ცეკვა როგორც ურთიერთობის არტი – ინტერვიუ დაიანა სკრივნერთან

ცეკვას ისტორიის ნაწილად მიიჩნევს. თვლის, რომ, მონდომების შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა ილეთს დაეუფლოს და საკუთარი თუ სხვა ქვეყნების წარსული უფრო სისხლსავსედ შეიგრძნოს.

დაიანა სკრივნერი ბრიტანელი ქორეოგრაფია, ისტორიული ცეკვების სპეციალისტი. რამდენიმე ათეული წელია ცეკვას ასწავლის და ფილმების ქორეოგრაფიულ გაფორმებაზე მუშაობს. ქეით ბლანშეტმა, ჯუდ ლოუმ, ჯოზეფ ფაიენსმა, რასელ ქროუმ  სხვადასხვა სურათზე მუშაობისას დაიანასგან შეისწავლეს მოძრაობები. მას სწავლების საკუთარი მეთოდი აქვს, რომელსაც სოციალურ ცეკვას უწოდებს. ნამუშევარი აქვს მარტინ სკორსეზეს, რიდლი სკოტის, გაი რიჩის ფილმებზე. ცოდნასა და გამოცდილებას მეგავარსკვლავებთან ერთად ლონდონის მუსიკისა და დრამის აკადემიის „ლამბდას“ სტუდენტებს უზიარებს.

დაიანას პირველი მოსწავლე ქეით ბლანშეტი იყო. ის საპასუხისმგებლო როლზე მუშაობდა ფილმისთვის „ელისაბედი.“ დაიანა, რომელმაც მსახიობისთვის რამდენიმე ცეკვა დადგა, ქეითის განსაკუთრებულ შრომისმოყვარეობას იხსენებს. მოგვიანებით ის ბლანშეტს ისევ შეხვდა გადასაღებ მოედანზე და მას რასელ ქროუსთან ერთად შუასაუკუნეების ცეკვა შეასწავლა ფილმისთვის „რობინ ჰუდი.“ 

საქართველოში დაიანა მისივე ყოფილმა სტუდენტმა- ნატალია ჯუღელმა მოიწვია. სანამ სუხიშვილების ცეკვების ცოცხალ შესრულებას ნახავდა და ემოციები დაამუნჯებდა, ქართულ ნაციონალურ ქორეოგრაფიას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩანაწერებიდან გაეცნო და მისი დიდი თაყვანისმცემელი გახდა. ოცნება აისრულა, ხოლო თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ალბათ, ახდენილ ოცნებაზე მეტია დაიანა კრივნერის სამდღიანი მასტერკალი, რომლითაც მან მომავალი ქართველი მსახიობები მუსიკისა და მოძრაობების მიმართ საკუთარ მიდგომას, მუშაობის სრულიად განსხვავებულ, არტისტულ მეთოდს აზიარა. 

– დაიანა, რა ასაკში გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი საქმე ცეკვა უნდა ყოფილიყო?

– ძალიან პატარა ვიყავი, როცა ცეკვა დავიწყე. რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა მოცეკვავე ვყოფილიყავი, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიხსენებ, რა ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ცხოვრება ამ საქმისთვის მინდოდა მიმეძღვნა. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი და შემეძლო კემბრიჯში მესწავლა მამაჩემივით. მშობლებს, ალბათ, ძალიან გაუხარდებოდათ, თუ ამ გზას ავირჩევდი, მაგრამ ისინი ხედავდნენ, რომ რაც დანამდვილებით მინდოდა ცხოვრებაში მეკეთებინა, ცეკვა იყო. ამდენად, მხარი დამიჭირეს, რომ ამ სფეროს გავყოლოდი. თავიდან ბალერინობა მინდოდა, ბალეტის სკოლაში ვსწავლობდი. წინააღმდეგობა იმ მხრივ შემხვდა, რომ სქოლიოზი მქონდა, ეს კი ხელს შემიშლდა ისეთი შედეგისთვის მიმეღწია, რაზეც ვოცნებობდი. ამდენად, ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პატარა კომპრომისზე წავედი. ჩემმა მენტორმა ისტორიული და სოციალური ცეკვები გამაცნო, ანუ ის, რამაც მთელი ჩემი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა. მაშინ გადავწყვიტე, ცეკვის მასწავლებელი გავმხდარიყავი. 

– რთულია სწავლება?

– სწავლება რთულია იმდენად, რამდენადაც  ძალიან მნიშვნელვანია ცოდნა; მნიშვნელოვანია პასუხისმგებელი იყო იმაზე, რასაც ასწავლი. ზოგადად კი, მე მიყვარს სწავლება, დიდ სიამოვნებას მანიჭებს იმ ცოდნის სტუდენტებისთვის გაზიარება, რაც დაგროვდა. ილეთებამდე, ვცდილობ, მათ ის ვასწავლო, რა დგას ამა თუ იმ ცეკვის უკან, საიდან მოდიან და რას გრძნობდნენ ადამიანები, რომლებიც წლების წინ მას ასრულებდნენ. ეს ყველაფერი ადამიანური ურთიერთობებიდან მოდის. ამ ურთიერთობებმა შექმნა ცეკვები,- რეალურმა ამბებმა, ისტორიამ. 

– რა სჭირდება კარგ მოცეკვავეს?

– ცეკვა- მუდმივი სიახლისკენ სწრაფვაა. გარდა ამისა, შესაბამისი გარეგნული მონაცემები უნდა გქონდეს, მოქნილობა, პლასტიკურობა, მუსიკალურობა, თეატრალურობის განცდა, სამსახიობო მონაცემები, პერფორმირების უნარი. რაც მთავარია, რეალურად უნდა გინდოდეს ის, რაც აირჩიე. მოთმინება და ნებისყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი უნდა იმუშავო და მზად იყო იმისთვის, რომ დადგება მომენტები, როცა ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება. ამიტომ მტკიცედ უნდა ჩამოყალიბდე საკუთარ არჩევანთან დაკავშირებით. 

– ითვლება, რომ ცეკვის მასწავლებლები განსაკუთრებული დისციპლინითა და სიმკაცრით გამოირჩევიან. ეთანხმებით?

– ზოგადად, ლიდერობა მომწონს, ამიტომ სახლშიც ხშირად ვავლენ ამ იმპერატულობას. ზოგჯერ ჩემი ქმარი მეუბნება: შენ ახლა სტუდენტებს არ ასწავლი, დაიანა! ერთს ვაცნობიერებ: ძალიან რთულია მასწავლებლის როლიდან გამოსვლა, როცა ამდენ დროს უთმობ საქმეს, სტუდენტების ჯგუფებთან უწყვეტ მუშაობას. როცა ამის პარალელურად დედა და მეუღლეც ხარ, ბალანსის დაცვა გიჭირს. რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია, როცა ბოლომდე ახერხებ სამუშაო სივრცისა და ოჯახური ურთერთობების ერთმანეთისგან გამიჯვნას, მაგრამ ძალიან ძნელია ეს, როცა საქმეს ამხელა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში. რაც შეეხება ჩემი, როგორც მასწავლებლის, სიმკაცრეს, ვფიქრობ, სტუდენტები დამეთანხმებიან იმაში, რომ არა მგონია მკაცრი ვიყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ესა თუ ის ცეკვა ტექნიკურად რთული შესასრულებელია, მთავარია სიამოვნებად აღიქვა ის, მხიარულებადაც კი. ვფიქრობ, ნამდვილად არ ვარ განსაკუთრებით მკაცრი, თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ სტუდენტებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ საზღვრები. ვცდილობ, მოთმენილი  ვიყო და სიყვარულით გადავცე მათ ის ცოდნა, რასაც ვფლობ. გაბრაზების მაქსიმუმი ცოტაოდენი სარკასტულობაა. ჩემი აზრით, სანტერესოდ ვატარებთ დროს. 

– თქვენ ამ ცეკვების ტექნიკური სირთულე ახსენებთ. რამდენად შესაძლებელია არაპროფესიონალმა მაღალ დონეზე შეძლოს მათი ათვისება?

– ვისაც არ უნდა ვასწავლიდე, ვცდილობ, პირველ რიგში, იმის გაცნობიერებაში დავეხმარო, რომ ისინი ასრულებენ ცეკვებს, რომლებიც რეალურმა ცხოვრებამ შექმნა. ესაა ადამიანების ცხოვრების დოკუმენტური ეპიზოდების ქორეოგრაფიული გამოსახვა. კინემატოგრაფის შემთხვევაში, ძირითადად, ისეთი კლასის არტისტებთან მიწევს მუშაობა, რომ  ჰარმონის მიღწევა იოლია. მთავარია, პატივისცემით მიუდგე თითოეულ მათგანს, მათ ინდივიდუალურ თავისებურებებს. როცა ხალხი კინოთეატრში ფილმის სანახავად მიდის, ის ხედავს შედეგს, რომელიც ბევრი ადამიანის თანამშრომლობის ნაყოფია. ეკრანზე არ ჩანს იმ სამუშაოს სირთულე, რომელიც კადრს მიღმა რჩება. მუშაობის პროცესში მსახიობებს შეუძლიათ დახმარებისთვის მომმართონ ყოველთვის, როცა ნებისმიერი სახის პრობლემა აქვთ. როცა იმაზე ღელავენ, თავს როგორ გაართმევენ ქორეოგრაფიულ ნომერს, მათთვის მნიშვნელოვანია ჩემს მხარდაჭერას გრძნობდნენ. ვცდილობ ყოველთვის მათ გვერდით ვიყო, როცა ვჭირდები; ბარიერები არ აღვმართო. ამასვე ვეუბნები ხოლმე: დიახ, რა თქმა უნდა, აქვე ვიქნები და დაგეხმარებით! რასაც სტუდენტებს სულ ვეუბნები, ისაა, რომ  საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენონ. ესაა საუკეთესო რამ, რაც საკუთარ თავს შეიძლება გავუკეთოთ.

– პროფესია თავისუფალ დროს თუ გიტოვებთ და როგორ ატარებთ მას?

– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ როცა მაქვს, მიყვარს სახლში მშვიდად ყოფნა ჩემს ქმართან, ძაღლებთან ერთად. ორი შვილიშვილი მყავს, მათთან ერთად ყოფნა მიყვარს. ხანდახან ფეხით ვსეირნობ, მუსიკის ვუსმენ, ვკითხულობ.

– რა ეხმარებათ იმაში, რომ ასე ლამაზად და არტისტულად გამოიყურებით? დიდ დროს ხარჯავთ ვიზუალზე?

– არა, საერთოდ არა, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ის, თუ როგორ გამოვიყურებით, მთლიანად ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. არ მიყვარს მაკიაჟის დიდი რაოდენობით გამოყენება, მაქსიმალური ბუნებრიობა მირჩევნია. ამაზე დიდ დროს ნამდვილად არ ვხარჯავ. ყველაზე მეტად  ბუნებრიობა მომწონს, -ანუ ის, რაც  შინაგანად მოდის ადამიანიდან. სოციალური ცეკვები არ მოითხოვს ისეთ ფორმაში ყოფნას, როგორსაც, იგივე, ბალეტი, მაგრამ მაინც საჭიროა გარკვეულ ფორმაში ყოფნა, ჯანსაღად კვება, ბევრი წყლის მიღება.

რამდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა სუხიშვილების ცეკვები, რომლებით მათ სპეციალურად თქვენთვის შეასრულეს?

– ეს გრძელი ისტორიაა. დაახლოებით 30 წლის წინ ხელში ქართული ეროვნული ცეკვების ვიდეომასალა ჩამივარდა, რომელმაც მეც და ჩემი ქმარიც პირველივე ნახვისას მოგვაჯადოვა. მხოლოდ მათ სანახავად ჩამოსვლაც კი უდიდესი ბედნიერება იქნებოდა. ის, რაც სუხიშვილებმა შეასრულეს, უბრალოდ, გენიალურია, ემოციებს ვერაფრით ვიკავებდი!  განცვიფრებული და მოჯადოებული დავრჩი, არ მჯეროდა, რომ ვიჯექი და ამ საოცრებას ვუყურებდი. მამაკაცების ილეთები, ქალების რაფინირებული მოძრაობა, რომელიც ცურვას ჰგავს! როცა სახლში დავბრუნდები და მეუღლეს მოვუყვები, რაც ვნახე, ძალიან შეშურდება. 

– როგორ დაგხვდნენ თბილისში?

– თბილისში დამხვდნენ კეთილგანწობილი და მეგობრული ადამიანები, რომლებიც  აბსოლუტურ კომფორტს გიქმნიან თავიანთ სივრცეში. დამხვდა ძალიან ლამაზი, საინტერესო და დიდი ისტორიის მქონე ქალაქი. მომაჯადოვა ძველმა თბილისმა, აივნებმა, სახლებმა. მასპინძლებმა სარაჯიშვილის ქარხანაშიც დამპატიჟეს, სადაც ძველი, ძალიან გემრიელი კონიაკი დავაგემოვნე. არაჩვეულებრივად მიმასპინძლა სასტუმრო "რუმსმა." ნატალია ჯუღელმა, ბახვა ბრეგვაძემ და სხვებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად მეგრძნო. ნამდვილად დიდ პრივილეგიად მივიჩნევ ამ ქვეყანაში მოხვედრას, სადაც დაუვიწყარი, ენით აუწერელი დღეები გავატარე!

– დაბრუნდებით საქართველოში?

– ძალიან მინდა საქმიანი ვიზიტით დავბრუნდე, რამდენადაც თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილები დავრჩით. ასევე უდიდესი სურვილი მაქვს ქმართან ერთად ტურისტულადაც ჩამოვიდე საქართველოში. ვიზიტის პირველ დღეებში ჩემი გონება მხოლოდ გაკვეთილებზე ფიქრებით იყო მოცული. ბოლო დღეს ამოვისუნთქე. მასტერკლასის დასრულების შემდეგ ვიგრძენი თავი აქაურობის სტუმრად და, საბოლოო ჯამში, არჩვეულებრივი, თავბრუდემხვევი მოგონებები მიმაქვს თქვენი ქალაქიდან!