ნატალია ბერიძე Mapping Debris ანსამბლ მონდრიანთან ერთად

26 მაისი: სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი

„ბოლო წლებში უფრო კლასიკური ანუ აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის წერის მხრივ გავაქტიური. "SOU Festival”-იც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ჩემთვის, რამდენადაც პირველად დავწერე ნაწარმოები კვარტეტისთვის, რომელსაც ფანტასტიკური პიანისტი თამრო კორძაია თავის შვეიცარიულ ანსამბლთან ერთად შეასრულებს. ეს იქნება ფორტეპიანოს, ჩელოს, ალტისა და ვიოლინოს სინთეზი. პროექტი, ფესტივალისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ალბომად იყო ჩაფიქრებული და მასზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყე. ესაა ელექტრონული, ემბიენთ მუსიკა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოუყენებელი მასალისგან ხალიჩასავით ვაწყობ. როცა ფესტივალში მონაწილეობა შემომთავაზეს, ჩავთვალე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება ელექტრონულ მუსიკას გავცდე და თავი აკუსტიკურ ინსტრუმენტებში, თანამედროვე კლასიკაში მოვსინჯო. ამიტომ გადავწყვიტე ალბომის ინტერპრეტაცია გამეკეთებინა ინსტრუმენტებისთვის. ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ აქამდე საქართველოში ამ დონისა და სერიოზულობის შემოთავაზება არც მქონია; ყველაფერი, რაც გამიკეთებია, გამიკეთებია, ძირითადად, საზღვარგარეთ, საიდანაც ყოველთვის სერიოზული, გააზრებული წინადადებები მოდის. “SOU Festival”-ს დიდ პატივს ვცემ იმ თვალსაზრისითაც, რომ არტისტს მხოლოდ სახელისთვის არ ირჩევს, — ყველა პირობას გიქმნის, რომ პროექტი შენთვისაც საინტერესო იყოს, ბოლომდე რეალიზდე მასში.

რაც განსაკუთრებულად მახარებს, ფესტივალში რამდენიმე ქართველი არტისტის მონაწილეობის ფაქტია. ეს ხშირად უგულვებელყოფილია ხოლმე საქართველოში, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის: ასეთი მიდგომით არაფერი არ განვითარდება ამ ქვეყანაში. შეგიძლია მილიონი გადაიხადო, ჩამოიყვანო სხვა
არტისტი, მაგრამ ვერასდროს იტყვი, რომ შენი და სხვისი მუსიკოსები ერთნაირად კარგები არიან და ერთ სცენაზე უკრავენ. ეს მაშინ, როცა აქ ძალიან ბევრი კარგი არტისტია, რომელთაც მხარდაჭერის გარეშე თავიანთი თავის გამოვლენის საშუალება არასდროს ექნებათ.

“SOU Festival” კონცეპტუალურად ჩემთან ყველაზე ახლოსაა იმ მხრივ, რომ ის საშუალებას გვაძლევს ისეთ მუსიკას მოვუსმინოთ, რომელიც არასდროს გაჟღერებულა საქართველოში. ჯერ კიდევ რამდენიმე
წლის წინ საფესტივალო თუ კლუბური მუსიკა სერიოზულად არც აღიქმებოდა ჩვენს ქვეყანაში და აზრი, რომ მუსიკის კეთება, უბრალოდ, ჩემი ჰობია, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. ახლა რეალური პერსპექტივა გაჩნდა იმის, რომ საცხოვრებლად სადმე სხვა ქვეყანაში კი არ წავიდე, აქაც შევძლო საკუთარი თავისა და იდეების რეალიზება.“

ფოტო: ანა ბოკო