ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?

თუ გაინტერესებთ, ტექსტის ნამდვილი შინაარსი, წინადადებები ამოჭერით და გადაალაგეთ

ზურა ჯიშკარიანი — არტისტი, მწერალი და სოხუმის თვითგამოცხადებული მერი. ამ ეტაპზე დაინტერესებულია ინტერაქტიული ხელოვნებით და Software art-ით, მუშაობს ჩეთბოტების პიროვნების დიზაინზე.

ზურა ჯიშკარიანის გამოფენა „ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?“, SOU ფესტივალის ფარგლებში, ექსპო ჯორჯიაში 1 ივლისს, 22:00 საათზე გაიხსნება.

სამყაროზე არქაულ წარმოდგენებში ოკეანე, ზღვა — ქაოსის განსახიერებაა — მოუწესრიგებელი და სახიფათო. დაბადებამდე მხოლოდ წყალია — შეუცნობელი ქაოსი. სამყაროს მოწესრიგებას, ქაოსის კოსმოსად გარდაქმნას
გმირი ჯადოსნური სიტყვის თუ ძალის მეშვეობით ახერხებს. სამყაროს შექმნის ეს ფორმულა ხშირად მეორდება თქმულებებსა და ზღაპრებში, ჩვენამდე მოღწეულ ქართულ შელოცვებში.

„ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?“ მოწესრიგებული თუ მოუწესრიგებელი სინამდვილეების რე-დიზაინის მცდელობაა. სხვა ფორმულა, სადაც შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი შეიძლება შეიცვალოს.

არტისტი Cut-Up-ის ტექნიკის გამოყენებით, მეხსიერებას, რეალობას თუ მომავალს ჭრის და ახალ განლაგებას,
შესაბამისად ახალ სინამდვილეს იღებს. ამ გზით სინამდვილის სისწორეში შეაქვს ეჭვი და სხვა შესაძლებლობების ძიებას იწყებს.

„ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?“ შესაძლებლობისა და შეუძლებლობის, მოგონებისა და მომავლის გაერთიანებით გაჩენილი შეუსაბამობაა.

არტისტს ნამუშევარში პირადი ექსტრემალური მოგონებებიც შემოაქვს, რომლებიც იძულებით გადაადგილებას
ეხება. სხვა ადგილას ყოფნის, შეუსაბამობის განცდა, მუდამ თან სდევს იძულებით გადაადგილებას. ადგილის, სახლის ძიება ცნობიერებაში დაუსრულებელ მოგზაურობად იქცევა. ინსტალაცია მეხსიერებაში ჩარჩენილი
ფრაგმენტების დაშლა-აწყობაა, მათი გადაქცევა თამაშად, რომლის შედეგიც არც მოგებაა, არც წაგება. თამაშის მიზანი სხვა შინაარსის, სხვა სინამდვილის შექმნა შეიძლება იყოს.

„ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?“ იმ გადაკვეთაზე, იმ ზღვარზე დგას, სადაც ადამიანების და საგნების უადგილობა ლამაზი ხდება.