თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი

ნოემბერს ქართველი კინოს მოყვარულები ყოველ წელს განსაკუთრებულად ელიან, რადგან მხოლოდ ამ დროს აქვთ საშუალება ნახონ ის, რასაც ნამდვილ კინოს ეძახიან. სხვა შემთხვევაში, ეს ძირითადად შეუძლებელია, რადგან ჩვენმა ქალაქმა ვერაფრით მოაგვარა მუნიციპალური კინოთეატრის პრობლემა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალსაც ლაიტმოტივად გასდევს და გახსნა-დახურვის ცერემონიალზე ყოველთვის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

სხვა დიდი ფესტივალებისგან განსხვავებით, მაგალითად, როგორიც არის კანის, ბერლინისა თუ ვენეციის კინოფესტივალები, ჩვენს ფესტივალს რამდენიმე ძალიან კარგი თვისება აქვს – თითქმის არასდროს განიცდი დისკომფორტს, რადგან თუ სხვა ქალაქებში კინოთეატრები მთელი ქალაქის მასშტაბით არის მოფენილი, თბილისის შემთხვევაში, ძირითადი მარშრუტი რუსთაველი-ვერის მონაკვეთს მოიცავს და ბერლინალესგან განსხვავებით, სადაც ყოველ წელს მინიმუმ 400 ფილმიდან უნდა ამოარჩიო და ნახო შენთვის სასურველი კინოსურათი, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია, ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება 100 ფილმს შორის გიწევს და საბოლოოდ, თითქმის ყველა კარგ ფილმზე ახერხებ მოხვედრას, თუ, რა თქმა უნდა, ბილეთი შეგხვდა.

კინოთეატრები ამირანი და რუსთაველი ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული აურით ივსება და იქმნება სივრცე, სადაც შეგიძლია გაიცნო შენი ახალი თანამოაზრეები, შეხვდე ძველ მეგობრებს, უყურო ბევრ კარგ ფილმს, დაესწრო საინტერესო მასტერკლასებს, დასვა კითხვები და შემდეგ ახალ თუ ძველ ნაცნობებთან ბევრი ისაუბრო ფილმებზე, დღის ბოლოს კი წახვიდე სახლში ახალი ემოციებით და დაელოდო მეორე საფესტივალო დღის დაწყებას.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გამოირჩევა იმითაც, რომ აქვს არაჩვეულებრივი ტრადიცია: კინოს საშუალებით ცნობიერების ამაღლებისა და მაყურებლის საზოგადოებრივ მოვლენებში ჩართულობის მიზნით, ფესტივალი ყოველ წელს აქტუალურ პრობლემას ირჩევს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. 2014 წელს მთავარი თემა ეკოლოგია იყო, მწვანე აქტივიზმი და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობილი ურბანული სივრცის ანალიზი. სექცია „მწვანე ფერის“ ფარგლებში დისკუსიები და სპეციალური ჩვენებები ჩატარდა, საფესტივალო ფერი კი, რომელიც ყოველ წელს იცვლება, წელს მწვანე იყო. 2015-ში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფერი ღია იისფერი გახდა, კინოფესტივალი კი ქალთა უფლებებს მიეძღვნა. თბილისის ფესტივალის პროგრამამ მაყურებელს საშუალება მისცა საერთაშორისო კინონამუშევრების ფონზე ემსჯელა მწვავე საკითხებზე. ფილმები გენდერულ თანასწორობას, ქალთა პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ რეალიზაციას, ფემინიზმსა და ქალებზე ძალადობის თემებს ეხებოდა.

წელს ასეთი თემა პოლიტიკა იყო და პოლიტიკური კინოს სპეციალური სექცია „Bio Politikos“’ (პოლიტიკური ცხოვრება) მიეძღვნა, რომლის მიზანიც იყო მაყურებელს შექმნოდა ზოგადი წარმოდგენა „პოლიტიკურის“ თანამედროვე შინაარსის შესახებ. სექციაში შერჩეულმა ათმა ფილმმა საზოგადოებას საშუალება მისცა, ემსჯელა ჩვენს ირგვლივ არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ დაძაბულობსა და პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობაზე. პოლიტიკურ რეჟიმს არაერთხელ შეუცვლია კინემატოგრაფიის სტილისტიკა და პირიქით, კინო ხშირად აძლევდა ბიძგს მნიშვნელოვან პოლიტიკური ცვლილებებს. სწორედ უსამართლო იდეოლოგიისა და მიუღებელი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულმა ნამუშევრებმა წარმოშვა არაერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლებმაც, თავის მხრივ, სრულიად ახალ კინოაზროვნებას დაუდეს საფუძველი.

სწორედ „პოლიტიკური ცხოვრების“ სექციაში აჩვენეს კენ ლოუჩის ოქროს პალმის რტოს მფლობელი „მე, დენიელ ბლეიკი“, რომელიც არათუ წლის, არამედ კინემატოგრაფის ისტორიაში შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია და ბიუროკრატიასთან ბრძოლის თვალსაჩინო მაგალითია. ფილმში წარმოთქმული ფრაზა კი – „მე ვარ მოქალაქე, არც მეტი და არც ნაკლები“ კინოსურათის მთავარი და დამაგვირგვინებელი აკორდია, რომელიც ყველამ უნდა გავითავისოთ. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ უქმნის სისტემა ყველანაირ დაბრკოლებას სოციალური შემწეობის მისაღებად მისულ მოქალაქეს, როგორ წირავს და უიმედოდ, ბედის ანაბარად ტოვებს ადამიანს, რომელიც მთლიანად სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული, უყურებ ინგლისს და არც გიკვირს, როცა მასში საქართველოს ხედავ, ჩვენში ხომ ათასობით მოქალაქეა შიმშილის ზღვარზე, ათასობით ადამიანი იღებს არასაკმარის სოციალურ დახმარებას და კიდევ უფრო მეტი ამ სოციალურ დახმარებას ითხოვს, რათა პურის ფული მაინც ჰქონდეს, ეს ყველაფერი ხდება ჩვენ გარშემო კორპუსში, უბანში, ქალაქში და მთლიანად ქვეყანაში, ბიუროკრატია მილიონებში იხრჩობა, სიღატაკე და შიმშილი უფრო და უფრო მატულობს, რიგითი მოქალაქეები კი ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ბარიერს აწყდებიან. ინგლისელი დენიელ ბლეიკი არ არის ერთი ადამიანი, ის ყველა ჩაგრული ადამიანის სიმბოლოა, რომლებიც იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, მაგრამ ბარიერების გამო, ხშირ შემთხვევაში ვერაფერს აღწევენ.

გამორჩეულ ინტერესს, რა თქმა უნდა, ქართული პანორამა იწვევდა, თუმცა სამწუხაროდ, წელს ორივე მთავარი ფილმი, რომელსაც მაყურებელი ელოდა, სრული კრახი აღმოჩნდა. ვგულისხმობ ნინო ბასილიას „ანას ცხოვრებას“ და რუსუდან გლურჯიძის „სხვის სახლს“. სწორედ ამ უკანასკნელმა აიღო ფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს პრომეთეც და, ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად მიიღო დარბაზიდან შეძახილი – „პაზორ“.

განსაკუთრებულ ინტერესს ჩემთვის „ანას ცხოვრება“ იწვევდა, რადგან ეს იყო ქართული ფილმი, რომელიც უარს ამბობს 90-იან წლებზეც, აფხაზეთის ომზეც და ძველ ბიჭებზეც, საბოლოო ჯამში კი ვიღებთ სოციალურ დრამას, რომელიც ასე ძალიან აკლია თანამედროვე ქართულ კინოს, თუმცა ფილმის ნარატივში თავმოყრილი დრამა გამუდმებით იცვლის წონით კატეგორიას და ყოველ ათ წუთში უფრო მძიმდება და იბერება. სცენარისტი კი უსირცხვილოდ ცდილობს ითამაშოს აუდიტორიის გრძნობებზე, თუმცა დრამატურგიული ხაზის სრული გაუმართაობა, საბოლოო ჯამში, იმდენად კომიკური ხდება, რომ ფილმის დასასრულს სირცხვილის გრძნობა, რეჟისორის ნაცვლად, შენ გაწუხებს.

კიდევ უფრო გაწუხებს სირცხვილის გრძნობა „სხვისი სახლის“ ყურების დროს, რადგან, ჯერ ერთი, იცი, ეს ფილმი საქართველოს სახელით ოსკარზეა გაგზავნილი და კონკურენცია უნდა გაუწიოს პედრო ალმოდოვარის „ხულიეტასა“ და ვერჰოვენის ფილმს „ის, ქალი“, რასაც 14 იანვარს, როდესაც ამერიკის კინოაკადემია ნომინანტებს გამოაცხადებს, გავიგებთ, რომ ვერ მოახერხა და მეორეც: ფილმის ყურების დროს, ერთადერთი, გულწრფელად ვამბობ, ერთადერთი, რაც მოგწონს, კადრებია, თუმცა ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ გლურჯიძემ გადაწყვიტა, არც მეტი, არც ნაკლები, ტარკოვსკისგან მოეპარა, ესესხა, ეთხოვა ის, რასაც სახელოვანი კინორეჟისორი თავის ფილმებში გვიჩვენებდა, ქართველი რეჟისორი კი ადგა და მისი შემოქმედების ციტირება შემოგვთავაზა აფხაზეთის თემაზე გადაღებულ კიდევ ერთ ფილმში. სხვა ყველაფერთან ერთად, „სხვის სახლს“ საკმაოდ დიდი დრამატურგიული პრობლემები აქვს, განსაკუთრებით პერსონაჟების თვალსაზრისით. მხოლოდ ფილმის დასასრულს ვიგებთ, რომ ომმა დაამახინჯა ადამიანთა ცხოვრება ორივე მხარეს და ზოგიერთმა ბოლომდე არ დაკარგა ღირსების გრძნობა, თუმცა ამ აზრამდე ჩვენ არ მივყავართ პერსონაჟებს, მათ პორტრეტებსა თუ განვითარების გზებს, ის თითქოს თავისთავად გვეძლევა, ყოველგვარი მიზეზ-შედეგობრიობისა და კონფლიქტის დაძლევის გარეშე.

აფხაზეთის თემაზე შექმნილი ფილმები ვერ გაცდნენ მანდარინის თემას და აქაც პირველივე დიალოგი მანდარინის ჯიშებს შეეხება. რომ არა წინასწარი ცნობა 90-იანი წლების ამბებისა, სრულიად გაუგებარი დარჩებოდა მოქმედების დრო და ადგილი. ფილმი გაჯერებულია პათეტიკური და ხელოვნური დიალოგებით, მაგალითად ისეთით, როგორიც არის – „მეზობელს ვერ აირჩევ“, „ფანჯარა ზემოდან ქვემოთ იწმინდება“ და ა.შ ამ ყველაფერს კი ემატება ძალიან ცუდი სამსახიობო შესრულება, რაც ფილმს კიდევ უფრო კომიკურს ხდის.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის კიდევ ერთი გამარჯვებული იანივ ბერმანი და მისი ფილმი „პატარა ადამიანების მიწა“ გახდა. იანივი ისრაელში, ჰაიფაში დაიბადა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბავშვებმაც კი ყველაფერი მარტივიდან დაიწყეს“, რომელიც ბავშვების მიერ სკოლის ხელმძღვანელობის ხელში ჩაგდებაზე მოგვითხრობს, 2006 წლის კანის ფესტივალის CINE FONDATION-ის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ბერმანი ექვსი წელი იღებდა დოკუმენტურ ფილმს ისრაელის თავდაცვის ჯარების რეზერვისტი ჯარისკაცების ასეულის შესახებ, რომელიც საბოლოოდ ფილმად „ალფას დღიურები“ იქცა. გამარჯვებული ფილმი „პატარა ადამიანების მიწა“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც, წინა ნამუშევრების მსგავსად, სასტიკ მილიტარისტულ საზოგადოებაში ჯარისკაც ბავშვებად ქცევის მტკივნეულ პროცესზე გვიამბობს. ოთხი ბიჭი, რომელიც სამხედრო ოფიცრების ოჯახებით დასახლებულ სოფელში ცხოვრობს, ბანდას აყალიბებენ და ველურ მინდორში მდებარე ძველი, მიტოვებული სამხედრო ბაზა მათ ბანაკად იქცევა. ისრაელში მორიგი ომი იწყება. მამაკაცების უმრავლესობა ქვეყნის დასაცავად, ჯარში მიდის. აღელვებული დედები ტელევიზორების წინ სხედან და გამუდმებით ახალ ამბებს უსმენენ. უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვები კი, საკუთარ ნებაზე, თავიანთ ბანაკში ბრუნდებიან, სადაც ორ დეზერტირ ჯარისკაცს იპოვიან, რომლებიც მათ ბანაკს სამალავად იყენებენ. ჯგუფებს შორის ულმობელი ბრძოლა იწყება და ჯარისკაცები, რომლებმაც გარეთ მიმდინარე ომს თავი შეაფარეს, სულ სხვა ომში ჩაერთნენ, რომელიც არანაკლებ სახიფათო და სისხლისმღვრელი აღმოჩნდება.

გამარჯვებულებს თავი რომ დავანებოთ, წელს კინოფესტივალმა ბევრი სხვა საინტერესო ფილმიც შემოგვთავაზა, მათ შორის ბრაზილიური ფილმი „მერწყული“, სადაც მთავარ როლს გენიალური სონია ბრაგა ასრულებს. სიუჟეტი 65 წლის ქვრივის, პენსიაზე გასული მუსიკალური კრიტიკოსის, კლარას, გარშემო ვითარდება, რომელიც შეძლებულ და ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. ის 1940-იან წლებში აშენებული ორსართულიანი შენობის უკანასკნელი მცხოვრებია ზღვისპირა დაბაში, რომელიც ერთ დროს მაღალი წრის ადამიანებით იყო დასახლებული. ირგვლივ ყველა ბინა უკვე შეისყიდა კომპანიამ, რომელსაც განვითარების საკუთარი ხედვა აქვს. კლარა პირობას დებს, რომ სახლს არ დატოვებს და მზად არის, ცივი ომი გამოუცხადოს კომპანიას – ეს არის დაპირისპირება, რომელსაც მასში ჩართული მხარეების ენერგია და ნერვები მიაქვს, თუმცა ასეთ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან როგორც კლარა ამბობს, ადგილები ისტორიებს უკავშირდება, ისტორიები კი ადამიანებისთვის ძვირფასია. კარგი იქნება, თუ ასეთი შემართებით ვიბრძოლებთ ჩვენც, მაშინ როდესაც ჩინოვნიკები საყრდისს გვიფეთქებენ, ისტორიულ უბნებს გვინგრევენ და ცათამბჯენებით კიდევ უფრო ავსებენ ისედაც ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ ქალაქს, სადაც ადამიანებისთვის ადგილი უკვე აღარ დარჩა.

დასამახსოვრებელი იყო „24 კვირაც“, რომელიც იმ დილების შესახებ მოგვითხრობს, რომლის წინაშეც ექვსი თვის ფეხმძიმე ქალი აღმოჩნდება. ის შეიტყობს, რომ მისი ჯერ კიდევ მუცელში მყოფი შვილი დაუნის სინდრომი სჭირს და გულის სერიოზული დეფექტი აქვს. აირჩევს თუ არა ის დაგვიანებულ აბორტს? როგორ უნდა მიხვდნენ ის და მისი მეუღლე, მათ შვილს ნორმალური ცხოვრება ექნება თუ დაიტანჯება? ქალი ხვდება, რომ მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებას უნდა დაეყრდნოს და ასეც იქცევა. რაც მთავარია, ფილმი სრულიად დაცლილია რეჟისორის მხრიდან მინიშნებებით და არ ცდილობს განსაჯოს მთავარი პერსონაჟი, იმის მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტს ის.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი შედგა. ბევრი ხარვეზისა თუ დაუმსახურებელი გამარჯვებების მიუხედავად, ფესტივალი წელსაც აღმოჩნდა ის სივრცე, სადაც კინოს მოყვარულებმა კიდევ ერთხელ შეძლეს საინტერესო ფილმების ნახვა, მსჯელობა, გაიჩინეს ახალი თანამოაზრეები, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისს ნამდვილად სჭირდება მუნიციპალური კინოთეატრი და ფესტივალის დასასრულს, სახლში წასულებმა უკვე თბილისის მე-18 კინოფესტივალზე დაიწყეს ფიქრი.