პრინტ ფესტივალი პირველად საქართველოში

ამ პრინტებს აგვისტოს ბათუმში გადაეყრებოდით ყველგან: ზღვის სანაპიროზე, კაფეებში, სკვერებში, საცხოვრებელ და გასართობ სივრცეებში. საზღვაო სეზონის მხატვრულ რეკვიზიტად ქცეული ნამუშევრების წინ გამვლელები ღიმილით ჩერდებოდნენ ფოტოს გადასაღებად, დაკვირვებული თვალი კი ტილოებზე იოლად ამოიცნობდა ცნობილი ქართველი არტისტების ხელწერას.

მამუკა ცეცხლაძე

ალექს ბერდიშევი

ანდრია დოლიძე

ხელით ბეჭდვა – ვიზუალური ხელოვნების სპეციფიკური მიმართულებაა. სასურველი ნამუშევარი ჯერ აბრეშუმის ბადეზე იხატება. თითოეული ფერი მას ცალ-ცალკე ედება. ჯერ ერთი ფენა იბეჭდება, შემდეგ- მეორე და ა. შ., რაც პროცესს შრომატევადს ხდის.

ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმითაც, რომ ის ნამუშევრის რამდენიმე (10-15 ან მეტ) ეგზემპლარად ტირაჟირების საშუალებას იძლევა, რომელთაგან ყველა ორიგინალია. სწორედ ეს განაპირობებს ამ ტექნოლოგიის მიმზიდველობას და ამასთან, მის მასიურ გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ტექნოლოგია ძალიან პოპულარულია და მაღალ დონეზე მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში. იგი არტ- და კრეატიული ბიზნესის წამყვანი დარგია. მსოფლიოში სპეციალიზებული სახელოსნო-გალერეებია შექმნილი, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის აქტიური პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების წამახალისებელი აქციები, აღნიშნულ სფეროში მათი მოზიდვა და ჩართვა.

ბათუმი და, ზოგადად, საქართველო პრინტის საერთაშორისო ფესტივალს სახელწოდებით „LIFE IN STYLE“ წელს პირველად, 17 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, მასპინძლობდა. ფესტივალის სახელწოდება და წლევანდელი კონცეფცია, როგორც მისი ორგანიზატორები განმარტავენ, ცხოვრების სტილზე მიგვანიშნებს – „მთელს მსოფლიოში ხელოვნების ნიმუშის შეძენით მყიდველი საკუთარ თავს გარკვეულ სტატუსს ანიჭებს; იდენტიფიცირებას ახდენს საზოგადოების მაღალ, ინტელექტუალურ ფენასთან. ინტერიერის დიზაინს საქართველოში უკვე დიდი ყურადღება ეთმობა, ამიტომ პრინტ ფესტივალიც თანამედროვე ხელოვნების თანამედროვე ინტერიერთან ინტეგრაციის ერთ-ერთი მცდელობაა. ეს ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია. გარდა ამისა, პრინტი ბოლო წლებში აქტიურადაა გამოყენებული ტანსაცმლის დიზაინერთა კოლექციებშიც. მოდისა და პრინტის ინტეგრაცია კი ავტომატურად ახალ კოლექციას გულისხმობს ახალ სივრცეში.“

მოდასთან წარმატებულად ინტეგრირდა ფესტივალის ფარგლებში ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი პრინტებიც. ისინი ტექსტილსა და კერამიკაზე გადაიტანეს; დამზადდა ჩანთები, მაისურები, საკოლექციო ჭურჭელი, რომლებიც გამოფენის პარალელურად იქნა წარმოდგენილი და ნამუშევრებთან ერთად გაიყიდა.

მასშტაბურ ბანერებზე დაბეჭდილ, სტილისტურად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ 34 საუკეთესო ნამუშევარს საგალერეო სივრცეების გარდა, ბათუმის ქუჩებშიც ნახავდით. და ემოცია, რომელსაც ეს პრინტები მნახველს აღუძრავდა, იყო ის, რაც ზოგადად მოაქვს ხელოვნებას – სიხარული, ღიმილი.

თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი – ბეჭდვითი მედია – ამ ეტაპზე საქართველოში, ფაქტობრივად, მივიწყებულია. ზოგადი კონტექსტი ასე გამოიყურება: წლების წინ დაიკეტა ლითოგრაფიის სახელოსნოები, დედაქალაქსა და რეგიონებში თითქმის ვეღარ შეხვდებით პროფესიონალ მბეჭდავებს. ხელით ბეჭდვა – შოლკოგრაფია, ლითოგრაფია, ოფორტი, ლინო გრავიურა, ქსილოგრაფია და ა.შ. თითქმის მთლიანად ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა.

2016 წლის პრინტ ფესტივალის ორგანიზატორებმა თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრეს მისი მიზანიც და კონცეფციაც. პროექტის დირექტორი, ასოციაცია „არტ კავკასიის“ ხელმძღვანელი ნანა ყირმელაშვილი განმარტავს: „ჩვენი მიზანი ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის აღდგენა-ხელშეწყობაა. გვინდა ეს საინტერესო ტექნოლოგია უფრო აქტუალური და მოდური გახდეს. ფესტივალი ხარისხზე იყო ორიენტირებული და შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანის ჩართულობას გულისხმობდა.“

საერთაშორისო პრინტ ფესტივალის ფარგლებში „თიბისი გალერეაში“ ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები ქართველმა არტისტებმა: ტატო ახალკაციშვილმა, მარი ათანელმა, უტა ბექაიამ, ალექს ბერდიშევმა, ნინო ჭილაშვილმა, ანდრია დოლიძემ, დავით ევგენიძემ, ზურა გიკაშვილმა, მიშა გოგრიჭიანმა, რიტა ხაჩატურიანმა, თამარ ხმიადაშვილმა, თემო ჯავახიშვილმა, კოტე ჯინჭარაძემ, დავით კუხალაშვილმა, ამირან კუპრავამ, ქეთი ლობჟანიძე, მურმან მახათაძემ, ლევან მინდიაშვილმა, ლუკა ცეცხლაძემ, კოტე სულაბერიძემ, მაია სუმბაძემ, მურთაზ შველიძემ, მამუკა ცეცხლაძემ, კოკა ცხვედიანმა, გურამ წიბახაშვილმა, ნიკო ცეცხლაძემ, ოლეგ ტიმჩენკომ, გეგა პაქსაშვილმა, გელა წულაძემ და ილიკო ზაუტაშვილმა წარმოადგინეს. შოლკოგრაფიული ბეჭდვის ვორქშოფი წიგნის ხელოვნების ცენტრში ოთარ ყარალაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ფესტივალმა სამხატვრო აკადემიასაც მისცა საშუალება- სტუდენტების საუკეთესო ნამუშევრები წარედგინა შემფასებლისთვის. ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, პრინტ ფესტივალმა ინგლისელი, გერმანელი, თურქი და სომეხი არტისტების ექსპონატებსაც უმასპინძლა.

ქართველი და უცხოელი არტისტების ნამუშევრებმა ბათუმში „თიბისი გალერეიდან“ ჯერ ხელოვნების მუზეუმში გადაინაცვლა, შემდეგ კი თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში. გაფერადებული საზღვაო ქალაქის შემდეგ ფესტივალის ექსპონატებს კიდევ რამდენიმე ლოკაცია ელოდა: რაჭა – ცაგერის სურათების გალერეა, ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი „არტრა“-ს ფარგლებში; ქ. ოზურგეთი, ტრადიციული დღესასწაულის – ალეგრობის ფარგლებში; ქ. თბილისი, თიბისი გალერეა, სასტუმრო “რუმსი”, “ფაბრიკა” და გალერეა “ვერნისაჟი”. ფესტივალის მოგზაურობა არ დასრულებულა. ის ასევე მიწვეულია ქ.თელავში, ქუთაისსა და მესტიაში.

უკვე დაიწყო მომავალი წლის პრინტ ფესტივალის დაგეგმვაც, რომელიც, ორგანიზატორების ჩანაფიქრეთ, მომავალ ზაფხულს კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მიზანი უცვლელი იქნება: თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისა და კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – ხელით ბეჭდვითი მედიის აღდგენა. ამის პარალელურად კი ფესტივალი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ახალი სახელების აღმოჩენას, ქართველი და უცხოელი არტისტების ერთობლივი პროექტების შექმნასა და პოპულარიზაციას განაგრძობს.

გეგა ფახაშვილი

ლევან მინდიაშვილი

დავით კუხალაშვილი

რიტა ხაჩატურიანი

მიშა გოგრიჭიანი