მუსიკალურ სტუდიაში ჯგუფ `33 ა”-ს წევრებთან ერთად მეშვიდე ალბომზე მუშაობს. ჩვენ სახელოსნოში ვსტუმრობთ, ოდნავ მოგვიანებით, რეპეტიციის შემდეგ. თეთრ, მზიან სახელოსნოში, სადაც გიჭირს მიაგნო უზარმაზარ ტილოებს შორის.
`ა,” `ქ,” `ლ,” `ჟ” და ასე, უკლებლივ… თითოეულ ასოს ნაპოვნი აქვს თავისი ფორმა, ფერი. უყურებ და კონტური ჟღერადობასაც გკარნახობს, მუსიკალურობასაც.
ყვება, რომ ჯერ მხატვრობა იყო და მერე გაჩნდა მუსიკა. ამბავი დიდი ტილოებით დაიწყო. ისეთი დიდი ტილოებით, რომლებზეც აქ, ამ სახელოსნოში ახლა ქართული ანბანია დატანილი. ხელწერა კი რთულია ერთი სიტყვით განსაზღვრო. ის არაა უბრალოდ ლამაზი ან დახვეწილი ან მხატვრული. მრავალწახნაგიანია და ჰგავს თავის თავს: ერთდროულად ლირიკულიცაა, როგორც ნიაზის `მაია,” ფოლკლორულიც, როგორც `უსახელოური” და ალტერნატიულიც, როგორც, ზოგადად, მისი მუსიკა.
სოციალურ ქსელში ნიაზ დიასამიძის პირად გვერდზე ატვირთული 20-წამიანი ვიდეო ათასამდე ადამიანმა გააზიარა. `წერე ქართულად” გზავნილია ხელოვანისგან, რომელიც თვლის, რომ ფოლკლორი დღევანდელი დღით სუნთქავს და არ შეიძლება ის მუზეუმად იქცეს.
ახალი ალბომი
„დეკემბრის ბოლოს გამოვა და ათ კომპოზიციას გააერთიანებს. რა სახელწოდება ექნება, ჯერ არ ვიცი. ხშირად ისე ხდება, რომ უკვე დამთავრებულზე შეიძლება რომელიმე კონკრეტულმა კომპოზიციამ ან ერთმა უბრალო ტაეპმა გიკარნახოს სახელი. იქამდე „ფანდურია“ სამუშაო სახელწოდება.
ეს ალბომი, ისევე როგორც ყველა სხვა, ასახავს იმ ეტაპს მუსიკაში, რომელზეც ახლა ვართ მე და ჩემი მეგობრები- ჯგუფის წევრები. მუსიკას ხომ სწორედ ამისთვის ქმნი,- რომ გადმოსცე შენი ემოცია, დამოკიდებულება წარსულის და მომავლის, იმ ეტაპის მიმართ, როცა იქმნება ეს მუსიკა. ახალი ალბომიც ამ მცდელობის ერთ-ერთი ვერსიაა. მუსიკალურად დაგროვილი ჩვენი გამოცდილების კიდევ ერთხელ გადმოცემის, პლიუს ახალი ფორმების ძიების მცდელობა.
ის, რასაც გვერდს ვერაფრით ავუვლიდით, ისევ და ისევ ფოლკლორია; ანუ იმის გაგრძელება, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს, დღევანდელობამდე მოიტანეს. ჩვენ კი ჩვენი, ახალი უნდა ვაკეთოთ, რომელსაც წლების შემდეგ, ასევე ფოლკლორი დაერქმევა. თავის დროზე, ისინი რომ გაჩერებულიყვნენ და უკვე გაკეთებულს დასჯერებოდნენ, ის, რაც დღეს გვაქვს, არ გვექნებოდა. ხშირად გვეჩვენება, რომ ფოლკლორი წარსულია, რეალურად კი ის აწმყოა- წარსულიდან წამოსული და მისი გამოცდილებით ნასაზრდოები. ჩვენც ძველ, ტრადიციულ ფოლკლორულ მელოდიებს ვეხმაურებით ჩვენი დღევანდელი ბგერით, ფანდურით, არანჟირებითა და ხედვით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ვაკეთოთ ეს საქმე; ბევრმა და სხვადასხვანაირად, განსხვავებული ხედვითა და ემოციით. იმისთვის, რომ ახალი შევქმნათ; რომ მუზეუმად არ დავტოვოთ ფოლკლორი.
თითოეულ ადგილს, ქვეყანას თავისი აურა აქვს. იტალიასაც, საფრანგეთსაც, ამერიკასაც, საქართველოსაც და სხვა დანარჩენსაც. ამ აურას კი ისტორია და გამოცდილება ქმნის, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა ატარებს. და ეს აურა, განწყობა სხვისას არ ჰგავს, არ მეორდება. ფოლკლორი მკაფიოდ გამოხატავს ამა თუ იმ სივრცეში მცხოვრები ადამიანების განცდებს, მათ ნაფიქრალს. ჩვენი ფოლკლორიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოში მცხოვრები ადამიანების სარკეა. მასშია ჩვენი ხასიათი. ამიტომაა, რომ იგივე მუსიკალურ წყობაში დღესაც საოცარი სიახლოვე იგრძნობა ამ ისტორიულ ჰარმონიასთან; და იგივე ჰარმონიით დღევანდელი დღის მოპოვებას ცდილობ. დანარჩენი უკვე მსმენელის განსასჯელი და შესაფასებელია.“
მუსიკამდე ნაპოვნი მხატვრობა
„მხატვრობა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, ბავშვობიდან. ორი ბიძა მხატვარია. ერთ-ერთი, გელა წულაძე, პარიზში ცხოვრობდა. ზაფხულს მასთან ვატარებდი ხოლმე. იმ პერიოდში დიდ, 3-4 მეტრიან ტილოებზე ხატავდა და, პრაქტიკულად, მისი ასისტენტი ვიყავი. ტილოს გადაჭიმვა იყო, დაგრუნტვა თუ სხვა რამ, ყველაფერს მიმაჩვია 8-10 წლიდან. მთელ ზაფხულს ვმუშაობდი და ძალიან საინტერესოდ გადიოდა დრო.
მოგვიანებით ჩემსავე ტილოებთან აღმოვჩნდი. ის, რომ პროფესიად მხატვრობას ავირჩევდი, რაღაცნაირად თითქოს თავისთავად იყო გადაწყვეტილი. აი, ბევრს რომ არ ფიქრობ და დანამდვილებით იცი,- ისე. სამხატვრო აკადემიაში სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ესაა ის, რასაც დღეს დიზაინს ვეძახით – ეტიკეტი იქნება, პლაკატი თუ სხვა რამ. ჩემი განხრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო კალიგრაფიაც. ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავდა ქართული კალიგრაფიის- ანტონ დუმბაძე. მასწავლებელი ხომ ძალიან ბევრს წყვეტს,- ან შეგაყვარებს საგანს ან ვერ შეგაყვარებს. აი, ამ კაცმა შეგვაყვარა არამარტო თავისი საგანი, აკადემიაც! ამდენად, ლამაზად წერის ხელოვნება, ერთი მხრივ, მიყვარს და, მეორე მხრივ, წლების წინ საფუძვლიანად მაქვს ნასწავლი აკადემიაში.
დღესაც, საღამოობით, ტელევიზორი რომ მომბეზრდება ხოლმე, კალამს ვიღებ და წერას ვიწყებ. ბოლო ორი წელია, კალიგრაფიას დავუბრუნდი. დრო რომ გადის, წლების წინ შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას უკეთ აანალიზებ. ახლა, როგორც ჩანს, რაღაცეები მომწიფდა ჩემში. სწავლა ხომ გაუთავებელი პროცესია. მუსიკისა და კალიგრაფიის მიმართ, ფაქტობრივად, იდენტური განცდა მაქვს. ერთნაირად ვეძებ, ვსწავლობ, ვცდილობ მივაგნო, გამოვხატო და ამ მცდელობის შედეგს ზოგჯერ გვერდით მყოფებსაც ვუზიარებ ხოლმე.“
#წერექართულად
წერის პროცესი ახლახან თვითონვე გადავიღე. თან ვწერდი, თან ვიღებდი. სოციალურ ქსელში ავტვირთე და უამრავმა ადამიანმა გააზიარა. საერთოდ, სოციალური ქსელი საინტერესო სწორედ ამ თვალსაზრისითაა. შენი აზრისა და ნაფიქრის სხვისთვის გაზიარების საშუალებას გაძლევს. მეც ვტვირთავ ხოლმე ხატვაში ან მუსიკაში ჩემი პატარა ექსპერიმენტების შედეგებს. შეიძლება ქართველი სპორტსმენების ან მუსიკოსების მნიშვნელოვანი წარმატებაც გავაზიარო ჩემს გვერდზე. ზოგადად, პოსტებისა და ბლოგების დიდი მოყვარული ნამდვილად არ ვარ, თუმცა წერა მიყვარს.
როცა შენი ნაფიქრი ქაღალდზე გადაგაქვს და აზრს ეძებ, ბუნებრივია, სწრაფად წერ, რომ დრო არ დაკარგო და ამ დროს კალიგრაფიაზე ვერ იფიქრებ. მაგრამ როცა წერა ასოების ლამაზად გამოყვანას, თითოეულ მონასმზე მაქსიმალურ კონცენტრირებას ემსახურება, ასაჩქარებელი არაფერია. ამ შემთხვევაში დროს კი არ კარგავ, ძიებას ახმარ და, შესაბამისად, ასე გატარებული დრო- აზრიანი დროა.
წერისა და ქართული ანბანის მიმართ დამოკიდებულების ერთგვარი გამოხატულებაა ტილოებიც, რომლებზეც ახლა ვმუშაობ. უკვე წლებია, კალმისა და მელნის გარდა, სხვა მასალა პრაქტიკულად არ გამომიყენებია; დიდ ტილოზე წლებია, არ მიმუშავია. ამ შემოდგომაზე კი ხატვას მივუბრუნდი და მთელი ქართული ანბანი ცალ-ცალკე ტილოებზე გადავიტანე. მეკითხებიან, გამოფენას გავაკეთებ თუ არა. ვფიქრობ, გამოფენაც ბუნებრივი და ლოგიკური გაგრძელებაა შექმნის პროცესის. ამდენ ტილოზე რომ იმუშავებ, ისიც მოგინდება, ერთ დიდ სივრცეში დაკიდო და, სხვა თუ არაფერი, მთლიანობაში დაინახო და აღიქვა საკუთარი შრომის შედეგი. რადგან შეხედავ, ბარემ ერთ-ორ დღეს გააჩერებ და სხვასაც ანახებ. ესაა გამოფენის არსი, ჩემი აზრით.
თითოეული ასო ცალ-ცალკე და ამა თუ იმ სიტყვაში მათი თანაცხოვრება- ოკეანეს ჰგავს და საოცრად საინტერესოა ასოს კავშირი ასოსთან, სიტყვის- სიტყვასთან- როგორც გრაფიკული, ისე შინაარსობრივი დატვირთვით.
ქართული ანბანი ბევრად მეტია, ბევრად ღრმა შინაარსისა და სიძლიერის მატარებელი, ვიდრე რაიმე ეპითეტით შეიძლება მისი დახასიათება. მას ვერ უწოდებ ლამაზს, ესთეტიკურს, მომაჯადოებელს. ამ ანბანში ჩვენი ისტორიაა, ქართველი ადამიანის სულიერი და მატერიალური ნივთმტკიცება. ვფიქრობ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ის იდენტობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
ნახატში, ნაწერში თუ მუსიკაში ამ ყველაფრისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველაზე ზუსტად ჩანს. ერთი მთლიანობაა ეს პროცესი. მუსიკაშიც ტექსტია, კალიგრაფიაც, თავის მხრივ, ტექსტის და მასთან ერთად, ხშირად ნოტების ერთობლიობაა. ამდენად, კიდევ უფრო საინტერესოა ეს ურთიერთკავშირი, მთლიანი სივრცე, სადაც რეალიზდება ის, რასაც სამყაროს მიმართ ჩემი დამოკიდებულება ჰქვია.“
„ქართული – ა“
„ქართული – ა“ ფონტების კონკურსია, რომელიც თიბისი ბანკმა ქართველ დიზაინერ ზვიად ციკოლიას, #წერექართულად პროექტისთვის ახალი ფონტების შესაქმნელად ჩააბარა. კონკურსის მიზანი თანამედროვე სამყაროსთან ქართული დამწერლობის ადაპტირება, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია იყო.
ფონტები, რომლებმაც „ქართული – ა“-ს ჟიურის მოწონება დაიმსახურა და გამარჯვებულად გამოცხადდა, გაციფრულდება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ნინო ეგაძე, თიბისი ბანკის მარკეტინგისა და ბრენდის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი: „ახალი ფონტების შექმნა და, ზოგადად, ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში გაცოცხლება, გამრავალფეროვნება იყო ჩვენი მიზანი, როდესაც პროექტი დავიწყეთ. ამ ხნის განმავლობაში, პროექტ #წერექართულად ფარგლებში, უკვე არაერთი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა, ჩატარდა ფონტების ინჟინერიის კურსები, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მოხდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, იგეგმება ლექსიკოგრაფიის კონგრესის ორგანიზება და მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმის გამართვა. #წერექართულად ეგიდით მიმდინარე თოთოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებს – დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა; მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში.“
„ქართული ა“-ს ნომინაციები და გამარჯვებულები:
•თანამედროვე – ა (თანამედროვე, დახვეწილი შრიფტი);
პირველი ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი
მეორე ადგილი – ნანა შიხაშვილი
•გაკრული – ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);
პირველი ადგილი – გიორგი ახუაშვილი
მეორე ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი
•ადაპტირებული – ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);
პირველი ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი
მეორე ადგილი – დათო ხარაშვილი
•აკადემიური – ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);
პირველი ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი
მეორე ადგილი – მერაბ გეწაძე
•მხატვრული – ა (მხატვრული შრიფტი);
პირველი ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი
მეორე ადგილი – ნინო მეგრელიძე
•ტექნიკური – ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);
პირველი ადგილი – ნინო მეგრელიძე
მეორე ადგილი – მექი გიორგაძე
•ფუტურისტული – ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)
პირველი ადგილი – ია დარახველიძე
მეორე ადგილი – ჯუმბერ ბეჭვაია
ფოტო: გიორგი დადიანი