TeTe Noise კვარტეტ “The Stringers”-თან ერთად

SOU ფესტივალის გახსნა

15 მაისი: თბილისის ცირკი

„ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო მუსიკალური ეტაპი 2008 წელს დადგა, როცა ქუჩის ხმების ჩაწერა და ამით მუსიკის კეთება დავიწყე. მას შემდეგ ვუკრავ ექსპერიმენტულ მუსიკას, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებს გაძლევს — შეგიძლია ყველაფერი აკეთო და არანაირი წინაღობა არ შეგხვდეს არაფრისგან და არავისგან. სხვადასხვა ხმას ვაგროვებ, რასაც კოლაჟს უფრო დაარქმევ, ვიდრე მუსიკას, თუმცა შეგიძლია მუსიკადაც აღიქვა. ეს უფრო ენერგეტიკას ეხება, რომელსაც შეუძლია განწყობა შეგიქმნას, წაგიღოს სადმე, თუ მთლიანად მოუსმენ და არა ნაწილ-ნაწილ.

რაღაც პერიოდი კახეთში ვცხოვრობდი და იქ შევაგროვე ძალიან ბევრი ხმა. SOU ფესტივალ-ზე ამ ხმების სინთეზს წარმოვადგენ ინსტრუმენტებთან და კვარტეტ „სთრინგერსთან“ ერთად. ქარის ხმით იწყება, ეტაპობრივად იცვლება, წყლის ხმები შემოდის, უფრო სტიქიებზე მაქვს აგებული და ბოლოს ეს ქაოტურობა
კლასიკური კვარტეტით დაგვირგვინდება, მუსიკად გარდაიქმნება. ცხადია, ექსპერიმენტულია ეს პროექტი.
დავუკრავ ცირკში, სადაც ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ; ვხსნი ფესტივალს, სადაც ის მუსიკოსები უკრავენ, რომელთა მუსიკაზეც გავიზარდე. წელს, შარშანდელთან შედარებით, კიდევ უფრო დიდი არტისტები ჩამოდიან. მათ მოსასმენად, ადგილობრივების გარდა, ბევრი ადამიანი უცხოეთიდანაც ეწვევა საქართველოს. ცხადია, დიდი გამოცდილება და პასუხისმგებლობაა მონაწილეობა.

ბოლო წლებში გააქტიურებულმა საფესტივალო ცხოვრებამაც და, კონკრეტულად, SOU Festival-მაც, ამ დონის მუსიკოსების ჩამოსვლამ უნდა წამოიღოს შემოქმედებითი გააქტიურების დიდი ტალღა როგორც
უკვე შემდგარ, ისე ახალბედა მუსიკოსებში, რომელთაც ჰგონიათ, რომ არაფერი გამოვა. მათ იმედი გაუჩნდებათ, რომ მარტოები არ ისხდებიან სახლში და მათ მუსიკას ეყოლება მსმენელი. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც საინტერესო მუსიკას ქმნის, მაგრამ მათ შესახებ არავინ არაფერი იცის. ამიტომ ექსპერიმენტული მუსიკის უკვე მეორე ფესტივალი დიდი ბიძგი იქნება მათთვის, რომ მეტად მოინდომონ თავის წარმოჩენა; რომ თუნდაც მომავალ წელს დაუკრან ფესტივალზე. ასეთი, ექსპერიმენტული, მუსიკის სირთულე ისაა, რომ მსმენელი უცებ არ გიჩნდება; ამიტომ რაღაც ეტაპზე იმ გადაწყვეტილებამდე მიდიხარ, რომ მორჩა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის გააკეთებ მუსიკას. აი, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას იღებ, მაშინ იწყებენ შენს მოსმენას. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.“

ფოტო : ანა ბოკო