UNTITLED

რა ასოციაციები გიჩნდებათ სიტყვაზე „მეცნიერი“? ადამიანების უმრავლესობა წარმოიდგენს თეთრ ხალათში ჩაცმულ გიჟს ან, პირიქით, კონსერვატორ მოსაწყენ ფიგურას, რომელიც არაადეკვატურია ყოველდღიურობასთან მიმართებაში, ან ადამიანს, რომელიც ყველასთვის უინტერესო ან გაუგებარ თემებზე მუშაობს და ეს თემები ხშირად იმდენად გაუგებარია, რომ ბევრს ეჭვიც შეაქვს – ხომ არ გვაბოლებს ეს ბატონი მეცნიერი, თითქოს მნიშვნელოვან რამეზე მუშაობდეს? საბჭოთა მეცნიერის ფიგურამ დიდაქტიკის ელემენტებიც შეიტანა ამ იმიჯში, მაგრამ დღეს ყველაფერი იცვლება. ზუსტ ფაქტებსა და გამოთვლებზე დამყარებული, ერთი შეხედვით კონსერვატიული სტრუქტურა, დღეს ახალი იდეების, აღფრთოვანებების და შთაგონების მთავარი წყაროა პლანეტის მოსახლეობისთვის.

დავიწყოთ ტრივიალური ფაქტით: თვითმფრინავები, მატარებლები, მეტრო, კორპუსები, ინტერნეტი, ტკივილგამაყუჩებლები, მობილური ტელეფონი და ა.შ. ყველაფერი ეს შეუძლებელი იქნებოდა მეცნიერული აღმოჩენების გარეშე. ყოველდღიურობა, რომელსაც ჩვენ დაუფიქრებლად მოვიხმართ, ყველა ნივთი, რასაც ვეხებით, ოდესღაც რომელიმე მეცნიერის კვლევის საგანი იყო.

მეცნიერება თანამედროვე როკ-ენ-როლია, მეცნიერები კი პოსტ-მილენიუმის ახალი ვარსკვლავები არიან. საკმარისია შეხედოთ კარლ სეიგანს, რომელმაც კოსმოლოგია სატელევიზიო შოუდ გადააქცია, იმის პარალელურად, რომ მარიხუანას მომხმარებელი იყო; მიჩიო კაკუ, აინშტაინის ვარცხნილობით, იაპონური სიდინჯით რომ საუბრობს სამყაროს სხვა განზომილებებზე; ჯეისონ სილვა, რომელიც თავად არაა მეცნ
იერი, მაგრამ ქმნის მოკლე ვიდეოებს, რომელთა მთავარი მიზანი ადამიანში აღფრთოვანების გამოწვევაა, ყველა მისი ვიდეო ახალი მეცნიერული მიღწევების გააზრების მცდელობაა. და როცა მართლა იწყებ იმის
გააზრებას, თუ რა სტრუქტურებთან უწევთ მუშაობა თანამედროვე მეცნიერებს, ტვინში ახალი ყვავილები იბადებიან და სხეული ივსება ცნობისმოყვარეობით, შთაგონებით და სიხარულით.

ფაქტია, რომ თანამედროვე მეცნიერებამ „დაჩაგრა“ და 50 წლით გაუსწრო ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს,
როგორებიცაა ფილოსოფია, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩვენს გარშემო არსებული ქაოსის აღწერას, მისი „აზრის“ გაგებას. დღეს ფილოსოფია ვერ ასწრებს მეცნიერული აღმოჩენების გააზრებას. ფილოსოფოსის როლიც კი თითქოს მეცნიერმა მიითვისა. რა არის დრო? როდის დაიბადა სამყარო? შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, თუ რა ხდებოდა სამყაროს დაბადებამდე? როგორ მოკვდება სამყარო? ვართ თუ არა მარტონი გალაქტიკაში? – თანამედროვე ფიზიკოსი, მათემატიკის ენით, ამ კითხვებზე გაცილებით ადეკვატურ პასუხებს იძლევა, ვიდრე ფილოსოფოსი. ალბათ, დროა ფილოსოფიამ ძალები მოიკრიბოს და მოგვცეს პასუხები გრავიტაციულ ტალღებზე, პარალელურ სამყაროებსა და დიდ აფეთქებაზე.

სამეცნიერო ფანტასტიკაც, შეიძლება ითქვას, „კრიზისშია“. წარმოიდგინეთ მწერალი, რომელიც ეძებს თემას მისი ახალი ლიტერატურული ნაწარმოებისთვის და ამ დროს ვინმე კოსმოლოგი, რომელსაც 50 წლის წინ ასეთი აზრებისთვის, სავარაუდოდ, სამეცნიერო წრეებიდან გააგდებდნენ ან გიჟად შერაცხავდნენ – თავისუფლად საუბრობს კვანტურ უკვდავებაზე; ილონ მასკი საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგენს მარსის კოლონიზაციის გეგმას და ახალ რაკეტას, რომელიც ამაში დაგვეხმარება; მიჩიო კაკუ აცხადებს, რომ ჩვენ „სიმულაციურ“, არარეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ყველაფერი ეს მხოლოდ ჰოლოგრამაა. ობამას ადმინისტრაცია ნებას რთავს კერძო კომპანიებს, რომ ასტეროიდებიდან წიაღისეული მოიპოვონ, კლონირება აკრძალულია, ჰაბლის ტელესკოპი სამყაროს უშორესი რეგიონებიდან აგზავნის სუპერნოვების ფოტოებს, ახალგაზრდების ჯგუფი ლონდონის თუ შანხაის გარაჟებში ერთუჯრედიანი არსებების დნმ კოდს ჰაკავენ და მის ციფრულ ანალოგს ქმნიან, ინტერნეტის შავ ბაზარზე, სადმე Deep Web-ის ან Darknet-ის ჩიხებში კი ონლაინ მაღაზიებია, სადაც შეგიძლია შეიძინო ნებისმიერი სახის იარაღი, ნარკოტიკი, შეუკვეთო მკვლელობა ან იყიდო, არც მეტი, არც ნაკლები, ნამდვილი მონა. სამეცნიერო ფანტასტიკა სამეცნიერო ფაქტებადაა გადაქცეული. ფსიქოლოგიური ლიტერატურაც ვერ არის კარგ ხოდზე, ნეირომეცნიერები ყოველდღე „ომობენ“ ერთმანეთში
ახალ-ახალი ფაქტებით: ხან ის ვერსია წონის, რომ ადამიანს თავისუფალი ნება არ გააჩნია და ჩვენ, უბრალოდ, ბიოგენეტიკური რობოტები ვართ, ხან – ის ვერსია, რომ ცნობიერება, მეცნიერების ეს „წმინდა გრაალი“ მართლა არსებობს, იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ საიდან „ჩნდება ცნობიერება“.

ინტერაქტიული, ავანგარდული ხელოვნებაც უცნაურ მდგომარეობაშია მას მერე, რაც გაჩნდა „ბიო არტი“ – მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც სახელოსნოს ნაცვლად ლაბორატორიებს იყენებს, ფუნჯისა და სამ-
შენებლო მასალის ნაცვლად კი – ნამდვილ ბიოლოგიურ მასალას. მაგალითად, ედუარდო კაცის ნამუშევარში, სახელად „ჯენეზისი“, არტისტმა ბიოლოგიური ორგანიზმის დნმ-ში მოახერხა სიტყვების „ჩაწერა“, დეივისმა კი თაგვის ყურში „შეინახა“ ჩვენი გალაქტიკის უზარმაზარი ფოტო.

ამ ყველაფრის გარდა, მეცნიერება სამყაროს აბსოლუტურად ახალ, აქამდე ადამიანისთვის არაკომფორტულ
და უცნაურ, მაგრამ ულამაზეს მსოფლაღქმას ავითარებს. მუსიკოსებს საშუალება ეძლევათ მოუსმინონ, როგორი „ხმა“ აქვს სატურნს, არქეოლოგები პოულობენ უძველესი ცივილიზაციების ნაკვალევებს, პროგრამისტები წერენ კოდებს საბანკო სისტემებისთვის, სადაც ჩვენი ფული ინახება, რობოტები კი უკვე დადიან უცხო პლანეტების ზედაპირებზე და ტკბებიან მარსიანული განთიადებით.
ჩვენ, ჯერ კიდევ არისტოტელეს დროიდან, შეჩვეული ვართ ორობით სისტემას: არის დღე და არის ღამე, არის კეთილი და არის ბოროტი, მოსაზრება ან მცდარია ან ჭეშმარიტი, მაგრამ ორობითი სისტემა პრიმიტული კულტურის შედეგია. მაგალითად, „კვანტური სუპერპოზიციის“ სახელით ცნობილი მოვლენა, მარტივად რომ ვთქვათ, ამტკიცებს, რომ გარკვეული ობიექტი შეიძლება ერთდროულად ორივე მდგომარეობაში იყოს – „თან არის და თან არ არის“, როგორც გია დვალი ყვებოდა ჩვენს წინა ინტერვიუში. ალბათ, კარგი ძენ ბუდისტი ან მათემატიკოსი უნდა იყო, რომ ეს „ალოგიკური“ წინადადება გაითავისო. როგორ შეიძლება რამე თან იყოს და თან არ იყოს ერთდროულად? თურმე შეიძლება და შესაძლოა ამ ტიპის აზროვნებამ, თუ მას კაცობრიობა აიტაცებს, მომავალში ტრივიალური ომები, ფანატიზმი, „ბოროტისა და კეთილის“ მარადიული ბრძოლები აგვაშოროს.

აი, როგორ აღწერს ვარდს ცნობილი ფიზიკოსი რიჩარდ ფეინმანი: „მე მყავს მეგობარი, ის არტისტია და ხანდახან ვკამათობთ ხოლმე. მაგალითად, მას ხელში ყვავილი უჭირავს და მეუბნება, „ნახე, როგორი სილამაზეა“ და მე ვეთანხმები. ყვავილი მართლაც ლამაზია. ის მეუბნება, „აი, მე, როგორც არტისტი, მთლიანად აღვიქვამ ამ ყვავილის სილამაზეს. შენ კი, როგორც მეცნიერი, ამ ყვავილს დაშლიდი ატომებად, ნაწილებად და მთელი მისი სილამაზე გაქრებოდა“. და ამ დროს, ვფიქრობ, რომ ჩემი მეგობარი ძალიან ცდება.
პირველ რიგში, ამ ყვავილის სილამაზე თანაბრად ცხადია როგორც ჩემთვის, ისევე სხვა ადამიანებისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ესთეტიურად ისეთი დახვეწილი, როგორც ჩემი მეგობარი. მაგრამ მე შემიძლია ამ ყვავილის ნამდვილი სილამაზე დავინახო.
ამავდროულად, მე ცოტა უფრო მეტს ვხედავ ამ ყვავილში, ვიდრე ის. მე შემიძლია წარმოვიდგინო ამ ყვავილის უჯრედები, კომპლექსური პროცესები მათ შორის, რომელიც ასევე ძალიან დახვეწილი და ლამაზია. ვგულისხმობ იმას, რომ ყვავილი მხოლოდ ამ ერთ განზომილებაში, ამ ერთ სანტიმეტრზე კი არ არის ლამაზი, ის ლამაზია შიგნიდანაც, თავისი შინაგანი სტრუქტურით, მისი სიღრმეებით და პროცესებით, რომლებიც მასში მიმდინარეობს.
თუნდაც ის ფაქტი როგორი დამაინტრიგებელია, რომ ამ ყვავილის ფერები, ევოლუციის განმავლობაში, სპეციალურად განვითარდა ისე, რომ მან მწერები მიიზიდოს. ეს ნიშნავს, რომ მწერებსაც შეუძლიათ ფერების აღქმა. ეს კი უკვე ახალ კითხვებსაც მიჩენს – იქნებ ესთეტიურობის შეგრძნება უფრო დაბალ ფორმებსაც გააჩნიათ?.. რატომ ვთვლით, რომ ეს ლამაზია? მე ამ ყვავილის ყურებისას მიჩნდება მილიონი ახალი კითხვა და იდეა, მეცნიერული ცნობისმოყვარეობაც მიჩნდება, რომელიც კი არ ამცირებს ყვავილით ტკბობის პროცესს, არამედ პირიქით, უფრო აღმაფრთოვანებელს და მისტიკურს ხდის მას.“

ბევრი თვლის, რომ ჩვენი სახეობა დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის და ახლის გაგების ხარჯზე ვითარდება. თუ ეს ასეა, მეცნიერები ის გიდები არიან, რომლებიც ძველი ეპოქების მეზღვაურებივით, აქამდე უცნობ, საშიშ ოკეანეებში მიდიოდნენ და ამ მოგზაურობების შედეგად, ჩვენი პატარა რუკები უფრო დიდი და საინტერესო ხდებოდა და ვინ იცის, იქნებ ამ გიდებმა ერთხელაც, ამჯერად უკვე სამყაროს ჰორიზონტამდეც მიგვიყვანონ იმისთვის, რომ ვნახოთ, თუ რა ხდება იმის იქით.

artwork: Jeremy Geddes