#გააზიარეწარმატება

"ბიზნესდაჯილდოება 2016"

ბადაგი

წლის ქართული პროდუქტი

ნატურალური, ტრადიციული ქართული პროდუქტის- ჩურჩხელის წარმოება კომპანიამ 2011 წლის წინ მხოლოდ ერთი თანამშრომლით დაიწყო. დღეს `ბადაგში” 70 ადამიანია დასაქმებული, კომპანიის ქსელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს, ყოველდღიურად წარმოებული ჩურჩხელის რაოდენობა კი 5000-მდეა.

`ბადაგში” ჩურჩხელის 8 ნაირსახეობა მზადდება: ნიგოზი რქაწითელის ყურძნის წვენში; ნიგოზი საფერავის ყურძნის წვენში; ნიგოზი თაფლით რქაწითელის ყურძნის წვენში; თხილი რქაწითელის ყურძნის წვენში; თხილი საფერავის ყურძნის წვენში; თხილი რქაწითელის ყურძნის წვენში სიმინდის ფქვილით (ჯანჯუხა); თხილი თეთრ შოკოლადში; თხილი შავ შოკოლადში.

დაფუძნების დღიდან, „ბადაგი“ ჩურჩხელის ტრადიციული დამზადების მეთოდს ინარჩუნებს. პროდუქტი ნატურალური ნედლეულის გამოყენებით იქმნება.

კომპანია „ბადაგის“ დამფუძნებელი ვახტანგ ყაჯრიშვილი მოხარულია, რომ შრომა დაუფასდათ და საქმისადმი მათმა რამდენიმეწლიანმა თავდადებამ შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო: „გამარჯვება, აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა, ამაზე არავინ კამათობს. თავად პროექტია ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილშობილური მიზნების მქონე. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს კომპანიას, პირველი შედეგები გაზრდილი ცნობადობის მხრივ უკვე გამოჩნდა. თუ ბიზნესდაჯილდოებამდე, გამოკითხვის შედეგად, ჩვენი კომპანიის მიმართ ცნობადობა 65% იყო, ახლა, იმავე გამოკითხვით, ამ მაჩვენებელმა 95%-ს მიაღწია.“