Ensemble Modern

ახალი მუსიკის შესრულება, რომელსაც მსმენელი ჯერ არ ჰყავს და დიდ აუდიტორიაზე ვერ იქნება გათვლილი, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან შეიცავდა რისკს დიდი კოლექტივებისთვის. ამიტომ, ევროპასა და ამერიკაში იქმნებოდა და ქრებოდა მცირე მოცულობის ანსამბლები, რომლებიც თავისი დროის ავანგარდისტი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებაზე იყვნენ ორიენტირებული. დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა, ახალი მუსიკის მიმართ ინტერესმა იმატა, რასაც ხმისჩამწერი სტუდიების და ავანგარდული კლუბებისა და ექსპერიმენტული სივრცეების მომრავლებაც დაერთო. ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის განვითარებამ მომავალი ექსპერიმენტებისთვის უკვე ტექნოლოგიურად აღჭურვილი სტუდიების მოთხოვნილებაც გააჩინა. თანდათან ახალი მუსიკის ფესტივალებმაც მოიკიდა ფეხი და სხვადასხვა მიმდინარეობის გარშემო ერთი ან რამდენიმე ანსამბლიც შეიქმნა. 1960-იანი წლების ამერიკაში ეს ტენდენცია ერთ-ერთმა პირველმა მინიმალისტებმა დაამკვიდრეს. ლა მონტე იანგის ნეო-დადაისტური მიმართულების „მარადიული მუსიკის თეატრი“ პოსტ-ქეიჯის ნოიზის სტილსაც მოიცავდა. „თეატრი“ ექსპერიმენტულად განწყობილ ადამიანებს აერთიანებდა, რომელთა შორის ბევრი არამუსიკოსი იყო. იანგის მაგალითს მალევე მისმა კოლეგებმა სტივ რაიხმა და ფილიპ გლასმაც მიბაძეს. 1960-იანებში დაარსებული მათი ორივე ანსამბლი დღესაც აქტიურად მუშაობს.

1980 წელს მაინის ფრანკფურტში ოცდაერთი მუსიკოსის ინიციატივით Ensemble Modern დაარსდა. იმავე წელს მათი დებიუტიც შედგა — ჯერ კიოლნის, ხოლო შემდეგ ფრანკფურტის რადიოსთვის ანსამბლმა შონბერგის პირველი კამერული სიმფონია და ვებერნის სიმფონია შეასრულეს. მომდევნო წელს, იმავე კიოლნის რადიოსთვის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის, ალფრედ შნიტკეს, ფრედერიკ რჟევსკის და სხვა თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებიც დაუკრეს. დროთა განმავლობაში, ანსამბლის რეპერტუარი მე-20 საუკუნის
კლასიკოსების: გუსტავ მალერის, ჩარლზ აივზის, ედგარ ვარეზის, იგორ სტრავინსკის, პაულ ჰინდემიტის, კურტ ვაილის, ლუიჯი ნონოს, ოლივიე მესიანის, ლუჩანო ბერიოს, იანის ქსენაკისის, ჰანს ვერნერ ჰენცეს და ჯონ ქეიჯის მუსიკით გამდიდრდა. 1984 წელს ანსამბლმა პირველი კინოპროექტი განახორციელა და ფერნან ლეჟეს დადაისტური შედევრისთვის „მექანიკური ბალეტი“ ჯორჯ ანთეილის ორიგინალური საუნდთრექი, ხოლო ლუის ბუნუელის „ანდალუზიური ძაღლისთვის“ — ვოლფგანგ რიმის ახლადშექმნილი მუსიკა ჩაწერა. 1987 წლიდან Ensemble Modern რეგულარული კონცერტების სერიას იწყებს ბერლინის ფილარმონიის კამერულ დარბაზში და პარიზისა და ლონდონის სცენებზე, ორი წლის შემდეგ კი მათ რიცხვს ვენის „კონცერტჰაუსიც“ დაემატება.

საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, ანსამბლი საგანმანათლებლო პროგრამებს იწყებს და გერმანელი
კომპოზიტორის, ჰელმუტ ლახენმანის თაოსნობით, პირველ ვორქშოპს ატარებს ათი კომპოზიტორისთვის, რომლებსაც ნაწარმოების დამუშავებაში და შემდგომ რეალიზაციაში ეხმარება. 1991 წელს ანსამბლი
ამერიკაში, ფრენკ ზაპასთან სამომავლო თანამშრომლობის დასაგეგმად მიემგზავრება და მათი ერთობლივი
ალბომი თჰე Yellow Shark მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1993 წელს, ზაპას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვა. ანსამბლის რეპერტუარში ახალი მუსიკის გარდა, მათთვის უჩვეულო, გვიანი აღორძინების ხანის იტალიელი კომპოზიტორის, კლაუდიო მონტევერდის მუსიკაც ჩნდება.

Ensemble Modern ოც სოლისტ-შემსრულებელს აერთიანებს და მუშაობის უნიკალური სტრუქტურით გამოირჩევა: დაარსებიდანვე მათ უარი თქვეს სამხატვრო ხელმძღვანელზე და ყველა პროექტი და შემოქმედებითი თუ ფინანსური საკითხი ანსამბლის თითოეულ წევრს შორის თანხმდება. Ensemble Moden სხვა ცნობილ ანსამბლთა შორის, თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემსრულებელი და პროპაგანდისტია მსოფლიო მუსიკალურ ასპარეზზე. უნიკალურია მათი შემოქმედებითი სტილიც: ისინი ნაწარმოებზე მუშაობისას მაქსიმალურად ცდილობენ ნაწარმოების იდეის ავთენტურობის შენარჩუნებას, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია კომპოზიტორის ჩანაფიქრთან მაქსიმალურად მიახლოება, რისთვისაც ცოცხალ ავტორებთან თითქმის ყოველთვის მჭიდრო თანამშრომლობა უწევთ.

ანსამბლის მრავალფეროვანი რეპერტუარი მუდმივად ახლდება და საკონცერტო სეზონის განმავლობაში რამდენიმე ათეულ პრემიერას ითვლის. ანსამბლს არსებობის ისტორიაში ხანგრძლივი თანამშრომლობა ჰქონია და აქვს თანამედროვეობის უდიდეს კომპოზიტორებთან, იქნება ეს გერმანელი ჰანს ვერნერ ჰენცე, კარლჰაინც შტოკჰაუზენი, ჰელმუტ ლახენმანი და ჰაინერ გებელსი; უნგრელი დერდ ლიგეტი, დერდ კურტაგი და პეტერ ეტვოში; ბრიტანელი ჯორჯ ბენჯამინი და ბენედიქტ მეისონი თუ ამერიკელი სტივ რაიხი, ჯონ ადამსი და ფრენკ ზაპა.

მრავალფეროვანია ანსამბლის ეთნიკური და კულტურული ფონიც, ის აერთიანებს მუსიკოსებს გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, ბრიტანეთიდან, ბულგარეთიდან, ამერიკიდან, არგენტინიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან და იაპონიიდან. Ensemble Modern დაარსებიდანვე აქტიურადაა ჩართული მსოფლიო მუსიკალურ პროცესში. ზალცბურგის ფესტივალიდან ვიდრე უახლესი მუსიკის ფესტივალებამდე, მოვლილი აქვს ევროპის თითქმის ყველა მუსიკალური არენა და არაერთი ტურნე გაუმართავს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე. ანსამბლის რეპერტუარი ჟანრულადაც მრავალფეროვანია და საორკესტრო და კამერულ კონცერტებთან ერთად, თანამშრომლობს მუსიკალურ თეატრებთან, მათ შორის ფრანკფურტის ოპერასთან; საცეკვაო დასებთან; აქვს ვიდეო და მულტიმედიური პროექტები.

საკონცერტო მოღვაწეობის გარდა, Ensemble Modern რეგულარულად თანამშრომლობს რადიოსა და ხმისჩამწერ სტუდიებთან, სხვადასხვა ლეიბლზე დაახლოებით 150 კომპაქტდისკი აქვს გამოშვებული, რომელთაგან რამდენიმე „გრემიზეც“ იყო ნომინირებული. ანსამბლს აქვს საკუთარი ლეიბლიც Enseble Modern Media, რომლის შექმნის მიზანი მათი უნიკალურ შესრულებების შენახვა იყო, რათა დაინტერესებულ პირს მათი მოსმენის საშუალება მისცემოდა. Ensemble Modern Media  , ასევე, უშვებს სერიას Ensemble Modern Portrait, რომელზეც ანსამბლის ცალკეული შემსრულებლების პროგრამებია წარმოდგენილი.

1998 წელს Ensemble Modern-მა მხოლოდ მე-20 და 21-ე საუკუნის მუსიკაზე ორიენტირებული ორკესტრი Ensemble Modern Orohestra დააარსა, რომლის წევრთა რაოდენობა საჭიროების შეთხვევაში 130-ს აღწევს და მას Ensemble Modern -ის ძირითად ჯგუფთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მუსიკოსები შეადგენენ. ახალი ორკესტრის შექმნა ცოცხალი კომპოზიტორებისთვის ერთგვარი შეთავაზება და გამოწვევაც იყო მათი იდეების თამამი და მაღალკვალიფიციური განხორციელებისთვის. ორკესტრს ცნობილი დირიჟორების ხელმძღვანელობით, რომელთა შორის ფრანგული მუსიკის კლასიკოსი პერ ბულეზიც ყოფილა, მსოფლიოს არაერთ ფესტივალსა და საკონცერტო დარბაზში გაუმართავს კონცერტი, ჩამონათვალში საკმარისია ამსტერდამის „კონცერტგებაუ“, ვენის „კონცერტჰაუსი“, ბერლინის ფილარმონია და ლუცერნის ფესტივალი ვახსენოთ.

2003 წელს Ensemble Modern-ის საერთაშორისო აკადემია (IEMA) დაარსდა. სასწავლო ცენტრის მიზანი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის და მსმენელისთვის თანამედროვე რეპერტუარის სწავლება და ახალ მუსი-
კალურ ფორმებთან და მსოფლმხედველობასთან მიახლოებაში იმ გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც
ანსამბლმა მრავალწლიანი შემოქმედებითი ცხოვრებით დააგროვა. აკადემია ფრანკფურტის სკოლებთან რეგულარული პროექტების გარდა, კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიურ კურსებს და მასტერკლასებსაც მოიცავს. გარდა ამისა, IEMA ერთდერთი ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის კომპოზიციის
საერთაშორისო სემინარს ატარებს. სემინარზე თანამედროვეობის ცნობილ კომპოზიტორებსა და დირიჟორებს
იწვევენ, რომლებიც ანსამბლის წევრებთან ერთად, ახალგაზრდა მუსიკოსებს და ხმის ინჟინრებს მე-20 და 21-ე საუკუნის რეპერტუარზე მუშაობის გამოცდილებას უზიარებენ.