THE END

კეიჩირო შიბუიას ვოკალოიდ-ოპერა ("აღსასრული") ჰაცუნე მიკუს მონაწილეობით 

ხელოვნების დარგებს შორის არცერთი არაა საკუთარი აღსასრულის მუდმივი მოლოდინით ისე დაღდასმული, როგორც ოპერა.

აღსასრულს მოელის, რადგან რცხვენია და ეშინია თავისივე ხელოვნური, თითქოსდა თითიდან გამოწოვილი და გაუმართლებელი წარმომავლობის. მე-16 საუკუნის მიწურულს შეიკრიბა ფლორენციის კულტურული ელიტა და გადაწყვიტა, აეღორძინებინა ძველი ბერნული ტრაგედია, რადგან სწამდათ, რომ ძველ ათენში ტრაგედიები იმღერებოდა, ადგნენ და გამოიგონეს ოპერა — სოლისტებისა და გუნდის მიერ ორკესტრის თანხლებით სცენაზე ნამღერი თეატრალური წარმოდგენა.

არ არის შემთხვევითი, რომ პირველი საოპერო ნაწარმოებები ორფეოსის მითის გარშემო ტრიალებდა. ორფეოსი ბუნების მიერ მომადლებული ხმით არათუ ყველაზე ველურ პირუტყვებს ათვინიერებს, არამედ, ევრიდიკეს დასახსნელად სიკვდილის საუფლოში ჩასული, ჰადესსაც კი ულბობს გულს. ორფეოსი არა მარტო ურჩ ბუნებას იმორჩილებს, არამედ სიკვდილსაც ამარცხებს.

ორფეოსის ამბავიც და პირველი ოპერების სხვა სიუჟეტებიც იმ უხსოვარ, მითოლოგიურ წარსულში თამაშობს, სადაც ბუნება და კულტურა ვითომ ჯერაც არ გახლეჩილან. პარალელურად ფეხს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იდგამენ, ზუსტ გამოთვლებსადა კონტროლზე დამყარებული მეთოდებით რომ ცდილობენ
ბუნების დამორჩილებას — ადრეული წინაპრები ბუნებაზე დღევანდელი ტოტალური ტექნოლოგიური ბატონობისა და „რესურსების მაქსიმალური ათვისებისა“.

Hatsune Miku’s Vocaloid Opera “THE END” by Shibuya Keiichiro

ოპერის თითქოსდა შეთითხნილი ხასიათი მით უფრო მწვავედ წარმოჩინდება, რაც უფრო დაჟინებით ცდილობს იგი „ბუნებასთან დაბრუნებას“. სინამდვილეში კი, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, ვერაფერ სხვას
ვერ წარმოშობს, გარდა „ხელოვნური სამოთხეებისა“, გადმონერგილი ეგზოტიკური მცენარეებით გაწყობილი სათბურებისა, რომელთათვისაც ოპერის ისტორიის მანძილზე მრავალ ესთეტსა და დეკადენტს შეუფარებია თავი თრობისა და თავდავიწყების საპოვნელად. თანამედროვე კულტურის მიერ დაკოდილი ბუნების გაცოცხლების მაგივრად, ოპერა მხოლოდ მკვდრის რეანიმაციას თუ ეწვალებოდა.

აქედან მომდინარეობს ის მუდმივი დიაგნოზიც, რომ ოპერა ძირშივე მკვდრადშობილი დარგია — გარდა იმისა, რომ გაუმართლებლად ძვირი ჯდება და ზნეობრიობის მხრივაც მრავალჯერ დაუმსახურებია საყვედური. სიმყიფე თითქოს იმ შენობების განუყოფელი მახასიათებელიცაა, რომლებშიც სახლობს ოპერა: ხანძრის ალში გახვეული საოპერო თეატრები ისევეა ამ ჟანრის ისტორიის ურყევი შემადგენელი ნაწილი, როგორც შედევრებისგან შემდგარი რეპერტუარი. საქართველოშიც ხომ, ჯერ კიდევ სანამ პირველი ქართული ოპერა დაიწერებოდა, პირველად იყო თბილისის საოპერო თეატრის პირველი ხანძარი.

თუ პლატონის „ნადიმში“ არისტოფანე ანდროგინებზე მოგვითხრობდა, პირველყოფილ ბედნიერ არსებებზე, რომლებშიც ქალი და კაცი ერთმანეთისგან განუყოფელი იყვნენ, ოპერამ მათ მაგივრად კასტრატები წარმოშვა: ურჩხულები, როგორადაც გვისახავს ბაროკოს ეპოქის ნახატები გარდატეხის ასაკამდე დასაჭურისებულ
ამ ბიჭებს, ჰორმონალური დარღვევის შედეგად მუტანტურ ფორმებს რომ იძენდნენ. „არაბუნებრივი“ მუტაციის საფუძველზე განვითარებული განსაკუთრებულად ძლიერი და მდიდარი ხმებითა და სუნთქვაგრძელი მღერით, კასტრატები ერთდროულად განასახიერებდნენ ბუნების მიერ ადამიანისთვის მომადლებული ხმის დიდებულებასაც და ოპერის უზნეობასა და ხელოვნურობასაც, ბუნებაში სასტიკი ქირურგიული ჩარევისთვის. მე-19 საუკუნის დასაწყისში საოპერო სცენებიდან კასტრატების გაქრობამ საბოლოდ აქცია ოპერის შემადგენელ ნაწილად გოდება იმის შესახებ, რომ სიმღერა მოკვდა. ჩვეულებრივი ადამიანის ყელი და ფილტვები თითქოს არ იმსახურებდა საკმარის ნდობას. საკუთარი თავის მუდმივი ნეკროლოგი ოპერის სულდგმულობის წესადვე იქცა.

„ოპერის სიკვდილი“ გამოაცხადა რიჰარდ ვაგნერმაც იმის საწინდრად, რომ ხელოვნების დარგების ვითომდა უფრო „ბუნებრივი“ და მართებული შერწყმით ოპერის ნანგრევებზე ჭეშმარიტი „მომავლის ხელოვნების ქმნილება“ აღმოცენებულიყო. ეს უნდა ყოფილიყო ადამიანსა და ბუნებას და ადამიანის სხვადასხვა უნარებს შორის მთლიანობის აღდგენის დღესასწაული — ბედნიერ წარსულთან დაბრუნება კიდევ უფრო ბედნიერ მომავალში.

საუკუნენახევარია, ზედმეტად გაგვიჯანჯლდა ამ მომავლის მოლოდინი. ამასობაში კი, ოპერას სულ უფრო
მეტად შეეზღუდა აქტუალობა — დიდი ხანია, ახლად დაწერილი ოპერები იშვიათობად და დამტვერილ რეპერტუარში ძალისმიერად ჩაჩრილ გამონაკლისად იქცა. ახალგაზრდა თაობებიც სულ უფრო ნაკლებად ეტანებიან ამ მოძველებულ ჟანრს. ხმებიც ნაადრევად ბერდებიან. სცენაზე ნაჩქარევად შეგდებულ ახალბედა მომღერალს საოპერო სააგენტოები მაქსიმალურად სწრაფად ყვლეფენ ბუნებრივი საბადოსავით.

ამ გაყუჩებული, უღიმღამო, გაჭიანურებული აგონიის პირობებში საოპერო სცენაზე შემოდის ჰაცუნე მიკუ, სასიმღერო ხმის სინთეზატორით ამღერებული ანიმეს სტილის ვოკალოიდი არსება, რომელიც 16 წლის გოგონას განასახიერებს, გრძელი ფირუზისფერი თმები აქვს და იაპონიაში მილიონობით ფანისთვის
ნამდვილი საკულტო ფიგურაა. რამდენიმე წლის წინ სწორედ მისთვის დაწერა ახალგაზრდა იაპონელმა კომპოზიტორმა, კეიჩირო შიბუიამ, პირველი ვოკალოიდი ოპერა THE END  („აღსასრული“), რომელიც 5 ივლისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დახურავს შოუ ფესტივალ-ს.

Keiichiro Shibuya 

„ჰაცუნე მიკუ“ იაპონურად ნიშნავს „პირველ ხმას (ან ბგერას) მომავლიდან“. მისი შემქმნელებისთვის ის არის „პირველი ანდროიდი დივა ახლო მომავლიდან, სადაც სიმღერა დაკარგულია“. მისი ხმა აღარ არის ბრწყინვალე, წკრიალა და თბილი, როგორც ძველი სოპრანოებისა, რომლებიც, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, გადაშენებული კასტრატების სამართალმემკვიდრეები იყვნენ საოპერო სცენებზე. ჰაცუნე მიკუს ხმა შედარებით უფერული და ნეიტრალურია და დრამატულ მომენტებშიც კი ხრინწიანი ჩურჩული დაკრავს.

მაშ რა შეუძლია მას ადამიანის ხმაზე მეტი? თუ ადამიანის ხმა ერთდროულად ბუნების ძღვენი და დაუღალავ ვარჯიშში გამოწვრთნილი, ყველაზე ტექნიკური ინსტრუმენტია, ვოკალოიდ დივაში ხმის ტექნიკას ანაცვლებს ტექნიკის ხმა. თავად ჰაცუნე მიკუ იმით ამაყობს, რომ ადამიანებივით სიტყვები არ ერევა. კეიჩირო შიბუიას თუ დავეკითხებით, ჰაცუნე მიკუს ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ მას სუნთქვის გარეშე შეუძლია სიმღერა. სუნთქვა წყვეტას გულისხმობს, შესაბამისად, „გრძელი“ სუნთქვა და ფრაზების გადაბმის უნარი მომღერალს ოდითგანვე ბევრად უფრო მეტად ამშვენებდა, ვიდრე ბუნებრივად „მომადლებული“ ხმა. თუმცა, წყვეტა თავისთავად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაში მბრუნავი სიცოცხლის ნიშანწყალი და საფასური იყო.

ჰაცუნე მიკუ თითქოს ვაგნერის ოცნებასაც ასხამს ხორცს, კომპოზიტორი ერთარსი ყოფილიყო თავის მომღერალთან. თუ ადამიანი მომღერალი ყოველთვის საკუთარი სხეულის, ნებისა და უნარებისგან შემდგარ განცალკევებულ ინდივიდად რჩებოდა, რომელსაც კომპოზიტორი ვერასდროს იხელთებდა ბოლომდე, კეიჩირო შიბუია ახლა თავად ზის სცენაზე ვოკალოიდ სინთეზატორთან და თვითონ „უკრავს“ ჰაცუნე მიკუს ხმას, რომელიც ანიმე ჰოლოგრამის სახით სცენაზე დააბიჯებს ან დალივლივებს. კომპოზიტორსა და მომღერალს შორის განუყოფლობა მიღწეულია, ოღონდ იმის ფასად, რომ ამ მთლიანობაში მომღერალი ადამიანის ადგილი აღარ არის.

ადამიანი ამ ოპერაში მხოლოდ მავნე ორეულის სახით ჩნდება. ადამიანი ორეული შეჩენილ, მანიპულატორ
აჩრდილად ექცევა ადამიანისშემდგომი მომავლიდან მომღერალ ჰაცუნე მიკუს. ოპერის დასაწყისში მას კოშმარიდან ეღვიძება — „დამესიზმრა, თითქოს ვსუნთქავდი“. მართალია, გაუგებარი სტატუსის სუპერცხოველი ცდილობს, ჰაცუნე მიკუ გამოიხსნას ადამიანი ორეულის მარწუხებიდან, მაგრამ, საბოლოოდ, ადამიანი ორეული ჰაცუნე მიკუს სიკვდილზე ფიქრის სენს შეყრის.

ვერასოდეს რომ გაეგო, ასე რატომ ღელავდნენ ადამიანები სიკვდილზე, ახლა თავად სნეულდება მოკვდავობით და საათნახევრის მანძილზე გვიმღერის ეგზისტენციალისტური ნაღველით გამსჭვალულ არიებს; არიებს შორის კი, მონაცვლეობით დიალოგშია ადამიან ორეულთან და სუპერცხოველთან. „პირველი ხმა მომავლიდან“ მომავლიდანაც იმეორებს იმას, რაც დღეს ადამიანის უახლოესი პერსპექტივაა — უკანმოუხედავად
აღიგავოს მისი არსებობა მის მიერვე აღვირაშვებული ტექნოლოგიის დამანგრეველი ძალის შედეგად. ადამიანის მიერ მოწეული ნგრევა ადამიანის შემდეგ დამდგარ მომავალსაც კი გადასწვდება. ოპერა სახელწოდებით „აღსასრული“ კეიჩირო შიბუიამ ჰაცუნე მიკუს სწორედ ფუკუშიმას კატასტროფისგან მიღებული შთაბეჭდილებით დაუწერა.

კეიჩირო შიბუიას ნაწარმოები ოპერას კიდევ ერთხელ აქცევს სიკვდილზე სიმღერის სამაგალითო ადგილად.
ოღონდ, ისეთ სიკვდილზე, რომელსაც სიმღერა აღარ გამოიგლოვებს; რომელსაც აღარ აქვს სიმღერით სიკვდილის სიტკბო, ოპერის ზეობის ხანაში ერთ ტენორს „ლამაზი სიკვდილის ტენორის“ სახელიც კი რომ მოუხვეჭა. ფინალი, სადაც მომაკვდავი გმირი გულის გამაწვრილებლად დიდხანს მღერის, ხომ ისედაც მხოლოდ მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის რომანტიკული ოპერიდან იღებს სათავეს. მანამდე „კეთილი ბოლო“, როგორც წესი, სასურველიც იყო და აუცილებელიც. ოპერის სათავეებთან კი, როგორც ვნახეთ, საერთოდაც ორფეოსი იდგა, რომელიც თვით სიკვდილს ამარცხებდა სიმღერით.

ჰაცუნე მიკუს სიმღერა აღარც პირველყოფილი სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ზეიმობს და არც მომავლის ჭეშმარიტ სიცოცხლეს გვპირდება. მის ხმას მომსპარი მომავლიდან შემოუღწევია ჩვენს აწმყოში და აქედანვე ცდილობს, შეგვაგუოს იმ აზრთან, რომ სასიმღერო აღარც არაფერია. ოპერა „აღსასრული“ არცაა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე სიმღერის სიკვდილსა და სიკვდილის სიმღერას შორის გადაჭიმული დამზაფრველი საათნახევარი.

Illustration & direction by YKBX 

© Crypton Future Media, INC. www.piapro.net 

©LOUIS VUITTON 

Photo: KENSHU SHINTSUBO 

Théâtre du Châtelet