩემი ოჯახი, რა თქმა უნდა.

. როგორ ფიქრობთ, ხასიათის რა თვისებებს უყალიბებს სპორტსმენს რაგბი?

რაგბი არის სპორტი, რომელსაც ეგოისტი და ამპარტავანი ადამიანი მაღალ დონეზე ვერ ითამაშებს. ის გასწავლის გვერდში დგომას, დაძაბულ, რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემასთან გამკლავებას. ის გაგრძნობინებს, რომ ყველაფერია შესაძლებელი.

. დაასახელეთ ის მთავარი თვისებები, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო

რაგბიში და, ზოგადად, სპორტში წარმატების მისაღწევად, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი – შრომის
სიყვარულია. ზარმაც მორაგბეს მაღალ დონეზე ასპარეზობა ძალიან გაუჭირდება. რა თქმა უნდა, შრომისმოყვარესთან ერთად ნიჭიერიც თუ ხარ, იდეალური სინთეზია.

. არის თუ არა რაგბის სათამაშოდ განსაკუთრებული მონაცემები აუცილებელი? თუ მონდომებისა და დიდი შრომის შემთხვევაში ყველას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა?

რაგბი ისეთი სპორტია, სადაც ყველანაირი ფიზიკური მონაცემის მოთამაშეს მოუძებნიან პოზიციას, მთავარი შრომაა.

. თუ არის რამე, რაზეც სპორტული ცხოვრების გამო უარის თქმა მოგიხდათ?

სპორტის გამო უარის თქმა მიწევს ხოლმე გართობაზე მაშინ, როცა მეორე დღეს ვარჯიში ან თამაში მაქვს.

. მთავარი პროფესიული მიზანი?

თავისუფალ დროს, ვცდილობ, აქტიურად დავისვენო, რაიმე სხვა სპორტით დავკავდე. ჩოგბურთის თამაში მიყვარს. ასევე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ღამით ცარიელ ქუჩებში მოტოციკლეტით სეირნობა.

. როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, როცა დადგება დღე და რაგბის აღარ ითამაშებთ?

აი, მაგაზე ბევრი მიფიქრია. რაგბის მერე, სავარაუდოდ, სწავლას გავაგრძელებ. რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო, არ შემრცხვება. ერთადერთი პრობლემა, ალბათ, წონის გაკონტროლება იქნება. ბევრს ვჭამ, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრსაც ვვარჯიშობ, არ ვსუქდები. წელს ფეხი მოვიტეხე და სამ თვეში 15 კილოგრამი მოვიმატე. წარმომიდგენია, რა ნიშნულს მიაღწევს ჩემი წონა სპორტის გარეშე, რამდენიმე წელიწადში. ამიტომ ჭამას მოვუკლებ, რა თქმა უნდა.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე