ROOM40 LAWRENCE ENGLISH და მისი სასტიკი ოპტიმიზმი

ოდესმე მოგისმენიათ lowercase მუსიკა? თურმე ყველა, თუნდაც უსულო საგანი გამოსცემს ხმას, მაგრამ
მათი უმეტესობა იმდენად ხმადაბალია, რომ ჩვენ არ გვესმის. ეს ხმები შეიძლება მგრძნობიარე მიკროფონებით ჩაიწეროს, შემდეგ გაძლიერდეს და ჩვენ ისინი გავიგოთ. ამ ხმების შეერთებით შემდგარ საკომპოზიციო სტილს ეწოდება lowercase , რომელიც მსმენელებს ისეთ ხმოვან სამყაროში გვატარებს, რომელიც შეიძლება არც დაგვსიზმრებია, რომ არსებობს.

ან რას იტყვით მიკროსაუნდზე? ეს საკომპოზიციო მიდგომა დაფუძნებულია წამის მეათედზე ხანმოკლე ბგერების შეერთებაზე და ხშირად გვიქმნის მდგომარეობას, სადაც ის ნაწილაკები, რომელებსაც უმეტესად ყურადღების მიღმა ვტოვებდით, ახლა დომინანტური ელემენტები ხდება.

ასეთი ეზოთერული და უცნაური მუსიკა ხშირად ლეიბლ Room40-ზე გამოდის, მაგრამ ეს ლეიბლი სტილის მხრივ თავს არ იფარგლავს. აქ შეხვდებით მრავალფეროვან მუსიკას: ჯერ კიდევ სამოციანებიდან მომავალ ავტორ-შემსრულებლებს, რომლებმაც ხანში შესულებმა აღმოაჩინეს ექსპერიმენტული მუსიკის ხიბლი, ანდაც
ელექტროაკუსტიკურ იმპროვიზატორებს და ფოლკ-პრიმიტივისტებს. მთავარია, რომ ამ მუსიკამ მსმენელი
არაორდინარულად დააფიქროს და მისთვის უცნობ, ახალ ტერიტორიებზე ატაროს.

მაგრამ მაინც, ამ მრავალმხრიობის მიუხედავად, ამ ლეიბლსაც აქვს თავისი საფირმო ჟღერადობა: ესაა გარემოს ჩანაწერებით შეზავებული, ფსიქოდელიური, ჰიპერექსპანსიური ემბიენთი, რომელიც ამ ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ბენ ფროსტისის, თიმ ჰექერის, რაფაელ ანტონ ირისარის და სხვების ალბომების წყალობით და Room40 დღეს ასეთი მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ აქცია.

ამ ყველაფრის თავიდათავი Room40-ის დამფუძნებელი, ავსტრალიელი კომპოზიტორი ლორენს ინგლიშია
(ასევე ერთ დროს ცნობილი I/O და OBJECT ფსევდონიმებით), რომელიც უკვე წლებია, თავის მუსიკალურ
ხედვას ჯიუტად არ აკარებს კომპრომისს. მისი სოლომუსიკაც ხშირად მსმენელისადმი გაცილებით უფრო მომთხოვნი და „მკბენარია“, ვიდრე ლეიბლზე გამოსული ბევრი სხვა მუსიკოსის შემოქმედება. თუმცა
უკომპრომისობა არ ნიშნავს ერთფეროვნებას — მისმა მუსიკამ, 30-ზე მეტი სოლო-ალბომით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაზა გამოიარა. დღესდღეობით ინგლიშის მუსიკა ძირითადად ორ მიმართულებას იკვლევს: ერთი მხრივ, გარემოსა და ბუნების ჩანაწერებით შემდგარ საკომპოზიციო სტილს (Field / Nature Recordings — ალბომები „„Songs Of The Living “, 2012; „Viento“, 2015; „Approaching Nothing “, 2016) და ნისლიან, ხშირად მონოლითურ ემბიენთს („ Wilderness of Mirrors“, , 2014; „Cruel Optimism“, , 2017).

წელს ფესტივალზე ლორენს ინგლიშს „ Cruel Optimism“, – ის მუსიკა ჩამოაქვს, რომელიც ლორენ ბერლანტის ამავე სახელწოდების მონოგრაფიიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს ეფუძნება. ეს წიგნი, ძირითადად, ნეოლიბერალური ეკონომიკის კრიტიკას ეხება და განიხილავს ასეთ ატმოსფეროში წარმოქმნილ სოციალურ
კრიზისს (ყალბი იდეალების მსხვრევა, დაბალიდან მაღალ სოციალურ კლასში წინსვლის გაცრუებული იმედები, უძლურების შეგრძნება), ამიტომაც ამ მუსიკაში, რომლის შექმნაშიც ინგლიშს ბევრი ცნობილი ექსპერიმენტული მუსიკოსი დაეხმარა (ძალზე თვითმყოფად ჯაზ/ემბიენთ ტრიო The Neoks-ის პიანისტი ქრის აბრაჰამსი, დრამერი თონი ბაკი; ლეგენდარული Swans-ის გიტარისტი ნორმან ვესტბერგი და ყოფილი
პერკუსიონისტი თორ ჰარისი; ავსტრალიის ეროვნული სასიმღერო გუნდი The Australian Voices), ძალიან მკაფიოდ იგრძნობა ეს მომგუდველი, დისტოპიური განწყობა.

ეს საპროტესტო მუსიკაა; მუსიკა, რომელიც სათქმელს უსიტყვოდ ამბობს. პირველივე ნოტებიდან შემოდის ადამიანური ტანჯვის, რეპრესიის და ამასთან ბრძოლის შეგრძნება, რომელიც ალბომის ბოლომდე არ გტოვებს.
პლასტს მოსდევს პლასტი, ღრუბელს მოსდევს ღრუბელი, ხმაურს მოსდევს ხმაური. საბოლოო ჯამში,
მთლიანად ალბომი გიქმნის დიდი წინააღმდეგობის შეგრძნებას და გხვევს ბურუსში, სადაც გზა ხელის
ცეცებით უნდა გაიგნო. ასე რომ, „Cruel Optimism“ უნდა იყოს აღქმული მთლიანად, დანაწევრების გარეშე.

გასულ წელს Room40-ის ემბიენთს თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს კათოლიკურმა ეკლესიამ უმასპინძლა.
რაფაელ ანტონ ირისარის მუსიკა მის კედლებში საოცრად ლამაზად ჟღერდა. წელსაც ასე იქნება: ვნახოთ, როგორ მოუხდება ასეთივე აკუსტიკური სივრცე ლორენს ინგლიშის საპროტესტო, აპოკალიფსურ მონოლითს. რაც მთავარია, მისი მოსმენის შემდეგ, ალბათ, ბევრს გაგიჩნდებათ აზრი, რომ რაღაც აუცილებლად ახლავე უნდა შეიცვალოს.