#გააზიარეწარმატება

"ბიზნესდაჯილდოება 2016"

რესტორანი “ბარბარესთან”

წლის ტურისტული ბიზნესი

`ბარბარესთან” – მყუდრო, გემოვნებიანი ქართული რესტორანი სტუმართმოყვარე მასპინძლებით – ქურასბედიანების ათშვილიანი ოჯახით.

რესტორანი სრულყოფილად აცოცხლებს მე-19 საუკუნის კულინარი ქალის, ბარბარე ჯორჯაძის უნიკალურ რეცეპტებს. ძველი ქართული კერძების უზადო ვარიაციების ავტორი კი რესტორნის შეფ-მზარეული ლევან კობიაშვილია. კარგი გემოს მაძიებლებს შესაბამისი ღვინის არჩევაშიც დაეხმარებიან – აქაური სომელიე ყოველთვის მზადაა გემსახუროთ!

ჯერაც უცნობი ან კარგად ნაცნობი, მაგრამ შეუდარებლად მომზადებული ქართული კერძები, ძველებური ავეჯი, ჭრელი ხალიჩები, აგურის კედლები, მინდვრის ყვავილები, მომსახურების მაღალი ხარისხი და ფონად ქართული რეტრო მუსიკა საოჯახო ატმოსფეროს, სიმყუდროვისა და სიმშვიდის განწყობას ქმნის.

რესტორანს `ბარბარესთან” უმაღლესი შეფასებები აქვს ისეთ საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმაზე, როგორიცაა TripAdvisor.

რესტორნის დირექტორი მაკა ჯიბუტი იხსენებს, რომ როცა ნომინაციის გამარჯვებულად რესტორანი „ბარბარესთან“ დასახელდა, პირველ რიგში, უსაზღვრო მადლიერების გრძნობა დაეუფლა: „წარმოუდგენლად ამაღელვებელი იყო იმის გაცნობიერება, რომ ხალხმა დააფასა ის შრომა და ენთუზიაზმი, რაც ჩვენმა გუნდმა ჩადო საქმეში. ეს, თავისთავდ, სტიმულია, რომ მეტი და მეტი ვაკეთოთ. ვფიქრობ, ის, რამაც „ბარბარესთან“ ნომინაციის გამარჯვებულად აქცია, რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობაა: რესტორანი განსხვავებული კონცეფციისაა, ძველი, გაცოცხლებული რეცეტებით ახალი სიტყვაა ქართულ კულინარიაში, თვითონ ოჯახის წევრები მასპინძლობენ სტუმრებს და ეს მათ ძალიან მოსწონთ.“