მინიმალური მუსიკა ამერიკაში / ამერიკული მინიმალიზმი

ამერიკული მუსიკალური ავანგარდის მთავარ ფრთას, რომელიც ოთხ კომპოზიტორს — ლა მონტე იანგს, ტერი რაილის, სტივ რაიხსა და ფილიპ გლასს აერთიანებს, ბრიტანელმა კოლეგამ, მაიკლ ნაიმანმა, „მინიმალისტები“ უწოდა. ეს განსაზღვრება ოთხივე მათგანს ირონიას და სკეფსისს ჰგვრის. მაგრამ, მიუხედავად მდუმარე თუ კატეგორიული უარყოფისა, ოთხივე მათგანი თანხმდება მის არსებობაზე. საბოლოო ჯამში, მინიმალური ხელოვნება (Minimal Art) ხომ ზოგადკულტურული მოვლენაა 1960-იანების ამერიკულ სინამდვილეში და არა მუსიკის წერის რაიმე ერთი იდიომი.

ექსპრესიულ, სპონტანურ ხელოვნებას მინიმალისტებმა წინასწარგანზრახული, გაწონასწორებული სტილი დაუპირისპირეს — მიაჩნდათ, რომ ნებისმიერ მუსიკალურ იდეას განხორციელებამდე ჯერ კომპოზიტორის ცნობიერებაში უნდა ეარსება დასრულებული სახით. თავად ტერმინი კი, რომელსაც მაიკლ ნაიმანთან ერთად ამერიკელ კომპოზიტორ ტომ ჯონსონსაც მიაწერენ, მუსიკალური ხერხების მინიმალურად გამოყენებას უკავშირდება და მისი ზოგადი კონცეფცია უმცირესი მელოდიური ან რიტმული ნაწილაკების უცვლელად
ან მცირე ვარირებით გამეორებას — რეპეტიციულობას გულისხმობს. თუმცა, მინიმალიზმი და რეპეტიციულობა
ერთმანეთთან აუცილებელ კავშირში არაა, რადგანპირველი ფილოსოფიაა, ხოლო მეორე — მეთოდი.

რეპეტიციულობის საწყისები „მინიმალიზმამდე“ ბევრად ადრე გვხვდება ფრანგი ავანგარდისტის — ერიკსატის გამოუქვეყნებელ ოპუსში Vexations (უსიამოვნებები), რომელსაც მოგვიანებით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ავანგარდისტი კომპოზიტორი და თეორეტიკოსი ჯონ ქეიჯი აღმოაჩენს და ფაქსიმილეს სახით გამოსცემს. ერთგვერდიან ნაწარმოებში მოცემულია თემა, რომელიც თითქოს რვაასორმოცჯერ უწყვეტად უნდა გამეორდეს, რაც დაახლოებით ოცდაოთხ საათს მოითხოვს. სატის ეს ბუნდოვანი ჩანაფიქრი ქეიჯისთვის საფორტეპიანო მარათონების ინსპირაციად იქცა.

ამერიკული მოდერნის შემდეგ, „მინიმალიზმი“ მეორე მეინსტრიმულ მიმდინარეობად იქცა ამერიკის კონტინენტზე, რადიკალურად გაწყვიტა კავშირი მოდერნის ტრადიციასთან და ევროპულ ლოგიკურ-დისკურსულ პრინციპებსაც დაუპირისპირდა. „მინიმალიზმი“ არა დეკონსტრუქციას, არამედ მუსიკალური აზროვნების დაწმენდას და ჰუმანური აბსტრაქციებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, სადაც არაფერია გარდა პირველადი მუსიკალური ელემენტების — ბგერებისა. კავშირს ექსპერიმენტულ მუსიკასთან, მათ შორის
ქეიჯსა და ჰარი პარჩთან მინიმალისტები გარკვეულწილად ინარჩუნებდნენ, მაგრამ პოპულარობით ბევრად
უსწრებდნენ. შეიძლება ამის მთავარი მიზეზი ატონალობიდან ტონალურ საწყისებზე ან ინდუსტრიული ხმებიდან ბგერებთან დაბრუნებაც იყო. „მინიმალიზმი“, როგორც მოდერნიზმის საფრთხე, პოსტმოდერნულ მოვლენად განიხილება.

აზიური და აფრიკული მუსიკისადმი ინტერესმა მინიმალისტები „გამეორების“ ევროპული ტრადიციიდან ფუნდამენტურად განსხვავებულ აღმოსავლურ ტრანსულ და მედიტაციურ საწყისებზე გადაიყვანა. რეპეტიციულმა მეთოდმა მინიმალისტებს დაანახა, რომ ბგერების დინების უწყვეტობა ხასიათით წყლისა და
პლანეტების მოძრაობასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე რაღაც ლოგიკურ პროცესებთან.

ამერიკული „მინიმალური მუსიკა“ ოთხ დიდ სახელს უკავშირდება, ესენია: აიდაჰოელი ლა მონტე იანგი, კალიფორნიელი ტერი რაილი, ნიუ იორკელი სტივ რაიხი და ბალტიმორელი ფილიპ გლასი. ყველა მათგანს აკადემიური განათლება აქვს მიღებული, უკრავდნენ ჯაზს და სწავლობდნენ აზიურ და აფრიკულ მუსიკას.

ლა მონტე იანგიყველაზე ენიგმატური ფიგურაა დიდ ოთხეულში, რომლის აქა-იქ კანტი-კუნტად შესრულებული მუსიკა ცოტას თუ მოუსმენია — ისინი ლეგენდებსა და მეხსიერებაში უფრო არსებობენ, ვიდრე
სინამდვილეში. „მინიმალიზმის“ აკვნად სწორედ მისი „სიმებიანი ტრიო“ მიიჩნევა, იანგის მუსიკა ფსიქოდელიურია და სიზმრების წყებას წააგავს: „ელექტროსადენის სიზმარი„“, „კუ, მისი სიზმრები და მოგზაურობა“, „ოთხი სიზმარი ჩინეთზე“. 1970 წელს ის ინდოელი მუსიკოსის პრან ნათჰის მოწაფე ხდება, ნიუ იორკის ავანგარდული წრიდან გაუჩინარდება და გურუდ გადაქცეული, რელიგიურ ცხოვრებას იწყებს. აიდაჰოს სოფელში დაბადებული იანგის მუსიკალური ენის ფორმირებაში გადამწყვეტი მისი ბავშვობის შთაბეჭდილებები აღმოჩნდა: ელექტროსადენების გუგუნი, მატარებლის სტვენა, ქარიშხალი და სხვა, რომლებსაც შემდეგ თავის მუსიკალური ენის სტრუქტურაში მოაქცევს. სტუდენტობის პერიოდში შონბერგის
მოწაფეებთან სწავლის პარალელურად, ინდური მუსიკით ინტერესდება; ხოლო შტოკჰაუზენის სემინარების მოსასმენად დარმშტადტში საგანგებოდ ჩადის და იქვე ჯონ ქეიჯსაც „აღმოაჩენს“. ევროპიდან დაბრუნებული იწყებს კონცეპტუალური პიესების წერას. „სკამებისა და მაგიდების პოემის“ შესრულებისთანავე იანგი ნიუ
იორკის ავანგარდის გურუდ გამოცხადდა. დროსთან ერთად, კონცეპტუალობა და ქეიჯის გავლენა გადის, მაგრამ დიდხანს რჩება იანგის დაუსრულებელი ბგერები, რომლებიც შემდეგ ყველაზე ძლიერ გავლენას მოახდენს „მინიმალიზმსა“ და პროგრესულ როკზე. 1964 წელს იანგი იწყებს თავისი დაუსრულებელი მაგნუმ ოპუსის შექმნას, რომელსაც ბახის “კარგად ტემპერირებული კლავირის“ ან, სულაც, ქეიჯის პრეპარირებული ფორტეპიანოს ანალოგიით, „კარგად აწყობილ ფორტეპიანოს“ ((The Well- Tuned Piano ) უწოდებს და ამ „წყობას“ დიდხანს საიდუმლოდ შეინახავს. მალევე იანგი, რამდენიმე ექსპერიმენტული სულისკვეთების ადამიანთან ერთად, „მარადიული მუსიკის თეატრს“ აარსებს (ერთერთი მათგანი, ჯონ ქეილი „თეატრის“ მიტოვების შემდეგ, ლუ რიდთან ერთად, ლეგენდარულ The Velvet Underground-ს შექმნის), სადაც რიტუალური იმპროვიზაციები სრულდება. ბგერების უსასრულობა ამ დროისთვის იანგის რელიგიურ, მათ შორის ინდუისტურ და ბუდისტურ განწყობებს უკავშირდება. მათი მოსმენა თანდათან ერთგვარ ეზოთერულ დისციპლინად გადაიქცევა, რაც უკიდურეს კონცენტრაციას მოითხოვს და ამიტომ, იანგის არცთუ მრავალრიცხოვანი აუდიტორია კიდევ უფრო მცირდება.

თუ იანგმა პირველმა გაუკაფა გზა „მინიმალიზმისკენ“ ოთხეულის მეორე წევრს — ტერი რაილის, თავის მხრივ, რაილიმ პირველმა გაუკაფა ფართო აუდიტორიას გზა „მინიმალიზმისკენ“. იანგის გავლენით განხორციელებულ რაილის პირველ ცდებს მაგნიტოფონზე ჩატარებული ექსპერიმენტები მოჰყვა, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი გახდა ერთი მუსიკალური ფრაზის უსასრულოდ გამეორება. „მინიმალიზმის“ საეტაპო მანიფესტად იქცა რაილის In C — სხვადასხვა ხანგრძლივობის 52 მელოდიური პატერნი, რომლებიც მეორდება, იცვლება, ერთიდან მეორეში გადადის და არ სრულდება, სანამ ყველა ხმა ყველა პატერნს არ გაივლის. ხანგრძლივობა ოცდაათი წუთიდან სამ საათამდე მერყეობს. In C დემოკრატიული მუსიკის მანიფესტიცაა — მისი შესრულება პროფესიულ მუსიკალურ განათლებას არ მოითხოვს და ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია. გარკვეული თვალსაზრისით, სწორედ In C იქცა „მინიმალური მუსიკის“ ათვლის წერტილად, იანგი მხოლოდ მისი წინამორბედი იყო. რაილი გარკვეული პერიოდი იანგის „მარადიული მუსიკის თეატრში“ უკრავს და შემდეგ პრან ნათჰისთანაც გაჰყვება რაგის სიმღერის შესასწავლად. ამდენად, ავანგარდული წრეებიდან
ისიც გაუჩინარდება და ამის შემდეგ აუდიტორიასთან კომუნიკაციის მედიუმად მხოლოდ საკუთარ ნაწარმოებებს იყენებს.

„პირველად იყო პულსი“ — ამბობს დიდი ოთხეულიდან მესამე — სტივ რაიხი და ტერი რაილის In C-ს შესრულებისთვის აუცილებელ პირობასაც მიაგნებს. ამის შემდეგ რიტმი, პულსის უწყვეტობის შეგრძნება
და მექანიკური სიზუსტე მისი მთავარი საზრუნავი ხდება. განაში მოგზაურობის დროსაც არა აფრიკული
მუსიკის ეთნოგრაფიით, არამედ აფრიკული რიტმების სტრუქტურული ერთეულებით ინტერესდება, რასაც ამერიკაში დაბრუნებული კვინტესენციურ Drumming-ში გადმოსცემს. ჰარმონიას მხოლოდ ერთადერთ ნაწარმოებში „მუსიკა 18 მუსიკოსისთვის“ იყენებს. რადგან იანგს არც სურდა და არც შეეძლო დიდ აუდიტორიაზე გათვლა, რაილი ერთი ნაწარმოებით შემოიფარგლა, ხოლო გლასი გადაჭარბებულად რეპეტიციული და გამარტივებული ეჩვენებოდათ, „მინიმალიზმის“ ცენტრალური ფიგურა სტივ რაიხი გახდა, სწორედ ის ქმნის მინიმალური მუსიკის კანონებს, რომლებსაც შემდეგ „მინიმალიზმის“ ამერიკელი და ევროპელი მიმდევრები
იზიარებენ. ამასთანავე, „მინიმალიზმი“ მხოლოდ დასაწყისია რაიხისთვის, რომელიც მალე „მაქსიმალიზმში“ უნდა გადაიზარდოს. რაიხი და ოთხეულის ბოლო წარმომადგენელი — ფილიპ გლასი, იანგისა და რაილისგან განსხვავებით, კონტინენტის არა დასავლეთ, არამედ აღმოსავლეთ სანაპიროზე დაიბადნენ. ამიტომაც მათი, როგორც კომპოზიტორების ფორმირება სხვა გარემოში და სხვაგვარად მოხდა. რაიხი ჯერ ფილოსოფიის
ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ მუსიკის ისტორიის კურსის მოსმენის შემდეგ, რომელიც აფრიკულ მუსიკასაც მოიცავდა, კომპოზიციით დაინტერესდა და ჯულიარდის სკოლაში ჩააბარა. რამდენიმე წლის შემდეგ კი იტალიელი სერიალისტის — ლუჩანო ბერიოს ლექციების მოსასმენად უფრო ჰიპურ სან ფრანცისკოში ჩავიდა. კალიფორნიაში ყოფნისას, რაიხმა მონაწილეობა მიიღო რაილის In C-ს შესრულებაში, რაც კიდევ ერთი ბიძგი აღმოჩნდა მისი საკუთარი მუსიკალური ენის ჩამოყალიბების პროცესში. შედეგი მალევე აისახა მის ორ კომპოზიციაზე, რომლებმაც რაიხს პირველი აღიარება მოუტანა —It's Gonna Rain და Come Out. ორივე მათგანში მაგნიტოფონზე ჩაწერილი ხმების დალუპვის ტექნიკაა გამოყენებული, რაც რაიხისთვის სიტყვის გამოყენების ერთადერთი საშუალება იყო. ამ მეთოდს ოცი წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდება Different Trains-ში. რაილისგან განსხვავებით რაიხს არა ფსიქოდელია, არამედ პირიქით, მოვლენებზე დაკვირვება და მოსმენის პროცესი აინტერესებს. 1966 წელს რაიხი საკუთარ ანსამბლს Steve Reich and Musicians აფუძნებს, მას მალევე მიბაძავს ფილიპ გლასიც.

თერთმეტაკორდიან ციკლზე აგებული „მუსიკა 18 მუსიკოსისთვის“ ჰარმონიული რაიხის შემოქმედებითი მწვერვალია. აქ პირველად გამოიყენა აკუსტიკური საორკესტრო ინსტრუმენტები. ნიუ იორკის თაუნ-ჰოლის პრემიერიდან ცოტახანში გაკეთდა ჩანაწერი, რომელიც ძალიან დიდი ტირაჟით გაიყიდა და პირველი
დიდი აღიარება მოუტანა „მინიმალიზმს“. მაგრამ აღიარების პარალელურად, გაჩნდა ერთგვარი იმედგაცრუებაც, რადგან ეს უკვე არა ავანგარდისტის, არამედ კომპოზიტორის სიტყვა იყო, რომელიც გრძნობს, რომ ბრძოლა დასრულდა.

ალბათ კანონზომიერი და დროული იყო, რომ მინიმალური მუსიკა თანდათან პოპ-კულტურის ნაწილი გამხდარიყო. პირველი ორი მინიმალისტის შემთხვევაში ეს გამორიცხული იყო, არც სტივ რაიხის მუსიკა ისმინებოდა იოლად. ამიტომ ეს მისია ფილიპ გლასმა იტვირთა და „მინიმალიზმს“ გზა ჯერ საოპერო სცენისკენ,
ხოლო შემდეგ კინოეკრანებისკენ გაუხსნა. პოპ და როკ კულტურაზეც ყველაზე მეტი გავლენა სწორედ მან მოახდინა და პირიქით, თავადაც ბევრი შეითვისა მათგან. ჯულიარდის დამთავრების შემდეგ, პარიზში ყველა დიდი მუსიკოსის ნათლიასთან — ლეგენდარულ ნადია ბულანჟესთან გაემგზავრა და როგორც თვითონ წერს, მუსიკა თავიდან ისწავლა. თუმცა, პარიზში ევროპულმა ავანგარდმა არ გაიტაცა. სამაგიეროდ, რავი
შანკართან და ალა რაკჰასთან მოუწია მუშაობა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა გლასის მსოფლმხედველობაზე.
მისთვის ასევე საეტაპო აღმოჩნდა ამერიკელ რეჟისორთან — ბობ უილსონთან თანამშრომლობა და „მინიმალიზმის“ ორი სტადიის მიჯნაზე შეიქმნა ოპერა „აინშტაინი სანაპიროზე“, რასაც შემდეგ აქადურ,
ძველებრაულ და ძველეგვიპტურ ენებზე დაწერილი ოპერა „ეხნატონი“ და მაჰათმა განდის თემაზე შექმნილი „სატიაგრაჰა“ მოჰყვა.

გლასის ოპერის „აინშტაინი სანაპიროზე“ და რაიხის 18 მუსიკოსისთვის დაწერილი მუსიკის შემდეგ, მხოლოდ მინიმალისტური ტექნიკით წერამ თავი ამოწურა და „პოსტმინიმალიზმში“ და სხვა მიმდინარეობებში გადაიზარდა. 1977 წლიდან დღემდე ყოველი წელი „მინიმალიზმის“ დასასრულად ცხადდება…