ნიკა მაჩაიძე

27 მაისი: სამეფო უბნის თეატრი

„მუსიკის კეთება 1996 წელს დავიწყე. პროფესიით რეჟისორი ვარ, პერიოდულად რაღაცებს ვიღებ, მაგრამ იმ პროდუქტის 50 პროცენტი, რასაც ვქმნი, მუსიკაა. პირველი ალბომი   „Sestrichka“ , დებიუტთან ერთად, ქართველი არტისტის მიერ საზღვარგარეთ გამოშვებული პირველი ალბომიც იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკას სულ ვწერ, დისკების გამოშვებაზე დიდად არც ადრე და არც მერე მიფიქრია. იმის ახირებაც არ მაქვს, რომ გინდა თუ არა, ყოველ წელს თითო ალბომი გამოვუშვა. თუმცა სულ ვმუშაობ რაღაცაზე. მაგალითად, კოლაბორაცია მქონდა კოპესთან, იაპონელ მუსიკოს ქალთან. ნახევარი მუსიკა მე დავწერე, ნახევარი-მან; ასევე, ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ნიკოლოზ შენგელაიას „ელისოს“ ახალი მუსიკალური ვერსია.

“SOU Festival ”-ზე ელექტროაკუსტიკურ ნაწარმოებს დავუკრავ, რომელსაც „Sonic Point Cloud“ ჰქვია და რომელიც 2009 წლის ალბომის  „Requiem for Deranged Robot" – ის გაგრძელებაა. ესაა ემბიენთი და ნეოკლასიკა — ექსპერიმენტული ალბომია. ამის გაგრძელებას ვაკეთებ პრინციპში და ეს იქნება ელექტრონიკა და ფორტეპიანო, უფრო ზუსტად, ე.წ. მომზადებული ფორტეპიანო, რომელზეც მხოლოდ მიკროფონები იქნება დამაგრებული და მე ამ ხმას კომპიუტერში პროცესინგს გავუკეთებ. ფესტივალზე შედგება ამ ნაწარმოების პრემიერა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შესრულება იმ მხრივაც, რომ ამ ფორმით საქართველოში არასდროს დამიკრავს, მსგავსი გამოცდილება მხოლოდ უცხოეთს, ალბომის წარსადგენ კონცერტებს უკავშირდება.

ბოლო წლებში გააქტიურებული საფესტივალო ცხოვრება თავისთავად ცვლის სურათს, “SOU Festival” კი, შარშანდელი პირველივე პრეცედენტით დაწყებული, ორმაგად მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მან ქვეყანაში,
სადაც მარტო ტექნომუსიკას უკარავენ, სხვა მიმდინარეობა შემოიტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მუსიკალური პროცესების განვითარებისთვის; იმის გასაგებად, რომ სხვა რაღაცებიც არსებობს. რაც მთავარია, ამ ყველაფრის გაშლა, დეცენტრალიზაცია და ის, რომ თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება კონცერტები, ძალიან გამოაცოცხლებს სიტუაციას.

პირადად ჩემთვის, მონაწილეობის ფაქტთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფესტივალი იმ მხრივაც, რომ უამრავი ძალიან კარგი მუსიკის მოსმენის საშუალება იქნება და ამ ყველაფერს დავესწრები. წარმატებული იყო შარშანდელი პირველი ფესტივალიც და დიდი მოლოდინებია წელსაც — კიდევ უფრო შთამბეჭდავი პროგრამიდან გამომდინარე.

ფოტო: ანა ბოკო