თხელი ყინული

25 ივნისს, SOU ფესტივალის ფარგლებში, თბილისის გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის სექტორში, გიო სუმბაძის პერსონალური ფოტოგამოფენა „თხელი ყინული“ გაიმართება. გამოფენის მთავარი თემა ეკოლოგიური პრობლემები, კერძოდ კი თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონეა.

სუმბაძე უკვე დიდი ხანია მუშაობს ეკოლოგიის თემაზე.

გამოფენას წარადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“. გამოფენის კურატორია ანა გაბელაია. გთავაზობთ ნაწყვეტს არტისტისა და კურატორის დიალოგიდან

ანა: გიო, მოდი, ჩვენს გამოფენაზე ლაპარაკი დავიწყოთ იმ თემატიკიდან, რომელსაც გამოფენის კონცეფცია ეხმიანება. ჩვენი ქალაქი რომ დიდი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას, მგონი, თვალითაც ჩანს და იგრძნობა ყველა ჩასუნთქვისას. როგორც მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს, არის თუ არა ხელოვანისთვის ეს პასუხისმგებლობა უფრო მეტი?

გიო: კი, ანა, რა თქმა უნდა. საერთოდ, მე მგონია, რომ ხელოვანი რაღაც დონეზე აქტივისტიცაა, მით უმეტეს, თუ თანამედროვე ხელოვნებაში მოღვაწეობს, ვალდებულია იყოს აქტივისტიც. იმ დონეზე მაინც, რომ დაიცვას გარემო, პრინციპში, ეგ არის მთავარი ფუნქცია, რომ ბუნება დაიცვა. მაგალითად, უთხრა ვიღაცას, რომ არ მოგყიდი ჩემს ნამუშევარს, მაგრამ შეიძლება მივყიდო იგივე ნამუშევარი მეათედ ფასად იმ ადამიანს, რომელიც არ აბინძურებს მდინარეს და არ წამლავს თევზს, რომელიც იქ ცხოვრობს.

: სრულიად გეთანხმები იმაში, რომ დღეს აუცილებელი პირობაა, ხელოვანს რეაქცია ქონდეს მოვლენებზე, რომელიც მის გარშემო ხდება. თუმცა, ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრ ამ სფეროში მომუშავე ადამიანს კარგად არ აქვს გააზრებული თავისი როლი და ხშირად ვერ ხვდება, რატომ უნდა გააკეთოს ნამუშევარი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემაზე ან რატომ აქვს მისი აზრის გამოხატვას დიდი მნიშვნელობა.

: იცი რა, თანამედროვეობა რაღაცეების გადააზრებასაც ითხოვს. როდესაც ხვდები, რომ ყოველდღე იტვირთება ქალაქი, ჟანგბადი აღარ იქნება მალე, ოდნავ უნდა შეცვალო დამოკიდებულება ხელოვნების მიმართაც. ამ შემთხვევაში ის აღარ უნდა იყოს მთავარი, რომ დახატო ვიღაც ტიპი, ანუ ვიღაც ტიპის ხატვა იცოდე (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტექნიკური ნახატის დისციპლინა არ მომწონს). იმას ვგულისხმობ, რომ ნამუშევარი შეიძლება იყოს მცენარესთან ურთიერთობაც, რომელიც არ არის სტატიკური, მუდმივ პროცესშია. შეიძლება ვთქვა, რომ ამ მცენარეს ვუვლი, ეს არის ჩემი ნამუშევარი, მისი ხანგრძლივობაა ამდენი ხანი, შენ შეგიძლია მოხვიდე სტუდიაში და დაათვალიერო ის, როგორც ჩემი ნამუშევარი. არ მეთანხმები?

: კი, კი, გეთანხმები. ზოგადად, მგონია, რომ მედიუმი იმის მიხედვით უნდა აირჩიოს არტისტმა, თუ რა აქვს სათქმელი და რომელი გზით უკეთ გადმოსცემს თავის პოზიციას. თუ შენ მცენარის გაზრდით გირჩევნია თქვა სათქმელი, რატომაც არა. რაც უფრო არ იზღუდავს თავს მხატვარი გარკვეულ მედიუმებში მუშაობით, მით უფრო საინტერესო გამოდის ნამუშევრებიც და ცხოვრებაც.

ისე, გამოფენას რომ დავუბრუნდეთ, ესეც ხომ ერთერთი მცდელობაა, ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ რაღაცაზე, რაც გვაწუხებს? ამ შემთხვევაში ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ჩემთვის ეს თემა ბოლო ხანებში გახდა საინტერესო, მას შემდეგ, რაც გავიაზრე პრობლემა და რეალური საფრთხე დავინახე. მაგრამ შენ, როგორც ვიცი, უკვე დიდი ხანია მუშაობ ამ მიმართულებით.

: ჩემთვის, დაახლოებით, 2004 წლიდან არის აქტუალური ეკოლოგიის კონტექსტი. ალბათ ასაკის გამო, იმიტომ, რომ ალბათ მაშინ დავფიქრდი, რომ რასაც ვსუნთქავთ — ჰაერს, და რასაც ვსვამთ — წყალს — ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. 2004 წელს იყო ჩემი პირველი ინტერვენციაც იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ გამოფენას — ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტში. ეს იყო ივენთი, სადაც თავი მოიყარა რამდენიმე დისციპლინამ: მუსიკამ, არქიტექტურამ. მე ვიყავი ამ ივენთის კურატორი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოვიწვიე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები — დეტლეფ ვაინრიხი, გიორგი ჟორჟოლიანი და ვატო წერეთელი, რომელმაც ვიდეო პროექცია გაუშვა. ივენთზე იყო ჩემი ნამუშევარიც — ღონისძიებას ვამარაგებდი წყლით — ბოთლებით, რომლის ეტიკეტის დიზაინიც ჩემი შექმნილი იყო. ეტიკეტზე გამოსახული იყო მუსიკალური ჰარმონიის ძველი სიმბოლო, სადღაც პითაგორასდროინდელი. გავაკეთე სტიკერებიც, რომლებზეც სიმშვიდის, ლოცვის, მედიტაციის სიმბოლოები იყო დატანილი. ჩემი მხრიდან, ივენთის კურატორობის გარდა, ამ გამოსახულებების შექმნით საკუთარი პოზიცია დავაფიქსირე.

ასე რომ, ჩემს შემოქმედებაში ეკოლოგიის თემის გამოჩენა ემთხვევა ჩემს მიერ ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტთან პირველ თანამშრომლობას.

: ისე, საინტერესოდ დაემთხვა, რომ გამოფენის ადგილზე ფიქრისას მეც და შენც ერთი და იმავე მიმართულებით წავედით და საბოლოოდ ორივე მივედით ამ სივრცემდე, რომელიც მერე გამოფენის კონცეფციის ნაწილი გახდა. მე მგონია, რომ ეს სივრცე საინტერესოა არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი გამოფენის და ამ ინსტიტუტის ინტერესის სფერო ემთხვევა ერთმანეთს, არამედ იმიტომაც, რომ ინსტიტუტი, რომელიც ამ პრობლემებს უნდა იკვლევდეს, თვითონვე დგას მსგავსი პრობლემების წინაშე. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ აქ გავაკეთოთ გამოფენა და არა, მაგალითად, თეთრ, სუფთა კედლებში, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აწუხებთ ეს პრობლემები, გამოფენასთან ერთად, ის სივრცეც ნახონ, რომელიც ამ პრობლემების მონიტორინგს აწარმოებს, ან, უნდა აწარმოებდეს.

: კი, ეს სივრცე ნამდვილად სპეციფიკურია და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ინტერვენციაც სპეციფიკური უნდა იყოს. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე მოვიდეს ის ხალხი, ვისთვისაც სულერთი არ არის ის, რაც ჩვენს გამოფენას აქვს სათქმელი.

: მგონი ეს გამოფენა ჩვენი და ატმოსფერული ფიზიკის ინსტიტუტის კოლაბორაციის კარგი პრეცედენტია და რადგანაც „პროპაგანდა“ შენთან ერთად მომავალშიც გეგმავს ეკოლოგიის თემაზე ამ მიმართულებით მუშაობას, „თხელი ყინული“ მომავალი პროექტის ერთგვარი შესავალიც გამოდის.