მხატვრობის კომერციული აწმყო და მომავალი

15 ნოემბერი, 2017 წელი, ნიუ იორკი: კრისტის აუქციონზე ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ტილო „სალვატორ მუნდი“ 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.ნახატი 500 წლის წინ არის შექმნილი. მასზე გამოსახულია ქრისტე, რომელსაც სამყარო უჭირავს ხელში. უცნობია, ვინ შეიძინა… ამით ყველანაირი რეკორდი მოიხსნა და მსოფლიომ სულ სხვა რეალობაში გაიღვიძა.

მას შემდეგ, რაც პირველყოფილმა ადამიანმა გამოქვაბულში „წითელი წერტილები“ დახატა, დაახლოებით 41 ათასმა წელმა განვლო. მხატვრობა ვითარდებოდა დროსთან და ხელოვანებთან ერთად, სხვადასხვა ჟანრსა და სივრცეში.

ეს არის ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი და დღეს ის სრულიად არღვევს ჩარჩოებს, ყველა კლიშესა და შეხედულებას.

მხატვრობას მაგიური ძალა აქვს — ხშირად, განსხვავებული ეროვნების, ასაკის, სქესისა თუ მსოფლმხედველობის ადამიანებს დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან ერთ ადგილას გვიყრის თავს. მუზეუმებში გამოფენების დათვალიერებაც ხომ იდუმალი პროცესია, საკუთარ თავსა და ტილოებს შორის ჩამოწოლილი სიჩუმის მოსმენა. იქ მყოფი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები ერთსულოვანნი ვხდებით, როდესაც ნახატს მიშტერებულები საათობით ვდგავართ სრულ სიჩუმეში გარინდულები… ჩვენი ართქმით, ფიქრების არგამხელით, ემოციის არგამოხატვით ერთ მთლიანობად გარდავიქმნებით.

კონკრეტულმა მხატვრებმა შექმნეს საგანძური, რომელიც დღეს მსოფლიო მემკვიდრეობას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ესა თუ ის ნამუშევარი ქვეყნის ტურიზმის და ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობიც კი ხდება.

მხატვრობის კომერციულ მხარეზე ხელოვნებათმცოდნე, ქართველი მხატვრების კურატორი ირინა პოპიაშვილი და ახალგაზრდა მხატვარი გიორგი ქოჩიაშვილი საუბრობენ.

გიორგის ნახატები თითქოს ცხოვრების ალტერნატიული ხედვაა. როგორც თვითონ ამბობს, ამით თავის სამყაროს ქმნის. იქ კი ბევრ ახალგაზრდა, ხშირად ფერკანიან და საინტერესო პერსონაჟს ამოიცნობთ.

გიორგი: „ბაბუა არქიტექტორი მყავდა, ბავშვობიდან ვხაზავდი და ვხატავდი ფანქრით. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, თუმცა არ დამიმთავრებია. პარალელურად, რაგბით აქტიურად ვიყავი დაკავებული. ტრავმის გამო, სპორტზე უარის თქმა მომიწია. შემდეგ ავეჯზე მუშაობა დავიწყე, დიზაინის და კონსტრუქციის განხრით. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო. პირველი ნამუშევარი ზეთში 3 წლის წინ შევასრულე.

ერთ დღესაც, დიზაინერმა მანანა არაბულმა ნახა ჩემი ტილოები და გადაწყვიტა, თავის მაღაზია Black Dog Shop-ში გამოეფინა. სწორედ აქ აღმოაჩინა ნამუშევრები ირინამ და თანამშრომლობა შემომთავაზა.“

ირინამ 20 წელზე მეტი იცხოვრა ნიუ იორკში. სხვადასხვა გალერეაში, უამრავ ხელოვანთან მუშაობის დიდი გამოცდილება დააგროვა. დღეს, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლის დეკანია და ცდილობს, სტუდენტებს უფრო მეტი გამოცდილება მისცეს, ვიდრე შემოქმედებით ადამიანებს აქვთ. ამბობს, რომ ხელოვნების ყიდვა-გაყიდვა ელიტურია და მასობრივი მოხმარების ვერასდროს გახდება.

ირინა: „საქართველოში დღეს ხელოვნების სივრცის გამართული ინფრასტრუქტურა არ არსებობს. როგორც ყველა ინდუსტრიას, ამასაც თავისი კომპონენტები და გარემო ჭირდება: გალერეები, მუზეუმები, არაკომერციული საგამოფენო სივრცეები, სახელოვნებო ჟურნალები, პრესა და ა.შ. ჩვენთან ეს ინსტიტუციები არასაკმარისადაა განვითარებული, ან საერთოდ დეფიციტია, თუმცა საქართველოში ბევრი მხატვარი და ხელოვანი მოღვაწეობს. ჩემი აზრით, დღევანდელმა შემოქმედმა ადამიანებმა ერთდროულად რამდენიმე საქმე უნდა შეითავსონ: საკუთარი თავის და ნამუშევრების წარმოდგენა, გალერეებთან, მუზეუმებთან და კურატორებთან კომუნიკაცია, პრესისთვის მასალის მიწოდება. მათ ასევე უნდა იცოდნენ გამოფენების და ღია სახელოსნოების ორგანიზება. სწორედ ამიტომ, ჩემს სტუდენტებს თავისუფალ უნივერსიტეტში პრაქტიკული დავალებები აქვთ. ისინი თითო სემესტრში 2 გამოფენას აწყობენ. ამით რეალურ გამოცდილებას და ცოდნას იღებენ. თუ ხედავენ, რომ გამართული არტ სამყარო არ არის, ხელოვანებმა თავად უნდა შექმნან ის. იგივეს ვურჩევდი მხატვრებს, დამოუკიდებლად მოახდინონ შემოქმედების დემონსტრირება და დააინტერესონ ადამიანები.

თანამედროვე რუმინულმა ხელოვნებამ მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. იცით როგორ? მათი კულტურული პოლიტიკის თანახმად, გალერეებს წლების განმავლობაში სახელმწიფო აფინანსებდა, რომ სხვადასხვა არტ ბაზრობაზე მიეღოთ მონაწილეობა. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ქვეყნის კულტურის პოლიტიკას, თუ რაზე არის ის ორიენტირებული. ადგილობრივი ბაზრის არარსებობის შემთხვევაში, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ სხვაგან მოიძებნოს ის.“

გიორგის თქმით, შრომასა და მუდმივ განვითარებასთან ერთად, გამოცდილი კურატორის ან კრიტიკოსის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია, რომ ცოტა ხნის წინ გიორგის ნამუშევრები ავსტრიაში Popiashvili Gvaberidze Window Project-ის გალერეამ ვენის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე წარადგინა.

გიორგი: „ხატვის დროს არასდროს ვფიქრობ კომერციულ მხარეზე. უბრალოდ ვცდილობ, ჩემი შექმნილი სამყარო გადმოვიტანო ტილოზე. იმისთვის, რომ გაყიდვადი იყო, ორი მთავარი დეტალია აუცილებელი — შრომა და თვითგანვითარება. დანარჩენისთვის მნიშვნელოვანია გყავდეს გამოცდილი კურატორი, გამოფენების და სხვადასხვა საკითხის დასაორგანიზებლად.

ახლახან ვენაში გამართულ გამოფენაში ვმონაწილეობდი. ძალიან საინტერესო პრაქტიკას გავეცანი. კერძო კომპანიებს აქვთ გალერეები, რომლებისთვისაც იძენენ ნახატებს და სახელმწიფოსგან იღებენ შეღავათებს. ამით მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს მხატვრობის განვითარებას.“

ირინა ამბობს, რომ ნამუშევრის ფასეულობისთვის მნიშვნელოვანია კოლექციის კონტექსტი — თუნდაც, სად არის განთავსებული ტილო. მაგალითად, როდესაც ნახატს მუზეუმი ყიდულობს, ის უფრო ღირებული ხდება.

ირინა: „ყოველთვის ვამბობ — ხელოვნება არ არის აუცილებლობა. ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი ეკონომიური მდგომარეობა, რომ ჯერ პირველადი მოთხოვნის ნივთების შეძენა შეძლოს საზოგადოებამ, შემდეგ ფუფუნების საგნების და ხელოვნების ყიდვის სურვილი გაუჩნდეთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაყიდვადი ნახატი არ ნიშნავს ღირებულს. ბევრი ნიჭიერი მხატვარი, რომელიც სიცოცხლეში არ იყო აქტუალური, გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. ამიტომ, რთულია ხელოვნება შეაფასო ყიდვა-გაყიდვის მიხედვით.

ნიუ იორკში ვცხოვრობდი და მქონდა გალერეა New man Popiashvili Gallery. იცით, ახალგაზრდა ხელოვანები იქაც კი ვერ ახერხებენ ნამუშევრების რეგულარულად გაყიდვას. შესაძლებელია ისე გავიდეს სამი თვე, რომ ვერცერთი ნახატი ვერ გაყიდონ. მხოლოდ ამ პროფესიით ცხოვრება რთულია. მე-19 ან თუნდაც მე-20 საუკუნეში, მხატვრები მთელ ცხოვრებას ატარებდნენ სახელოსნოში. დღეს სხვა რეალობაა.“

ირინა ახალგაზრდა, ნიჭიერი და უცნობი მხატვრების აღმოჩენით არის დაკავებული. მათ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენაში ეხმარება. ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებით საინტერესო და აზარტულია. თანაც, მათი ნახატები არც თუ ისე ძვირი ღირს.

ირინა: „ორი ტიპის მხატვრები არსებობენ: ერთი, რომლებსაც არ სჭირდებათ კურატორი და გალერისტი, დამოუკიდებლად ყველაზე კარგად ყიდიან საკუთარ შემოქმედებას. მეორე, რომლებსაც კომერციასთან შეხების სურვილი არ აქვთ და ურჩევნიათ, სხვა ადამიანებს გადააბარონ ამაზე ზრუნვა.

ვმუშაობ ახალგაზრდა ხელოვანებთან, რომელთა სახელიც არავინ იცის. როგორც აქციების შეძენა არის რისკი, ასევეა თანამედრვე ხელოვანის ნამუშევრის ყიდვაც. შესაძლებელია ის გახდეს ფასეული ან პირიქით. ამიტომ, ვერავის მივცემ გარანტიას, რომ მომავალში ესა თუ ის ნახატი ათჯერ ძვირი ეღირება. ნამუშევარი უნდა მოსწონდეს და სწორედ ამიტომ იძენდეს მას.

დღეს თბილისში ბევრი ახალგაზრდა, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ხელოვანის ტილო შეიძლება „ფლი მარკეტის“ მსგავს ადგილებში შევიძინოთ და შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას.“

გიორგი: „ვცდილობ არ ჩავიციკლო კონკრეტულ მიმართულებაზე და ხშირად ვცვლი იდეას. ყოველთვის ძიების პროცესში ვარ და არ ვაპირებ ერთ ადგილზე გაჩერებას.“

ფოტო : გიორგი დადიანი