“ბიზნესდაჯილდოება 2017 ” #გააზიარეწარმატება

„ბიზნესდაჯილდოება“ — ყველაზე მასშტაბური ბიზნესკონკურსი — ქვეყანაში მეწარმეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტი „თიბისი“ ბანკისა და „ჯეოსელის“ ორგანიზებით წელს უკვე მეორედ შედგა. შარ- შანდელი პირველი წარმატებული პრეცედენტის შემდეგ დაანონსდა, რომ „ბიზნესდაჯილდოება“ გრძელვადიან ხასიათს მიიღებდა და ყოველწლიურად გაიმართებოდა. პროექტის მონაწილეთა რაოდენობა, შარშანდელთან
შედარებით, 523-დან 661-მდე გაიზარდა. ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები წელს შემდეგი ნომინაციების მიხედვით დასახელდნენ: წლის ბიზნესი, წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის მცირე ბიზნესი და წლის სტარტაპერი. 6 ნომინაციის გამარჯვებულები სპეციალურად პროექტისთვის შექმნილმა კომისიამ შეარჩია, წლის სტარტაპერი კი ვებგვერდზე ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდა. თითოეული ნომინაციისთვის 3 ფინალისტი შეირჩა, საბოლოოდ კი, ნომინაციების მიხედვით, გამარჯვებულად საუკეთესოთა შორის საუკეთესო თითო კომპანია დასახელდა.

„ბიზნესდაჯილდოების“ ავტორებს სჯერათ, რომ ბიზნესის კეთება შეუძლია ყველას, მთავარი — პირველი ნაბიჯის გადასადგმელი გამბედაობაა. შესაბამისად, მათი მიზანია თითოეულ ადამიანს მისცენ ინსპირაცია, გაუჩინონ ბიზნესსაქმიანობის სურვილი, რაც საბოლოოდ ქვეყანაში ეკონომიკურ გარემოს გააუმჯობესებს.