#გააზიარეწარმატება

"ბიზნესდაჯილდოება 2016"

ბიოქიმფარმი 

წლის ინოვაციური ბიზნესი 

ISO სერთიფიცირებული, ბიოფარმაცევტული კომპანია ათწლეულებია ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას უსაფრთხო, ეფექტური და ბუნებრივი პრეპარატების შესაქმნელად იყენებს. „ბიოქიმფარმი“ 1999 წელს ყოფილი „ფაგების საამქრო“-ს სპეციალისტებმა დააფუძნეს, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან მსოფლიოსთვის უნიკალური ბაქტერიოფაგების პრეპარატების წარმოებითა და კვლევით იყვნენ დაკავებული. „ბიოქიმფარმის“ სპეციალისტების გუნდმა არამხოლოდ გადაარჩინა და შეინარჩუნა, არამედ მოდერნიზაცია გაუკეთა არსებულ საწარმოო და ინფრასტრუქტურულ რესურსებს და თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა პრეპარატების წარმოება და კვლევა. აღნიშნული პრეპარატები სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ბაქტერიოფაგები, ანუ ფაგები დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ცოცხალი მიკროორგანიზმები და ბაქტერიების ბუნებრივი მტრები არიან. ისინი განსაცვიფრებელი რაოდენობით არიან წარმოდგენილი ჩვენ გარშემო. ერთი წვეთი ზღვის წყალი შეიძლება შეიცავდეს მილიონობით, ხოლო ადამიანის ორგანიზმი – მილიარდობით ფაგს. სპეციალურად შერჩეულ ფაგებს შეუძლიათ ბაქტერიების ძალიან ეფექტურად განადგურება, თანაც ისე, რომ სხვას არაფერს აზიანებენ.

კომპანია სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებს აერთიანებს – მარკეტერები, მეწარმეები და მეცნიერები 10-დან 30 წლამდე გამოცდილებით. „ბიოქიმფარმის“ გუნდი დაკავებულია ფაგების ტრადიციული პრეპარატების წარმოებით, ახალი წამლის ფორმების კვლევითა და შექმნით, როგორებიცაა სპრეის, კაპსულირებული და ტაბლეტის ფორმები; ასევე ახალი ინოვაციური პროდუქტების შექმნით რეზისტენტული
ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების დასაძლევად.

„ბიოქიმფარმი“ ფაგის პრეპარატების ერთადერთი ექსპორტიორია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ინდივიდუალური შეკვეთები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იგზავნება.

რატი ღოლეჯაშვილი, „ბიოქიმფარმის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ წლის ინოვაციური ბიზნესის სტატუსმა გუნდს მუშაობის გაორმაგებული მოტივაცია შესძინა: „ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა გარდამტეხი მომენტი იქნება ჩევენი კომპანიისათვის; ჩვენი გლობალური მისწრაფებებისთვის. ცნობადობის თვალსაზრისით, ძალიან კარგი შედეგები მოგვიტანა და, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, თუ რამდენად უნიკალური ტექნოლოგია გვაქვს საქართველოში. ზოგადად, ძალიან კარგი ინიციატივაა, რისთვისაც მადლობელი ვართ ორგანიზატორების, „თიბისი ბანკისა“ და კომპანია „ჯეოსელის,“ რომელიც ინოვაციების მიმართულებით აჯილდოებდა გამარჯვებულს. მისი წყალობით, 2017 წელს ვებ-სამიტზე გავემგზავრებით, ამაზე დიდ და მნიშვნელოვან საჩუქარს, უბრალოდ, ვერ მოიფიქრებ! ვფიქრობ, პროექტმა გაამართლა, ჩვენთვის კი „ბიზნესდაჯილდოება 2016“-ის ფარგლებში მოპოვებული გამარჯვება, სიამაყის გრძნობასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.“