#გააზიარეწარმატება

„ბიზნესდაჯილდოება 2016“

`ბიზნესდაჯილდოება” – ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნესკონკურსი – მიზნად ქვეყანაში მეწარმეობის პოპულარიზაციას ისახავს. `ბიზნესდაჯილდოება 2016”-ში 523 კომპანია დარეგისტრირდა. თითოეულ ნომინაციაში 3 ფინალისტი გამოვლინდა, საბოლოოდ კი, ნომინაციების მიხედვით, გამარჯვებულად საუკეთესოთა შორის საუკეთესო თითო კომპანია დასახელდა.

„ბიზნესდაჯილდოების“ ავტორმა, „თიბისი ბანკმა“, კონკურის მიზანი მისი დაანონსებისთანავე გააჟღერა: „ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის კეთება შეუძლია ყველას, მთავარი – პირველი ნაბიჯის გადასადგმელად საჭირო გამბედაობაა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, თითოეულ ადამიანს მივცეთ ინსპირაცია, გავუჩინოთ ბიზნესსაქმიანობის სურვილი და ასე გავაუმჯობესოთ ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.“

„თიბისი ბანკის“ ხედვას მისი პარტნიორი კომპანია „ჯეოსელიც“ ერთმნიშვნელოვნად იზიარებს: „ინიციატივა რომ დროულიც აღმოჩნდა, ამაზე, პირველ რიგში, კონკურსის მიმართ დიდი ინტერესი მეტყველებს. წამოწყების მიზანი კომპანიების მოტივირება და მათი მეტი წარმატებისთვის წახალისებაა.“

„კომპანია „ჯეოსელის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე და საშუალო მეწრმეების მხარდაჭერაა. აღსანიშნავია, ასევე, რომ , ჯეოსელისთვის, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების დამნერგავი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების ინიცირება, რომლებიც ხელს უწყობს დამწყები ინოვაციური ბიზნესის განვითარებას. ამდენად მისი ნომინაცია ინოვაციების მიმართულებით დაწესდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბევრი საინტერესო მონაწილის პირობებში, ამ მონინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა განსაკუთრებთ რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ, `წლის ინოვაციური ბიზნესის“ სტატუსი სამ ფინალისტს – „რობოსითის“, „სადილი.გე“-სა და „ბიოქიმფარმს“ შორის ამ უკანასკნელს – ბიოფარმაცევტულ კომპანია „ბიოქიმფარმს“ ერგო.

აღნიშნული ნომინაციისთვის „ჯეოსელმა“ სპეციალური პრიზიც დააწესა: გამარჯვებული კომპანიის 2 წარმომადგენელი 2017 წელს, ლისაბონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ევროპის უმსხვილეს ვებ-სამიტს დაესწრება. „ჯეოსელში“ სამიტის მნიშვნელობას ასე განმარტავენ: „ესაა უმნიშვნელოვანესი ღონისძიება და მეტად ხელსაყრელი ადგილი საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის დასამყარებლად. მიგვაჩნია, რომ გამარჯვებული კომპანიისთვის ეს იქნება ფანტასტიკური შესაძლებლობა, მსოფლიო გიგანტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში, სადაც თავს მოიყრის ათასზე მეტი ინვესტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.“

პირველი წარმატებული პრეცედენტის შემდეგ, „ბიზნესდაჯილდოება“ გრძელვადიან ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

WHITE STUDIO

წლის მცირე ბიზნესი

White studio თანამედროვე ქართული კერამიკული ნამუშევრების სახელოსნოა, სადაც მესამე წელია, თიხისგან სხვადასხვა დეკორატიული ნაკეთობა იქმნება.

პარალელურად, გალერეა-სახელოსნოს ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს პერმანენტული გამოფენა, შეუკვეთოს ან შეიძინოს სასურველი ნივთი, დაესწროს საინტერესო სამუშაო პროცესს და სურვილის შემთხვევაში, თიხაზე მუშაობის მასტერკლასიც გაიაროს.

White Studio-ში უკლებლივ ყველა ნივთი ექსკლუზიურია და არ მეორდება. პროფესიონალი კერამიკოსებისა და მხატვრების მიერ აქ იქმნება როგორც გამოყენებითი, ასევე დეკორატიული ხასიათის უნიკალური კერამიკული ნამუშევრები: ლარნაკები, სანათები, კედლის დეკორატიული პანოები, მოხატული პირსაბანები და აბაზანის აქსესუარები, თეფშები, სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი, ჩაიდნები, სკულპტურული ნამუშევრები ექსტერიერისთვის. და ა.შ.

სახელოსნოში განსაკუთრებით აქცენტირებულია ახალი ქართული სუვენირის თემატიკა და ქართული ტრადიციული ელემენტების თანამედროვე ფორმატით გამოყენება. მსოფლიოში გავრცელებული კერამიკის ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, გალერეა-სახელოსნო ქართველ და უცხოელ საზოგადოებას თანამედროვე კერამიკისა და ტრადიციული ელემენტების შთამბეჭდავ სინთეზს სთავაზობს.

ნატო ერისთავი, White Studio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მადლიერია, რომ გუნდის შრომა და ენთუზიაზმი დაფასდა: „ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენმა ადამიანმა აღმოგვიჩინა მხარდაჭერა. რეალურად, მათ დაინახეს ის ძალისხმევა, რომელსაც საქმეში ვდებთ. ბევრი გვეხმიანება, სოციალურ ქსელშიც გვწერენ, რომ ღირსეულად გავიმარჯვეთ ამ ნომინაციაში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვებელია! საზოგადოების მხარდაჭრა იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ექსპერიმენტმა პრაქტიკულად გაამართა. უბრალოდ, მოვინდომეთ და ვცადეთ ქართული ფაიფურის ხარისხიანი ვერსია შეგვეთავაზებინა შემფასებლისთვის. დღეს თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ტრადიცია აღდგა, საზოგადოება მეტად ეზიარა და დაუახლოვდა ამ დარგს.“