ამასწინათ ერთი უცხოეთში მოსწავლე ქართველი სტუდენტის გამონათქვამს მივაქციე ყურადღება:როკის და პოპის სცენიდან მოვდივარო;აკადემიურ მუსიკასთან დისტანციის განცდა მქონდა მუდამ,სანამ მუსიკის ტექნოლოგიაზე არ „ჩავაბარე“ თბილისის კონსერვატორიაში და მადლობელი ვარ მისი,რომ აკადემიური სამყაროს ნაწილი ვარო.
„იქიდან“, დანიის ქალაქ ორჰუსის მუსიკის აკადემიიდან ამბობდა ამას ვიდეოგზავნილში და პირველად დავფიქრდი, თუ რა სხვაგვარ გარემოსა და პერსპექტივაში შეიძლება იმყოფებოდეს თავის ქვეყანაში აღზრდილი და „ჩარჩენილი“ დღევანდელი ქართველი მუსიკოსი (აქ და მომავალში კვოტირებული გამოთქმები მხოლოდ ციტატებია, ავტორის დამოკიდებულებას არ აღნიშნავს), ჯერ რომ ინტერნეტით ისე უცებ და იმდენი განათლება მიუღია, თან სრულიად განსხვავებული მის მშობელ-განმანათლებელთა სწავლებისგან, მერე კი ისე შეუძრწუნებია მის გარშემო გამეფებულ მეინსტრიმს, 40 წლის წინანდელი სიყალბით რომ უმღერის სიყვარულს და სამშობლოს, თან დიდად ვერც პოეტიკით და ვერც მუსიკალური ენით რომ ვერ გასცილებია იმავე დროს; ახალგაზრდა, რომელიც მზადაა, ყველანაირი ნგრევის, მსხვრევის, დესტრუქციის, ეჭვის, გროტესკული პაროდიის, აგრესიული ფსიქოდელიის (ამ თუნდაც ძველ) ესთეტიკურ საშუალებებს მიმართოს, ოღონდ თავი დააღწიოს „ჩვეულებრივობის“ ამ ჭაობს, რადგან ინტუიციით გრძნობს, რომ „არაჩვეულებრივობაში“ მდგომარეობს ხელოვნება.
ამ ტიპის ახალგაზრდა (ყველა ხომ ასე ვერ იქნება: ბევრისთვის სწავლა — ტრადიციული „როგორკეთების“ სწავლაა, როგორც ასწავლიან, ისე იზამს; ცოტა თუ ვინმე გაიაზრებს, რომ „სწავლის სწავლაა“ მთავარი ცხოვრებაშიც და, ცხადია, ხელოვნებაშიც), ამ — მეორე ტიპის ხელოვანია სწორედ, წინ რომ მიდის და მიჰყავს თავისი საქმე, ხშირად ისე წინ, რომ თავისი დროის „ჩვეულებრივს“, ჯერ არმოყირჭებულს, შორს სცდება და ოდესღაც ამგვარ „წინმავალთათვისაც“ ისევე ძნელად მისაღები ხდება, როგორც ის ადრინდელი „ჩვეულებრივი“, თვითონ რომ გაექცნენ ერთ დროს.
მოდი, კიდევ ერთხელ გავიაზროთ როკის დამკვრელის „გეტოდან“ დანახული მიუწვდომლობა „აკადემიური“ მუსიკის, ამ უკანასკნელის მიერ კი „ზემოდან ცქერა“ ყველაფერზე, თუნდაც მისსავე წიაღში აღმოცენებულზე, რაც ამ აკადემიურობის ქურქში გახვეულ მუზეალურ რეტროგრადობას ეწინააღმდეგება და წარმოვიდგინოთ „ამ ტიპის ახალგაზრდა“, „როკ-პოპ სცენიდან მომავალი“, საქართველოში ამის გამააზრებელი თუ არა, მაინც ყოველმხრივ და ყოველ წუთს თავის ტყავზე განმცდელი, უცებ რომ მოხვდება დასავლეთის რომელიმე მუსიკალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ეს დიქოტომია უკვე დიდი ხნის დანახულია სხვადასხვა სიმწვავით და, თუ ალბერტ შვაიცერისთვის „ხელოვანის ორ ტიპს“ განასხეულებს (მაგ., ვაგნერისას და ბახისას), ფერენც ლისტისთვის ერთადერთ მიზნად ჩამოყალიბებულა („ჩემი ერთადერთი მიზანია, შუბი გავტყორცნო მომავლის უსაზღვრო სივრცეში!..“ — მისი ერთი წერილიდან, 1874), პფიტცნერისა და ბერგის პოლემიკაში კი იმ მარადიულ, დღესაც აქტუალურ კონტურებს იძენს, როგორ შვებით ამოისუნთქავს და სიხარულით დაინახავს, რომ თურმე კონფლიქტური ეს სხვადასხვაობა კი არა, მასთან ცალმხრივი, პოლიტიკურად თუ ინსტიტუციურად მიკერძოებული დამოკიდებულებაა, თავის ძირშივე მცდარი, და რომ სიმართლე იმ აწმყოშია, წარსულსაც რომ ემყარება და მომავალშიც რომ კვალავს ბილიკებს! გაუხარდება, რადგან დღევანდელი საგანმანათლებლო სიტუაცია დასავლეთის მუსიკის სასწავლო დაწესებულებათა გადამწყვეტ უმრავლესობაში სწორედ ამ დიქოტომიით და მათ შუა მდგომი რეალობით ხელმძღვანელობს.
და მაინც, „როგორ მეჩვენება საქართველო (ზოგად) მუსიკალურ კონტექსტში, დღევანდელში იქნება თუ ისტორიულში?“ — ამგვარად „გავიგე“ შეკითხვა, რომლითაც SOU ფესტივალმა მომმართა სტატიისთვის და ორიგინალში დაახლოებით ასე ჟღერდა — „რას დაინახავდი ქართული მუსიკის highlight-ებადო“.
ქართული (ტრადიციული) მუსიკა, თავისი ყველა გამოვლინებით (მელოდიკა, ჰარმონიკა, ბგერწყობა, ჟანრული სპექტრი, მრავალხმიანობა, ბურდონი, კრიმანჭული, ზეპირი ტრადიცია, და ა.შ.) ალბათ თვითონაა ჰიგჰლიგჰტ-ი, როგორც მუსიკალური ფენომენი, რომელზეც უამრავი აღტაცება, განცვიფრება, გაოგნება დაწერილა და გამოთქმულა, რომელიც ხალხური მრავალხმიანობის მწვერვალად გვევლინება და რომლის მექანიზმების წვდომა დღემდე გრძელდება, შინაც და დანარჩენ მსოფლიოშიც; ორ წელიწადში ერთხელ კი სწორედ ამის გამო გადაიქცევა ხოლმე საქართველო მსოფლიო ეთნომუსიკოლოგიის გრავიტაციულ ცენტრად ხალხური მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე.
მუსიკის ისტორიაში რამდენიმე რევოლუცია მომხდარა, Highlight-ობის ღირსი და ორ მათგანს, უდავოდ, ქართული მუსიკის Highlight-ებად ვაღიარებდი. პირველია ნოტაცია — მუსიკის ფიქსირებისთვის შემუშავებული დამწერლობა და ამით კომპოზიციის და ინტერპრეტაციის პოტენციური გაყოფა ერთმანეთისგან. ამ მოვლენის მნიშვნელობის გასააზრებლად ქართული მუსიკალური კულტურისთვის მარტო მიქაელ მოდრეკილის ნევმირებული ხელნაწერების ხსენებაც კმარა, რომელთა დეშიფრირების საქმეც დაძრული ჩანს, ბოლო წლების მონაცემებით (ქვემოთ კიდევ შევეხები).
მეორე რევოლუცია უდავოდ თომას ალვა ედისონის ტექნოლოგიური მიღწევა გახდა — ხმოვანი მოვლენის ჩაწერის და მისი მედიუმზე ფიქსირების, „აკუსტიკური ფოტოგრაფიის“ მანამდე არარსებული შესაძლებლობა, რომელიც მრავალი მუსიკალური კულტურისთვის, მასზე ავთენტური და ობიექტური წარმოდგენისთვის, შენახვის და გადარჩენის საშუალება აღმოჩნდა. ქართული ტრადიციული მუსიკა, ზეპირ გადმოცემაზე დამყარებული, სწორედ ამ ტიპის მუსიკალური კულტურა იყო და ფილიმონ ქორიძის, ექვთიმე კერესელიძის
და სხვა სულმნათ ქართველთა სოფელ-სოფელ სიარული ედისონის გამოგონებული ფონოგრაფით და დაკარგვის პირას მისული ქართული გალობის გადარჩენა სწორედ ამ ტექნოლოგიური საოცრების მადლით მოხდა: დღევანდელი ევროპული კონვენციური სანოტო სისტემის უკმარისობის გამო, მხოლოდ ნოტებზე ჩაწერა საკმაოდ დეფორმირებულ სურათს მოგვცემდა, ქართული ბგერათსიმაღლებრივი წყობის სრულად გადმოცემის თვალსაზრისით. ამიტომ, ესეც Highlight-ი მგონია ქართული მუსიკისთვის, ერთ-ერთი უდიდესი!
მე-19 საუკუნის Highlight-ებიც სახსენებელია: ოკუპანტს და დამპყრობელსაც შეეშლება ხოლმე და მასთან ურთიერთობას, რაც უნდა დამანგრეველი იყოს პოლიტიკურად, ხშირად კულტურული Highlight-ებიც გამოტყვრება ხოლმე ხანდახან; მე-15 საუკუნის სპარსული პოეზიის და დერვიშთა მუსიკის ქართულ პოეზიასა
და ქალაქურ ფოლკლორზე გავლენისა არ იყოს, ფელდმარშალ ვორონცოვის სახელთან დაკავშირებული და მის დროს დაარსებული თბილისის ოპერაც და თეატრებიც (მისი წასვლის შემდეგ კი, სხვათა შორის, ისევ კარგა ხნით გაჩერებული), ამის მაგალითადაც გამოდგება და იმ სპეციფიკური კომპლიმენტის საფუძვლადაც, SOU ფესტივალს რომ ვუძღვნი ქვემოთ.
კონსერვატორიის 100 წლისთავზე მისი დაარსების (უფრო სწორად, 30 წლით ადრე დაარსებული მუსიკალური
სასწავლებლის კონსერვატორიად გარდაქმნის) ამბავი ხომ უნდა ვახსენოთ და დიდი სიამაყითაც: პირველი უმაღლესი სასწავლებელია კავკასიაში, თსუ-ზე 1 წლით უფროსი..
დიქტატურა, განსაკუთრებით დამპყრობლური, კი მტერია, მაგრამ ხანდახან ის განსაცდელიც, რუსიფიკაციის, თავისუფალი აზროვნების დათრგუნვის და ინტელექტუალური თუ არტისტული რესურსების მასობრივი
განადგურების, მთავარი კატალიზატორი გამხდარა პოლიტიკური და კულტურული რეზისტანსის, განსაკუთრებით მეორის.
ალბათ ამით თუ აიხსნება მიხეილ შუღლიაშვილისნაირი მოვლენა ქართულ მუსიკალურ ავანგარდში, რომლის შემოქმედებაც, კვლევაც და პედაგოგიკაც, პრაქტიკულად სრული ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში,
არნოლდ შიონბერგის გამონათქვამის მაგალითია:„Kunst kommt nicht von Können, sondern von Müssen“ (1911) — „ხელოვნება არა შემძლეობის, არამედ საჭიროების შედეგია“ (ქართულად უფრო აფორისტული შესატყვისი გამიძნელდა იმის გადმოსაცემად, რომ კი არ „ძალმიძს და ვქმნი“, არამედ „უნდა შევქმნა და ვქმნი“).
ხშირად მომჩვენებია და სხვებისგანაც გამიგონია პოსტსაბჭოთა სივრცის ნაკლად და მისი დღემდე უმწიფარი და ინფანტილური ასპექტების ახსნად ის გარემოება, რომ 1960-იანი წლების მოძრაობა (ჰიპებისა ამერიკაში, სტუდენტებისა ევროპაში) ამ ქვეყნებს არ განუცდიათ. აი, ვუდსტოკის (1969) მოვლენის ქართულ მართლაც რომ Highlight-ებად შემიგრძნია თბილისის 1978 წლის ჯაზ-ფესტივალი და დღევანდელი გადასახედიდან ასეთადვე მეჩვენება 1980 წლის როკ-ფესტივალი. ეს მაშინ ვიყავი ცოტა ჯაზურ-ფუნდამენტალისტური, თორემ ერთნაირად მნიშვნელოვანი მგონია დღეს ორივე. ერთია ოღონდ: ის ერთობა, ერთიანობა, იდეალებისაც და მუსიკალური სხვადასხვაობისაც, ის მუსიკალური პლურალიზმი, ვუდსტოკზე რომ სუფევდა, საქართველოში მაინც „ცოტა უფრო“ გვიან დადგა, როგორც ჩანს.
პირადად არ განმიცდია, რადგან გერმანიაში გავატარე ის 20 წელი, როცა საქართველომ რადიკალურად გაიფართოვა მუსიკალური სპექტრი, ჟანრობრივ- სტილისტურიც და ესთეტიკურიც. სატელიტური ტელევიზიით ვადევნებდი თვალს, როგორ გამოკრთებოდა ხოლმე რომელიმე ქართულ არხზე ქართველი „ელექტრონავტების“ ნამუშევრები და საუბრები, ხანაც ევროპის რომელიმე ქალაქში გადავეყრებოდი ხოლმე, როცა ქართული კუტურის დღეებზე მოვხვდებოდით ერთად; მაშინ ცოტა კი მეუცხოებოდა, „eleqtronul musikas“ რომ არქმევდნენ ამას: ჩემთვის Elektronische Musik, ისევე როგორც musique concrète , სულ სხვა „აკადემიური სიმაღლის“ და წონის მქონე სფერო იყო და გვიან გავიაზრე ბევრი ღირსეული (ხანდახან უპირატესიც!) მხარე ამ მუსიკისა; უპირველესად ის, რომ მუსიკალური „ბექგრაუნდის“ არმქონე მუსიკოსი, მხოლოდ კომპიუტერის საშუალებით რომ იწყებს მუსიკასთან ურთიერთობას, „მუსიკის კეთებას“, თავისი მუსიკოსად ჩამოყალიბების პროცესში ისეთ მუსიკალურ კატეგორიებს და მიგნებებს შეიძლება ეზიაროს, რომელიც ისტორიულ მუსიკალურ განვითარებას, შესაბამისად „აკადემიურად“ აღზრდილ მუსიკოსსაც, რომელსაც „მუსიკის ისტორიის დიდი საპალნის ზურგით ტარება“ ხვდა წილად, შეიძლება გამორჩენოდა ან შეგნებულად აევლო გვერდი.
ეს დღეს ვართ მოწმენი ინტერაქციისა, იმისი, რომ „აკადემიური“ სფერო ინტერესდება და ხანდახან ფრიად ძლიერ შთაგონებას და შემოქმედებით იმპულსებს პოულობს ამ ახალი, „უწარსულო“ და „უტრადიციო“ ჟანრების წიაღში. ქართული მუსიკისთვისაც და ჩემი მუსიკალური საქმიანობისთვისაც უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ციურიხის მუსიკალურ წრეებში ქართველი პიანისტის თამარ კორძაიას და შვეიცარიელი კომპოზიტორის იდეა და მოძრაობა, რომელმაც 2005 წელს შვეიცარულ- ქართული ფესტივალის სახე მიიღო, სახელად Close Encounters . ყველა დროის, ჟანრის, სხვადასხვა ესთეტიკური მრწამსის და უსაზღვროდ მრავალფერი შემოქმედებითი სპექტრის ქართულ, ევროპულ და ამერიკულ მუსიკას მოიცავს დღემდე ეს მოძრაობა და თავის წიაღში ერთნაირი აქტუალობით წარმოგვიჩენს სხვადასხვაობის მთელ ამ სპექტრს.
ამ ფონზე, უკვე ლოგიკური და მოსალოდნელია ჯერ ილიას უნივერსიტეტში (2008) და მერე თბილისის კონსერვატორიაში (2011) დანერგილი, უკვე აკადემიურ სივრცეში აკრედიტებული სასწავლო პროგრამა მუსიკის ტექნოლოგიაში — კიდევ ერთი ნაბიჯი იქითკენ, რომ არც მუსიკალური ავანგარდი არ ჩაიხრჩოს „კატაკომბურ“ ანდერგრაუნდულ სიდუხჭირეში და არც „აკადემიური ისტებლიშმენტი“ არ დარჩეს „საკუთარ წვენში ხარშულ“, თავისივე ახლო თუ (არცთუ) შორეულ, მუზეალურ („სამუზეუმო“!) წარსულში, თორემ შოუბიზნესი, ერთნაირად წამლეკავი „აკადემიურისაც“ და „პოპულარულისაც“, მართლაც მოახდენს ყველაფრის უზურპაციას და ზოგადი, „საშუალო“ (სინამდვილეში კი მდარე!), „ბაზარზე ორიენტირებულ“ (სინამდვილეში კი „ინტელექტუალურად და ესთეტიკურად ზარმაც“) მომხმარებელზე გათვლის. მთელი აპოკალიფსური ტრაგიზმი, ამას რომ მოჰყვება, მკითხველისთვის მიმინდვია ქვეყნის დასასრულზე ფიქრთა გასართველად.. :)
მთავარი Highlight ბოლოსთვის მოვიტოვე, ცოტა ხნის წინ განცდილი და დღევანდელი მუსიკალური პრობლემატიკის ერთ-ერთი წამალი, როგორც მეჩვენება: ამ ფესტივალმა, ისედაც რომ შთამბეჭდავი მენეჯერული დამაჯერებლობით გამოსდის თანხების მოძიება ყოვლად ფანტასტიკური კულტურული ძალისხმევისთვის ამ ორი „სფეროს“ დასაახლოებლად; გენიალურად მარტივი რეცეპტი ორმხრივ სასარგებლო ინტეგრაციისთვის ერთ წინადადებად ასე შეიძლება აღიწეროს: ანდერგრაუნდის გამოსვლა კატაკომბებიდან და აკადემიურ სივრცეში დამკვიდრება, ამ უკანასკნელის ერთგვარი სანირება და მუზეალური ჰიპნოზიდან გამოყვანა: მუსიკა ერთია — დღეს ხდება, ჩვენს თვალწინ, ჩვენს წიაღში.