#გააზიარეწარმატება

"ბიზნესდაჯილდოება 2016"

ბი-პი-სი BPC

წლის აგრობიზნესი

ასკილის უალკოჰოლო, ნატურალური სასმელის წარმოების შთაგონებად 2010 წლის დასაწყისში ბებიას საოჯახო რეცეპტი იქცა. კომპანიის პოპულარული პროდუქტი – ასკილის ნაყენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტყეებში მოგროვებული ველური ასკილისგან მზადდება. წვენის წარმოების ტექნოლოგიაც ძველ ქართულ ტრადიციულ ოჯახურ მეთოდებს ეფუძნება.

პროდუქტის უნიკალურობა ბრიტანეთშიც აღიარეს. ასკილის წვენით გავლენიანი ბრიტანული ინოვაციური არაალკოჰოლური სასმელების ორგანიზაცია – Beverage Inovation დაინტერესდა. ინფორმაცია ქართული პროდუქტის შესახებ მათ ჟურნალში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოში წარმოებული ასკილის ნაყენი წლის ერთ-ერთ ინოვაციურ სასმელად იყო მოხსენიებული.

ქართული ნაყენის სახელი კიდევ ერთხელ არაალკოჰოლური სასმელების მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსში გაჟღერდა, სადაც BPC-ის წარმოებულმა ასკილის წვენმა ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვება და „2012 წლის იმუნიტეტის გამაძლიერებელი საუკეთესო სასმელის“ სტატუსი მოიპოვა.

მოგვიანებით ოჯახური ბიზნესიცა და წვენის არჩევანიც გაფართოვდა. დღეს კომპანია მომხმარებლებს უკვე სხვადასხვა ხილის წვენს სთავაზობს. BPC-ის მიერ წარმოებული წვენები გასულია როგორც ადგილობრივ, ისე იაპონიის, ჰონგ-კონგის, გერმანიისა და აშშ-ის საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანია BPC-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გაგა აბაშიძე აღნიშნავს, რომ ბიზნესდაჯილდოებამ, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ათობით კომპანიის გაცნობის საშუალება მისცა: „ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ ამ გამარჯვებამ კიდევ მეტი პასუხისმგებლობა შეგვძინა, რომ კომპანია მეტად განვითარდეს და გავამართლოთ მოპოვებული სტატუსი. გარდა ამისა, აღიარება ყოველთვის სტიმულია, ახალი გამოწვევა.“