რეზო ღლონტი „მტკვარი როგორც დავიწყებული ზღვა“

20 მაისი: რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

„მუსიკას დაახლოებით 8 წელია ვაკეთებ. საწყის ეტაპზე, ძირითადად, კომპიუტერთან ვმუშაობდი, ბოლო 5 წელია, უკვე აქტიურად ვიყენებ სინთეზატორებს, „გარემოს ხმებს“, ელექტროგიტარასა და გიტარის ეფექტებს. ჩემი პირველი მინიალბომი „Street Risen Wire“ 2010 წელს პოლონურ ლეიბლზე გამოვიდა; 2015 წელს
მეორე ალბომი„Imaginable Layers” მექსიკურ ლეიბლ “Umor – Rex”-ზე გამოიცა; 2016 წელს ამ დროისთვის ბოლო ალბომი — „Budapest“ ჩაიწერა. პერიოდულად ლაივ-პერფორმანსებსაც ვაკეთებ; მიმუშავია
დოკუმენტური ფილმის მუსიკაზე.

ჩემი აზრით, Sou Festival  მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის განვითარებისთვის. ფესტივალის ფარგლებში ისეთი არტისტების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რომელთა
პერფორმანსებზე დასწრებაც თითქმის შეუძლებელია ჩვენს რეგიონში. ჩემთვის საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წარმოდგენები ქალაქში არსებულ გარკვეული კულტურული კონტექსტის მატარებელ სივრცეებში იმართება, სადაც ჩემი თაობის ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო იშვიათად ხვდებიან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება და ფესტივალის დატვირთული პროგრამა ორ თვეზეა გაწერილი. იმედი მაქვს, ფესტივალი ბიძგს მისცემს მსგავსი შინაარსის მქონე აქტივობების გაჩენას ადგილობრივ სცენაზე.

პირადად ჩემი პერფორმანსი 20 მაისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, კლარნეტისტ ლევან ცხადაძესა
და პერკუსიონისტ მალიკა მამინოვასთან ერთად გაიმართება. სპეციალურად ფესტივალისთვის ვმუშაობ პროექტზე „მტკვარი როგორც დავიწყებული ზღვა“ — ესაა შთაბეჭდილებების სერია მდინარესა და ქალაქს შორის გაწყვეტილი კავშირის შესახებ. თბილისი, ბევრი ქალაქის მსგავსად, მდინარიან ლანდშაფტზეა გაშენებული, თუმცა მდინარე მტკვარი დღეს უგულვებელყოფილია და თბილისელების ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ორივე სანაპიროზე გზატკეცილები გადის და ძალიან პატარა სივრცეა დარჩენილი იმ ადგილებისთვის, სადაც მდინარესთან ურთიერთობა რეკრეაციის ან სულიერი განწმენდის მიზნით შეიძლება. თითქოს ქალაქი მის გარეშე არსებობს. როდესაც საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, ეს ყველაფერი უჩვეულო მომეჩვენა. თანდათან მივხვდი, რომ მდინარისადმი ქალაქის ამგვარი დამოკიდებულება, უფრო ზოგადად, სხვა მოვლენებისადმი მიმართებაშიც ვლინდება.“

ფოტო : ანა ბოკო