პროგრამა

Tete Noise  და სიმებიანი კვარტეტი 

თბილისის ცირკი – TBILISI CIRCUS 

15 / 05 

SOU ფესტივალის გახსნა 

ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი თბილისიდან, სანდრო ჩინჩალაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფში, განსხვავებული მიმართულების მუსიკას ქმნიდა. მათგან ყველაზე გამორჩეული კი გაჩა ბაქრაძესთან,
და მოგვიანებით ვაჟა მართან ერთად არსებული პროექტი Me & My Monkey  იყო. 2011 წლისათვის ტეტემ აქტიურად დაიწყო ემბიენთ მუსიკის სფეროში ექსპერიმენტირება. 2013 წელს, ლეიბლზე “Whithering Trees“ მისი EP “The Last Is The Sweeter” გამოვიდა. მას შემდეგ მისი ნამუშევრები საველე ჩანაწერების კოლაჟურ გადამუშავებებზე იგება, ნოიზის, ალეატორიკისა და სხვა ექსპერიმენტული მუსიკის ნარატივებში. 2017 წელს გამოვიდა მისი ემბიენთ ალბომი “Artificial Frequencies for Daydreamers“

THE STRINGERS 

“The Stringerrs” სიმებიანი კვარტეტია, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. კვარტეტის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ გამართულ მრავალ მუსიკალურ ღონისძიებებში. ამავდროულად თითოეული მათგანი ირიცხება საქართველოს წამყვან მუსიკალურ ორკესტრებში. კვარტეტის რეპერტუარი შედგება თანამედროვე ნაწარმოებებიდან და ცდილობს თანამედროვე მუსიკის განვითარებაშიც შეიტანოს წვლილი. 2016 წელს კვარტეტმა დაუკრა SOU Festival ის დასკვნით კონცერტში,Blixa Bargeld-თან და Teho Teadro-სთან ერთად.

SOU ფესტივალის გახსნა

ბოლო პერიოდში ტეტეს მუსიკალური გატაცება, ანალოგური ინსტრუმენტებისა და ბუნების ხმების, განსაკუთრებით ჰაერის, ბრიზის, ქარისა და ნიავის სხვადასხვა სიჩქარისა და ზომის ბგერითი სტრუქტურის
ერთმანეთთან შეხამებაა, ამით ის ემბიენთის ფუნდამენტურ ცნებასთან — ატმოსფეროსთან მუშაობს. სწორედ ეს ულტრამინიმალისტური ექსპერიმენტი შეჯამდება ქართველი მუსიკოსებისაგან შემდგარ სიმებიან კვარტეტთან ერთად.

ALVA NOTO 

16/ 05 

რუსთავის დრამატული თეატრი – RUSTAVI NATIONAL THEATRE 

მიკრო-საუნდის ოსტატი, გერმანელი კარსტენ ნიკოლაი არტისტი და მუსიკოსია, რომელიც ბერლინში მოღვაწეობს. მისი შემოქმედება ხმის ვიზუალიზაციას, ჟღერადობისა და სინათლის სიხშირის ფენომენთა ურთიერთმიმართებას იკვლევს. მისი ინსტალაციები მინიმალისტური ესთეტიკით გამოირჩევა. ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის შემდეგ, როგორებიცაა Documenta X და ვენეციის ბიენალე, კარსტენ ნიკოლაის ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით იფინება.

ოლაფ ბენდერთან და ფრენკ ბრეთშნაიდერთან ერთად, Alva Noto მნიშვნელოვანი ლეიბლის, Raster Noton-ის თანადამფუძნებელია. მუსიკალური კოლაბორაციებიდან საგულისხმოა ალბომების სერია რუიჩი საკამოტოსთან, რიოჯი იკედასთან, ნაწარმოებები ბლიქსა ბარგელდთან და მიკა ვაინიოსთან ერთად. დიდი წარმატება ხვდა წილად მის მუსიკას ალეხანდრო გონზალეს ინიარიტუს ფილმისთვის „გადარჩენილი“ რუიჩი საკამოტოსთან ერთად. ალვა ნოტო თავის ახალ პროგრამას წარადგენს, სახელწოდებით UNIEQAV.

გრიშა ლიჰტენბერგერი 

17/ 05 

ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი – KHORAVA ARTIST’S HOUSE 

გრიშა ლიჰტენბერგერი ბერლინელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და ვიზუალური არტისტია.
ლეიბლი Raster Noton  მისთვის იდეოლოგიური სახლია. მისი მუსიკა ხშირად აგრესიული, მანქანური ჟღერადობით გამოირჩევა რომელიც პარადოქსს, როგორც ფორმას იკვლევს. 

„LA DEMEURE“ 

გრიშა ლიჰტენბერგერის პროგრამა სპეციალურად ფესტივალისთვის ადაპტირებული პროექტია: უახლესი ალბომის,„La Demeure/Il y a péril en la demeure“–ის, სამნაწილიანი EP-ის Spielraum|Allgegenwart|Strahlung სა და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ნამუშევრების ერთიანობა. ლიჰტენბერგერი სივრცეზე მორგებით აუდიო-რეაქტიულ სასცენო ინსტალაციას შექმნის.

შოუს ვიზუალური ნაწილი არტისტის კომენტარია თანამედროვე კინოსა და ვიზუალურ ხელოვნებაზე. პირველი ნაწილი 1970-იანი წლების ფსიქოდელიური როკ-კონცერტების ნაწყვეტებისგან შედგება, მაშინ როდესაც მეორე ერთგვარი შარჟია იმ დროისა, სადაც ვიზუალური ხელოვნება ციფრულ სამყაროში ოპერირებს. ორივე მათგანი უკავშირდება პროექტს „Demeure“, ვინაიდან მათი იდეური საფუძველი მსგავსია: ეს არის ფოკუსი „პირადისა“ და „საზოგადოს“ სტრუქტურულ ცნებებთან, თუ როგორ შეიძლება კონტენტის ერთი მედიიდან მეორეზე, ერთი მანქანური დანადგარიდან სხვაში გადატანა და როგორ ხდება მათი მიმოცვლა განსხვავებულ ადამიანებს შორის.

უილიამ ბასინსკი 

19/ 05 

გარდენ ჰოლი – GARDEN HALL 

A SHADOW IN TIME 

ნიუ იორკელი უილიამ ბასინსკი ბოლო 15 წლის მანძილზე, ემბიენთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიტორია. ის, ძირითადად „ფირის მუსიკაზეა“ ორიენტირებული, სადაც მუსიკალური ეფექტი ფირზე წინასწარ ჩაწერილი მუსიკის მანიპულაციით მიიღწევა.

ასე შეიქმნა მისი 2002 წლის შედევრი The Disintegration Loops , სადაც ის ცდილობდა, ძველი ბაბინის ფირები გადაერჩინა და მათგან სემპლები დაემზადებინა, მაგრამ დამზადების პროცესში ფირებმა განმაგნიტება
დაიწყო. ეს უნიკალური პროცესი ჩანაწერზე აღიბეჭდა, დამუშავდა და შედეგად შეიქმნა მუსიკა, რომელმაც იდეალურად აღწერა იმ პერიოდის უსიამოვნო ატმოსფერო, რაც ნიუ იორკში ტერორისტულ ნგრევებს მოჰყვა. ეს ალბომი ბასინსკის მუსიკის ქვაკუთხედად ითვლება.

2017 წლის ალბომი „A Shadow in Time “ მის მუსიკალურ გმირს, დევიდ ბოუის ეძღვნება. ორი მუსიკოსი პირველად 70-იან წლებში შეხვდა ერთმანეთს. ალბომი ორნაწილიანია. პირველის პრემიერა 2016 წლის იანვარში შედგა, მალევე კი, ბოუის გარდაცვალების შემდეგ ბასინსკიმ „For David Rober Jones“ ჩაწერა, რომელიც მისი „Dისინტეგრატიონ Lოოპს“ სერიის შემდეგ ალბათ ყველაზე„Disintegration Loops“ მელანქოლიურია. ტენორ საქსოფონის და მთავარი ემბიენთ ლუპის 6 წუთიანი მინორული მსვლელობა, თავად ბოუის მიერ საქსოფონის
გამოყენების პირველი მცდელობითაა ინსპირირებული, როდესაც მან თავისი პირველი ემბიენთ ექსპერიმენტი შექმნა 1977 წლის კომპოზიციაში ‘Subterraneans’ .

სინთეზატორი Voyetra  8 უფრო დიდ როლს მეორე ნაწარმოებში ასრულებს, რომელიც ბოუისადმი მიძღვნილი კომპოზიციისგან განსხვავებით უფრო ცივ, პირქუშ და მანქანურ ტექსტურებს შეიცავს. ბრაინ ინოს მსგავსი დრონის ჩანართები, რომელსაც მრავლად შეხვდებით “Music For Airports”-ში ცენტრალურ ადგილს იკავებს
კომპოზიციაში. ბოლო ხუთი წუთი კი ბასინსკისვე „ Melancholia ll“-ის ფორტეპიანოს ჩანართის რეინტერპრეტაციაა, რომელსაც უფრო თბილ, თუმცა მაინც სევდიან ტონალურ ჟღერადობასთან მივყავართ.

რეზო ღლონტი  (ლევან ცხადაძესთან და  მალიკა მამინოვასთან ერთად)

20/ 05 

შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი, მცირე დარბაზი – RUSTAVELI NATIONAL THEATRE, SMALL STAGE 

რეზო ღლონტი ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკა არ შემოისაზღვრება კონკრეტული ჟანრით, მისი ნაწარმოები ხშირად შეიცავს ემბიენთ ჟღერადობას. მისი ნამუშევრები ეფუძნება კონკრეტულ კონცეფციას და გამოირჩევა ორგანული და ექსპერიმენტული ხმების სინთეზით. 2010 წლიდან იგი აქტიურად მოღვაწეობს და გამოსცემს მუსიკას უცხოურ ლეიბლებზე. მუსიკოსის პირველი EP “Street Risen Wire ” 2010 წელს პოლონურ ლეიბლზე გამოვიდა. 2015 წელს ღლონტის მეორე პროექტი “Aux Field “ შეიქმნა და ახალი ალბომი აუდიო კასეტის ფორმატით გამოვიდა. 2016 წელს კი მისი უახლესი პროექტი, “Budapest“ გამოიცა.

„მტკვარი როგორც დავიწყებული ზღვა“

მტკვარი როგორც დავიწყებული ზღვა“ მდინარესა და ქალაქს შორის დავიწყებული კავშირის შესახებ შთაბეჭდილებათა სერიაა.

რეზო ღლონტი: ელექტრონული მოწყობილობები, გარე ხმოვანი ჩანაწერები, სინთეზატორი, ეფექტები.

 ლევან ცხადაძე: ბას-კლარნეტი, კლარნეტი 

მალიკა მამინოვა: დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსი.

„მდინარეები ბევრი ქალაქისთვის სიცოცხლის მამოძრავებელია. ბევრი ქალაქი მდინარიან ლანდშაფტებზეა გაშენებული. დღესდღეობით მდინარე მტკვარი უგულვებელყოფილია და თბილისელების ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ორივე სანაპიროზე გზატკეცილები გადის და ძალიან
პატარა სივრცეა დარჩენილი იმ ადგილებისთვის, სადაც მდინარესთან ურთიერთობა რეკრეაციის ან სულიერი
განწმენდის მიზნით შეიძლება. თითქოს ქალაქი მის გარეშე არსებობს. როდესაც საცხოვრებლად თბილისში გადავედი, ეს ყველაფერი უჩვეულოდ მომეჩვენა. თანდათანობით მივხვდი, რომ მდინარისადმი ამგვარი დამოკიდებულება ქალაქში, უფრო ზოგადად, სხვა მოვლენებისადმი მიმართებაშიც ვლინდება.“

იან იელინეკი და მასაიოში ფუჯიტა

21/05

ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი – KHORAVA ARTIST’S HOUSE

იან იელინეკი ელექტრონული მუსიკის ცნობილი გერმანელი პროდიუსერია. 1995 წელს, როდესაც იანი ბერლინში სოციოლოგიის სასწავლებლად ჩავიდა, მისი ძირითადი კონცენტრაცია აკადემიური კარიერა იყო,
თუმცა მისი სამეგობრო წრე ძირითადად ელექტრონული მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისგან შედგა.
სწორედ ამ კონტრასტმა განაპირობა მისი „Farben”-ის სახელით გამოსული, მიკროჰაუს ჟღერადობით სავსე მუსიკა.

2001 წლისთვის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი „Loop Finding Jazz Records  შეიქმნა, რომელიც ძველი ჯაზ-ჩანაწერების ბგერით მანიპულაციებზე იყო აგებული.

2010 წლისთვის იგი იაპონელ ვიბროფონისტ მასაიოში ფუჯიტას შეხვდა. ექსპერიმენტული დუეტის პირველი
ალბომი (Bird, Lake, Objects) ამავე წელსვე ჩაიწერა. 6 წლის შემდეგ კი, 6 კომპოზიციისგან შემდგარი მეორე ალბომი „Sohaum“ გამოვიდა, სადაც არატრადიციული პერკუსიული ინსტრუმენტები ელექტრონული სემპლებით გაჯერებული ჩანართებს ერწყმის.

მასაიოში ფუჯიტას მნიშვნელოვანი სოლო-კარიერა აქვს ემბიენთის სცენაზე.

ბერლინში მცხოვრებმა იაპონელმა ვიბროფონისტმა თავდაპირველად პერკუსიულ ინსტრუმენტებზე ისწავლა დაკვრა, რასაც ვიბროფონზე რამდენიმეწლიანი აქტიური ტრეინინგი მოჰყვა.

მის წმინდა, სიზმრისეულ და სუფთა ჟღერადობას კულტურისათვის დამახასიათებელი სიჩუმეზე მედიტაციის პროცესი ახალ კონტექსტში გაჰყავს.

ქრისტოფერ ტინორი 

22/05

სამეფო უბნის თეატრი – ROYAL DISTRICT THEATRE

მევიოლინე და კომპოზიტორი, ინჟინერ-პროგრამისტი ქრისტოფერ ტინორი პოსტ-მინიმალისტად მოიხსენიება. ფორმალურმა განათლებამ და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ცენტრში ყოფნამ მისი სოლო შემოქმედების სახით უნიკალური ჰიბრიდი წარმოქმნა და აღიარება მოუტანა როგორც კლასიკურ, ასევე ექსპერიმენტულ სცენაზეც.

ტინორის პირველი პროექტი პოსტ-როკ ბენდი Slow Six იყო. 90-იან წლებში ცნობილი ნოვატორი კომპოზიტორის, ლა მონტე იანგის პირად ასისტენტად მუშაობის პარალელურად, ის ნიუ იორკის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ხმის ინჟინრად მუშაობდა ფილიპ გლასისათვის.

ტინორის სოლო შემოქმედება სამ ალბომს მოიცავს, ჰიპნოტური, დრონე-ზე დაფუძნებული და ესთეტიკით ისევ პოსტ-როკთან ახლოს მდგომი ჟღერადობა მის მიერვე შექმნილი პროგრამებით მუშავდება. ამიტომ მის ელექტრო-აკუსტიკურ პერფორმანსებში ხმის სტრუქტურა მკვეთრად ინდივიდუალურია. ამჟამად ტინორი პრინსტონის უნივერსიტეტის PhD ხარისხზე მუშაობს. ხმასთან მუშაობის ახლებურმა პრაქტიკამ, ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Antares(Auto-Tune) (აუდიოტექნოლოგია) და Wittner Tuning Forks (კამერტონის ტრადიციული გერმანული ბრენდი) მის სპონსორებად აქცია.

“Along a Vanishing Plane ” ქრისტოფერ ტინორის 2016 წლის ალბომია, რომელიც წინააღმდეგობრივ მანიფესტადაც
კი შეიძლება ჩაითვალოს. კომპოზიტორის, შემსრულებლისა და მუსიკალური პროგრამული პლატფორმების ინჟინრის როლში ტინორის ძირითადი მისია, მუსიკის ბანალურობიდან უფრო დიდ, გააზრებულ ინტერაქციამდე აყვანაა, რომელიც — პერსონალურ, საზოგადოებრივ და შემოქმედებით დონეზე ეხმიანება გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

ეს არის მუსიკა, სადაც ნათლად ჩანს, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი, თუ შემოქმედი ოდნავ მაინც მოწყდება საზოგადოებრივ ხმაურს და პირად ღირებუ-ლებებზე ფოკუსირდება. სხვა თანამედროვე კომპოზიტორებისგან განსხვავებით, როგორიცაა მაქს რიხტერი და ნილს ფრამი, რომლებმაც საკუთარი „ჯანყი“
სოციო-კულტურული ცნებების მიმართ მშვიდი ტონით დაიწყეს, ტინორს სხვა მიდგომა აქვს, მაგრამ მისი ალბომი მაინცაა აკადემიური მინიმალიზმითა და შინაგანი ენერგიით გამსჭვალული და ამავდროულად თანამედროვე მუსიკალურ პალიტრას სრულიად იყენებს.

რიო მურაკამი 

24/05

სარაჯიშვილის ქარხანა – SARAJISHVILI FACTORY 

მურაკამი იაპონელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია. იგი პირველად 2007 წელს გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე და საკუთარი ხელწერით მალევე დაი- მკვიდრა ჯერ ქვეყნის, შემდეგ კი მსოფლიო საცეკვაო მუსიკის სცენაზე. დღეისთვის ის ერთ-ერთ ინოვაციურ პროდიუსერადაა მიჩნეული. წლებთან ერთად, მისი ინტერესი უფრო ღრმავდებოდა Dark Ambient-ისა და ინდუსტრიული მუსიკის მიმართ. იზოლაცია, მარტოსულობა და სიცარიელე მისი მუსიკის ძირითადი თემატიკაა. ბოლო ნამუშევრებში იგი იყენებს როგორც ცოცხალ ინსტრუმენტებს, ასევე ბუნების საველე ჩანაწერებს და მსმენელს ღრმა და დეტალური ინტროსპე- ქციისკენ
იწვევს. იაპონელი რიო მურაკამი თავის ბოლო ნამუშევარს ასე აღწერს: „მხოლოდ რაღაც ნამდვილი“.

ნატალია ბერიძე  და მონდრიანის ანსამბლი

26/05

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი – AKHMETELI THEATRE 

ნატალია ბერიძე ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. 2000-იანების დასაწყისში, მულტიმედია კოლექტივის, Goslab-ის ფარგლებში, მან ნიკა მაჩაიძესთან და გოგი ძოძუაშვილთან
ერთად აღნიშნული პერიოდის ქართული ელექტრონული მუსიკის სახასიათო ჟღერადობა შექმნა.

მისი IDM მუსიკა (IDM =Intelligent Dance Music – ინტელექტუალური საცეკვაო მუსიკა) თავიდანვე შეიცავდა თანამედროვე კლასიკის ელემენტებს და ეს ფორმა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოიკვეთა. პირველი ორდისკიანი ალბომი „Size and Tears “, მომცრო კლასიკურ ჩანართებს შეიცავდა; 2015 წლის ნამუშევარში, „Between the Naps“-ში კი ხშირად გაიგებთ საფორტეპიანო მინიმალიზმის ელემენტებს.

MAPPING DEBRIS 

სიმებიან საკრავებზე, ხმის სემპლების მანიპულაციასა და ატმოსფერულ ნარატივებზე აგებული „Mapping Debries“, ნატალია ბერიძის 2016 წლის ნაწარმოებია, რომელიც სამი მოქმედებისგან შედგება.

2000 წლიდან, კლასიკურ მუსიკასა და „ახალ მუსიკას“ შორის არსებულ განსხვავებულ მუსიკალურ ესთეტიკას ეძღვნება მონდრიანის ანსამბლის რეპერტუარი. მიუხედავად არსებული ნაპრალისა, ანსამბლი ცდილობს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული ერა დაუკავშიროს. წევრებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც უახლესი მუსიკა, ასევე აღიარებული კლასიკური პროგრამაც. ექსპერიმენტებით ისინი აღწევენ და აკავშირებენ ერთმანეთთან ლისტსა და დრონ იმპროვიზაციას, შუბერტსა და მორტონ ფელდმანს.

დაარსებიდან მალევე, მონდრიან ანსამბლმა მოიგო „Nicati”-ის კონკურსი თანამედროვე მუსიკის ინტერპრეტაციისთვის. 2003 წლისთვის კი მესამე ჯილდო აიღო კამერული მუსიკის ღონისძიებაზე. ამავე წლებში, მრავალმა კომპოზიტორმა დაწერა ანსამბლისთვის მუსიკა, რამაც მათი რეპერტუარი კიდევ უფრო გააფართოვა.

2004 წლისთვის ანსამბლის ნაწარმოები შესულ იქნა CD-ში, („Grammont Portrait" ). 2015 წლიდან ისინი წარადგენენ რუდოლფ კელტერბორნისა და როლანდ მოზერის ნამუშევრებს.

შემადგენლობა:
თამრიკო კორძაია
ივანა პრისტასოვა
პეტრა აკრემანი
კაროლინა ოჰმანი

ნიკა მაჩაიძე 

28/05

სამეფო უბნის თეატრი – ROYAL DISTRICT THEATRE 

ნიკა მაჩაიძე (Erast, Nikakoi) ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერია. 90-იან წლებში, მულტიპლიკაციური რეჟისურის სწავლის შემდეგ, ის ელექტრონული მუსიკის და ვიდეო კოლაჟის სფეროთი დაინტერესდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ნიკა უშვებს ალბომებს „Sestrichka“ და „„Shentimental“ “. ამავე წლებში მულტიმედია არტ-ჯგუფის, “Goslab”-ის ერთ-ერთი აქტიური წევრია.

მისი ჟღერადობა რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში ვერ თავსდება. თუმცა ნიკას მუსიკალურ ხელწერაზე დიდი გავლენა იქონია საბჭოთა ბავშვობამ და იმ დროისათვის არსებულმა პოსტ-საბჭოთა კულტურულმა ამინდმა.

SOU Festival-ის ფარგლებში შესრულდება ნიკა მაჩაიძის ნაწარმოები „Requiem for Deranged Robot. Vol 3 “. ეს სამნაწილიანი ელექტროაკუსტიკური ნაწარმოებია ელექტრონიკისა და ფორტეპიანოსთვის.

ლორენს ინგლიში 

29/05

გარდენ ჰოლი – GARDEN HALL 

CRUEL OPTIMISM 

ლორენს ინგლიში კომპოზიტორი, მედია არტისტი და კურატორია, რომელიც ავსტრალიაში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრების ესთეტური ნაწილი პერცეფციისა და მეხსიერების ნაკადის შესწავლაზეა ორიენტირებული. გასული ათწლეულის მანძილზე, გარემოდან მიღებული შთაბეჭდილებები ინგლიშის მუსიკალური ენის მთავარი ფოკუსია ნამუშევრებში, სადაც იგი უკვე დამკვიდრებული ჟღერადობის წესებს შორის ურთიერთობას
განიხილავს. 2000 წლიდან იგი დღეისთვის უკვე ცნობილი და საერთაშორისო მუსიკის სცენაზე აღიარებული ლეიბლის, „room40”-ის დამაარსებელია, რომლის საფირმო ჟღერადობაც ჰიპერექსპანსიური, ინტენსიური ემბიენთია. ადგილი, სადაც ტიმ ჰეკერის, ტეილორ დიუპრესა და ბენ ფროსტის ნამუშევრები იყრის თავს.

„ Cruel Optimism"-ს ავტორი ასე აღწერს: „პროტესტი, შესაძლო შემზარავი მომავლის წინააღმდეგ“. ის მსოფლიოში მიმდინარე სოციო-პოლიტიკური რყევების გამოძახილია. ალბომში სხვა მნიშვნელოვანმა მუსიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ნორმან ვესტბერგმა და ბროდი მაკალისტერმა.

თავად ალბომის სახელი ამერიკელი თეორეტიკოსის, ლორენ ბერლანტის ტექსტიდან მოდის, რომლის ჩანაწერებმაც ინგლიშზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ ბერლანტის მიერ დანახული
ცივილიზაციის არატორელანტურობა, ზედაპირულობა და ამით გამოწვეული იმედგაცრუება გახდა მუსიკოსისთვის ახალ ნაწარმოებზე მუშაობის დაწყების მთავარი თემატური ლაიტმოტივი.

SHOBALEADER ONE 

30/05

ივენთ ჰოლი – EVENT HALL 

“ELEKTRAC” 

მუსიკალური სამყაროსთვის Squarepusher-ის სახელით ცნობილი ტომ ჯენკინსონი ბრიტანელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია ესექსის საგრაფოდან. იგი თვითნასწავლი ბასისტია, რომელიც კომპოზიციურ სტრუქტურას, აუდიო მასალის ჩაწერას და მიქსინგს თავადვე უზრუნველყოფს. მისი პირველი მუსიკალური ჩანაწერები 1994 წელს გამოჩნდა და მუსიკალური თვალსაზრისით, იმდროინდელ ბრიტანულ Drum’N’Bass ტალღას შეესაბამებოდა. დებიუტიდან 20 წლის შემდეგ, მუსიკისადმი მისი ინოვაციური მიდგომა არ შეცვლილა.
2015 წელს რობოტებისგან შემდგარ ბენდთან თანამშრომლობით გამოუშვა ალბომი.Shobaleader One  სხვადასხვა სესიური მუსიკოსებისგან შექმნილი ჯგუფია, რომელიც ჯენკინსონის მუსიკის შესრულებას უკვე ბენდის ფორმატში ცდილობს. 2017 წელს გამოშვებული მათი მეორე ალბომი “Elektrac“ უფრო ფანკი და პროგრესული ჟღერადობით გამოირჩევა, სადაც ყველა წევრის მნიშვნელობა თანაბარია.

“Elektrac მისტიური ბენდის, Shobaleader One – ის მეორე ალბომია, რომელიც Squarepusher-ის კლასიკად ქცეული 11 კომპოზიციის რეინტერპრეტაციისგან შედგება. ჯგუფის პირველი ალბომი საშუალო-ტემპის, არ-ენბი- ნარევი ფანკ ჩანაწერი იყო, ახალ რელიზში კი მსმენელი სწრაფ ჯაზ-ფანკს, მეტალისა და პროგრესული როკის ნაზავს შეხვდება. “Elektrac“ ლაივ ჩანაწერია, სადაც თავს იყრის ჯენკინსონის ადრეული ნამუშევრებიც, რომელიც ბენდმა გააცოცხლა. კომპოზიციების უმეტესობაში საგულისხმოა დრამის პარტიები და მისი შესრულების ტექნიკური მახასიათებლები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 1990-იანი წლების დრილ-ნ-ბასის ჩანაწერებში არსებული ტემპის ცოცხალი შესრულება. მართალია, ალბომში თითოეული მუსიკოსი თანაბრად არის წარმოდგენილი, მაგრამ Squarepusher-ის თავისუფალი ბას-სოლოებისთვის ადგილი მაინც რჩება.

ფრანკ ვიგრუ  და ანტუან შმიტი 

31/05

რუსთაველის თეატრი, დიდი სცენა – RUSTAVELI NATIONAL THEATE, MAIN STAGE 

ფრანკ ვიგრუსთვის მუსიკაში მთავარი ელექტრონული იმპროვიზაციაა. ამ მიზნისთვის მისი ტრანს დისციპლინური პერფორმანსები მრავალ სახვით ხერხს მოიცავს, ახალი მედიიდან — პერფორმანსის ხელოვნებამდე. მის არაპროგნოზირებად მუსიკალურ ნაერთში თავს იყრის ლირიული საგიტარო პარტიები, ინდუსტრიული ხმის კოლაჟები, თანამედროვე კლასიკა და თეთრი ხმაურის

კედელიც კი. ამ ყველაფრის თანმიმდევრული კონტროლი კი მას რეჟისორად და სივრცის მანიპულატორად აქცევს. ვიგრუს მუსიკალური მიდგომა იდეალურად ჩანს მის უახლეს ალბომში ““Rapport Sur Le Desordre”, ”, რომელიც ევგენი ზამიატინის დისტოპიური მოთხრობის, „ჩვენ“- ისადმი მიძღვნილი ალბომების სერიას ასრულებს.

TEMPEST – „ქარიშხალი“ 

აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი

აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი ““Tempest ” ფრანკ ვიგრუს ანალოგურ მოწყობილობებს ანტუან შმიტის ვიზუალურ ალგორითმებთან აწყვილებს და ქაოსის რეალურ სისტემა-სამყაროებს ქმნის, რომელთა დანახვაც მილიონობით ნაწილაკის მოძრაობაში, ხოლო გაგონება — ქარის ხმაურში შეიძლება. ამ ქაოსის შინაგანი
ძალების მანიპულაციით, შემსრულებლები ისეთ აუდიო და ვიზუალურ ფორმებს ქმნიან, რომელთა ხილულობა და სტაბილურობა თანდათანობით იკვეთება.

მუსიკა: ფრანკ ვიგრუ
გამოსახულება: ანტუან შმიტი
2012

იაკობ კირკეგაარდი 

01/06

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი – AKHMETELI THEATRE 

იაკობ კირკეგაარდი დანიელი კომპოზიტორი და საუნდ არტისტია, რომელიც ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. მისი ძირითადი მუსიკალური ნაწარმი ბრიტანულ ლეიბლ Touch-ზეა გამოშვებული. ის არტისტული კოლექ- ტივის — Freq-Out-ის წევრიცაა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობს ისეთ ხელოვანებთან, როგორები- ცაა JG Thirlwell , ფილიპ ჯეკი და ლიდია ლანჩი. დანიელი ხელოვანი ხმოვანების განზომილებას იკვლევს. მისი მიდგომა ერთდროულად შემოქმედებითი და სამეცნიეროა. ამით აიხსნება მისი დაინტერესება ვულკანური ადგილებით, ყინულით დაფარული არქტიკითა თუ ატომური სადგურებით. შესაბამისი შედეგის მისაღებად კირკეგაარდი სხვადასხვა სპეციფიკურ აუდიო ჩამწერ მოწყობილობებს იყენებს, როგორიცაა ჰიდროფონები, ელექტრომაგნიტური რეცეპტორები და ა.შ.

კვარტეტი „რონდანე“  სიმეონ ტენ ჰოლტის „კანტო ოსტინატო” 

02/06

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ- კულტურული ცენტრი – DJANSUG KAKHIDZE TBILISI CENTER FOR MUSIC AND CULTURE

სიმეონ ტენ ჰოლტი (1923-2012) მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰოლანდიელი კომპოზიტორია. მან მუსიკის წერა ორმოცდაათიან წლებში დაიწყო. საკუთარი ხელწერის ძიებაში ის რომანტიკული პერიოდის მელოდიზმისა და სამოციანებში ახლადაღმოცენებული მინიმალიზმის კომბინირებას ცდილობდა.

ძიების შედეგად, მან მინიმალისტური კომპოზიციის ახალი, თვითმყოფადი სტილი ჩამოაყალიბა, რომელსაც
ყველაზე უკეთ მისი 1978 წელს დასრულებული საკულტო ნაწარმოები „Canto Ostinato “ აღწერს.

კვარტეტი „რონდანე "

კვარტეტი „რონდანე,“ რომლის არსებობაც დაახლოებით 15 წელს მოიცავს, მსოფლიოში ერთადერთი ოთხი პიანისტისგან და ოთხი როიალისგან შემდგარი კვარტეტია, რომელიც ჰოლანდიელი კომპოზიტორის, სიმეონ ტენ ჰოლტის ნაწარმოებს ასრულებს. მათი ყოველი კონცერტი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, უწყვეტად გრძელდება.

სიცოცხლის მანძილზე ისინი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ თავად კომპოზიტორთანაც, რომელმაც თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში კვარტეტის ერთ-ერთ წევრი, რობერტ ლამბერმონტი მისი მუსიკის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

კვარტეტის რეპერტუარში ჰოლტის 5 ძირითადი ნაწარმოებია: Canto Ostinato (1979), Lemniscaat (1983), Horizon (1985), Incantatie IV (1990) და Meandres (1998). 

ნაწარმოებების შესრულების დროს როიალების განლაგება ჯვრის ფორმას იღებს, სადაც შემსრულებლებს ნათლად შეუძლიათ ერთმანეთის სახის დანახვა. კომპოზიციები სექციებისგან შედგება და თავად პიანისტები ადგენენ მისი გამეორების სიხშირეს. რეპეტიციების დროს წარმოქმნილი ბევრი მუსიკალური იდეა სწორედ კონცერტების დროს სრულდება სრულყოფილად. 

2010 წლისთვის მათ უკვე პირველ ორმაგ CD-ზე გამოსცეს ჰოლტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები „ Canto Ostinato" . შემდეგ წელს კი ამას მოჰყვა „ Horizon"-ისა და „Lemniscaat“-ის გამოშვება. 2015 წლის სექტემბერში მათ დაიწყეს ახალ ალბომზე (Incantatie IV) მუშაობა. კვარტეტი ასევე მონაწილეობს რამონ გიელინის ფილმში „Over Canto “, რომლის მსოფლიო პრემიერაც 2011 წელს, IDFA-ზე შედგა.

კვარტეტის წევრები:
დაფნე კეონი
რობერტ ლამბერმონტი
პეტრა ვან ოორტი
ლაურა სანდე

CANTO OSTINATO 

„განმეორებადი სიმღერა“ გენეტიკური კოდის სტრუქტურითაა ინსპირირებული. ნაწარმოების უნიკალურობა მის თავისუფალ კომპოზიციურ სტრატეგიაშია. ის სხვადასხვა ვერსიაში სხვადასხვა ინსტრუმენტებითა და შემსრულებლების სხვადასხვა რაოდენობით სრულდება. კომპოზიცია 106 სეგმენტისგან შედგება (რომელსაც თავის მხრივ მრავალშრიანი ქვე-სეგმენტები აქვს), შემსრულებლებს საშუალება აქვთ, თავად აირჩიონ, რამდენჯერ გაიმეორონ ისინი, რაც ყოველ ჯერზე კითხვნისნიშნის ქვეშ აყენებს შესრულების მასშტაბსა და ხანგრძლივობას. მიუხედავად ასეთი თავისუფლებისა, ნაწარმოები ახერხებს უმეტესად აიცილოს დისონანსი და სავსეა ტონალური ჰარმონიით და ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიური ფიგურებით.

ანსაბლი „მოდერნი” 

სტივ რაიხის „მუსიკა 18 მუსიკოსისათვის 

03/06

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ- კულტურული ცენტრი – DJANSUG KAKHIDZE TBILISI CENTER FOR MUSIC AND CULTURE 

მინიმალიზმზე საუბრისას, ყველაზე ხშირად ალბათ სტივ რაიხის სახელი ჟღერს. ამ მუსიკალური ფორმის ერთერთი პიონერი, ფაქტობრივად ყველა იმ მუსიკალური ასპექტის ჩამოყალიბებაშია მთავარი კონტრიბუტორი, რომელიც დღეს უკვე სტილის დეფინიციად იქცა. ჯერ კიდევ 60-იან წლებში მისმა მაგნიტური ფირის ექსპერიმენტულმა მანიპულაციებმა დასაბამი დაუდო ფაზირების ტექნიკასა და ე.წ. „პროცესის მუსიკას“, სადაც ნაწარმოები სხვადასხვა დადგენილი წესით დროის განმავლობაში აშენებს სტრუქტურას და ამით მისი
შექმნის პროცესი სმენადია. რაიხის ეს მიმართულება ყველა იმ სტუდიური ჟღერადობის ექსპერიმენტის საფუძველიც გახდა, რომელსაც დღესდღეობით როკის, ჰიპ-ჰოპის და სხვა ჟანრის პროდიუსერები იყენებენ.

MUSIC FOR 18 MUSICIANS 

70-იანი წლების შუა პერიოდში ფსიქო-აკუსტიკური ეფექტებით დაინტერესებულმა რაიხმა საკუთარი მინიმალისტური მეთოდები ახლა უკვე მეტი ინსტრუმენტული არსენალით გააფართოვა. ასე შეიქმნა „Music For 18 Musicians“ („მუსიკა თვრამეტი მუსიკოსისათვის“), რომელიც მე-20 საუკუნის კლასიკური მუსიკის ერთერთ მწვერვალად ითვლება და მინიმალიზმის ერთერთ შედევრალურ მაგალითადაა ცნობილი.

ციკლური კომპოზიცია, სადაც თითოეულ აკორდზე 5-წუთიანი დეკონსტრუქციული მსვლელობაა აგებული, ჰარმონიისა და მელოდიის ნელ-ნელა გაფართოებითაა უნიკალური. მუსიკის ნაწილია, ასევე, ჩასაბერი ინსტრუმენტების დაკვრისას შემსრულებელთა სუნთქვა, რომელსაც სტრუქტურაში პულსაცია შემოაქვს.

ანსამბლი „მოდერნი“ 

ანსამბლი „მოდერნი“ 1980 წელს, ფრანკფურტში დაარსდა. მისი დამფუძნებლები გერმანული ფილარმონული ორკესტრის სტუდენტები იყვნენ, რომლებსაც ძირითადად „ახალი მუსიკის“ შესრულება სურდათ.

ამჟამად ანსამბლი 10 ეროვნების, 22 სოლისტს აერთიანებს. ისინი თავისი ორგანიზებულობითა და მუშაობის მეთოდით არიან ცნობილები. მათ არ ჰყავთ სამხატვრო ხელმძღვანელი. ყოველი პროექტი და კოლაბორაცია ერთიანი გადაწყვეტილებით მიიღება.

ანსამბლის უნიკალური და მრავალფეროვანი პროგრამა მუსიკას თეატრისთვის,ცეკვისთვის, ვიდეო პროექტებს, კამერულ მუსიკას ანსამბლისა და ორკესტრული კონცერტებისთვის აერთიანებს. გასვლითი ტურების შედეგად
მათი ნამუშევრები შესრულებული იყო ისეთ საკონცერტო სივრცეებში როგორიცაა: ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრი, ფრანკფურტის ოპერა, კიოლნის ფილარმონია და სხვა. მუსიკოსები ყოველწლიურად 100 ახალ ნამუშევარს სთავაზობენ მსმენელს, რომელთაგანაც დაახლოებით 20 მსოფლიო პრემიერაა. 2000 წლიდან მათი აუდიო და ვიდეო მასალა საკუთარ ლეიბლზე, “Ensemble Modern Media”-ზე გამოდის.

SACRED HORROR  IN DESIGN

07/06

სამეფო უბნის თეატრი – ROYAL DISTRICT THEATRE 

ატა ებტეკარი ირანული აკადემიური ელექტრონული მუსიკის ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი გამგრძელებელია. უფროსი თაობის ირანელი კომპოზიტორებისგან (ალირეზა მაშაიეხი, დარიუშ დოლატ-შაჰი) განსხვავებით, მისი მუსიკა უფრო მეტად გამომწვევი და ხმაურზე მომართულია, მაგრამ აღმოსავლური მოტივები მის შემოქმედებაში ძალიან ინტენსიურადაა ჩართული. ბოლო დროს ის Sote-ს ფსევდონიმით, აკადემიურ კლასიკასთან ერთად, საცეკვაო ელექტრონულ მუსიკასაც წერს, სადაც მისი აგრესიული ხელწერა სრულადაა შენარჩუნებული.

მისი 2016 წლის, რიგით მეოთხე ალბომი,  “Hardcore Sounds From Tehran " სავსეა რიტმულად და ჟღერადობრივად დატვირთული მუსიკით, სადაც კლუბური და ინდუსტრიული/ნოიზ ესთეტიკა თვითმყოფადი სახითაა მოცემული.

ახალ პროექტში, სახელწოდებით შაცრედSacred Horror in Design , თეირანელი ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი სოტე შემსრულებლებს — არაშ ბოლურის (სანტური) და ბერუზ ფეშაის (სეტარი) დაუკავშირდა. პროექტის ფარგლებში, ტრადიციულ სპარსულ აკუსტიკურ ინს-ტრუმენტებთან შეთანხმებული ელექტრონული ჟღერადობა „სპარსულ ტექნო აპოკალიფსს“ ქმნის. ვიზუალური მასალის ავტორია არტისტი თარიქ ბარი, რომელიც თომ იორკსა და Monolake-თან თანამშრომლობს.

Sacred Horror in Design ტონალობისა და რიტმის ნაცნობ გამოხატულებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და სიახლეს პოლირიტმული, პოლიტემპური და პოლიმეტრული ნიმუშებით ხელახლა ქმნის. პროექტი
ტრადიციის სილამაზის შენარჩუნების პარადოქსულ ამოცანას განიხილავს და, იმავდროულად, არსებულ
სტრუქტურებს ინდივიდუალურად გარდაქმნის, რის გამოც შეიძლება ის მომავალში ფოლკლორის ახალ ფორმადაც კი განიხილებოდეს.

DAWN OF MIDI 

13/06

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი – TBILISI STATE CONSERVATOIRE, MAIN AUDITORIUM 

„MIDI-ის განთიადი“ – ასე ითარგმნება კამერული ჯაზ-ტრიოს სახელი, რომელიც თავის მხრივ უკვე გვაძლევს
წარმოდგენას მათი მიმართულების შესახებ. ეს კომუნიკაციის ტექნოკრატიულობისა და მასთან დაპირისპირებული პირველქმნილი ბგერების ნაზავია. ბენდის მუსიკალური მანერა მინიმალ-ჯაზია, რომლის ფარგლებშიც კლასიკური ინსტრუმენტებით იმპროვიზაცია საბოლო ჯამში ელექტრონული მუსიკის ჟღერადობას გვაძლევს. პიანისტი ამინო ბელიამინი, კონტრაბასისტი ააკააშ ისრანი და დრამერი ყასიმ
ნაქვი ერთმანეთს კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლისას შეხვდნენ. ისინი წარმოშობით ინდოეთიდან, მაროკოდან და პაკისტანიდან არიან და მათივე თქმით, სწორედ მშობლიური ქვეყნების ტრადიციულმა  მუსიკამ განაპირობა Dawn of Midi -ს ჟღერადობა.

„DYSNOMIA“ 

ტრიოს ბოლო ნამუშევარს მსოფლიო მუსიკალური პრესა მათ შემოქმედებით კულმინაციად ასახელებს. წინა იმპროვიზაციული კომპოზიციებისაგან განსხვავებით, Dysnomia-ს 47-წუთიანი მსვლელობა სუფთა აკუსტიკური
ხერხებით მიღწეული მათემატიკური სიზუსტეა. ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის რიტმული სტრუქტურების გამოყენებით, მათი კონტრრიტმული თარგი ტექნოსა და ექსპერიმენტული ელექტრონიკის ნიმუშებს გვახსენებს, თუმცა ეს მიკრო- ფრაზირებები საბოლოოდ ჯაზ-ინტონაციაში ერთიანდება და ცოცხალი საკრავების ემოციურ გავლენებზე აქცენტირებს.

ზინა პარკინსი 

17/ 06

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი – TBILISI STATE CONSERVATOIRE, MAIN AUDITORIUM 

მულტი-ინსტრუმენტალისტსა და კომპოზიტორს, ზინა პარკინსს ხშირად „ელექტრონული არფის ჯიმი ჰენდრიქსს“ უწოდებენ. ის ელექტრონულ არფას სრულიად ახალი ფუნქციებით ტვირთავს და პრაქტიკაში მისი
აჟღერების ინოვაციურ მეთოდებს იყენებს. მისი ელექტროაკუსტიკური ექსპერიმენტები ბგერითი პროცესების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ოთხი სოლო ალბომის მიღმა, პარკინსი რეგულარულად ბიორკთან თანამშრომლობს, ამასთან ერთად კი ავანგარდული პროგ-როკის ისეთ საკვანძო ფიგურებთან ერთად მუშაობს,
როგორებიცაა: კრის ქათლერი, ფრედ ფრიტი, დაგმარ კრაუზე, ჯონ ზორნი, ლინდსი კუპერი და სხვ. პარკინსი ხშირი სპიკერია ოქსფორდის, პრინსტონისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში. აღსანიშნავია მისი მულტიდისციპლინური კურატორული ნამუშევრებიც. ქორეოგრაფია, ვიზუალური ხელოვნება, კინო და ისტორია საბოლოოდ სწორედ მუსიკალური ექსპერიმენტებისთვისაა მთავარი ინსპირაცია.

რობერტ ჰენკე 

20/06

თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) – TBILISI CONCERT HALL 

რობერტ ჰენკე — გერმანელი აუდიო/ვიზუალური არტისტი, დაბ-ტექნო დუეტის — Monolake -ის ½, ლექტორი ბერლინისა და სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი კომპიუტერულ მუსიკას და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებს ასწავლის. ჰენკე ასევე არის დამაარსებელი და მთავარი ინჟინერი კომპანია Ableton-ის, რომლის
მიერ წარმოებული კომპიუტერული პლატფორმა თანამედროვე პროდიუსერებისა/DJ-ებისთვის
ყველაზე პოპულარული პროგრამაა მუსიკის შესაქმნელად.

Lumière III , რომლის პრემიერაც 2017 წელს შედგა, არის ძლიერი, ეფექტური, მინიმალისტური, ნათელი, ხმაურიანი და პოეტური აუდიოვიზუალური ხანგრძლივი საკონცერტო პროექტის მესამე ნაწილი, სადაც მრავალმხრივი ხმა და მაღალი სიზუსტის ლაზერული განათება ერთიანდება. ექვს წელიწადზე მეტი ხნის
განმავლობაში ამ მედიუმის უნიკალური თავისებურებების სიღრმისეული ძიებების და Lumière I-ის პრემიერიდან სამი წლის შემდეგ, მესამე ვერსია — Lumière III — მნიშვნელოვანი წინსვლის ნიმუშია. ალგორითმების წერა ჰენკეს შემოქმედებითი პრაქტიკის განუყრელი ნაწილია, მაგრამ Lumière ლაზერის განათების მართვის აქამდე არარსებული, უნიკალური სტრუქტურის განვითარების უფრო სიღრმისეულ და ზუსტ დონეს აღწევს. ჰენკეს მიერ შექმნილ პროგრამაში ლაზერის განათება გამომსახველობით მუსიკალურ
ინსტრუმენტებად იქცევა, რომელსაც უნიკალური თვისებები და სრულიად ახალი შესაძებლობები გააჩნია.
სწრაფი და მოძრავი სარკეების საშუალებით სინათლით ხატვა მაღალტექნოლოგიურ კალიგრაფიას ქმნის და შედეგად მიღებული არტეფაქტის სიზუსტე ერთი ყოვლისმომცველი ტექნოლოგიის ორი ასპექტია. ბგერა და გამოსახულება ერთია, ერთიანი და აბსოლუტური მთლიანობა. Lumière III არის წარმოდგენა კონცერტისა და ვიზუალური ხელოვნების ზღვარზე. სახელწოდება Lumière ფრანგულად სინათლეს ნიშნავს, მაგრამ იმავდროულად, ადრეული ხანის კინემატოგრაფის პიონერებზე — ოგიუსტ და ლუი ლიუმიერებზეც მიანიშნებს.

RASTER NOTON 

„თეთრი წრე“

(გამოფენას წარმოგიდგენთ პროპაგანდა) 

22/06

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე პავილიონი – SECOND PAVILION OF GEORGIAN PUBLIC BROADCASTER 

თავისი 20 წლის იუბილის აღსანიშნავად, 2016 წელს გერმანულმა ხმის ჩამწერმა ლეიბლმა Raster  Noton, აუდიო-ვიზუალური ინსტალაციის სახით შექმნილი აკუსტიკურ-არქიტექტურული სივრცე წარმოადგინა, სახელწოდებით „თეთრი წრე“. ამ მიზნით, ლეიბლის ოთხი არტისტი — ალვა ნოტო, ბეიტონი, ფრენკ
ბრეტშნაიდერი და ქანდინგ რეი ექსკლუზიური კომპო ზიციის შექმნაში თავისი წვლილის შესატანად მიიწვიეს.
თითოეული არტისტის მიერ შექმნილი კომპოზიცია დამოუკიდებელი და თვითკმარი კონცეფციაა. ყველა ნამუშევარი ემბიენთ მუსიკის იდეას ეფუძნება — მუსიკას, რომელიც ცდილობს, აკუსტიკური სივრცე და ვიზუალური მხარე ხელშესახები გახადოს.

გიო სუმბაძე 

თხელი ყინული 

(გამოფენას წარმოგიდგენთ პროპაგანდა) 

25/06

მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის დეპარტამენტი – M. NODIA INSTITUTE OF GEOPHYSICS, DEPARTMENT OF ATMOSPHERIC PHYSICS 

ჰაერისა და გარემოს დაბინძურება ის მნიშნველოვანი საკითხია, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა უამრავი პრობლემის სათავეში დგას. იმ პირობებში, როცა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, მცირდება მწვანე საფარის წილი ქალაქში და სუნთქვა უფრო და უფრო ჭირს,
აუცილებელია ამ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება ყველა შესაძლო გზით.

„თხელი ყინული“ გიო სუმბაძის პერსონალური გამოფენაა, რომლის მთავარი თემას სწორედ ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს.

გამოფენის კონცეფციის ნაწილია ექსპოზიციის ადგილიც — გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის შემსწავლელი სექტორი, რომელიც დღეს სამუშაო პირობების არარსებობის გამო, ვერ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას.

სტივენ ო’მალი 

27/06

სამეფო უბნის თეატრი – ROYAL DISTRICT THEATRE 

პოსტ-მეტალის მსმენელთათვის გიტარისტი სტივენ ომალი საკულტო მუსიკოსია. თუმცა მისი შექმნილი მუსიკის უდიდესი ნაწილი არ განეკუთვნება პოსტ-მეტალს: მისი სოლო-კარიერა და სხვა კოლაბორაციები, ძირითადად, Drone-ზეა ორიენტირებული. გიტარის ტემბრი სიეტლელი არტისტის ექსპერიმენტებში იმდენად ამოუწურავი და რესურსებით სავსეა, რომ ის მას ცალკეულ მუსიკალურ ფორმად იყენებს. მეტალის პირქუში, მძიმე და სიბნელით მოცულ განწყობებს ომა ავსტრალიული ახლა მეტი სიღრმით და უფრო ფართო მუსიკალურ მასშტაბებში ეძებს. მისი კოლაბორაციების გრძელი სია ისეთ სახელებს უკავშირდება როგორებიცაა: Merzbow, Jóhann Jóhannsson, Nurse With Wound, Aaron , თურნერ და მრავალი სხვა. როგორც ვიზუალური
არტისტი, ის ალბომების ყდებს ქმნის, ხოლო მისი ლეიბლი Ideologic Organ ვიზუალური ხელოვნებით,
ფილოსოფიითა და საინტერესო რელიზებით გაჯერებული ექსპერიმენტული მედია-პროდუქტია.

XYLOURIS WHITE 

28/06

ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი – NODAR DUMBADZE THEATRE 

პროექტი პოსტ-როკისა და ბერძნული ფოლკლორის უნიკალური ჰიბრიდია. ბერძენი ფოლკ-მუსიკოსის, გიორგის ქსილურისისა და ცნობილი ავსტრალიური ბენდის Dirty Three-ს დრამერის ჯიმ უაითის დუეტი.
ქსილურისი კრეტული მუსიკალური ტრადიციების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, ლოცვისმაგვარი
ვოკალური მანერითა და დრამატიზმით. უაითი კი ცნობილი ავტორი, პროდიუსერი და ავსტრალიული რი პოსტ-როკ ბენდის, Dirty Three-ს დრამერია. მისმა შესრულების უნიკალურმა სტილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიკ ქეივის, ფი ჯეი ჰარვის, ბონი პრინს ბილისა და Cat Power-ის შემოქმედებაში. ავანტ-როკისა და ანტიკური მუსიკის შერწყმა გვაძლევს ქსილურის უაითს, რომელიც ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია თანამედროვე სცენაზე.

THE SHIP – ბრაიან ინოს აუდიო ინსტალაცია 

30/06

საქართველოს ეროვნული მუზეუმი – NATIONAL GALLERY OF GEORGIA 

ბრაიან ინო თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთერთი საკულტო ფიგურაა. მის გარეშე არ იარსებებდა თუნდაც იმ ჟანრული მრავალფეროვნების ნახევარი, რომელიც ამ ფესტივალზეა წარმოდგენილი. ინოს
ემბიენთ-მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებლად ასახელებენ, ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ინომ მისცა მას
ჟანრული ფორმა და შემდეგ მის მრავალფეროვან განტოტებებსა და ფორმებს განვითარების გზა მისცა.

ინოს მოღვაწეობა როკ-მუსიკოსის ამპლუაში დაიწყო, როდესაც საკულტო გლემ-როკ ჯგუფში Roxy Music ,
ბრაიან ფერისთან ერთად უკრავდა. 1972 წლიდან კი მისი მუსიკალური ექსპერიმენტების პროცესი დაიძრა: ამ დროს გამოვიდა  „No Pussyfooting“,  სადაც მან King Crimson-ის გიტარისტის რობერტ ფრიპის შემუშავებული
„ფრიპერტრონიქსის“ მუსიკალური ეფექტის სისტემა დახვეწა.

სწორედ ამ ჩანაწერმა დაუდო სათავე ბრაიან ინოს აბსტრაქტული ელექტრონული მუსიკის სამყაროში მოგზაურობას, რაც უკვე 40-ზე მეტი წელია გრძელდება. მან 25 ალბომზე მეტი გამოუშვა. მისი შემოქმედების საკულტო მნიშვნელობის მიუხედავად, ის მაინც ახერხებს ყოველთვის იდგეს ემბიენთ-მუსიკის ავანგარდში.

THE SHIP 

ინსტალაცია The Ship („გემი“) ტიტიანიკის ჩაძირვისა და პირველი მსოფლიო ომის შესახებ გვიყვება. ავტორმა ის ასე აღწერა: „სიმღერები, სადაც შეგიძლია იხეტიალო.“ ინომ შეამჩნია, რომ ასაკთან ერთად ხმის დადაბლების
შედეგად მას ისეთი ნოტების აღება შეეძლო, როგორსაც აქამდე ვერ ახერხებდა — სწორედ ასე შეიქმნა მუსიკა ინსტალაციისთვის და ბრაიან ინო, საკუთარ მუსიკაში 35-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ამღერდა. ალბომის გამხსნელი კომპოზიცია 21 წუთს გრძელდება და ინოსთვის დამახასიათებელ თბილ სინთეზურ აკორდებზეა გადაწყვეტილი, სიმებიან ბგერებთან ერთად. „Fickle Sun (iii) I’m Set Free "ველვეტ ანდერგრაუნდის 1968 წლის ამავე სახელწოდების კომპოზიციის რეინტერპრეტაციაა. თავად აუდიო/ვიზუალური ინსტალაცია „The Ship“ მთლიანად ინოს მიერ არის აგებული და ყოველი ლოკაციისთვის უნიკალურია, სადაც გარემოსა და ბგერით მასალას შორის კავშირი უცვლელია.

ზურა ჯიშკარიანი 

ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს? 

01/07

ექსპო ჯორჯია – EXPO GEORGIA 

ზურა ჯიშკარიანი — არტისტი, მწერალი და სოხუმის თვითგამოცხადებული მერია. ამ ეტაპზე დაინტერესებულია ინტერაქტიული ხელოვნებით და software art-ით, მუშაობს ჩეთბოტების პიროვნების დიზაინზე.

სხვა ადგილას ყოფნის, უადგილობის განცდა, მუდამ თან სდევს იძულებით გადაადგილებას. ადგილის, სახლის ძიება ცნობიერებაში დაუსრულებელ მოგზაურობად იქცევა. მეხსიერებაში ჩარჩენილი ფრაგმენტების დაშლა — აწყობა, თამაშად, რომლის შედეგიც არც მოგებაა, არც წაგება. თამაშის მიზანი სხვა შინაარსის, სხვა სინამდვილის შექმნა შეიძლება იყოს. 

კურატორი: მარიამ ნატროშვილი

ჰაცუნე მიკუ  და კეიჩირო შიბუია 

05/07

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი – STATE OPERA HOUSE OF GEORGIA

Hatsune Miku — ჰუმანოიდური პერსონაჟია, რომელიც სინთეზატორული აპლიკაციის,Vocaloid-ის დახმარებით მღერის. იგი 16 წლის, ვირტუალური ანიმეს პერსონაჟია, რომელმაც მთელ იაპონიაში Vocaloid კულტურის განვითარება შეძლო. დღეს მისი 3D კონცერტების ბილეთები თვალის დახამხამებაში იყიდება. ჰაცუნე მიკუ იაპონიის უდიდესი პოპ ვარსკვლავია. არტისტმა და კომპოზიტორმა კეიჩირო შიბუიამ ის თავის პირველ ვოკალოიდურ ოპერაში მიიწვია, სახელწოდებით „დასასრული”. ოპერა ორკესტრისა და ადამიანის ხმის გარეშე, მულტი 3D სურათებისა და ელექტრონული მუსიკის საშუალებით არის შექმნილი. მიკუ თავის მოგზაურობას ეგზისტენციალური კითხვით იწყებს, რომელსაც საკუთარ თავს უსვამს: „მეც მოვკვდები?“. საკუთარი არსებობის ეჭვქვეშ დაყენებით, ჰოლოგრამული გამოსახულება დარბაზში მყოფებს დაუჯერებელ აუდიო-ვიზუალურ შოუს სთავაზობს.

ავტორები : სანდრო ცქიტიშვილი , ჯაბა შავიშვილი , ელენე ფასური